საქმეში პრემიერის ჩართვის შემდეგ, ჩინოვნიკებმა მეცხვარეებთან შეხვედრას თავი მოაბეს. რამდენად უშველის ეკონომიკის სამინისტროში გამართული მსჯელობა დარგში არსებულ რთულ ვითარებას, ეს რთული სათქმელია.
ეკონომიკისა განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარემ და სპეციალისტებმა მეცხვარეობის დარგში არსებული პრობლემების მოგვარების საკითხები განიხილეს. შეხვედრას ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მეცხვარეების ინფორმაციით, დარგის ერთ-ერთი, უმთავრესი პრობლემა რეალიზაციაა. მეცხვარეებს დახმარება მათი პროდუქციის პოპულარიზებაშიც სჭირდებათ.
„დღემდე ცხვრის წლევანდელი ნამატის 10%-იც არ არის რეალიზებული, იმ დროს როდესაც წინა წლებში ექსპორტზე 100 000 სული ცხვარი იყო უკვე გაყვანილი“, - აღნიშნა მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარემ ბექა გონაშვილმა.
ქართული ცხვრის რეალიზაციის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი დაბალფასიანი რუსული და სომხური ცხვრის რეექსპორტი და ქართული ცხვრის მაღალი საექსპორტო ფასია. ფასის ასეთი ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში რიგ ანალიზებზე არარეალური ფასი სახელდება.
„უცხოეთის ქვეყნების უმეტესობა სომხეთს არაკეთილსაიმედოდ მიიჩნევს და ისინი სარგებლობენ საქართველოს, როგორც კეთილსაიმედო ექსპორტიორის სახელით. იქ ცხვრის მოვლა-მოშენება გაცილებით იაფი ჯდება, მაგალითად, არ არსებობს მიწის გადასახადი, რაც ჩვენთან არის დაწესებული“, - აღნიშნავს გონაშვილი და ამბობს, რომ მიიღეს დაპირება სომხური და რუსული ცხვრის „ქართულის“ სახელით ექსპორტზე გაყვანა აღარ მოხდება.
„ჯიბისის“ ინფორმაციით, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა რაც ქართველ მეცხვარეებს აქვთ, გადასარეკი ტრასების დემარკაციაა.
„შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად გაიმართება შეხვედრა, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს გადასარეკი ტრასების საკითხზე, მოხდება დემარკაცია. დღეს არის 100-მდე გადაფარვა. რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, საჭირო იყოს მიწის გამოსყიდვა თუ ჩანაცვლება“, - აცხადებს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წარმომადგენლებს მეცხვარეთა პრობლემების შესწავლა და მაქსიმალური ხელშეწყობა წელს, თუშეთობის დღესასწაულზე თუშ მეცხვარეებთან შეხვედრის დროს დაავალა.
„ეს არის გაგრძელება იმ შეხვედრისა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამართა თუშეთში, სადაც მეცხვარეებმა დააყენეს კონკრეტული საკითხები, რომლებსაც გადაჭრა სჭირდება. ჩვენ ვისაუბრეთ გადასარეკ ტრასებზე, შევიმუშავეთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა იმ ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, რომლებიც არის დარჩენილი.
ასევე ვისაუბრეთ ცხვრის რეექსპორტსა და ცხვრის ექსპორტის ხელშეწყობაზე, თუ როგორ შეგვიძლია ამ მიმართულებით მუშაობა. დიდი იმედი მაქვს, რომ ერთობლივი მონდომებით, ერთობლივი მუშაობით, ჩვენ ამ საკითხებს, აუცილებლად წარმატებით დავასრულებთ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
თავის მხრივ, ბექა გონაშვილი ამბობს, რომ შეხვედრაზე დარგში არსებულ მძიმე, კატასტროფულ ვითარებაზე ხელისუფლების წარმომადგენლებს სრული ინფორმაცია მიაწოდა და მხარდაჭერის დაპირებაც მიიღო.