რა მსგავსებაა სიმელოტესა და პოლიტიკას შორის, რატომ ახსენდება შევარდნაძის დრო კოშმარივით და რას სთავაზობდა ნაცმოძრაობა და „ოცნება“ „თალიზის“ ხელმძღვანელ აკაკი წილოსანს
...ეს ადამიანი ჩემი ნაცნობ-მეგობრებიდან ყველაზე აპოლიტიკური მეგონა. ჰოდა, ვფიქრობდი, ავანტიურაში არ ამყვება და ქართული პოლიტიკის ალოპეციაზე ანუ სიმელოტეზე არ დამელაპარაკება-მეთქი, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, შევცდი: მე და თმის გადანერგვის კლინიკა „თალიზის“ ხელმძღვანელმა, მსოფლიოში აღიარებულმა ქირურგმა, მედიცინის დოქტორმა და ესთეტიკური მედიცინის ამერიკული აკადემიის პროფესორმა აკაკი წილოსანმა ისეთ პოლიტიკურ ნიუანსებზე ვილაპარაკეთ, როგორიც, მაგალითად, „მაიმუნი ვირიშვილია“. სხვათა შორის, ოკუპანტ რუსეთსაც შევეხეთ და საბჭოთა კავშირის აღდგენაზე მეოცნებე ვლადიმერ ვლადიმეროვიჩიც ვახსენეთ... მოკლედ, რა მსგავსებაა სიმელოტესა და პოლიტიკას შორის? - „ვერსია“ თმის ტრანსპლანტოლოგიის ქართველი გურუს, აკაკი წილოსანის არა-ჩვეულებრივ ინტერვიუს წარმოგიდგენთ, რომელიც ბრაზილიიდან ახლახან დაბრუნდა, სადაც თმის აღდგენითი ქირურგიის ბრაზილიის მე-6 კონგრესი გაიმართა. ისე, რომ იცოდეთ, ბრაზილია გრძელი თმის გადანერგვის სამშობლოდ ითვლება და იქ ჩატარებულ კონგრესზე ქართველი გურუს მოხსენებით გამოსვლა, უდავოდ, დიდი წარმატებაა...
- აკაკი, როგორ ხარ?
- მადლობა უფალს, ძალიან კარგად ვარ!
- ამ უბედურ ქვეყანაში ძალიან კარგად როგორ ხარ?
- უბედური კი არა, ძალიან ბედნიერი ქვეყანაა?
- დამისაბუთე, საქართველო ბედნიერი ქვეყანა რატომაა?
- ახლახან, ბრაზილიიდან დავბრუნდი, რამდენიმე ქალაქში ვიყავი, მათ შორის, სან პაულოსა და რიოში.
- შენი ბრაზილიური ვოიაჟი იმასთან, რომ საქართველო ბედნიერი ქვეყანაა, რა კავშირშია?
- რა კავშირშია და, იქ არაფერი მომეწონა!
- არც ქალები?
- მართალია, ამბობენ, ბრაზილიელი ქალები ლამაზები არიანო, მაგრამ ლამაზი ასში შეიძლება, ერთი გამოერიოს.
- სამაგიეროდ, ბრაზილიელი დიაცები სექსუალურები არიან...
- სექსუალური ყველა თვისებურადაა. მოკლედ, ბრაზილიელი ქალებისკენ თვალი ნამდვილად არ გაგექცევა. ხუმრობა იქით იყოს და, მიუხედავად იმისა, რომ განთქმულია, ბრაზილიური კერძები, ჩემი აზრით, განსაკუთრებული არაა. ბრაზილიური კოქტეილი კი ლიმონის წვენია, არც ღვინო უვარგათ და არც - ლუდი.
- რა ვიცი, ბრაზილიაზე ხალხი „აფანატებს“ და შენ კი უცებ გააცამტვერე...
- ჩვენი ქვეყანა უფრო ლამაზი და კარგია. ვანო, მაგალითად, რიო ლამაზი ქალაქი, უბრალოდ, იმიტომაა, რომ კარგ ადგილას მდებარეობს - გარშემო მთა, კლდე და ზღვა აკრავს, გამწვანებულიცაა, თორემ თვითონ ქალაქი დაბინძურებულია. აი, მიშა შენობებს რომ ღებავდა, იქაც ზუსტად ასეთი სიტუაციაა ანუ ყველაფერი შესაღებია!
- მაშასადამე, ბრაზილიას მიშა სჭირდება?
- (იღიმება) იქაურობას მიშა 10-20 წელი ნამდვილად არ აწყენდა!
- ისე, მიშა ჩვენც აღარ გვყავს, არადა, რამდენი რამაა შესაღები...
- ეს არ ვიცი, მაგრამ ბრაზილიაში ჩემი ყოფნა ოლიმპიადას დაემთხვა და რიო ჯარისკაცებით იყო სავსე ანუ უსაფრთხო ქვეყანა არაა. მთავრობას კი მემარცხენული „გამოხტომები“ ახასიათებს, ღარიბებს დავეხმაროთო, მაგრამ ეს არ მუშაობს და ამიტომ ეკონომიკა სტაგნაციაშია.
