რას ნიშნავს ცალკეულ პოლიტიკოსთა მოსაზრება, რომ საქართველოს შეუძლია საკუთარი თავი შესთავაზოს დასავლეთს აღმოსავლეთში და აღმოსავლეთს დასავლეთში? რატომ ვერ დაიწყებს ჩვენი ქვეყანა აგრესიულ დიპლომატიურ პოლიტიკას და იმყოფება თუ არა საქართველო გეოპოლიტიკურ ხაფანგში?! ამ საკითხებთან დაკავშირებით For.ge პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.
საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი როლის შესახებ ქართველი პოლიტიკოსები დიდი მონდომებით საუბრობენ. თუმცა უფრო შორს მიდის „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე და აცხადებს, რომ „ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ დასავლეთს ჩვენი თავი აღმოსავლეთში და აღმოსავლეთს- დასავლეთში“. კონკრეტულად, რით შეიძლება დააინტერესოს საქართველომ აღმოსავლურ-დასავლური სამყარო ისე, რომ ცივილიზაციათა და მსოფლმხედველობათა ომის მსვლელობისას დაზარალებული თავად არ აღმოჩნდეს?
- მეც ვუსმინე გუბაზ სანიკიძეს და გეტყვით, რომ მისი იდეა საქართველოსთვის საფრთხილო არ იქნება ერთი მიზეზის გამო, ამ იდეას არც დასავლეთში და არც აღმოსავლეთში სერიოზულად არავინ მიიღებს. საფრთხე მხოლოდ მაშინ არის, როდესაც შენ რომელიმე მხარეს სთავაზობ რაღაცას და ის ისე გეთანხმება, რომ შენ არ იცი, რატომ გეთანხმება, შენ მის მოტივაციაში არ ხარ გარკვეული.
გუბაზ სანიკიძის მხრიდან ეს შეთავაზება ისეთი ეგზოტიკა იყო, ლირიკული გადახვევებით, რასაც არაფერი არ აქვს საერთო საგარეო პოლიტიკის, ან კიდევ დიპლომატიის ფუძემდებლურ პრინციპებთან და საერთაშორისო ურთიერთობასთან, როგორც მეცნიერების დარგთან. რას ნიშნავს, დასავლეთს ჩვენს თავს შევთავაზებთ, აღმოსავლეთსაც დავაინტერესებთ, თავის მხრივ, ისინი ჩვენ შემოგვთავაზებენ და ორივე მხარე-აღმოსავლეთიც და დასავლეთიც ბედნიერი იქნება? თანაც, ორივე მათგანი თურმე საქართველოზე გახდება დამოკიდებული და თბილისში დაიწყება დიპლომატიური მექა. გამოდის, თბილისში სასწრაფოდ უნდა აშენდეს 5 ათასი ახალი სასტუმრო, თორემ რა დაიტევს მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ დიპლომატებს, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ცალ-ცალკე ჩამოსულებს?
საქართველო რომ გამოვრიცხოთ, ასეთი რამ სადმე მომხდარა, რომ საყოველთაო შუამავლობა ეკისრა ცალკეულ ერს?
- ასეთი რამ არსად მომხდარა. კაცობრიობის დიპლომატიის ისტორიაში ეს ეგზოტიკაა. რა მიკვირს, იცით, გუშინწინ ვუყურე „რუსთავი 2“-ს, რომელსაც თავისი ჩვეული ტენდენციურობით, გუბაზ სანიკიძესთან კითხვები არ გასჩენია, მაგრამ ნინო ბურჯანაძესთან უამრავი კითხვა ჰქონდა. როდესაც პოლიტიკოსს საყვედურობენ, ათი წლის წინ პეტრეზე კარგს რატომ ამბობდი, ახლა ცუდს რატომ ამბობო, მაშინ გავიხსენოთ რუზველტის, ჩერჩილის, დე გოლის ბიოგრაფია, ერთი პერიოდი ერთ მათგანზე ლოცულობდნენ, მერე კი კარგ სიტყვას ვერ დააცდევინებდნენ მათზე. გუბაზ სანიკიძესთან არავითარი კითხვა არ ჰქონდათ, ხბოს აღტაცებით შეჰყურებდნენ. რატომღაც ყველას მოეწონა, როცა წარმოიდგინეს თბილისი, სადაც აღმოსავლეთიდან აქლემები ჩამოდიან და ჩვენი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ფაშასავით ღებულობს დღეს არაბ შეიხებს, ხვალ - ინგლისელ ლორდებს და ზეგ - ამერიკელ მილიარდერებს.
