„სად იყავით 2012 წლამდე?!“

„სად იყავით 2012 წლამდე?!“

ბოლო დროს მოდურ ტენდენციად დამკვიდრდა შეგონებითი ხასიათის შეკითხვები -„სად იყავით 2012 წლამდე?!“ „რას აკეთებდით ცხრა წლის განმავლობაში?!“

არის თუ არა ეს შეკითხვები რელევანტური და ვის აქვს ამ კითხვის დასმის მორალური უფლება? ხომ არ არის ეს გამონათქვამი დაახლოებით იმ ფორმულირების მსგავსი, როცა პირველი ქვა იმან უნდა ესროლოს, ვინც უცოდველია?!  

ექსპერტები თანხმდებიან, რომ ვინ სად იყო 2012 წელს, ეს უფრო ზნეობისა და სინდისის საკითხია, თუმცა ეს კითხვა არც ერთმა ხელისუფლებამ ინდულგენციის მიზნით, საკუთარი უსუსურობის გადასაფარად არ უნდა გამოიყენოს. 

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ შეკითხვა „სად იყავით 2012 წლამდე?!“ პროვოკაციული  და არამეცნიერულია. ეს არ არის კითხვა, რომელიც პოლიტიკოსს შეიძლება დაუსვა, რადგან თავის დროზე რეიგანმაც შეიცვალა პარტია, ის იყო „დემოკრატიული პარტიის“ წევრი და გახდა რესპუბლიკელი, თუმცა არჩევნებზე არავის წამოუძახებია, სად იყავი 15 წლის წინ? ჩერჩილმაც შეიცვალა პარტია, ჯერ იყო „კონსერვატორი“, მერე გახდა „ლიბერალი“, მერე ისევ დაუბრუნდა „კონსერვატორებს“, მაგრამ ომის დროს, როცა ჩერჩილს პრემიერად ირჩევდნენ, არავის უკითხავს, სად იყავი?

„იყო დრო, როცა ჩერჩილი, ერთი დედას არ აგინდებდა კომუნისტებს (რადგან მაინც ინგლისელი ლორდი იყო), თუმცა ლანძღვას არ აკლებდა, მაგრამ როდესაც მან თქვა, რომ რუსეთის გარდა ჩვენ ხსნა არ გვაქვსო, არავის უთქვამს მისთვის, გუშინ შენ არ იყავი, რუსეთზე საშინელებას ლაპარაკობდიო? ამიტომ ეს კითხვა პრიმიტიულია. ეს ისეთივე პრიმიტივიზმია, როცა ბრალდებას წაუყენებთ ვიღაცას და ის გეუბნება, შენ რომ ათი წლის წინ რაღაც გააკეთე.

ყველამ პასუხი აგოს თავის თავზე. წინა ხელისუფლების დანაშაული და შეცდომები ინდულგენცია არ შეიძლება იყოს არსებული ხელისუფლებისთვის. ახლანდელი ხელისუფლება ამბობს, ჩვენი დანაშაული ძალიან პატარაა თქვენს მიერ ჩადენილ დანაშაულთან შედარებითო, მაგრამ ეს სოფლის დედაკაცების რიტორიკაა. თუ დამნაშავეა, გაასამართლე, დაიჭირე. შესაძლოა, ახლა „ჰეროკრატია“ ვიღაცებისთვის შეხსენება იყოს, რა ხდებოდა 2012 წლამდე, მაგრამ ეს ღირსებას  საქართველოს არ მოუტანს.

გარდა ამისა, ნუ დავივიწყებთ, გოგა ხაინდრავა მთელი 2-3 წელი სააკაშვილის მინისტრი იყო. როცა ადამიანი კარგავს თანამდებობას და მერე მოდის აზრზე, რა ხდებოდა, ეს კარგი არ არის. თქვენ იცით, რომ 1948 წლის დასასრულიდან გერმანიაში არაკანონმდებლურად, მაგრამ ჯენტლმენურად შეთანხმდნენ, საერთოდ დაევიწყებინათ  ჰიტლერი და ფაშიზმი. მიიღეს კანონები, კანონმდებლობით აიკრძალა ფაშიზმი და გერმანიაში ჰიტლერზე ერთი ფილმიც არ გადაუღიათ. მართალია, თავის დროზე ჰიტლერის შესახებ „დიქტატორი“ გადაიღო ჩარლი ჩაპლინმა, მერე გადაიღეს ამერიკელებმა, ჰოლივუდმა, საბჭოთა კავშირმაც უამრავი ფილმი მიუძღვნა ამ თემას, მაგრამ ომის შემდეგ გერმანიაში ასეთი რამ არ მომხდარა“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

ამასთან, განმარტავს, რომ დღესაც გერმანიაში ცუდ ტონად ითვლება ჰიტლერის ლანძღვა-გინება, რადგან გერმანელებმა დაიწყეს ფაშიზმის პერიოდის მეცნიერულად შესწავლა და  დაასკვნეს, რომ საკმარისი იყო ჰიტლერი 1937 წლის დასასრულს მომკვდარიყო, რომ დღეს მისი ასი ძეგლი მაინც იდგებოდა გერმანიაში. ფაქტობრივად, ჰიტლერმა ჯერ ააყვავა გერმანია,  მერე კი თვითონვე გადაჩეხა უფსკრულში.