- აკაკი, ვეღარ გავიგე, ბრაზილიაზე მელაპარაკები თუ საქართველოზე?
- ბრაზილიაზე...
- ბრაზილია თავის თავს მიხედავს, ჩვენ კი, როგორც იტყვიან, ჩვენი მკვდარი ვიტიროთ - სტაგნაცია ისეთი უნდა, როგორშიც ქართული ეკონომიკაა; მემარცხენულ „გამოხტომებშიც“ ქართველი პოლიტიკოსები რეკორდს რეკორდზე ამყარებენ - ზოგი მხოლოდ უფასო სასადილოებს კი არა, უფასო ტანსაცმელსაც გვპირდება, ზოგი კი გვაიმედებს, სოციალურად დაუცველთა რიცხვს 500 ათასიდან მილიონამდე გავზრდიო... სიტყვამ მოიტანა და, აკაკი, მემარცხენე ხარ, მემარჯვენე თუ ცენტრისტი?
- ახალგაზრდობაში ძალიან მემარცხენე ვიყავი, მაგრამ ასაკში რომ შევდივარ, ვატყობ, თანდათან მემარჯვენე ვხდები. საერთოდ, მგონია, რომ მემარცხენე იდეოლოგია ხალხს აზარმაცებს და ამის მაგალითად ისევ რიო გამოდგება - ტურისტები ისედაც ჩამოდიანო და ამიტომ არც სერვისი ვარგა და არც არაფერი. ქვეყანას, ჩემი აზრით, ორი რამ აზარმაცებს - კარგი ბუნება და ნავთობი. ჩვენი ბუნება კარგია, მაგრამ კიდევ კარგი, ნავთობი არ გვაქვს, თორემ მართლა არაფერი გვეშველებოდა!
- თუკი გულწრფელები ვიქნებით, ქართველები სიზარმაცეს ნავთობის გარეშეც არ ვუჩივით...
- დიახ, ასეა...
- კომუნისტურმა წყობამ გაგვაზარმაცა, როცა დენისა თუ წყლის საფასურს, ჩვენს ნაცვლად, სახელმწიფო იხდიდა თუ ყველაფერი ეს უფრო ძველი პრობლემაა?
- ვანო, გულწრფელად ვამბობ: ქართველები ნიჭიერები ვართ. ყოველ შემთხვევაში, სხარტი გონება გვაქვს - ყველაფერს სწრაფად ვსწავლობთ და ვითვისებთ. ამასთან, ადაპტაციის საუკეთესო უნარიც გვაქვს - საუკუნეების განმავლობაში გადარჩენისთვის ვიბრძოდით. რუსეთთან ყოფნის 200-წლიანმა ისტორიამ, განსაკუთრებით კი, ბოლო 70-მა წელმა ნამდვილად გაგვაზარმაცა. საბჭოთა კავშირის დროს რა უნდა გაგეკეთებინა? - ან ქურდი უნდა ყოფილიყავი და მთავრობისთვის მოგეპარა, ან მლიქვნელი, პარტიაში რომ შემძვრალიყავი და წარმატებისთვის მიგეღწია. ორივე მიმართულებით წარმატებულები ვიყავით, თუმცა ვითარება ნელ-ნელა იცვლება და იმედი მაქვს, მუშაობასაც ვისწავლით...
- აკაკი, არ მიწყინო და, შენც ტიპური საბჭოთა პროდუქტი ხარ. ყოველ შემთხვევაში, ბავშვობა და ყმაწვილკაცობა ლენინიზმის ეპოქაში გაატარე. ესე იგი, მლიქვნელობისკენ ან, სულაც, კრიმინალური სამყაროსკენ მიდრეკილება შენც გქონდა?
- არა! სკოლაში კარგად ვსწავლობდი და გარკვეულწილად, „დედიკოს ბიჭი“ ვიყავი.
- ამის გამო უბნელები, ალბათ, დაგცინოდნენ, არა?
- არა, არ დამცინოდნენ - კარგად რომ ვსწავლობდი, სკოლაში დავალების გადაწერა უნდოდათ ხოლმე. მერვე კლასიდან „კომაროვში“ გადავედი და იქ აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია იყო - კარგ მოწაფეებს კი არ დასცინოდნენ, არამედ პატივს სცემდნენ!
რაც შეეხება კომპარტიას, იქ ბევრი სიყალბე იყო. მე კი გულწრფელი ადამიანი ვარ - ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ და ამიტომ, პარტიული კარიერა არ მიზიდავდა. სხვათა შორის, მაშინ, როცა თმის გადანერგვით დავინტერესდი, ეს მსოფლიოში ახალი სფერო იყო და ბევრი რამის, ასე ვთქვათ, კოპირება ამერიკული კლინიკებიდან მომიწია. ამასთან, ყველაფერს იქაური სამეცნიერო პუბლიკაციებით ვსწავლობდი; მერე, დასავლეთში სიარულიც დავიწყე, დავინახე, იქ როგორი ცხოვრებაა და... იქაური ფასეულობები მომწონს!
