დაქირავების სეზონზე მხოლოდ იაფ ბინებს ეძებენ

დაქირავების სეზონზე მხოლოდ იაფ ბინებს ეძებენ

შემოდგომიდან უძრავი ქონების ბიზნესი თვალშისაცემად აქტიურდება. ამის უმთავრესი მიზეზი სტუდენტები და მათ მიერ დაქირავებული ბინებია. წელს მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა დაბალფასიან ბინებზე, სავალუტო კრიზისმა პოტენციურ დამქირავებლებს ჯიბე შუეთხელა.

უძრავი ქონების ბიზნესით დაკავაბული კომპანიების ინფორმაციით, მოთხოვნა გასულ თვეებთან შედარებით, განსაკუთრებით ბინების დაქირავებაზეა გაზრდილი. რაც შეეხება ფასებს, ღირებულება შარშანდელი ანალოგიური პერიოდის იდენტურია და თვალშისაცემი კლება ან მატება არ აღინიშნება.

უძრავი ქონების საიტის „საქმე.ჯი“-ს განვითარების მთავარი მენეჯერი ნიკა ჯაფარიძე საუბრისას აღნიშნავს, რომ ყოველდღურად საიტს 1000-დან 2000-მდე განცხადება ემატება.

„განცხადებათა რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ყველა რუბრიკაში არის მატება, თუმცა წამყვანი მაინც გაქირავებაა. ამ ეტაპზე 30 ათასი აქტიური განცხადება გვაქვს საიტზე. მომხმარებელმა აქტიურობა სამი-ოთხი დღის წინ დაიწყო. საიტის დამთვალიერებელთა რაოდენობამ ბოლო დღეებში 19%-ით აიწია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ უძრავი ქონების ბაზარი მიმდინარე თვეში განსაკუთრებით აქტიურია. სტუდენტები ჩამოდიან, თადარიგს იჭერენ. მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა დაახლოებით ორ თვეს, ოქტომბრის ბოლომდე გასტანს“, - აღნიშნა ნიკა ჯაფარიძე „ბიპიენთან“ საუბრისას.

მისივე ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადი უბანი, როგორც ყოველთვის, საბურთალოა, სადაც ამ ეტაპზე ერთოთახიანი იზოლირებული ბინის ფასები 250-300 დოლარიდან იწყება. რაც შეეხება გარეუბნებს, იქ დასაქირავებელი ბინების ღირებულება მინიმუმ 50 დოლარით ნაკლებია.

დედაქალაქში ბინის დაქირავება ბოლო დროს ბევრ ადამიანს აღარ შეუძლია. ამის მიზეზი მაღალი ფასი და გაუარესებული სოციალური ფონია. ამიტომაც მაკლერები და უძრავი ქონების კომპანიები, ძირითადად, სტუდენტების იმედად არიან დარჩენილნი. მათ მიერ ბინის დაქირავება გადაუდებელი აუცილებლობითაა გამოწვეული. ამ მხრივ პრობლემა ისაა, რომ ახალგაზრდები მხოლოდ იაფიან ბინებს ეძებენ. ასე რომ, საშუალო და მაღალფასიანი ბინების გაქირავება წელს კიდევ უფრო ჭირს. უძრავი ქონების ბაზარზე მომუშავე პირები ამას სხვადასხვა მიზეზით ხსნიან: მძიმე სოციალური ფონი, ბოლო წლების სავალუტო რყევა და მაღალი კონკურენცია.

უძრავი ქონების სააგენტოს „სიგმას“ დირექტორი ზურა ლაჩაშვილი აღნიშნავს, რომ სექტემბერში ყველაფერი აქტიურ ფაზაში გადადის, განსაკუთრებით ეს ეხება უძრავ ქონებას. მისი ინფორმაციით, მოთხოვნა და ამასთანავე ფასი ქირაზე თითქმის იგივეა.

„ახალი სასწავლო წელი იწყება და ტრადიციული აქტიურობა შეინიშნება სტუდენტების მხრიდან, ასევე უცხოელებისგანაც. რაც შეეხება ქირის ფასს, თითქმის იგივეა. უცხოელების გააქტიურებასთან დაკავშირებით კი შემიძლია გითხრათ, რომ ვიზიტორების მატება ჩვენ მუშაობაზე არ ასახულა. ქირაობენ, თუმცა დღიურად, ხოლო კომპანია „სიგმა“ კი მოკლევადიანი გაქირავებით არ გახლავთ დაკავებული“, - განმარტა ლაჩაშვილმა.

უძრავი ქონების ბიზნესით დაკავებული ადამიანები აღნიშნავენ, რომ ბაზარზე არჩევანი ძალიან დიდია მაღალფასიან ბინებზე, თუმცა მათი გაქირავება რთულია. საპირისპიროდ, 200 დოლარამდე ღირებულების ბინებზე მოთხოვნა მაღალია, არჩევანი კი ნაკლები. დაბალი ფასის გამო, ბინები გარეუბნებშიც გაცილებით სწრაფად ქირავდება და მომხმარებელს დასაქირავებელი ბინის პოვნა უკვე გარეუბნებშიც უჭირს.