სამუშაო ადგილების წინასაარჩევნო არითმეტიკა

სამუშაო ადგილების წინასაარჩევნო არითმეტიკა

წინასაარჩევნო პერიოდში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მარათონი გამოცხადდა. რა თქმა უნდა, მარათონი ამჯერად მხოლოდ სიტყვიერია, პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს დაპირებების გაცემაში ეჯიბრებიან.

„ჩვენ სწრაფ ზრდაზე და თავისუფალი ეკონომიკის პრინციპებზე გვინდა გავაგრძელოთ რეფორმირება. 2020 წლისთვის, იმ რეფორმებიდან გამომდინარე, რომელიც დაგეგმილი გვაქვს, დაახლოებით 120 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება. გვინდა, რომ მაქსიმალურად გამოყენებული იქნას ის პოტენციალი, რომელიც მომდინარეობს ასოცირების ხელშეკრულებიდან და ამ კუთხით მაქსიმალურად ხელი შეეწყობა ბიზნესს. მთავარი გათვლა სწორედ სწრაფ ეკონომიკური ზრდისკენაა მიმართული, თუმცა 2 წელიწადში მთლიანად შეიცვალოს სურათი და ქვეყანაში უმუშევრობის დონე გახდეს 0%, ეს წარმოუდგენელია. ყველაზე განვითარებად ქვეყნებშიც კი 4-5 %-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ფიქსირდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ არ ვქმნით ფასადურ ეკონომიკას. ფუნდამენტი იმისთვის, რომ შეიქმნას ძლიერი ეკონომიკა, უკვე არსებობს, ეს არის საკუთრების ხელშეუხებლობა და ბიზნესის თავისუფლება“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი კახა კუჭავა.

მთავრობა კი ითვლის არსებულ შედეგებს. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სახელით ბიზნესის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა, რადგან კერძო სექტორმა 2016 წლის მეორე კვარტალში 2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 32 500 ადამიანით მეტი დაასაქმა, რაც 5,7-პროცენტიანი ზრდაა.

„სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, კერძო სექტორში ჩვენ გვყავს 601 ათასი ადამიანი დასაქმებული. მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებული ზრდა გვქონდა მცირე საწარმოებში 12,8-პროცენტიანი ზრდა ეს არი 16823 ადამიანი. ეს არის შედარება 2015 წლისა და 2016 წლის მეორე კვარტლებს შორის. 148 374 ადამიანი არის დასაქმებული მცირე საწარმოებში. მსხვილ საწარმობში 7,3-პროცენტიანი ზრდა (24 896 ადამიანი). მსხვილ საწარმოებში დასაქმებულია 365 861 ადამიანი, ხოლო საშუალო საწარმოებში დასაქმებულია 86000 ადამიანი. მთლიან დასაქმებულებში ლიდერობს ვაჭრობა (25,5 პროცენტი), რომელსაც მოყჰვება მრეწველობა (18,7 პროცენტი), ჯანდაცვა (10,3 პროპცენტი)”, - აღნიშნა ქუმსიშვილმა და დასძინა, რომ საშუალო თვიურმა ხელფასმა, რაც არის ბიზნეს სექტორში 978 ლარი შეადგინა. ეს კი 14,8-პროცენტიან ზრდას შეესაბამება.

„ქართული ოცნების“ დაპირება თვალში ეცოტავა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მან უფრო გულუხვი დაპირება დადო. ისინი პირობას იძლევიან, რომ მათი არჩევის შემთხვევაში, პირველივე წელს 45 ათასი, ხოლო ყოველ მომდევნო წელს 30 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება. 4 წლის განმავლობაში ნაცმოძრაობის გაანგარიშებით 153 ათასი ადამიანი უნდა დასაქმდეს, რაც „ქართული ოცნების“ დაპირებისგან დიდად არ განსხვავდება. თუმცა, ექსპერტებს „ნაციონალური მოძრაობის“ არ სჯერათ. საქმე ისაა, რომ მათი მმართველობის პერიოდში სამუშაო ადგილები მცირდებოდა.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ამბობს, რომ ნაცმოძრაობის მიერ გაცემული დაპირება პოპულისტურია და მათი პროგრამის მიხედვით, დასაქმებული მოქალაქეების რაოდენობის ასეთი ტემპით ზრდა განუხორციელებელ დაპირებად დარჩება.

„ნაციონალური მოძრაობის მიერ გაცემული დაპირება ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს პოპულისტურ დაპირებად. რამდენადაც, მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, სტატისტიკის სამსახურის მონაცემების თანახმად, სამუშაო ადგილები 1 მილიონ 814 ათასიდან 1 მილიონ 724 ათასამდე შემცირდა. შესაბამისად, ნაციონალების 9-წლიანი მმართველობის პერიოდში სამუშაო ადგილების რაოდენობამ 90 ათასით იკლო. ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, პროცენტულ გამოხატულებაში, 2003 წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონე 11,5% იყო, ხოლო 2012 წელს უმუშევრობამ 15% შეადგინა. ამდენად, აბსოლუტურად გაუგებარია რა იწვევს აღნიშნული პარტიის დაპირებებში მსგავსი ოპტიმიზმის საფუძველს. ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს სამუშაო ადგილების შექმნის გამოცდილება“, - აცხადებს გვიდიანი.