„ყაზტრანსგაზ-თბილისს“ ქართული კომპანია დაეპატრონება

„ყაზტრანსგაზ-თბილისს“ ქართული კომპანია დაეპატრონება

10-წლიანი წარუმატებელი მუშაობის შემდეგ „ყაზტრანსგაზმა“, შესაძლოა, საქართველო დატოვოს და მის დაქვემდებარებაში მყოფი სადისტრიბუციო კომპანიას ქართველები დაეპატრონონ. აქედან გამომდინარე, უკვე მიდის საუბარი, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისს“, მფლობელი შეეცვლება.

ყაზახური „ყაზმუნაიგაზის“ მფლობელობაში არსებული კომპანიის ყიდვას „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აპირებს. მოლაპარაკებები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

„ყაზტრანსგაზ თბილისს“ 2009 წლიდან სემეკის მიერ დანიშნული მმართველი ხელმძღვანელობს. ყაზახმა ინვესტორებმა მენეჯმეტში დაბრუნება რამდენიმე წელია ვერ შეძლეს. კომპანიის შესაძლო გაყიდვის შესახებ მოლაპარაკებებს ადასტურებენ „ყაზმუნაიგაზში“, მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია აქვს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს მარიამ ვალიშვილსაც.

ენერგეტიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ უშუალოდ მოლაპარაკების დეტალებზე ინფორმაცია არ აქვთ. „ყაზტრანსგაზის“ მფლობელი კომპანიის - „ყაზმუნაიგაზის“ - მხრიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით ყაზახური მხარე მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა პროცესის დეტალები საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის ცნობილი არ არის“, - ამბობენ უწყებაში.

აღნიშნულ ინფორმაციას, ექსპერთა წრეებშიც ადასტურებენ. როგორც ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ განაცხადა, დაახლოებით 2-3 თვეა, რაც ამ მოლაპარაკებასთან დაკავშირებით პირადი საუბრები გაჩნდა. როგორც ჩანს, ახლა ეს საუბრები ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა და მხარეებმა გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ამის ოფიციალური დოკუმენტი ჯერჯერობით არ არსებობს.

„მივესალმები ქართული კომპანიების გაძლიერებას, თუმცა ამ ეტაპზე ცოტა რთულია იმის თქმა, რა სიკეთეს მოუტანს ეს თბილისელებს. შესყიდვის პირობები ან ვალდებულებები თუ რას გვპირდება „ინდუსტრიული ჯგუფი“ არ მინახავს, ამიტომ წინასწარ, ალბათ, შეუძლებელია ვისაუბროთ პირდაპირ გავლენაზე, რომ ქართული ჯგუფი შემოვიდა და ტარიფი შემცირდება, ავარიები აღარ იქნება ან ა.შ.“, - აღნიშნა „ბიპიენთან“ საუბრისას არაბიძემ.

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფში“ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ შესყიდვასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე საუბრისგან თავს იკავებენ და აღნიშნავენ, რომ სანამ ხელშეკრულება ოფიციალურად არ გაფორმდება, ამ ინფორმაციას ვერც უარყოფენ და ვერც დაადასტურებენ.

ყაზახურმა „ყაზტრანსგაზმა“ თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილგაზი“ 2006 წელს 12 მილიონ 500 ათას ლარად შეიძინა. 2009 წლისთვის „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ 80 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა, აქედან 68 მილიონი - საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის მიმართ. ვალების ამოსაღებად სემეკმა კომპანიაში 2009 წელს სპეციალური მმართველი დანიშნა. ყაზახური მხარე წლებია კომპანიის მენეჯმენტში დაბრუნებას ცდილობს. 2015 წლის ოქტომბერში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ყაზტრანსგაზმა“ ქართულ მხარეს შესაძლოა, ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს.

სემეკის წევრი გიორგი ფანგანი ამბობს, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ სპეციალური მმართველის არსებობა არანაირად არ უშლის ხელს მის გასხვისებას. მმართველი იქ იმყოფება კონკრეტული მიზნით და თუ მოხდება ახალი ინვესტორის შემოსვლა, სპეციალური მმართველის საჭიროება აღარ იქნება და კომპანიის მართვა გადავა ახალი ინვესტორის მენეჯმენტის ქვეშ.