არჩევნებმა ინვესტორები ვერ დააფრთხო

არჩევნებმა ინვესტორები ვერ დააფრთხო

მიუხედავად წინასაარჩევნო ვითარებისა, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა გაიზარდა. გამორიცხული არ არის, წლის ბოლოს შარშანდელი მაჩვენებელი გაუმჯობესდეს. როგორც ჩანს, ინვესტორები არჩევნებს არ უფრთხიან.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წლის II კვარტალში 445 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20 პროცენტით მეტია 2015 წლის II კვარტალის წინასწარ და 4 პროცენტით ნაკლები იმავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 834 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მაჩვენებელს 11 პროცენტით აღემატება.

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანია, საიდანაც 146 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, მეორე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო, საიდანაც 64 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. 36 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა ჩინეთიდან. ასევე მთავარი ინვესტორი ქვეყნების ხუთეულში არიან თურქეთი და პანამა.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2016 წლის II კვარტალში 63 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდადა 175 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39 პროცენტია. მეორე ადგილზეა საფინანსო სექტორი 60 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ენერგეტიკის სექტორი 46 მლნ აშშ დოლარით.

ახალგაზრდა ფინანსთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე აცხადებს, რომ, თუ ვინმე ფულს შემოიტანს ჩვენს ქვეყანაში, ეს ფული ჩვენი ეკონომიკისთვის პოზიტიური იქნება.

„თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციები რეალურად ძალიან ბევრია. თუ შევადარებთ განვითარებულ სახელმწიფოებს, ერთ სულ მოსახლეზე მთლიან შიდა პროდუქტს ან სხვა მაჩვენებლებს, ეკონომიკის პროპორციებიდან გამომდინარე, ჩვენთან ინვესტიციები გაცილებით მეტია. უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ხარისხიანი ინვესტიციების მოძიება, რაშიც იგულისხმება ტექნოლოგიებტევადი და ინოვაციებზე ორიენტირებული ინვესტიციები.

ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა გადასახედია. არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ასე ცალსახად ყველა ტიპის ინვესტიცია კარგია. ეკონომიკაში ასე ნამდვილად არ არის. დროა, საქართველოს მთავრობამაც დაიწყოს ინვესტიციების ტიპისა და შინაარსის გარჩევა“, - ახადებს კუკულაძე.

ეკონომისტი გიორგი ღაღანიძე კი ამბობს, რომ მზარდი კაპიტალდაბანდებების სიკეთე პირდაპირი მნიშვნელობით ჯერჯერობით უბრალო მოქალაქეებამდე ვერ აღწევს.

„ყველა საქართველოში ვცხოვრობთ და რაც უფრო მეტი ინვესტიცია შემოვა, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება, ეს მხოლოდ და მხოლოდ გაგვიხარდება, რადგან გარკვეული ზომით ეს თითოეულ ჩვენთაგანზე აისახება. ეკონომიკური ზრდა ყველა კონკრეტულ ადამიანს არ ეხება, მაგრამ როდესაც ვგრძნობთ, რომ სამუშაო ადგილებმა იმატა, დაუსაქმებლებისთვის ახალი შესაძლებლობები გაჩნდა, ეს ყველასთვის კარგია. ჯერჯერობით ამის შეგრძნება ნამდვილად არ არსებობს“, - ამბობს ღაღანიძე.