- მაშასადამე, ლიბერალი ხარ?
- დიახ.
- მერე, არ გეშინია, ქართველობა რომ დაკარგო? სხვათა შორის, ქართველებს ქართველობას დასავლეთი კი არა, შენ გვართმევ!
- (გულიანად იცინის)...
- აკაკი, სულაც არ მეცინება - თმის გადანერგვა რა ქართველი კაცის საქმეა?! მე, მაგალითად, ვასაძე რომ ვიყო და ხელისუფლებაში მოვიდე, გეფიცები, ანათემას გადაგცემ!
- ჯერ ერთი, არ მგონია, ოდესმე ვასაძე გახდე; მეორე, არც ის მგონია, ხელისუფლებაში მოხვიდე და მესამეც, ხელისუფლებაში ვასაძე მართლა რომ მოვიდეს, ანათემას ისიც არ გადამცემს!
- ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ, შე ლიბერალო, შენა?
- ვანო, ერთ ამბავს მოგიყვები, რომელსაც ხშირად ვყვები ხოლმე: 2005 თუ 2006 წელი იყო, როცა ირანის თმის ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი ალი აბასი გავიცანი, რომელიც ისპაჰანში ცხოვრობს. სწორედ იმ დროს თმა ამერიკის ერთ-ერთ მოქალაქეს გადავუნერგე, რომელიც იმხანად, 50 წლამდე იქნებოდა და მითხრა, არ მინდა, მსუქანი და მელოტი ვიყოო. მოკლედ, ეს ფრაზა დამამახსოვრდა. ალი აბასს, რომელიც კარგი ქირურგი და დერმატოლოგია, თმა არ აქვს, ცოტა ღიპიანიცაა. შევთავაზე, ალი, მარტო მუშაობ, ვინ გადაგინერგავს და ჩემთან, საქართველოში ჩამოდი, თმას გადაგინერგავ-მეთქი. უარი მითხრა, აკაკი, ირანში ექიმი მელოტი, მსუქანი უნდა იყოს და დიდი ჰალსტუხიც ეკეთოსო ანუ თუკი მელოტი და ღიპიანი ხარ, ეს ნორმაა, მაგრამ თუ ვარჯიშობ და თავს უვლი, მაგალითად, თმას იღებავ, ეს უკვე სხვანაირად აღიქმება. სხვათა შორის, აზიაში თმას თითქმის ყველა მამაკაცი იღებავს და ჩემთვისაც უკითხავთ, რატომ არ იღებავო. სიმართლე გითხრა, ჭაღარა არ მაწუხებს, მაგრამ აზიაში ეს ცუდ ტონად ითვლება. თავისუფლება სწორედ ისაა, რომ ვისაც უნდა, თმა შეიღებოს და ვისაც უნდა - არა. მთავარია, ადამიანმა ათი მცნება დაიცვას. სხვათა შორის, ათ მცნებაში არ წერია, თავს თუ მოუვლი, ცოდვააო.
- ათ მცნებაში არ წერია, მაგრამ ზოგიერთი სასულიერო პირი ქადაგებს, სუნამოს გამოყენება უფლის გმობააო...
- ვანო, ხომ გაგიგია, როგორიც ერი, ისეთი ბერიო, თან ყველას, როგორც იტყვიან, ერთ ქვაბში ნუ მოვხარშავთ. ისე, მაგალითად, იაპონიაში, სამურაების ეპოქა რომ მთავრდებოდა, ანალოგიური პრობლემები იდგა, რაც დღეს ჩვენთანაა. საერთოდ, როცა ქვეყანა განვითარების რაღაც ეტაპს უახლოვდება, არჩევანის წინაშე დგება - ნაბიჯი ისევ წინ გადადგას თუ უკან.
ახლა იცი, რა გამახსენდა? - პეტრე პირველმა ჰოლანდიაში განათლება მიიღო და რუსეთში რომ დაბრუნდა, შვედეთთან პირველი ომი დაიწყო და წააგო. მერე რეფორმების გატარებას მიჰყო ხელი და პირველი, რაც გააკეთა, ბოიარებს წვერი ძალით გააპარსვინა. ამასთან, ჯარს ევროპულად ჩააცვა, რაც ბევრისთვის მიუღებელი იყო. მოკლედ, რეფორმები ყველგან ცოტა მტკივნეულად აღიქმება და პროტესტიც სრულიად ბუნებრივია. მახსოვს, მამაჩემი მუდმივად მეკამათებოდა, ბათუმს თურქები ყიდულობენო. ადრე ბათუმში დასასვენებლად წასვლა არ მინდოდა, რადგან ვერაფერს ვნახავდი. ახლა კი, იმ უცხოელებს, რომლებიც თუნდაც ჩვენთან თმის გადასანერგად თუ სასწავლებლად ჩამოდიან, ბათუმი და ის ახალი შენობებიც ძალიან მოსწონთ, რომლებიც თბილისის ცენტრშია.
