გია ხუხაშვილი თვლის, რომ თუ ხალხი კმაყოფილია ხელისუფლებით, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ მოახერხებს დესტაბილიზაციას

გია ხუხაშვილი თვლის, რომ თუ ხალხი კმაყოფილია ხელისუფლებით, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ მოახერხებს დესტაბილიზაციას

"ეს ფორმა, რაც ბიძინა ივანიშვილმა აირჩია პერმანენტული პრესკონფერნციებით, არა მგონია, რომ პოლიტტექნოლოგიურად სწორი იყოს. რაც შეეხება თვითონ განცხადებებს, მისგან თუ რამეს მოელის საზოგადოება, ელოდება პოზიტივს, რა იქნება ქვეყანაში მომავალში, ანუ პოზიტიურ გზავნილებს და კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ნაცვლად ამისა კი, როდესაც მთლიანად ნეგატივზეა მისი ე.წ ჰედლაინები აგებული, რა თქმა უნდა, არ აჩენს სახარბიელო განწყობას მის და "ქართული ოცნების" მიმართ. ილაპარაკო სხვა პარტიების უსუსურობაზე, არასწორია და არა მგონია, საზოგადოებას ეს მოწონებოდა. ამ პარტიებს თავისი უბედურებაც ეყოფა", - აცხადებს ექსპრემიერის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი გახეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ივანიშვილს უსუფაშვილი ძალიან აკლია"/გია ხუხაშვილი თვლის, რომ თუ ხალხი კმაყოფილია ხელისუფლებით, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ მოახერხებს დესტაბილიზაციას.

"რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ რატომ გააკრიტიკა ბიძინა ივანიშვილმა მაინცდამაინც "თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკელები", ყველა ადამიანი თვითონ აკეთებს არჩევანს. მას ამის უფლება აქვს და ის ამას აკეთებს. ჩემი აზრი კი უკვე გამოვთქვი, არ მომწონს, როცა ამ მასშტაბის ადამიანი, რომლის იმედიც ბევრს აქვს, თვლიან ზეპარტიულ ადამიანად, წვრილმანდება და ასეთ პარტიებზე ამბობს, რომ 2% და 3% აქვთ. ამას საზოგადოება კარგი თვალით არ შეხედავს, არ მოეწონება და რატომ აკეთებს, არ ვიცი. რაც შეეხება მის მიერ დავით უსუფაშვილის გაკრიტიკებას, მომეჩვენა, რომ ეს იყო გარკვეული ნოსტალიგიით გამსჭვალული კრიტიკა. იმიტომ, რომ მას უსუფაშვილთან მუშაობის კომფორტი ჰქონდა. მას იგი ძალიან აკლია, მაგრამ უსუფაშვილმა პარტია ამჯობინა, როცა დილემის წინაშე დადგა. შესაბამისად, ივანიშვილმა თავის განწყობა მის მიმართ ამ ფორმით გამოხატა" - ამბობს რესპონდნეტი.

"რაც შეეხება ივანიშვილის შემდეგ ფრაზას, რომ "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი პარტიაა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" სწორად წარმოჩინებას ცდილობს, მანდ იყო ასეთი ფრაზა ნათქვამი, რომ ყველა ხელისუფლებას ებრძვისო და "ნაციონალებს" მხოლოდ ესენი ებრძვიანო. საერთოდ ესეა - ყველა ოპოზიციური პარტია თავის ოპონენტად უნდა განიხილავდეს ხელისუფლებას და მით უმეტეს, რომ ხელისუფლება რეიტინგებით პირველ ადგილზეა. პარტიის, რომელსაც მთავრობაში მოსვლა უნდა, მთავარი სამიზნე ბუნებრივია, ხელისუფლება უნდა იყოს. ოპოზიციურ პარტიებს შორის ბრძოლა პოლიტტექნოლოგიურადაც გაუგებარია. ამიტომ, რატომ უკვირს ივანიშვილს, რომ პარტიები ძირითადად ხელისუფლებას აკრიტიკებენ, არ მესმის. "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში არ არის და რატომ უნდა აკრიტიკონ, რა აზრი აქვს. ხოლო, რაც შეეხება "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნოდ დაპირისპირებების პროვოცირებასა და არეულობის შექმნას გეგმავს, ჩუგოშვილისგან გამიკვირდა ასეთი განცხადების გაკეთება. ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. მინდა ჩუგოშვილსა და ნებისმიერ სხვა ადამიანს ვუთხრა - ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში დესტაბილიზაციას ვერ გამოიწვევს, იმიტომ, რომ ნებისმიერ ასეთი სახის პროტესტს სჭირდება სოციალური ბაზა. თუ ხალხი კმაყოფილია ხელისუფლებით, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ მოახერხებს ამ ტიპის პროვოკაციას, შესაბამისად, ვერც ვერაფერი მოხდება", - აღნიშნავს ექსპრემიერის ყოფილი მრჩეველი.

"თუ სოციალური ბაზა არ არსებობს, ჩემი აზრით, რა გეგმაც არ უნდა ჰქონდეს ვიღაცას, მას განხორციელება არ უწერია. შესაბამისად,
ხელისუფლებამ ამ გეგმებზე კი არ უნდა ილაპარაკოს, იფიქროს იმაზე, რომ ასეთი გეგმის არსებობის შემთხვევაში, ამ ყველაფერს სოციალური ბაზა გამოაცალოს. იმ ადამიანებზე უნდა ფიქრობდეს, პოტენციურად ვინც შეიძლება ამ ვიღაცის თამაშს აჰყვეს. და გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ ეს ხალხი არ აჰყვეს ვიღაცის პოლიტიკურ თამაშს. განცხადებები არანაირი შედეგის მომტანი არაა, უბრალოდ, იმ ისტერიულ ფონს, რომელიც დღეს არის, კიდევ უფრო ძაბავს", - დასძენს ხუხაშვილი.


interpressnews.ge