ივლისში, ვადაგადაცილებული სესხები 44.3 მლნ ლარით გაიზარდა. ტენდენცია მუდმივად მზარდია და ვითარების გამოსწორების ნიშან-წყალი არ ჩანს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 418.6 მლნ ლარს გაუტოლდა. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 151.7 მლნ ლარით (2.8%) გაიზარდა და 5.65 მლრდ ლარს გაუტოლდა. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ კი ივლისში 24.7 მლნ დოლარით (0.5%) მოიმატა და 4.65 მლრდ დოლარი შეადგინა.
სპეციალისტების ვარაუდით, იმ შემთხვევაში, თუ სავალუტო ბაზარზე და მთლიანად ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არ დასტაბილურდა, ხალხს სესხების მომსახურება მომავალში კიდევ უფრო გაუჭირდება.
ანალიტიკოს ნოდარ კაპანაძის აზრით, ტენდენცია ძალიან ცუდია და აუცილებლად ნეგატიურ შედეგს გამოიღებს, რადგან კრედიტების დიდი ნაწილი იყო და არის სამომხმარებლო, რომელსაც ბიზნესსესხისგან განსხვავებით, ფული არ მოაქვს. მსესხებელმა ის ფული აიღო და უბრალოდ დახარჯა, ვალის გადახდა კი უჭირს.
„ვალის ჭაობში ჩაფლვა მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს, ანუ მათ, ვისაც საშუალო ფენა ჰქვია, სერიოზულ დარტყმას მიაყენებს, გაიზრდება პოლარიზაციაც. აუცილებელია, სახელმწიფომ გარკვეული ღონისძიებები გაატაროს, მაგალითად, შეიმუშავოს ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების სტრატეგია და ა.შ. ეს სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს, რათა არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდეს.
რაც შეეხება ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობას, ის, შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან დევალვაციამ „დაარტყა“ არა მარტო დოლარში, არამედ ლარში აღებულ მსესხებლებსაც.
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სესხიც - ლარში, მათზე სერიოზული უარყოფითი გავლენა გაზრდილმა ხარჯმა და ინფლაციამ მოახდინა. დოლარში აღებულ მსესხებელს კი, ინფლაციასთან ერთად, დევალვაციამაც შეუტია. მთავრობას თუ რამეზე აქვს პრეტენზია, სოციალური ვითარება აუცილებლად უნდა შეცვალოს“, - განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.
საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა ამბობს, რომ საფინონსო სფეროში რეგულაციები სუსტია. ამიტომაც ბევრი მოქალაქე იხლართება კრედიტებში.
„ფაქტია, როცა სესხს იღებ, ის უნდა დააბრუნო უკან, მაგრამ მეორეა ამ სფეროს რეგულირება, რომელიც საქართველოში არ არსებობს. ჩვენთან იმიტომაა მაღალი საპროცენტო განაკვეთები, რომ პატიოსან მოქალაქეს სჯიან რისკებით, იქნებ ვინმემ ვერ გადაიხადოს საპროცენტო, ან სესხი ვერ დაფაროსო. რეალურად ეს რისკი პატიოსან, გადახდისუნარიან მოქალაქეზე აისახება. უნდა არსებობდეს ასევე გირაოს შესახებ კანონი, ასევე საპროცენტო განაკვეთის რეგულირება.
პრობლემურია დღემდე უძრავი ქონების შეფასებაც. დღეს ქონების ღირებულებას თავად ბანკები საკუთარი მადის მიხედვით აფასებენ, რაც, რბილად რომ ვთქვათ, მინიმუმ არაკომპეტენტურია. პროფესიონალურია საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების შეფასება, მაგრამ ბანკები მათ შეფასებისთვის იშვიათად მიმართავენ. მოქალაქეები ამას ვერ აკეთებენ, იმიტომ, რომ მომსახურება ძვირია“, - ამბობს ლია ელიავა.