ქვეყანაში საავტომობილო ეპიდემია არ ცხრება

ქვეყანაში საავტომობილო ეპიდემია არ ცხრება

ბოლო 5-6 წელიწადში საქართველოშიც და თბილისშიც ავტომობილების რაოდენობა გაორმაგდა. ყოველი მესამე მანქანა დედაქალაქში რეგისტრირდება. გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს. ირგვლივ მხოლოდ განგაშის სიგნალებია, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას არავის ჩქარობს.

„თუ თბილისში 2010 წელს, საშუალოდ, 200 000 მანქანა მოძრაობდა, 2016 წლისთვის ეს რიცხვი გაორმაგებულია. დღეისთვის მათი ოდენობა 400 000-ს აღწევს“, - ეს განცხადება დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, რომელიც საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს ეხებოდა.

მუნიციპალიტეტის მონაცემები დასტურდება შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევითაც. შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის კვლევის მიხედვით აშკარად ჩანს, რომ 2010 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მზარდია. 2014 წელს ავტომობილების რიცხვი 9.7%-ით გაიზარდა, 2015 წელს კი - 8.23%-იანი ზრდა იყო. მათგან ყველაზე მეტი მანქანა თბილისში რეგისტრირდება. შარშანწინ დედაქალაქში ავტომობილების საერთო რაოდენობის 36.6% დარეგისტრირდა, ხოლო შარშან - 36.8%.

„ბუნებრივია, ჩვენ მივდივართ საგზაო მოძრაობის კოლაფსისკენ. სასწრაფო, სახანძრო, სამაშველო ავტომობილები დანიშნულების ადგილზე მისვლას, პრაქტიკულად, ვეღარ ახერხებენ. დღეს ჩვენ თუ ვამბობთ, რომ არის საცობები, მომავალ წელს საერთოდ გადააგილება ვეღარ მოხერხდება. თბილისში ძალიან გადატვირთულია საგზაო მოძრაობა.

2013-15 წლებში ავტომობილების რაოდენობა 65-80 ათასით იზრდებოდა, ანუ ძალიან დიდი მატებაა. ასევე არის ასეთი კვლევაც, სადაც ჩანს, რომ მანქნის შეძენის მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად 8%-ით იზრდება“, - აცხადებს ავტოექსპერტი დავით მესხიშვილი.

საქართველოში ავტომობილების პრობლემას ყურადღებას აქცევენ არა მარტო ადგილობრივი, არამედ უცხოელი ექსპერტებიც. ამერიკულ საინფორმაციო პორტალ vox.com-თან საუბრისას ანალიტიკოსი ტიმ კოვაჩი განმარტავს, რომ საქართველოს პირველი ადგილი უკავია სატრანსპორტო სისტემის გაუმართაობის გამო.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ფიქსირდება ძველი, დიზელზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების მკვეთრი ზრდა, დაბინძურების დონის ტესტირების სისტემა კი ქვეყანაში, ფაქტობრივად, არ არსებობს“, – განმარტავს გამოცემა.

ტიმ კოვაჩის აზრით, საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა არასაკმარისად არის განვითარებული, შედეგად მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გადაადგილებისთვის მეტწილად პირად ავტომობილებს იყენებს. შედეგად, ბოლო 10 წლის განმავლობაში მანქანების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, ბოლო 5 წლის განმავლობაში კი გაორმაგდა.

„მანქანების უმრავლესობა საზღვარგარეთიდან შემოტანილი მეორადი ავტომობილია, დიზელზე მომუშავე მანქანები საქართველოში ძალიან პოპულარულია. გარდა ამისა, ამჟამად საქართველოში არ მოქმედებს ავტომობილების ვარგისიანობის შემოწმების სისტემა, რის შედეგადაც მანქანების უმრავლესობა ტექნიკურად გაუმართავია. ასევე შეჩერებულია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის შემოწმებაც.

ბაზარზე მისაწვდომი დაბალი ხარისხის საწვავი სწრაფად აფუჭებს ავტომობილის „კატალიზატორს“, მანქანების მფლობელები კი, როგორც წესი, დაზიანებულ კატალიზატორებს არ ცვლიან, რაც გამონაბოლქვის დონის ზრდას იწვევს.

საქართველოს ქალაქებში სატრანსპორტო მოძრაობის მართვა კვლავ პრობლემურია, საცობები კი ხშირი მოვლენაა. ყველა ეს ფაქტორი საქართველოში გამონაბოლქვის მნიშვნელოვან დონეს იწვევს“, – აცხადებს ტიმ კოვაჩი.