ანა დოლიძე -

ანა დოლიძე - "პარლამენტი თავის ფუნქციას ზერელედ და უპასუხისმგებლოდ ეკიდება"

"საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ანა დოლიძეს უფლება-მოვალეობების გადაჭარბებასა და "როყიო განცხადების" გაკეთებაში ადანაშაულებს. დოლიძე დეპუტატს არ პასხობს. მისი დაცვა კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა იკისრა, რომელმაც ხაზი მის კვალიფიკაციას გაუსვა და დეპუტატებს საკუთარი მოვალეობის შესრულებისკენ მოუწოდა. ეს ყველაფერი კი ანა დოლიძის მიერ გაკეთებულ განცახდებას მოჰყვა, რა დროსაც მან პარლამენტი საკუთარი ფუნქციისადმი ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის მიერ უზენაესის მოსამართლეობაზე წარდგენილ კანდიდატებზე 6 სექტემბერს, სავარადუდოდ მხოლოდ ფორმალურად იმსჯელებს და კანდიდატურების კენჭისყრას საკნონმდებლო ორგანო არჩევნებამდე ვერ მოასწრებს. სწორედ ამიტომ პრეზიდნეტის საპარლამენტო მდივანმა პარლამენტს მოუწოდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დროულად დაამტკიცოს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით ანა დოლიძე: პარლამენტი თავის ფუნქციას ზერელედ და უპასუხისმგებლოდ ეკიდება/ "ოცნებისა" და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მორიგი დაპირისპირება.

"სამწუხაროა, რომ ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვართ მოწმენი საქართველოს პარლამენტის ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისა თავისი უმნიშვნელოვანესი ფუნქციისადმი, რომ უზრუნვეყოს ქართველი ხალხისთვის მართლმსაჯულების უფლება და დროულად დანიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველ რიგში ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისგან დაზარალებული არის საქართველოს მოსახელობა, რომელსაც ეზღუდება ეფექტური მართლმსაჯულების უფლება,"- განაცხადა ანა დოლიძემ. გაიმართება თუ არა 6 სექტემბერს პლენარული სხდომა, სადაც პრეზიდენტის მიერ დასახელებულ კანდიდატებს კენჭი ეყრებათ, ჯერჯერობით უცნობია. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის თქმით, პლენარული სხდომის გამართვა კვორუმზე იქნება დამოკიდებული. "ოთხშაბათს კომიტეტის სხდომა გაიმართება. პლენარული სხდომა გაიმართება იმ შემთხვევაში, თუ იქნება კვორუმი, ამას კი წინასწარ ვერ გეტყვით. პირადად მე წარმოდგენილ კანდიდატურებს მხარს ვუჭერ - ამბობს ხმალაძე. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, ანა დოლიძე თავის უფლება-მოვალეობებს აჭარბებს, თუმცა არ უარყოფს, რომ არსებულ ვითარებაში საკმაოდ სათუოა მოსამართლეთა ასარჩევად აუცილებელი 76 ხმის შეგროვება", - აღნიშნავს გამოცემა. 

"ვოლსკი დარწმუნებულია, რომ ანა დოლიძე პრეზიდენტის სახელით არ ლაპარაკობს. "არადა, მას მოეთხოვება, რომ ზედმიწვენით შეასრულოს ის ამოცანა, რაც მას სამსახურებრივად აკისრია. ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში ის თავის უფლება-მოვალეობებს აჭარბებს და ასეთი როყიო განცხადება არც მის თანამდებობას შეესაბამება და ამავე დროს, არც რეალობას ასახავს. გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა, მოითხოვს არა მარტო ტექნიკური საკითხის მოგვარებას (რასაც მაღალი კვორუმის უზრუნველყოფა ჰქვია), არამედ შეთანხმებას სხვადასხვა ფრაქციასა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. დღეს ჩვენ წინასაარჩევნო ოპონირების რეჟიმში ვართ ბევრ პოლიტიკურ სუბიექტთან, რომლებიც გუშინ ერთ კოალიციაში მოიაზრებოდნენ და რასაკვირველია, ამ მხრივ შეთანხმების მიღწევაც სათუოა, რადგან პარლამენტში აღარ არის თანამოაზრეთა გუნდი. საკმოდ ობიექტური ვითარებიდან გამომდიანრე, ტექნიკური საკითხი, რომც იყოს გადაწყვეტილი, ვფიქრობ, შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული. ასე რომ, ამ განცხადებას ვერანაირად ვერ შევაფასებ, როგორც ობიექტურ საფუძველზე დამყარებულს. ვფიქრობ, ეს ფაქტორები ძალიან კარგად ესმის საზოგადოებას და ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ ესმის პრეზიდნეტის მრჩეველს", - განაცხადა ვოლსკიმ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას. მისი აზრით, არსებულ ვითარებაში საკმოდ სათუოა მოსამართლეთა ასარჩევად აუცილებელი 76 ხმის შეგროვება. მისი თქმით, სჯობს 1-2 თვე მოიცადონ და ხალხის მანდატით აღჭურვილმა პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება ხმების საჭირო რაოდენიობით", - დასძენს გამოცემა.