- აკაკი, ცოტა ხომ არ წაუნაციონალებ?
- არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ!
- ჰოდა, თუ ასეა, მაშინ იმ კარგზეც ილაპარაკე, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს!
- კი ბატონო, ვილაპარაკებ, მაგალითად, ჯანდაცვაში ძალიან კარგი რეფორმა გატარდა. ვანო, მგონი, 25-30 წლის სიცოცხლე კიდევ დამრჩენია და შემიძლია, დაგენიძლავო, რომ ყველა იქ ვიქნებით, სადაც დასავლეთია!
- ეჰ, ჩემო აკაკი, დასავლეთისა რა მოგახსენო და, ის კი პოლარული ღამესავით ნათელია, რომ ვიღაცები რუსულ პენსიას, პასპორტებსა და საქართველოში რუსული სამხედრო ფორმირებების შემოყვანას გვპირდებიან!
- საქართველოს რუსეთის მსგავსი არაერთი დამპყრობელი ჰყოლია, მაგრამ ის იმპერიები აღარ არიან, საქართველო კი ისევ არსებობს! ვინმეს უნდა თუ არა, ყველანი იქ ვიქნებით, სადაც განვითარებული სამყარო, იგივე აშშ-ა, მაგრამ მთავარია, ეს როდის მოხდება. ზოგი იქამდე ადრე მივა, მაგალითად, სამხრეთ კორეა, იაპონია, ტაივანი, სინგაპური და აზიის სხვა ქვეყნები, ზოგიც - გვიან! სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ორივენი - პოლონელები და უკრაინელები სლავები არიან, ნავთობი არც პოლონეთს აქვს და არც უკრაინას, მაგრამ პოლონეთი ვითარდება, უკრაინა კი, ვიცით, რა დღეშიც არის!
- რუსეთი ოკუპანტია?
- (დაუფიქრებლად) რა თქმა უნდა!
- ამ პასუხის მერე, ვეღარ გკითხავ, ნატო თუ რუსეთი-მეთქი.
- ძალიან კარგი იქნებოდა, ისეთი ქვეყანა ვიყოთ, მაგალითად, როგორიც შვეიცარიაა და ასეთ დროს შეიძლება, ნეიტრალიტეტზეც გვეფიქრა, მაგრამ თუ ისეთ სახელმწიფოს არ შევქმნით, როგორიც ისრაელია, ნეიტრალიტეტზე ლაპარაკიც არ შეიძლება, რადგან რუსეთის სახით, ძალიან ბრუტალური და ბოროტი მეზობელი გვყავს!
- პირჯვარი გადაიწერე, რომ 8 ოქტომბერს, არჩევნებში რუსეთუმეებმა არ გაიმარჯვონ!
- ვინმეს, თუნდაც ამ რუსეთუმეებს, თუ უნდა, რუსული ლიტერატურის ცოდნაში შემეჯიბროს ან რუსეთის, როგორც ქვეყნის სიყვარულში! მართალია, რუსეთს, როგორც სახელმწიფოს, სერიოზული ისტორიული კომპლექსები აქვს, მაგრამ საბოლოოდ, ისიც იქ იქნება, სადაც აშშ და კანადა არიან! ისეთი იდეალური ქვეყნის შესაქმნელად, როგორიც ისრაელია, უახლოესი 50 წლის განმავლობაში, მზად არ ვართ და აქედან გამომდინარე, ჩვენი დაცვისა და უსაფრთხოების ერთადერთ გარანტორად ნატო მესახება. რუსეთთან მოლაპარაკება შეუძლებელია. არავის ეწყინოს, მაგრამ დღევანდელი ჩვენი პოლიტიკოსებიდან გამჭრიახობაში რომელიმე ვერც ერეკლე მეფეს შეედრება და ვერც ედუარდ შევარდნაძეს, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება ვერც ერთმა შეძლო და ვერც მეორემ, რადგან ეს ქვეყანა, როგორც კი მოძლიერდება, ნებისმიერ ხელშეკრულებას არღვევს ხოლმე. შეიძლება, სხვა ქვეყნებიც ასე იქცევიან, მაგრამ რუსეთში სხვა ფასეულობებია და ამიტომ მასთან კეთილმეზობლობა არასოდეს გამოგვივა!
- აკაკი, ასე მგონია, ჩემს გულში ზიხარ, მაგრამ ვაგლახ, რომ თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში რუსული ნარატივებია მოდური. ამიტომაც, გეუბნები, ქართველებს ქართველობას ართმევ-მეთქი, თორემ ადამიანი უფლის ნებით მელოტდება და შენ თმას რა უფლებით უნერგავ?
