ერთი განცხადება, რომელმაც ნაციონალებისა და რუსეთუმეების მზე ერთდროულად დააბნელა
ნაცების ლაპარაკს იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი და, ზოგადად, ,,ქართული ოცნება'' პრორუსული პოლიტიკური ძალაა, წერტილი თავად ყოფილმა პრემიერმა დაუსვა - ორი დღის წინ მკვეთრად და ნათლად განაცხადა, რომ არც უბლოკო სტატუსი მოსწონს და არც გოგი თოფაძის ესმის. მაშინ, როცა საპარლამენტო არჩევნებამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი, ივანიშვილის ამ განცხადებამ, პრინციპში, პოლიტიკურ სპექტრში ახალი მეინსტრმი შემოიტანა ანუ აქამდე ნაციონალებს თავი ისე მოჰქონდათ, თითქოს საქართველოს პროდასავლური კურსის ერთპიროვნული ლობისტები იყვნენ, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირად არის.
აქვე ისიც ხაზგასასმელია, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს საგარეო ორიენტაციაზე ასეთი მკაფიო განცხადება დღემდე არ გაუკეთებია, რაც ნაციონალებს ათასი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევდა. ახლა კი ყოფილ მმართველ გუნდს მანიპულაციის საშუალება მოესპო. ყველაფერი ეს კი, პირდაპირ თუ ირიბად, ალბათ, არჩევნებზეც აისახება, მით უმეტეს, ამ გამოსვლისას ყოფილმა პრემიერმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მინიშნება გააკეთა, სახელდობრ, მან თავისუფალი დემოკრატები დადებით კონტექსტში მოიხსენია ანუ როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ამით ივანიშვილმა ელექტორატს მიანიშნა, რომ თუ ნაციონალები არ იქნებიან ახალ პარლამენტში, ეს ტრაგედია სულაც არ იქნება, რადგან მათი არყოფნით საქართველოს ევროატლანტკურ არჩევანს საფრთხე არ დაემუქრება, რადგან იგივე თავისუფალი დემოკრატები არანაკლები პროდასავლური ძალაა.
ამას გარდა, ყოფილი პრემიერის განცხადება ერთგვარი ,,მეხის დაცემა'' მარტო ნაციონალებისთვის კი არა, იგივე პრორუსული ძალებისთვისაც უნდა ყოფილიყო, რადგან ბოლო დროს ვიღაცები ცდილობდნენ უბლოკო სტატუსის ლობირებას, რაც იგივე მმართველი გუნდის ზოგიერთი მხარდამჭერისთვის, შესაძლოა, მისაღები ფორმულირება იყო.
ზოგადად, ცნობილია, რომ ადამიანების სოლიდური ნაწილი ,,ოცნების'' მხარდამჭერი ისევ ივანიშვილის ავტორიტეტის გამა. გამომდინარე აქედან, მისი, რბილად რომ ვთქვათ, კრიტიკა უბლოკო სტატუსის შესახებ, ,,ოცნების'' მხარდამჭერებისთვის პირდაპირი სიგნალი იქნებოდა, რომ ისინი ,,უბლოკოებს'' და საერთოდ, პრორუსულად განწყობილ პოლიტიკურ ძალებს ახლოსაც არ უნდა გაეკარონ.
,,ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული მიმართულება არჩეული, რაშიც არა მარტო ,,ქართული ოცნება'', არამედ, ჩემი აზრით, მთელი საზოგადოებაა შეთანხმებული, რომ ჩვენი მიმართულება, კონკურენციის გარეშე, არის ევროპა, ევროკავშირი და ევროატლანტიკური სივრცე.
ქალბატონ ნინოს შანსებს რაც შეეხება, არ მგონია, რომ დიდი შანსები აქვს. რუსეთთან რომ ურთიერთობის დალაგება გვინდა, ამას ჩვენც ვამბობთ. დღესაც შემიძლია გავიმეორო, რომ რუსეთთან ურთიერთობები უნდა დავალაგოთ, მაგრამ არა - დაკარგული ტერიტორიების ხარჯზე, რაც წყალგამყოფი შეიძლება გახდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობიანად ჩვენს ყველაზე დიდ მეზობელთან დავალაგოთ ურთიერთობები და ამაში ნინო ბურჯანაძე ვერ არის გამორჩეული'', - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
,,ჩვენთვის რომ ვთქვათ, ყოფილმა პრემიერმა ერთი განცხადებით ორი კურდღელი დაიჭირა - ნაციონალების ფანტაზიებიც მოაშთო და ბურჯანაძესაც მდუღარე გადაასხა. არადა, ბურჯანაძემ, მას შემდეგ, რაც უბლოკო სტატუსის ინიციატივით გამოვიდა, რეიტინგი, ასე თუ ისე, აკრიფა. ყოველ შემთხვევაში, ის ადამიანები, ვისაც საბჭოთა ნოსტალგია აქვს, დაფიქრდნენ, 8 ოქტომბერს ხმა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ხომ არ მივცეთო. ალბათ, ქალბატონი ნინოც ფიქრობდა, რომ მის იდეას გარკვეული დადებითი გამოხმაურება ,,შუშის სასახლიდანაც'' ექნებოდა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია: მისი გათვლები არ გამართლდა და ისეც შეიძლება მოხდეს, რომ უბლოკო სტატუსი მისი პოლიტიკური კარიერის დასასრულის დასაწყისად იქცეს. ისე, ყველაფერ ამას თუ იმასაც დავამატებთ, რომ თოფაძის პარტიამ საარჩევნო რეგისტრაცია ვერ გაიარა, შეიძლება, ერთგვარი წრე შეიკრას. მართალია, ცესკო სახელისუფლო შტო არ არის, მაგრამ საქართველოში გაბატონებული აზრის თანახმად, სარჩევნო ადმინისტრაცია ხელისუფლების პოზიციებს ამყარებს. ჰოდა, შეიძლება, ისიც ვიფიქროთ, რომ თოფაძის პარტიის რეგისტრაციაში არგატარება შეიძლება, ერთგვარი პოლიტიკური ხაზის გატარებაა, ან სულაც, თავად თოფაძის გუნდმა დაუშვა მიზანმიმართული შეცდომა, რადგან ვიდრე სიებს წარადგენდნენ, შეიძლება, მასაც ,,აუწიეს ყური'' და უთხრეს, რომ ჩრდილოეთის მიმართულებით აღარ უნდა ეაქტიურა'', - უთხრა ,,ვერსიას'' კონფიდენტმა ანალიტიკოსმა, რომელიც განმარტავს, რომ პოლიტიკაში, ცხოვრებისა არ იყოს, ცალკეული მოვლენები დამოუკიდებლად კი არა, ერთმანეთთან კავშირში უნდა განვიხილოთ.
მოკლედ, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მასტერკლასი კიდევ ერთხელ ჩაუტარა, რის შემდეგაც გონზე მოსასვლელად ლიდერებს, ალბათ, დიდი დრო დასჭირდებათ.