საქართველოს საბანკო სექტორში დიდი გადააგილებები გრძელდება. მსხვილი ბანკები წვრილებს იერთებენ და ბაზარზე სულ უფრო ნაკლები საფინანსო ინსტიტუტი რჩება. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობს საქართველოს 2 ლიდერი ბანკი.
გავრცელებული ინფორმაციით, „თიბისი ბანკმა“ „პროგრეს ბანკი“ იყიდა. საბანკო წრეებში პირად საუბრებში ამბობენ, რომ საკითხი დასრულებელილია. „პროგრეს ბანკის“ აუდიტორული შეფასება უკვე ჩატარდა, იურიდიული დეტალები შეთანხმებულია და ამ დროისთვის ორი ბანკის შერწყმის პროცესი მიმდინარეობს. ბანკის ფილიალების ნაწილი უკვე დახურულია.
ამ საკითხთან დაკავშირებით დაუზუსტებელი ინფორმაცია აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარეს, გიორგი კეპულაძესაც. ოფიციალური კომენტარი კი არც ერთი ორგანიზაციის მხრიდან არ ვრცელდება.
„თიბისიში“ აცხადებენ, რომ მსგავსს ინფორმაციას ამ დრომდე არ ფლობენ. კომენტრას არ აკეთებენ არც „პროგრეს ბანკში“. „მსგავს ინფორმაციას არ ვფლობთ და ამ დრომდე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ“, - განუცხადეს „ბიპიენს“ „პროგრეს ბანკში“.
კახა კალაძის მიერ დაფუძნებული „პროგრეს ბანკი“ რამდენჯერმე უკვე გაიყიდა. გასული წლის მაისში ბანკის მფლობელი ისრაელის ფინანსური ჯგუფი გახდა.
„პროგრეს ბანკი“ 2008 წელს, ყოფილმა ფეხბურთლმა და ამჟამინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დააფუძნა, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ანუ 2012 წლის 31 ოქტომბერს, წილი გაყიდა და ბანკის მართვიდან გავიდა. 2013 წლის დეკემბერში „პროგრეს ბანკის“ 78.29%-იანი წილი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფ „ვებიონის“ ხელში გადავიდა, ბანკის 21.71%-იანი წილი კი, ბიძინა ივანიშვილის საკუთრება გახდა.
როგორც აღვნიშნეთ, ქართულ საბანკო სექტორში გასხვილების პროცესი გრძელდება. ბოლო წლებში „საქართველოს ბანკის“ კუთვნილება გახდა „ტაო პრივატ ბანკი“, ხოლო „თიბისიმ“ ბანკი „კონსტანტა“ შეიძინა. ამჯერად ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტი მორიგ ოპერაციას ახორციელებს.
თუმცა ეს კიდევ ყველაფერი არ არის. წესით და რიგით, წლის ბოლომდე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გადაადგილებები მოხდება. უკვე ცნობილია, რომ ბანკი „რესპუბლიკა“ უმსხვილესმა უცხოელმა ინვესტორმა „ჰუალინგ ჯგუფმა“ შეისყიდა, შესაბამისად მისი „ბაზისბანკთან“ შერწყმის შედეგად, საზოგადოება ახალი ლიდერის გამოჩენას უნდა ელოდოს.
„ჰუალინგ ჯგუფს“, „სოსიეტე ჟენერალსა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის შედგა წინასწარი შეთანხმება, აქციების საკონტროლო წილის „ჰუალინგ ჯგუფის“ მიერ შესყიდვასთან დაკავშირებით. გაერთიანების შემდეგ „ჰუალინგ ჯგუფს“ ექნება ახალი ბანკის აქციათა საკონტროლო პაკეტი და სამეთვალყურეო საბჭოში ხმების უმრავლესობა.
2016 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. სავარაუდოდ, მათი რაოდენობა წლის ბოლომდე ორით შემცირდება.