რუსული პროპაგანდა რომ ქვეყანაში აქტიურად მუშაობს, ეს განსაკუთრებით კონფლიქტისპირა რეგიონებში შეიმჩნევა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ამომრჩეველი მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს, პარალელურად კი, რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აუცილებლობაზე საუბრობს. მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება, წამგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს.
რა საერთოს ხედავს ამომრჩეველი სააკაშვილსა და რუსეთს შორის? ამ საკითხთთან დაკავშირებით for.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
როგორ შეიძლება ავხსნათ მოვლენა, როდესაც ამომრჩეველი მხარს უჭერს „ნაციონალურ მოძრაობას“ და კერძოდ სააკაშვილს, პარალელურად კი, რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აუცილებლობაზე საუბრობს?
სოსო ცისკარიშვილი: სახეზეა გულხელდაკრეფილი ხელისუფლება და უმეცარი ამომრჩეველი. სწორედ სამოქალაქო საზოგადოების და ხელისუფლების არასაკმარისი ქმედება იმისათვის, რომ საკუთარ მოსახლეობას ჰქონდეს სრული და სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას წარმოადგებს დღევანდელი მოსკოვი. ჩვენ ხელი გვაქვს ჩაქნეული ამომრჩეველთა იმ ნაწილზე, რომელთაც გარკვეული სიმპათიები გააჩნიათ რუსეთის მიმართ. უნდა ვიყოთ რეალისტები და არა მეოცნებენი, მიუხედავად იმისა, გაგვაჩნია თუ არა სწორი ინფორმაცია.
კარდაკარ რომ დაიარება ჩვენი პრეზიდენტი, რასაკვირველია პროგრესული მოვლენაა, მაგრამ სხვები რატომღაც მხოლოდ საკუთარი სავარძლების შენარჩუნებას ცდილობენ. ამომრჩეველთან ტრაბახობენ და დაპირების კორიანტელი დგება, რასაც ჩვენი საზოგადოება უკვე არ ენდობა. ამავე დროს, უამრავი რუსული სატელევიზიო არხი, რომელიც ქართულ სივრცეშია ხელმიოსაწვდომი და სამწუხაროდ ჩვენი მედია-სივრცის წარმომადგენლებისთვის ეს არ არის დაინტერესების საგანი.
ჩვენთან დამკვიდრებული ტრაფარეტი, რომ ჟურნალისტი სვამს კითხვას და აქვეყნებს რესპონდენტის პასუხს, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენს საზოგადოებაში ინერგებოდეს სანდო და მრავლისმეტყევლი ინფორმაცია. არ მსმენია ჟურნალისტის სურვილი, რომ რიგითი მოქალაქეების დისკუსია შემდგარიყო თუნდაც ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე.
დღევანდელ ვითარებაში არსებობს ასეთი დიალოგის აუცილებლობა?
- არ ვამბობ, რომ ეს უნდა იყოს ქართულ-რუსული დიალოგი. ეს უნდა იყოს ქართული საზოგადოების დაფიქრება რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებით. რასაკვირველია, ჩვენ მსოფლიო რუქაზე ერთ წერტილსაც ვერ ამოვშლით, მაგრამ როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება? უნდა გავმიჯნოთ თუ არა ერთმანეთისაგან რუსეთის საზოგადოება და კრემლი, თუ ასე ხელაღებით ყველაფერი უნდა ვაძაგოთ, რაც რუსეთს ეხება?
თქვენ როგორ ფიქრობთ?
- ყველაფერს აქვს თავისი ზომა. ზღვარგადასული არც ქება ვარგა და არც ძაგება. ორივე წარუმატებლობის წინაპირობა იქნება. ამჟამად, რასაკვირველია, აგრესიული საინფორმაციო კამპანიის მომხრე ვიქნებოდი, ოღონდ აგრესიული არა რომელიმე ქვეყნის მიმართ, არამედ აგრესიული ინფორმაციის მიმართ, რომელმაც დოულად უნდა მიაღწიოს ამომრჩევლამდე.
მაგრამ რა ფენომენია სააკაშვილი და რუსეთი ერთად, როდესაც ამომრჩეველი ერთდროულად მხარს უჭერს სააკაშვილს და რუსეთს?