რასაკვირველია, თბილისი ბრიუსელი ვერ გახდება, რომელსაც მეორენაირად „პატარა პარიზსაც“ უწოდებენ და იგი დღემდე პოლიტიკოსთა თავშეყრის ადგილად ითვლება. თუმცა ბრიუსელში ხომ წყდება ცალკეული ქვეყნების საკითხები? იქნებ, ცდილობენ, დაახლოებით ამგვარი მისია შესძინონ საქართველოს?
- ბრიუსელი დღეს საქართველოთი არ არის დაინტერესებული და არც პრიორიტეტი არ არის საქართველო. ბრიუსელის მთავარი თავის ტკივილი დღეს ევროკავშირის გადარჩენაა. ახლა მალე დაიწყება ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პროცესი და ნახეთ, რა ვაი-უშველებელი ატყდება ბრიუსელში. ასე ადვილად არ ხდება პოლიტიკური განქორწინება. მეორე მხრივ, მე ვფიქრობ, ნატოს უკანასკნელი წარმატებული პროექტი იყო ჩერნოგორია, იმიტომაც მიიღეს ჩერნოგორია, რომ რუსებს იქ მაინცდამაინც დიდი სახელმწიფო ინტერესები არ ჰქონდათ. მართალია, იქ ცხოვრობენ რუსები, მაგრამ ზღაპრული ქვეყანაა ჩერნოგორია, არანაირი საფრთხე არ ემუქრება, არც ვირტუალური, არც თეორიული. მაგათ ადგილზე მე არც ვიფიქრებდი ნატოზე. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია მთავარი პრობლემა - ახლო აღმოსავლეთი, ისლამური სამყარო, მილიარდნახევარი ადამიანით, საგარეო პოლიტიკაზე მიმდინარეობს დისკუსიები, ძალიან მიკვირს, რომ არავის ახსენდება ისეთი გიგანტი, როგორიცაა ჩინეთი. თითქოს ჩინეთი არც არსებობდეს. ამ დროს ნაპოლეონი ჯერ კიდევ როდის ამბობდა, ჩინეთს სძინავს და, როცა გაიღვიძებს, მსოფლიოს შეაზანზარებსო.
ამერიკელებიც გრძნობენ, რომ ერთ დღესაც გაიღვიძებენ და აღმოაჩენენ, რომ ჩინეთი ეკონომიკურად უფრო მძლავრი სახელმწიფოა, ვიდრე თავად აშშ.
- დიახ, მეც მაგას ვაბობ, ნეტავ მხოლოდ ჩინელები ეკონომიკური და ფინანსური რესურსებით შემოიფარგლენენ. საქართველოს კი არანაირი ფინანსური რესურსი არ გააჩნია, რომ ჩინეთს აინტერესებდეს. აქ სხვა ინტერესებია - თითქოს ჩინეთი მსოფლიო რუკაზე არ არსებობს. ნაციონალები დაციკლულნი არიან ნატოზე, როგორც ძველი ჯვაროსნები იერუსალიმზე, ყველა დანარჩენი კი დაციკლულია ნებისმიერ საკითხზე, გარდა ჩინეთისა. ამ დროს ამ გიგანტს, თავისი სანდომიანი ღიმილით, ნახევრად უკვე გადაყლაპული აქვს აღმოსავლეთ ციმბირი.
თავის დროზე საქართველოს აბრეშუმის გზის ფუნქცია ჰქონდა, თუმცა ესეც არ იყო ჩვენი პრივატიზებული ფუნქცია და აბრეშუმის გზის პარალელური გზაც არსებობდა ჩრდილოეთ ირანზე გავლით შუამდინარეთისკენ, იქიდან კი ხმელთაშუა ზღვისკენ. მაინც რა ადგილი შეიძლება დაიკავოს საქართველომ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის?
- აბრეშუმის გზა შევარდნაძის იდეა იყო. 2013 წელს სარკინიგზო ტვირთის პირველი ტრანსპორტი რომ ჩამოვიდა ჩინეთიდან საქართველოში, მას შემდეგ სამი წელი გავიდა, სად არის საქართველო? პრაქტიკულად, დღეს თითქმის აბრეშუმის გზის მატერიალიზაცია საქართველოს გვერდის ავლით ხდება. ყოველდღიურად იცვლება რეალობა, ნიკოფსიიდან დარუბანდამდეც ყოფილა საქართველო, მაგრამ დღეს ასე აღარ არის. ამიტომ საქართველოს ადგილის დადგენა ასე უცებ, წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში, არათუ არასერიოზული, მავნებელიც კია.