- როგორ გეკადრება! თუკი ასეა, მაშინ რინოპლასტიკაზეც უარი ვთქვათ და უშნო, გრძელი და კეხიანი ცხვირით ვიაროთ! ისე, ადამიანი თმიანი იბადება - არ გახსოვს, როგორი თმა გქონდა?
- შენი და „თალიზის“ წყალობით, ახლაც მშვენიერი ქოჩორი მაქვს!
- მოკლედ, ადამიანი თმას დაბადების მერე კარგავს და ჩვენ სწორედ იმაში ვეხმარებით, დაკარგული დაიბრუნოს!
- მესმის, მაგრამ ქართველი კაცი თმის გადანერგვაზე კი არა, ხმალსა და მტერთან ბრძოლაზე უნდა ფიქრობდეს!
- ვთქვათ, ბრძოლაში ადამიანმა ხელი დაკარგა და თუკი იმის საშუალება იქნება, ხელი დაიბრუნოს, ამაში ცუდი რა არის? თმა ახალგაზრდობის, სილამაზისა და, პირველ რიგში, ჯანმრთელობის სიმბოლოა!
- აკაკი, ალოპეციას ანუ სიმელოტეს ბევრი ქართველი პოლიტიკოსი უჩივის. ჰოდა, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, მაგალითად, სანდრო ბრეგაძეს ან ჯონდი ბაღათურიას, რომელიც უბლოკო სტატუსის მომხრეა, თმას გადაუნერგავ?
- სანდრო ბრეგაძესა და ჯონდი ბაღათურიას კი არა, პუტინი რომ ჩამოვიდეს, თმას იმასაც გადავუნერგავ! სხვათა შორის, ომის მერე რუსეთის მოქალაქეებს, რომელთაც თმის გადანერგვა უნდოდათ, საქართველოში ჩამოსვლის ცოტა ეშინოდათ, მაგრამ მაინც ჩამოდიოდნენ და ვეუბნებოდი ხოლმე, შევეცდები, თმა იმაზე უკეთ გადაგინერგოთ, ვიდრე ქართველებს ვუნერგავ, რადგან იმის გამო, რაც გაგვიკეთეთ, შეგრცხვეთ-მეთქი.
მოკლედ, მე ექიმი ვარ და ნებისმიერი პაციენტი ჩემთვის პაციენტია, მაგრამ პუტინი ქუჩაში რომ შემხვდეს, ვერავინ გამაჩერებს და ერთ კარგ სილას გავაწნავ!
- აკაკი, საუბარი, მოდი, ცოტა ალეგორიულად გავაგრძელოთ და მითხარი, ქართულ პოლიტიკას, როგორ ატყობ, სიმელოტისკენ მიდრეკილება აქვს ანუ პოლიტსუბიექტებს უშნო იდეები თმასავით „სცვივათ“?
- ზოგს სიმელოტე უხდება. ქართული პოლიტიკის სიმელოტისკენ მიდრეკილებაზე კი ვერაფერს გეტყვი, რადგან დიდი ხანია, ტელევიზორისთვის არ მიყურებია.
- არ გაქვს?
- ტელევიზორი კი მაქვს, მაგრამ არ ჩამირთავს.
- მაშასადამე, არც ის იცი, რომ ერთ თვეში არჩევნებია?
- ეგ ვიცი... სიმელოტე თმის ნაკლებობას ნიშნავს და ამ გაგებით, ჩვენი პოლიტიკა და პოლიტიკური კულტურაც ძალიან ნაკლოვანია. ამას აბსოლუტურად გულწრფელად და ძმაკაცურად გეუბნები, თუმცა არ ვიცი, ეს აზრი კორექტულად როგორ უნდა დაწერო.
- ნეტავ, ჩვენი პოლიტიკოსებიც შენსავით კორექტულად ლაპარაკობდნენ!.. „თალიზი“, თუ არ ვცდები, 1998 წლიდან არსებობს და სამი ხელისუფლება გამოიცვალა. შეიძლება, არ დამეთანხმო, მაგრამ თმის ტრანსპლანტაცია ჩვეულებრივი ბიზნესია. ჰოდა, მინდა, ასეთი კითხვა დაგისვა: როგორც ბიზნესმენი, თავს ყველზე კომფორტულად რომელი ხელისუფლების დროს გრძნობდი?
- „თალიზს“ რამეში ერთი ხელისუფლებაც კი არ დახმარებია, მაგრამ შევარდნაძის პერიოდი კოშმარივით მახსენდება.
- რატომ?
- რატომ და, მაშინ საშინელი ბიუროკრატია არსებობდა - უამრავი შემმოწმებელი მოდიოდა და ყველასთვის ქრთამი უნდა მიგეცა!
