საქართველოში რთველი აქტიურად დაიწყო და რამდენიმე დღეში პიკს მიუახლოვდება. ჯერჯერობით უკმაყოფილო არავინაა. მთავრობა პირობას დებს, რომ ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება. თუკი კერძო კომპანიები მოსავალს ვერ გაუმკლავდებიან, საქმეში სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ქარხნები ჩაერთვებიან.
კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 9 ათას ტონამდე ყურძენი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აქედან 3,7 ათასი ტონა რქაწითელი, 3,7 ათასი ტონა საფერავი, 460 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მევენახეებმა შემოსავლების სახით 7,3 მლნ ლარი მიიღეს.
რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი კახეთის რეგიონში საწარმოების მდგომარეობას გაეცნო, დაესწრო ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესს.
„ფაქტობრივად რთველი დასრულდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სადაც ყურძნის ძირითადი ნაწილი გადამუშავებულია. სიღნაღში დაკრეფილია და საღვინე მიმართულებით გადამუშავებულია მოსავლის ნახევარზე მეტი. ყურძენი სიმწიფეში ნელ-ნელა უკვე შედის გურჯაანის მუნიციპალიტეტში. კერძო ღვინის ქარხნები ელოდებიან ყურძნის დამწიფებას და მზადა არიან მიღება-გადასამუშავებლად.
იმ შემთხვევაში, თუ მაინც დარჩა ჭარბი ყურძენი, რომელსაც კერძო სექტორი ვერ გადაამუშავებს, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ქარხნებიც მზადყოფნაშია ყურძნის მისაღებად. გასული წლის მსგავსად, ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება“, - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 82 ღვინის კომპანია. ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 20-მდე ღვინის კომპანია.
სავარაუდოდ, სახელმწიფოს ჩართვა პროცესში მაინც საჭირო გახდება, რადგან მოსავალი დიდია, ხოლო კერძო ქარხნების ნაწილი მოსავალს ან ვერ ჩაიბარებს, ან მხოლოდ მინიმალური რაოდენობით.
ღვინის მწარმოებელი კომპანია „შუხმან ვაინსის“ გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი განმარტავს, რომ წელს კომპანია ყურძნის 90%-ს საკუთარი ვენახებიდან მიიღებს, დანარჩენ 10 პროცენტს კი მოსახლეობისგან ჩაიბარებს და ყურძნის მიღება უკვე დაიწყო.
აბრამიშვილი არ აკონკრეტებს რა ფასად იბარებს 1 კილოგრამ ყურძენს ფერმერებისგან, თუმცა ამბობს, რომ გადახდილი თანხა გლეხებისთვის მისაღებია.
„ნაწილს სახელმწიფო იხდის სუბსიდიის სახით, ნაწილს გლეხებს ჩვენ ვუხდით“, - განუცხადა „კომერსანტს“ აბრამიშვილმა.
ღვინის მწარმოებელმა კომპანია „ბადაგონის“ დირექტორი გია შენგელია ამბობს, რომ მიმდინარე წელს კომპანიამ, შესაძლოა, ყურძენი არ ჩაიბაროს. ამ დროისთვის სამომავლო გეგმაზე მიდის მსჯელობა.
შენგელიას ინფორმაციით, ამ დროისთვის „ბადაგონს“ წინა წლის მარაგი აქვს, ასევე გააჩნია საკუთარი ვენახები და ამ სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა, მოსახლეობისგან ყურძნის ჩაბარების საჭიროება აღარ დადგეს.
„ჩავიბარებთ თუ არა წელს მოსახლეობისგან ყურძენს, ამას რამდენიმე დღეში გადავწყვეტთ“, - აცხადებს შენგელია.
მიმდინარე წელს, რთველი 2016-ის ფარგლებში კახეთში 200 000 ტონამდე ყურძნის მოსავალი მიღებაა მოსალოდნელი, საიდანაც, წინასწარი პროგნოზით 150 000 ტონამდე ყურძნის სამრეწველო გადამუშავება მოხდება.