ყოველ შემთხვევაში, გერმანელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ 1934 წელს ჰიტლერმა საშინელი გერმანია ჩაიბარა- ტერორიზმი, კომუნისტური საფრთხე, ბავარიის სოციალისტური რესპუბლიკა ცალკე იყო, კარლ ლიბკნეხტი, როზა ლუქსემბურგი, ლენინის აგენტები... ამას ერთვოდა საშინელი უმუშევრობა და ინფლაცია. მან კი ოთხ წელიწადში მოსპო უმუშევრობა და ბერლინი მსოფლოში ყველაზე სუფთა ქალაქად იყო აღიარებული, გერმანია კი ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლებოდა.

„თუმცა ჰიტლერი დაციკლული იყო ებრაელებზე და თვლიდა, რომ პირველ მსოფლიო ომში სწორედ ებრაელებმა მოპარეს გამარჯვება. სხვათა შორის, ჰიტლერი ახალგაზრდობაში ძალზე მორცხვი, თავმდაბალი, გაუბედავი, უპატიოსნესი იყო. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ახლა მურუსიძე ამბობს, მე მსხვერპლი ვიყავიო, ჰიტლერის დროს კი სასამართლო გაცილებით თავისუფალი იყო, ვიდრე საქართველოშია. ჰიტლერს არც ერთი მოსამართლე არ დაუჭერია. გარდა ამისა, უკვე ფიურერი რომ გახდა, ჰიტლერმა მიწის ნაკვეთი იყიდა, გამყიდველმა ათას მარკაში მოატყუა, მთელი სიცოცხლე განიცდიდა ამას, როგორ მომატყუესო, მაგრამ აზრად არ მოსვლია, გამყიდველისთვის სამაგიერო გადაეხადა. აბა, რომელიმე ჩვენი მინისტრი მოატყუონ ათ ლარში, რას მოიმოქმედებს? აღარაფერს ვამბობ მიშა სააკაშვილზე“.   

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თავისთავად,  კითხვის ასეთნაირად დასმა - „სად იყავით 2012 წლამდე“ სასაცილოა. თანაც, ეს კითხვა დასვა იმ ძალამ, რომელიც თავად სად იყო 2012 წლამდე, გასარკვევიც არ არის.

ლევან ბერძენიშვილის თქმით, ეს ძალა იყო ყველგან, სადაც არ უნდა ყოფილიყო. ბევრი მათგანი იყო შევარდნაძესთან, როცა შევარდნაძე გახლდათ ხელისუფლებაში; ზვიად გამსახურდიასთან, როცა ზვიად გამსახურდია იყო სათავეში; შემდეგ ისევ შევარდნაძესთან, შემდეგ -სააკაშვილთან;

„ეს კითხვა შეიძლება დაუსვან კობა ნარჩემაშვილს, რომელიც იმ დროს იყო პოლიციის უფროსი, როცა ხალხს ფანჯრებიდან ყრიდნენ. ეს კითხვა შეუძლიათ დაუსვან თავის ყველა წარმომადგენელს, რომელთაც 2012 წლამდე, როგორც წესი, ძალიან იშვიათად, რამეზე ხმა ამოეღოთ. ელისაშვილი კი მაინც ეთერში იყო და არ იმალებოდა. ვინც ეს კითხვა დასვა, ანუ ირაკლი კობახიძე, იმ დროს ლექციებს კითხულობდა უნივერსიტეტში, მე კი ლექციებსაც ვერ ვკითხულობდი, პირდაპირ გამაგდეს ყველა უმაღლესი სასწავლებლიდან. ერთი მიხეილ სააკაშვილი იყო „მებრძოლი“, როცა საბჭოთა კავშირის დროს დასავლურ მუსიკას უსმენდა და ამით გამოხატავდა თავის დაუმორჩილებლობას და მეორე ირაკლი კობახიძეა, რომელიც თავის პროტესტს თურმე ლექციებით გამოხატავდა.

2012 წელს რა მოხდა ასეთი? საქართველოს ისტორია ოთხი წლისაა? იმხელა პოლიტიკური „გიგანტი“ მიხეილ სააკაშვილი რომ სვამდა ამ შეკითხვას, იმას დავცინოდით და მისგან უნდა მოვისმინოთ ასეთი კითხვები? ვინ მისცა მას ამ კითხვის დასმის უფლება. რა გაუკეთებია ასეთი? მამამისი დღედაღამ „ქართულ ოცნებას“ აგინებდა, მერე გადადგა ამ გინებიდან და შვილი შემოგვთავაზა მაქებრად. გვახსოვს, ვისთანაც იყვნენ ისინი, ეტყობა, ბურჯანაძესთან ყოფნა კარგი ყოფილა. ამ კითხვის დასმა მიუთითებს მწირ გონებრივ შესაძლებლობებზე. ეტყობა, ლექციების კითხვას ერთი გონება სჭირდება და პოლიტიკას-მეორე. ბევრი მათგანი სინდისთანაც და მორალთანაც კომპრომისზე იყო წასული“,-აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.