- აკაკი, ალბათ, იცი, რომ ქრთამის მიცემაც ისევე ისჯება, როგორც აღება!
- დიახ, ვიცი, მაგრამ მაშინ ისეთი სისტემა და თამაშის წესები იყო, რომ თუ საქმის გაკეთება გინდოდა, ვიღაცისთვის ფული აუცილებლად უნდა გადაგეხადა! არ ვიცი, შეიძლება, „თალიზს“ გაუმართლა, მაგრამ სააკაშვილის მოსვლის მერე ყველაფერი შეიცვალა.
- მაინც, რა ყველაფერი?
- ნაციონალების მმართველობის დროს, ჯანდაცვის სამინისტროდან შემოწმებაზე მხოლოდ ერთხელ მოვიდნენ და დარღვევა აღმოაჩინეს - პანდუსი არ გვქონდა, თუმცა ვიდრე აქტს დაწერდნენ, „თალიზის“ ტექნიკურმა პერსონალმა პანდუსი გააკეთა. შემმოწმებლებმა შეგვაქეს, ყოჩაღო და აქტი აღარ დაწერეს ანუ შემოწმების მიზანი ის კი არ იყო, აუცილებლად რამე დარღვევა აღმოეჩინათ და აქტის არდაწერის სანაცვლოდ ქრთამი აეღოთ, არამედ, უნდოდათ, დარღვევა რეალურად არ ყოფილიყო და რომ დაინახეს, ყველაფერი მაშინვე გამოსწორდა, ჯარიმა აღარ გამოწერეს.
დღესაც ძალიან კომფორტულად ვართ - მუშაობაში ხელს არავინ გვიშლის და არც გვაწუხებს.
კიდევ ერთი რამის თქმა მინდა, რაც ნაციონალების დამსახურებაა და კარგია, რომ ეს არც ამ ხელისუფლებამ შეცვალა: ჩვენთან საგადასახადო ტვირთი ძალიან დაბალია ანუ სამედიცინო კლინიკებს საშემოსავლოს 20 და მოგების 15 პროცენტის გარდა, სხვა გადასახადი არ გვაქვს! ეს ძალიან კარგია, თორემ მაგალითად, კანადაში მოგებისა და საშემოსავლოს გადასახადი 50-ს, ზოგ ქვეყანაში კი 60 პროცენტსაც აღწევს. ამ მხრივ მართლაც, სამოთხეში ვართ!
- ესე იგი, მიშას დროს ფული არ „შეუწერიათ“?
- არა!
- რა, ნაციონალებში მელოტები არ იყვნენ და „თალიზის“ არსებობის შესახებ არ იცოდნენ?
- ნაციონალებიდანაც ბევრი პაციენტი გვყავს და „ოცნებიდანაც“! სხვათა შორის, ბევრს უთქვამს, გაგიმართლა, რომ ნაციონალები არ შეგეხნენო.
- არც გეშინოდა, ვაიმე, შემეხებიანო?
- თავიდან ეს მომენტი მქონდა, მაგრამ მერე, როცა ყველაფერი მოწესრიგდა, გადასახადებს წესიერად ვიხდიდი და რისი უნდა შემშინებოდა?!
- ხალხური მითოსით, მიშას ხალხი ყველას ფარულად უღებ-უთვალთვალებდა. რამდენიმე თვის წინ, სექსკადრების სკანდალი რომ ატყდა, აკაკი, არ გაგკენწლა, ვაიმე, მეც არაფერი ამიტვირთონო?
- (ფიქრობს)...
- იმ ყბადაღებულ 9 წელში არაფერი „მიგიქარავს“?
- ალბათ, „მიმიქარავს“, მაგრამ ისეთი არაფერი გამიკეთებია, რის გამოც ძალიან შემრცხვება! თუ ვინმეს აინტერესებს, როგორი სექსი მაქვს, კი ბატონო, უყუროს, მამაკაცებსა და ცხოველებთან სექსი არ მქონია, დანარჩენი კი პრობლემა არაა!
- ...აკაკი, საზღვარგარეთ ხშირად ხარ და როცა ცივილიზაციის პირისპირ რჩები, საკუთარი თავი არ გეცოდება და გულში მაინც არ ამბობ ხოლმე, ამის დედა ვატირე, რაღა საქართველოში დავიბადეო?
- საკუთარი თავი შევარდნაძის დროს მეცოდებოდა!
- რატომ?
- რატომ და, ასეთი კითხვები მაშინ ჩნდებოდა. არ ვამბობ, რომ დიდი პატრიოტი ვარ და ვანო, შენ კი იცი, „ურაპატრიოტული ზამაშკებიც“ არ მაქვს, მაგრამ საქართველოში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ!
- რა ამის პასუხია და, თმის გადანერგვა ფუფუნებაა?
- ვერ დაგეთანხმები, რადგან თმის გადანერგვა ადამიანს 1500-2000 ლარად შეუძლია.
