ჩინური კომპანია ქართულ გაფიცვას მიიღებს!

ჩინური კომპანია ქართულ გაფიცვას მიიღებს!

ხარაგაულში ჩინურ კომპანიასა და ქართველ მუშა-მოსამსახურეებს შორის ვითარება ძალიან დაიძაბა. ორშაბათიადნ უვადო გაფიცვა გამოცხადდება. მიუხედავად ამისა, ჩინელები არაფრის დათმობას არ აპირებენ.

შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროში“ დასაქმებულმა 100-ზე მეტმა მუშამ სამუშაო პროცესი შეაჩერა. „საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის“ ინფორმაციით, მიმდინარეობს კოლექტიური შრომითი დავა, რომლის მოგვარებაშიც ჩართულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სპეციალური წარმომადგენელიც, თუმცა ჩინელებთან მოლაპარაკება ძალიან რთული აღმოჩნდა.

„პროფკავშირისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დღეის მდგომარეობით მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ“ ამ დრომდე ვერ უზრუნველყო სამმხრივ ფორმატში უკვე მიღწეული შეთანხმების ვერც ერთი მუხლის შესრულება, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების პირობების. ამის გამო აშკარა საფრთხე ექმნება ადგილზე დასაქმებულთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და აგრეთვე ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას“, - აცხადებენ რკინიგზელთა პროფკავშირებში.

აქედან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონი, „საქართველოს შრომის კოდექსი“-ს 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“-ში დასაქმებულმა თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ შეწყვიტეს მუშაობა!

„დავის მედიაციის პერიოდის გასვლის და უშედეგოდ მიმდინარეობის გამო, „საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი“, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“-ს მიერ დასაქმებულ პროფკავშირის წევრ დაქირავებულ თანამშრომელთა სახელით, 19 სექტემბერის 00:01 საათიდან უვადო გაფიცვას იწყებს“, - აცხადებენ პროფკაშირებში.

ამ მომენტისთვის, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში მიმდინარე სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა, სრულად პარალიზებულია. მშენებლობაზე დასაქმებულმა ერთ-ერთმა მუშამ, მინდია ოკრიბელაშვილმა ეს ინფორმაცია დაადასტურა.

„ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფთან“, მედიაციას საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა სამინისტრო უზრუნველყოფდა, მაგრამ იგი უშედეგოდ დასრულდა. კომპანიის წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. თავდაპირველად ჩინური კომპანია მუშების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე თანხმობას აცხადებდა, თუმცა საბოლოოდ აზრი შეიცვალეს და მუშებს მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს. მუშები დამსაქმებლისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას, ითხოვენ.

სოფელ ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულთა პროტესტი 9 აგვისტოს დაიწყო. მუშების პროტესტი ორი მათგანის სამსახურიდან გათავისუფლებას მოჰყვა. ერთ-ერთი დასაქმებულის თქმით, გეგმური აფეთქებისას გვირაბში მტვერი დადგა, რის გამოც მუშებმა გვირაბი მტვრის გაფანტვამდე რამდენიმე წუთით დატოვეს. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მინდია ოკრიბელაშვილი მისი და კიდევ ერთი მუშის სამსახურიდან გათავისუფლებას,

„ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ მუშების მოთხოვნების შესრულებაზე 4 დღეში თუ არ აიღებს პასუხისმგებლობას, დასაქმებულები ფართომასშტაბიან გაფიცვას დაიწყებენ.

მუშებს 9 კონკრეტული მოთხოვნა აქვთ: მოწესრიგდეს ინდივიდუალური ხელშეკრულებები საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით; ანაზღაურდეს ზეგანაკვეთური საათები კვირაში 40 საათზე ზემოთ გაზრდილი ტარიფით; მუშებს მიეცეთ საშუალება, ისარგებლონ ანაზღაურებადი შვებულებით; მუშებს ჰქონდეთ სპეცტანსაცმელი; მოწესრიგდეს სველი წერტილები; მძიმე და მავნე სამუშაოზე დაწესდეს დამატებითი ფასიანი შვებულება; ანაზღაურდეს დღესასწაულებზე შრომის საათები; ანაზღაურდეს დამატებითი სამუშაო საათები; მუშებს საშუალება მიეცეთ, დადონ კოლექტიური ხელშეკრულებები პროფკავშირებთან.