ჩინური ბრძნული ანდაზა მაინც გავიხსენოთ - ვეფხვი და ლომი ომობენ და ჭკვიანი მაიმუნი ხეზე ზის. ამიტომ ვეფხვისა და ლომის ჰიპოთეტურ თუ მოსალოდნელ ხვალინდელ ჭიდილში არ უნდა გავიჭყლიტოთ. ამ მხრივ დღეს უბლოკო სისტემა პერსპექტიულია, ოღონდ დაზუსტებას, განხილვას, დისკუსიას მოითხოვს. თუმცა სულ ახლახანს პაატა ბურჭულაძე გამოვიდა და სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, თქვა, ეს კაპიტულაცია არისო. სამწუხაროა, რომ ნეიტრალიტეტს, უბლოკო სტატუსსა და კაპიტულაციას ვერ არჩევენ ერთმანეთისგან.
ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობენ ჩვენი მედასავლეთე პოლიტიკოსები. ისე წარმოაჩენენ, თითქოს არჩევანი ჩვენზეა დამოკიდებული, თითქოს ჩვენს წინაშეა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია და ჩვენს წინ მაგიდაზე დევს ნატო, ევროკავშირი. მაგრამ ჩვენ ხომ ჩერნოგორია არ ვართ? ჩერნოგორიას შეეძლო, კიდევ ერთი 40 წელი მოეცადა, ჩვენ კი ცაიტნოტში ვართ.
გაეროს დასკვნაში საქართველო მომაკვდავ ერებს შორისაა შეტანილი. დღეს ორი-სამი ერიღაა დარჩენილი, სადაც სიკვდილიანობა აღემატება შობადობას. ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტი იღუპება, ვიდრე იბადება. ცივილიზაციის შემოსვლის შემდეგ ქართველები არასოდეს გამოირჩეოდნენ მრავალშვილიანობით. მოდით, იმ ოჯახების ეთნიკური შემადგენლობაც გავიხსენოთ, სადაც ფეხშიშველა დადიან და ბავშვებს ჩუსტებიც არ აქვთ, მაგრამ 7-8-9 შვილი ჰყავთ. მე თვითონ ერთი შვილი მყავს, რა მაქვს სატრაბახო? არსად არც ერთ ერს არ აქვს ვაჟას ნათქვამის მსგავსი, „ბევრი რად უნდა დედასა, ერთი და სახელიანი“.
ასეთ დროს გვაქვს იმის ფუფუნება, კიდევ 30 წელი ნატოსა და ევროკავშირს ველოდოთ და სულ შიშის ქვეშ ვიყოთ? რატომ იყო, რომ 500 კილო ხორბალი რუსებმა ჩვენი გლეხებისგან წაიღეს, მაშინ, როცა გუშინწინ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომ ორი წლის განმავლობაში ხორბლის ექსპორტი განულდეს, ე.ი. იმდენი ხორბალია რუსეთში, ოღონდ წაიღონ და გაყიდონ. რად უნდათ ჩვენი 500 კილო? ეს პოლიტიკაა. ამ დროს კი ჩვენთან ლაპარაკობენ, უნდა დაეხმაროს თუ არა მთავრობა სოციალურად გაჭირვებულებს. მე ახლა აგარაკზე ვარ, ჩემს მეზობლად სოციალური აგენტი იყო მისული და 50 წლის წინ დაგებული აყრილი პარკეტი როცა ნახა, ოჯახს მოუხსნა დახმარება. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჩვენ გვაქვს ამდენი დრო?
გუბაზ სანიკიძეს მეორე მოთხოვნაც აქვს, რომ ჩვენმა ქვეყანამ ძლიერი აგრესიული დიპლომატიური პოლიტიკა აწარმოოს.