- 1500 ლარი კი არა, ამ ქვეყანაში ყველას შია და გაუბედურებულია...
- მგონი, ყველას არ შია.
- „ყველა“ შეიძლება, უტრირებული ნათქვამია, მაგრამ სოციალურად დაუცველთა სიაში 500 ათასი ადამიანია. შესაბამისად, ხალხს თმის გადანერგვისთვის სცხელა?
- ვანო, დააკვირდი, ქალაქში რამდენი ავტომანქანა დადის და განა, ეს ფუფუნებაა?.. ისე, თმის გადანერგვა განვადებითაც შეიძლება. მოკლედ, შეიძლება, ვცდები, მაგრამ თმის გადანერგვა ფუფუნება არაა!
- ანუ, მელოტს, რომელიც თმაზე ოცნებობს, ამ ოცნების ახდენა მარტივად შეუძლია?
- ისე, როცა გავმელოტდი, მაშინ თმის გადანერგვის პრაქტიკა არ არსებობდა და ამიტომ, ვოცნებობდი, თმა მქონოდა! ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თმა გამცვივდა.
- უი, რატომ?
- თმა რომ არ გამცვენოდა, ამ დარგით არ დავინტერესდებოდი. დღეს კი, თმის გადანერგვა ჩემი საყვარელი საქმიანობაა!
- ხშირად ოცნებობ?
- სულ ვოცნებობ!
- არ მეგონა, ოცნებელი თუ იყავი!
- (გულიანად იცინის) ყველანი მეოცნებეები ვართ! რა, ნაციონალები მეოცნებეები არ იყვნენ - ისიც ოცნება იყო, რომ ბათუმი შავიზღვისპირეთში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქად ქცეულიყო. მოკლედ, ყველა ოცნებობს, მაგრამ ყველას თავისებური ოცნება აქვს!
- აკაკი, წეღან აღვნიშნე, ბევრ ქვეყანაში ხარ ნამყოფი-მეთქი. დავიჯერო, ქართველობა არ წაგერთვა?
- პირიქით! სხვათა შორის, ჩოხა-ახალუხი ძალიან მიყვარს და ძალიან ბევრ ბანკეტსა თუ კონგრესზე ჩოხა მაცვია ხოლმე. საერთოდ, ბალანსი, გნებავთ, ოქროს შუალედი აუცილებელია: საჭირო არც ძალიან წარსულში გადავარდნაა და არც - რადიკალური და მძაფრი ცვლილებები, მაგრამ თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ, უნდა განვვითარდეთ, რაღაც-რაღაცები შევცვალოთ და განვითარებულ ქვეყნებს ფეხი ავუწყოთ! თუ ჩვენი განვითარების ტემპი ისეთი იქნება, როგორი ტემპითაც დასავლეთი ვითარდება, მუდამ მაჩანჩალები ვიქნებით. ამიტომ, ორჯერ უფრო სწრაფად უნდა ვიაროთ. არ მგონია, ეს გადაგვარებას ნიშნავდეს. მაგალითად, სამხრეთ კორეა ძალიან განვითარებული ქვეყანაა, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ იქ ტრადიციებს არ იცავენ! ამიტომ, ეს მაგალითი უნდა ავიღოთ და არა - განვითარების ჩრდილოეთ კორეის გზა!
- აკაკი, დღეს ძალიან პოპულარულია კითხვა: რას აკეთებდი 2012 წლამდე? გაფრთხილებ, ნატა ფერაძესავით პირდაპირ არ მიპასუხო!
- (იცინის) იგივეს და ახლაც იგივეს ვაგრძელებ!
- წარმოიდგინე, რომ სამოქალაქო აქტივისტი ხარ, ქალაქის მწვანე საფარის განადგურებას აპროტესტებ და ამ დროს ჩინოვნიკმა გითხრა, გაჩუმდი, მაიმუნო ვირიშვილოო. გაბრაზდები?
- ვანო, ამ კითხვაზე გულახდილად გიპასუხებ და დაწერე, მაგრამ ისე არ ჩათვალო, რომ „ოცნებას“ ვიცავ.
- აბა, გისმენ!
- ყველანი ადამიანები ვართ და მოთმინებიდან, შეიძლება, ჩინოვნიკიც გამოვიდეს, თუმცა მეორეს მხრივ, პოლიტიკოსს თავდაჭერილობა მოეთხოვება. გურული ვარ, ემოციებს ზოგჯერ ვერ ვაკონტროლებ, მოთმინებიდან მეც ბევრჯერ გამოვსულვარ და...
- პაციენტისთვის სულ „მაიმუნო ვირიშვილო“ გიძახია?
- არა, არა, მაგრამ გავიხსენოთ, აგვისტოს ომის დროს, ნერვიულობის ნიადაგზე, სააკაშვილი ჰალსტუხს ღეჭავდა. მოკლედ, რაც ბრაზილიიდან დავბრუნდი, სულ „მაიმუნო ვირიშვილო“ მესმის, მაგრამ ეს თემა უფრო აფიშირებული მგონია.
