რა ბედი ელის ეროვნულ ვალუტას არჩევნებამდე ანდა არჩევნების შემდეგ? დიდი საზაფხულო ჩავარდნის შემდეგ ლარი მძიმედ, მაგრამ მაინც გამყარებისკენ მიიწევს. რამდენად ბუნებრივია მისი ქცევა, ამის გაანალიზება ყველას უჭირს. შესაბამისად, არჩევნების შემდგომი სცენარი ყველას განსხვავებულად წარმოუდგენია.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმეთა ასოციაციის ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი, ეროვნული ვალუტის, ბოლოდროინდელ კურსის ცვალებადობას აფასებს და იმ ძირითად ფაქტორებს ასახელებს, რამაც ბოლო პერიოდში ლარის კურსზე იქონია ზეგავლენა.
„ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი დასტაბილურება გამოწვეულია, იმ რიგი მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებით, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებაზე. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელმაც ხელი შეუწყო ლარის დასტაბილურებას, არის ფულადი გზავნილები უცხოეთიდან. წინა წელთან შედარებით ეს პარამეტრი საგრძნობლად არის გაუმჯობესებული. უფრო კონკრეტულად კი, 2016 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 100.7 მლნ დოლარი, ანუ 235.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 10.4 %-ით მეტია 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოური ვალუტის შემოდინების კუთხით, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ტრურიზმის სექტორმა. რომლიდანაც, არსებული მონაცემების გათვალისწინებით, შემოსავლები წლის ბოლოსთვის 2 მლრდ დოლარს გადააჭარბებს. უფრო კონკრეტულად კი, თუ საქართველომ პირველ კვარტალში 1 134 436 საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო, 7 თვის მონაცემებით ეს ციფრი 3 400 335-მდე გაიზარდა.
მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ლარის კურსის სტაბილურობა ცუდია ან დროებითია და მას სებ-ი ხელოვნურად ინარჩუნებს, იმთავითვე მცდარია იმდენად, რამდენადაც ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი ცვლილებების თავიდან აცილება სებ-ის, ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა.
აბსურუდული განცხადებები, რომ თურმე სტაბილური ვალუტის კურსი ცუდია, მომავალში კრახს და სებ-ის რეპუტაციის შელახვას გამოიწვევს, უბრალოდ, გაუგებარია. ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური განვითარებითვის აუცილებელია ფინანსური სტაბილურობა, ხოლო ეს წამოუდგენელია ეროვნული კურსის სტაბილურობის გარეშე“, - აღნიშნავს ბაირახტარი.
ბოლო დროს პოპულარულია მოსაზრება, რომლის მიხედვითაც არჩევნებამდე ლარის კურსი უნდა გამყარდეს, ხოლო არჩევნების შემდეგ კვლავ გაუფასურების გზას დაადგეს. სპეციალისტთა ერთი ნაწილი ამ აზრს არ იზიარებს, ხოლო მეორე ნაწილი თვლის, რომ ასეთი სცენარის თავიდან ასაცილებლად მთავრობას სერიოზული ძალისხმევის გამოჩენა მოუწევს.
„ფინანსთა სამინისტრო თანმიმდევრულ ხარჯვით პოლიტიკას ატარებს და ჭარბი ფულის ბრუნვაში გაშვების გადაცდომები, პრაქტიკულად, არ აქვს. მეტიც, ფინანსთა მინისტრი პირობას დებს, რომ არჩევნების ჩათვლით, არსებულ ტენდენციას შეინარჩუნებს. როცა პროგნოზირებენ, რომ წინასაარჩევნოდ ლარის კურსი გამყარდება, მხედველობაში სწორედ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის თანმიმდევრულობა აქვთ. შეთქმულების თეორია, ხელისუფლება საარჩევნოდ ლარს გაამყარებსო, თითიდან გამოწოვილია, რადგან ვინც ეკონომიკის თეორიაში მცირედით მაინც ერკვევა, მიხვდება, რომ ლარი ავტომატურად, ბუნებრივ რეჟიმში გამყარდება“, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე.
რამდენიმე დღის წინ მთავრობის წევრებმა განაცხადეს, რომ წლის ბოლომდე ლარის კურსს 2,2-2,25 დიაპაზონში ელოდებიან. ირიბად ისიც მიანიშნა სებ-მა (არაპირდაპირ, მაგრამ აზრი ასეთი იყო), თუ ძალიან გამყარდა ლარი, ინტერვენციებს დავიწყებთ და თუ 2,5-მდე გაუფასურდა, მაშინ პირიქით მოვიქცევითო. ამიტომ თსუ-ს პროფესორ დავით ასლანიშვილისთვის უკვე წინასწარ არის ცნობილი ლარის კურსის დიაპაზონიცა და მიზნობრივი მაჩვენებელიც. მისი აზრით განსაკუთრებით რთული წლის ბოლო 2 თვე იქნება.
„გასათვალისწინებელია, რომ ცოტა ხანში რთველის სუბსიდირების პროგრამა დაიწყება და ეს ბიუჯეტიდან ლარის დამატებით ხარჯვას გამოიწვევს, რაც ასევე გაზრდის მიმოქცევაში ფულის მასას. თავის როლს თამაშობს საარჩევნო ფაქტორიც. მოკლედ, საკმაოდ მძიმე მუშაობა მოუწევთ ერთდროულად, ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს, რომ ასეთ ვითარებაში ლარის კურსი ისე შეინარჩუნონ, რომ არც მწვადი დაწვან და არც შამფური. არჩევნებამდე ერთგვარი ნევროზულობა იქნება ლარის კურსთან დაკავშირებით, ხოლო დაახლოებით 20 ოქტომბრიდან მძიმე სეზონი იწყება და ქმედითი ნაბიჯები იქნება გადასადგმელი ლარის კურსის სტაბილურობისთვის“, - აცხადებს დავით ასლანიშვილი.