- გუბაზი კარგი ისტორიკოსია, მამამისის შვილია, რომელსაც ახლოს ვიცნობდი და კარგი ისტორიკოსი იყო, მაგრამ, ეტყობა, გუბაზს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს, რას ნიშნავს აგრესიული დიპლომატია. რა უმაგრებს ზურგს დიპლომატიას? ეს არის ორი ფაქტორი - ქვეყნის ეკონომიკური და სამხედრო სიმძლავრე. მაგალითად, ჩრდილოეთ კორეას ზურგს უმაგრებს ბირთვული იარაღი და ამის გამო რასაც უნდა, იმას აკეთებს, შანტაჟში ჰყავს ნახევარი მსოფლიო. ჩვენ რა გვაქვს, რით უნდა ვაწარმოოთ აგრესიული დიპლომატია? საერთოდ, მე რომ მაგათ ვუსმენ, ვრწმუნდები, რომ საქართველოში დიპლომატები აღარ გვყავს. ძირითადად ნაციონალ ყოფილ დიპლომატებს როცა ვუსმენ, უკვე აღარ მიკვირს, რატომ გადაიჩეხა ჩვენი საგარეო პოლიტიკა, ნატოც დავკარგეთ და რუსეთიც. გუბაზმა ისიც თქვა, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ყველასთან აქვს დიპლომატიური ურთიერთობაო. ბაზალეთის ტბიდან მეყვირა, რომ - გაიხედე, რუსეთთან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა-მეთქი?
ჩვენი მეზობლები აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან სერიოზულად არ გვიყურებენ?
- საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არც ერთ მეზობელთან აღიარებული საზღვარი არ აქვს. თურქეთთანაც საზღვარი ფორმალურადაა. ხელთ მაქვს თურქეთის მე-12 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო, სადაც აჭარა მოხაზულია თურქეთის ფერად და წერია, თურქეთის დროებით ოკუპირებული ბათუმის ვილაიეთი. დაგავიწყდათ, 2013 წელს თურქეთის საელჩოსთან რატომ იყო პროტესტი? რადგან თურქეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა -დავუთოღუმ თქვა, აჭარა ჩვენიაო. ომი დამთავრებული არ იყო, რუსეთის ჯარი ჯერ კიდევ გორში იდგა, ერდოღანი სასწრაფოდ ჩავიდა მოსკოვში პუტინთან. რატომ ჩავიდა? ელემენტარულად, უთხრა, თუ საქართველოს დაპყრობას აპირებ, იცოდე, ბათუმი ჩემიაო.
ჩვენი მეზობლებისგან გამომდინარე, საქართველო გეოპოლიტიკურ ხაფანგში იმყოფება. ამის მიუხედავად, უსაფრთხო ქვეყნების სამეულში საქართველოს მესამე ადგილი უჭირავს. პირველ ადგილზეა სამხრეთ კორეა, მეორეზე-სინგაპური, შემდეგ საქართველო, ტაივანი და იაპონია. თუ ჩვენ მტრულად განწყობილი აღმოსავლური, მაჰმადიანური სამყაროს წინაშე ზედმეტად ვიაქტიურებთ, ეს ჩვენთვის მომგებიანი იქნება?
- ეს წამგებიანი იქნება. ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ეფექტური რომ იყოს, ამისთვის საქართველოს პოლიტიკურ კურსს უნდა იცნობდეს ჩვენი ხალხი და მხარს უჭერდეს. მხოლოდ ის საგარეო პოლიტიკაა წარმატებული, რომელსაც მხარს უჭერს საზოგადოება. „ნატო გვინდა“ ეს მხოლოდ ლოზუნგია, ეს არ არის პოლიტიკა. გვითხრან, რა არის ჩვენი საგზაო რუკა ნატოსკენ?! ჩვენთან ყვავის ნეპოტიზმი, რაც ევროპისთვის მიუღებელია, თანდათან ფეხს იდგამს კორუფცია, უაღრესად დაბალი პოლიტიკური კულტურა, კვაზიპოლიტიკური ელიტა და გაზულუქებული ბიუროკრატია.
რომელ ევროპულ ფასეულობებზეა საუბარი და ვინ აგვიკრძალა, არც ნატოსკენ ვიყუროთ, არც რუსეთისკენ და არც ნორმალური სახელმწიფო შევქმნათ? ვინ აგვიკრძალა, რომ არ იყოს არაფორმალური მმართველობა, ვიცოდეთ მინისტრი და პოლიციელი რაზე აგებენ პასუხს. მოხდა საშინელება, მაგრამ მიჩუმათდა, გაატარეს, რომ ბიჭმა თავი მოიკლა, რადგან პოლიციელი აძალებდა, გინდა თუ არა, ჩემი აგენტი გახდიო. მე ვარ ბაზალეთზე, ყველამ იცის, სოფლის ლოთების ნახევარი დუშეთის პოლიციას როგორ ჰყავს თავის აგენტებად გადაქცეული. ორ ბოთლ ლუდზე შვილს გაყიდიან. ასეთი საზოგადოება ევროპისკენ წავა?!