- გამიგია, ექიმებს ალკოჰოლისკენ აქვთ მიდრეკილებაო...
- არ ვიცი, ალკოჰოლისკენ მიდრეკილება რას ნიშნავს, მაგრამ ერთი-ორი ჭიქა თეთრი ღვინის ან ლუდის დალევა ყოველთვის მსიამოვნებს.
- აკაკი, თუ გინდა, ამას არ დავწერ, თორემ მანანა კობახიძე იტყვის, წილოსანი თმას ალკოჰოლური თრობის ქვეშ ნერგავსო და პაციენტები შეშინდებიან!
- (იცინის) თეთრ ღვინოს საღამოობით, ოპერაციების მერე ვსვამ ხოლმე...
- ...ოდესმე პოლიტიკაში ჩართვის სურვილი გქონია?
- არა, თუმცა ახალგაზრდობაში ჩემი იდეალი ჩე გევარა იყო...
- რომელიმე პარტიამ საარჩევნო სიაში „ჩასმა“ რომ შემოგთავაზოს, დათანხმდები?
- ასეთი შეთავაზება ყოფილა.
- ვისგან?
- ნაციონალებისგან და „ოცნებისგანაც“ შემოუთავაზებიათ, პარტიის წევრი გავმხდარიყავი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - ეს ჩემი საქმე არაა!
- აკაკი, საქართველოში ყველა თუ არა, ყველა მეორე მაინც პრეზიდენტობაზე ოცნებობს, შენ კი დეპუტატობაც არ გინდა...
- დიახ, კატეგორიულად არ მინდა, რადგან ჯერ ერთი, ამით დროს უაზროდ დავხარჯავ; მეორეც, დეპუტატობა დიდი პასუხისმგებლობაა და სჯობია, ყველამ თავისი საქმე აკეთოს!
- პრეზიდენტობა, ალბათ, იმიტომ არ გინდა, რომ ქსოვა არ იცი!
- ქსოვა რა შუაშია?
- დავიჯერო, არ გინახავს, ჩვენმა პრეზიდენტმა როგორი შესაშური ხელსაქმე იცის?
- თმის გადანერგვაც ხელით მუშაობას უკავშირდება. ასე რომ, ჯერ ქსოვას ვისწავლი და მერე შეიძლება, პრეზიდენტობაზეც დავფიქრდე!
- აი, ახლა, სუფთა გურული იუმორი „გაუშვი“...
- ვანო, ჩემი საქმე მიყვარს, თან ამ სფეროში ძალიან ბევრია გასაკეთებელი.
- მაინც?
- „თალიზი“ მსოფლიოში საუკეთესო კლინიკაა, მაგრამ ამის შესახებ ბევრმა არ იცის. კარგი იქნება, თუკი ისეთი კონგრესები, როგორიც უცხოეთში იმართება, საქართველოშიც ჩატარდება ხოლმე. შემიძლია, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვთქვა, რომ საქართველოში თმის გადანერგვის სკოლა ისეთივე ძლიერია, როგორი ძლიერიც თავის დროზე ქალთა საჭადრაკო სკოლა იყო! მოკლედ, გვინდა, ჩვენს დარგში მსოფლიო მასშტაბით ჩვენი ადგილი დავიმკვიდროთ და ბევრი რამ სწორედ ამ კუთხითაა გასაკეთებელი... მაგალითად, მომავალ წელს თმის ტრანსპლანტოლოგთა 26-ე კონგრესი პრაღაში უნდა ჩატარდეს. 30 წლის წინ, ჩეხეთი ჩვენზე წინ უმნიშვნელოდ იყო ანუ დიდი ბედნიერება იქნება, თუკი ასეთი კონგრესი საქართველოშიც გაიმართება, მაგრამ ამისთვის კარგი სასტუმროები, საკონფერენციო დარბაზები და „ვორქშოპებია“ საჭირო...
- კარგი სასტუმროების დეფიციტი ნამდვილად არ გვაქვს...
- დიახ, კარგი სასტუმროები უკვე გვაქვს...
- ...აკაკი, ამ რუბრიკის ტრადიციას არ დავარღვევ და ბოლო კითხვის დასმის უფლებას მოგცემ...
- „ტი სჩასტლივ“?
- ხომ იცი, რუსულის „ინჩი-ბინჩი“ არ მესმის და ქართულად მკითხე, რა გაინტერესებს?
- ბედნიერი ხარ?
- ბედნიერება პირობითი ცნებაა. ჰოდა, ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან შენი წყალობით, მინიმუმ, ხუთ წლით გავახალგაზრდავდი!
- ისე, ვანო, ასეთ კითხვებს არ ველოდი და მგონი, კარგი ინტერვიუ გამოვიდა...
- მეც ასე მგონია. აკაკი, წარმატებას გისურვებ!