ხორბლის მოსავალი წელს მაქსიმუმზეა. ექსპორტორ ქვეყნებს მარცვლეულის გაყიდვა უჭირთ. შესაბამისად, საერთაშორისო ბირჟებზე პროდუქცია გაიაფებულია და იგივეს მოლოდინი აქვთ საქართველოშიც.
ეგვიპტემ რუსეთიდან ხორბლის იმპორტი შეაჩერა, ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის მთლიან მოხმარებაში რუსული ხორბლის წილი 65%-ის შეადგენდა. რუსული ხორბლისათვის ეგვიპტე ერთ-ერთი ძირითადი მომხმარებელი იყო, რადგანაც გასულ სეზონზე რუსეთმა საკუთარი საექსპორტო ხორბლის 1/4 სწორედ ეგვიპტეში გაყიდა. ამ ფონზე სავარაუდოა, რომ რუსეთს ხორბლის ფასის გაიაფება მოუწიოს და საქართველომ რუსული მარცვლეული უფრო დაბალ ფასად შეისყიდოს.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ ეგვიპტის მიერ რუსულ ხორბალზე უარის თქმა და რუსული ხორბლის შესაძლო გაიაფება, მსოფლიო ბაზარსაც დაეტყობა.
„სამაგიეროდ, რუსეთში შეიქმნება ისეთი სიტუაცია, რომ ფასები დაეცემა. ეს იმ ფონზე, როდესაც ხორბალი ისედაც ძალიან გაიაფებულია. შესაბამისად, თუკი ხორბალი გაიაფდება, ეს იქნება ჩვენთვის მომგებიანი - იაფად ნაყიდი ხორბლის ფონზე გაიაფდება ფქვილიც.
დღეს ფქვილის ფასი ისტორიულ მინიმუმს უახლოვდება, ერთი ტომარა 33 ლარია. ფქვილი ყველაზე იაფი 2007 წელს ღირდა, როდესაც 1 ტომარა ფქვილი 31 ლარად იყიდებოდა“, - აცხადებს ლევან სილაგავა.
ამ დროისათვის ფოთის პორტში შემოტანილი 1 ტონა ხორბლის ფასი 185 დოლარია. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ თუკი რუსული ხორბლის გაიაფება დაიწყება, დაახლოებით, 5-10 დოლარი კიდევ მოაკლდება.
„შესაძლოა, ხორბალი 5-10 დოლარის ფარგლებში კიდევ გაიაფდეს, რამაც ფქვილის ფასი 1-2 ლარით კიდევ დაწიოს. რუსეთშიც არ არის ერთგვაროვანი მდგომარეობა. ფაქტობრივად ფასები გაჩერდა. რუსეთის საექსპორტო რაიონებია: სტავროპოლი, კრასნოდარი, ნოვოსიბირსკი. ამ მხარეებში ხორბალი უკვე აიღეს და დააბინავეს. საექსპორტო პოტენციალი ამოწურეს და გაიტანეს რაც გასატანი იყო.
ახლა მიმდინარეობს ხორბლის აღება რუსეთის შუა ნაწილში და შემდეგ იქნება ციმბირში. შესაბამისად, ხორბალის მოტანა, რომ მოხდეს ნოვოროსიისკის პორტამდე, მას სჭირდება შესაბამისი ლოჯისტიკა-ტრანსპორტირება. ლოჯისტიკის ღირებულება აბალანსებს გაიაფებულ ხორბალს და ფასი არის გაჩერებული. დიდ რყევებს არ ველოდები. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ფქვილი დღეს ძალიან იაფია. შარშან ამ დროს 1 ტომარა 45 ლარი ღირდა, დღეს კი 33 ლარია“, - აცხადებს სილაგავა „ბიპიენთან“ საუბრისას.
უხვმოსავლიანობის გამო, მწარმოებელ-ექსპორტიორ ქვეყნებს ხორბლის გაყიდვა უჭირთ. იმის გამო, რომ ფასი დაბალია, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება და ფერმერებს ხორბლის ექსპორტზე გადასახადი გაუნულა, თუმცა ჩრდილოელ მეზობელს მარცვეულის ექსპორტზე გატანა მაინც უჭირს.
წელს რუსეთში ტონა ხორბალი 160 დოლარი ღირს, რაც ძალიან დაბალი ფასია. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთში 130 მილიონ ტონამდე მოსავალს ელოდებიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ 30 მილიონზე მეტი ღირებულების ხორბალი ქვეყნის გარეთ გაიტანონ.
ხორბლის საერთაშორისო საბჭოს ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ხორბლის წარმოება 2016-17 წლების სეზონზე 20 მილიონი ტონით გაიზრდება და 2046 მილიონ ტონას მიაღწევს. ანგარიშის თანახმად, ეს მაჩვენებელი 2026 მილიონი ტონა იყო. ხორბლის გადაჭარბებული მოსავლის ფონზე ექსპერტები მსოფლიო ბაზარზე ხორბლის კიდევ უფრო გაიაფებას პროგნოზირებენ.
უხვმოსავლიანობის გამო მსოფლიოში ხორბლის ფასი 10-წლიან მინიმუმზეა. დღეს საერთაშორისო ბირჟებზე ერთი ბუშელი, საშუალოდ, 4 დოლარი ღირს. ამასთან, ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 20 დოლარით შემცირდა საქართველოში იმპორტირებული ხორბლის ფასიც.