- გააჩნია რა კუთხიდან შევხედვათ თქვენს კითხვას. არის არაერთი ვერსია, რომ პუტინისა და სააკაშვილის ურთიერთმიუღებლობა საერთო თამაში იყო. თუმცა, ნამდვილად საფუძვლიანია ურთიერთმიუღებლობა ამ ადამიანებისა, გამომდინარე იმ რეალობიდან, რომელშიც ავღმოჩნდით. ასეთი კარდინალური მიუღებლობა მეზობელი ქვეყნებისა ერთმანეთის მიმართ, უპირველესყოვლისა მიმანიშნებელია იმაზე, რომ თავად საკუთარ სახელმწიფოში ისინი თავს კონფორტულად ვერ გრძნობენ.
სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური განათლების დონე ჯერ კიდევ არ უახლოვდება ცივილიზებულ სტანდარტებს, რადგან, ვიმეორებ, მიუხედავად აქტიური მედიისა, არ არის საშუალება, რომ რიგითი მოქალაქეების აზრის განხილვას დაეთმოს დრო და იყოს მათთან მუდმივი შეხვედრები. სამწუხაროდ, ჩვენ გვაინტერესებს არა „იზმი“, არამედ „ვისტი“.
ნაცვლად იმისა, რომ თავს ძალა დავატანოთ და ჩავიხედოთ იზმების სიღრმეში, ვკმაყოფილდებით მხოლოდ იმით, რომ ვიყოთ ვისტები - ზვიადისტები, მიშისტები, ბიძინისტები და ა.შ. რატომღაც, ეს ჩვენთვის საკმარისია. ფაქტიურად, თავიდან ვიშორებთ ფიქრს ჩვენს ქვეყანაზე. კი ბატონო, ვიღაცისტი ვიქნები და იმ ვიღაცამ იმტვრიოს თავი. მერე ვართ ასეთი ვისტის უკმაყოფილო და ისევ თავიდან გამოჩნება ხომლე ჩვენს ჰორიზონტზე უკმაყოფილების ტალღა.
როგორ ფიქრობთ, დაგვიანებულია მცდელობა იმისა, რომ შეცვალოს ამომრჩეველთა მსოფმხედველობა?
- ძალიან დაგვიანებულია ამომრჩეველთა მსოფლმხედველობის შეცვლის მცდელობა. მხოლოდ ავტორიტეტული და ფართოდ გავრცელებული მედია-საშუალება თუ იქნება ჩართული სრულიად გონივრულ კამპანიაში პირობითი სათაურით - „2+2=4-ს“. აი ასეთი ჭეშმარიტების უარყოფა რომელიმე ინდივიდის მიერ, მხოლოდ მის პირად მოსაზრებათა მაჩვენებელი იქნება. მაგრამ ასეთი უმრავლესობა ნამდვილად არ არის ჩვენს საზოგადოებაში. საბედნიეროდ ბევრი განათლებული ადამიანი გვყავს, მაგრამ ფაქტიურად ჩვენ არაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს ხელი მივყოთ „იზმებს“ და არა „ისტებს“.
რუსული პროპაგანდის დამსახურებაა ის, რომ კონფლიქტისპირა რეგიონებში იგრძნობა პრორუსული განწყობა?
- ერთი სიტვით თუ შევეცდებით ამ ვითარების ახსნას, ეს სიტყვა გახლავთ „სასოწარკვეთილება“. დიახ, სასოწარკვეთილია საკუთარი სახლებიდან გამოყრილი ხალხი, რომელთაც არ ძალუძთ მოინახულონ საკუთარი ნასახლარი, საკუთარი ახლობელბის საფლავები და 1993 წლიდან მოყოლებული ნელ-ნელა რწმუნდება, რომ ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია სიტუაციის რეალურად შეცვლის შესაძლებლობა. ისინი ახლა მოპირდაპირე მხარეს აგებულ კედელს ურტყამენ თავს იმის მოლოდინით, რომ ერთ დილას ძია ვოვა გაიღვიძებს და იტყვის, რომ რუსეთმა 1993 და 2008 წლებში იხუმრა და ამ ხუმრობას ვადა გაუვიდა.
ასეთი განწყობა, რომელზეც თქვენ ბრძანებთ, არის არა სახელმწიფოს, არამედ ჩვენი თანამემაულეების ბრალი და მათ შორის საკუთარ თავსაც ვგულისხმობ. დევნილებთან, მოსაზღვრე ტერიტორიებთან მცხოვრებ ჩვენს თანამემაულეებთან მუდმივი კომუნიკაციის არარსებობა და მხოლოდ შესაბამისი თარიღებისას მათი მძიმე ვითარების გახსენება, გარკვეულ ნიჰილიზმს ბადებს მთლიანად საქართველოს მიმართ და ჩვენი მიგრაციის ციფრებიც ამაზე მიგვითითებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი სააკაშვილს აიგივებს ზვიად გამსახურდიასთან და ეს ძალიან თვალსაჩინოა დასავლეთ საქართველოში. როგორ შეიძლება აიხსნას ამომრჩევლის ასეთი მიდგომა?
- არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ ამის ერთ-ერთი მაჩვენებელი შეიძლება იყოს საკუთარი არასრულფასოვნების აღქმა და „ვისტობა“ სწორედ ამ წინაპირობით მყარდება. როდესაც ირჩევ კერპს და მის მიმართ ნებისმიერ გადაკრულ სიტყვას ხვდები როგორც სამყაროს ჩამოშლის საფრთხეს, რასაკვირველია ჯანსაღი შეფასების უნარი თანდათან ილევა, სწორედ იმიტომ, რომ არიან მიშისტები.
რა დასამალია, მეც ვიყავი მიშისტი 2003 წლის ნოემბრიდან 2004 წლის იანვრამდე. მაგრამ შემდეგ შევაფასე სიტუაცია - რას ველოდით და რისი საფრთხე ჩანდა უკვე, მას მერე არ ვარ „ვისიტი“. ვფიქრობ, ინფორმაციის წყაროები უნდა იყვნენ ბევრად უფრო აქტიურნი და ბევრად უფრო პროფესიონალურნი იმისათვის, რომ ჩვენს „ისტებად“ ჩამოყალიბებულ ქართულ საზოგადოებას გზა გაუხსნათ უფრო ფართო ინფორმაციებისკენ, რომელშიც შეიძლება თავად აღმოაჩინონ საკუთარი ძალაც და სისუსტეც.
როდესაც საქმე ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს, მათი ამომრჩეველი სააკაშვილის დისტანცირებას ცდილობს ძმები ახალაიებისგან, ასევე ქარდავებისგან, ვანო მერაბიშვილგან და მეტ-ნაკლებად - გიგი უგულავსგან. ამ პარტიის ამომრჩეველი ამბობს, რომ იმ ძალადობასთან დაკავშირებით, რომელშიც ეს ადამიანები არიან ბრალდებულები, ინფორმაცია არ ჰქონდა სააკაშვილს და რომ ეს მის ზურგს უკან ხდებოდა. ამ ადამიანებისგან დისტანცირება „ნაცინალური მოძრაობის“ პოლიტიკაა?
- არა მგონია, რომ ეს რაიმე სახის პოლიტიკა იყოს, ისევ უბრუნდები „ისტის“ თემას. ისევ დ აისევ საკუთარი „ისტის“ დემონიზაცია, რომელიც ვერასოდეს იქნება წარმოდგენილი ასეთი ცნობიერების ადამიანებისთვის, როგორც რაიმე შეცდომის, ან დანაშაულის ჩამდენი. ეს ჯერ-ჯერობით ფსიქოლოგიის პრობლემაა და თუ დროზე არ ვუშველეთ ამ მიმართულებას, შეიძლება აუცილებელი გახდებს ფსიქიატრიის ჩარევა.
სტალისტები ხატზე ფიცულობენ, რომ სტალინს არაფერი ცოდნია ხალხის დახვრეტის შესახებ. რატომ გვიკვირს, რომ მიშისტებს რაიმე საყვედურის სურვული გაუჩნდეს საკუთარი ხატის მიმართ? ისევ და ისევ განათლება უნდა იწყებოდეს ოჯახიდან, საბავშო ბაღიდან, გრძელდებოდეს სკოლაში და მერე უკვე მთლიანად საზოგადოებაში. 80 წელს მიტანილ ჩვენს თანამემაულეებს ვერ შევაცვლევინებთ ცნობიერებას, რადგან მრავალი ათეული წელი ისინი ერთგული იყვნენ იმ „ისტების“, რომლის მიმართაც მათ დღემდე სრულად წრფელი სიყვარული გააჩნიათ.
ადამიანებს ვერ გადავაკეთებთ. ადამიანი უნდა იყოს უზრუნველყოფილი სანდო ინფორმაციით. რასაკვირველია, ბევრია შემთხვევა, როდესაც მოქალაქე იცვლის თავის შეხედულებას და ამის არგუმენტიც მას ყოველთვის მზად აქვს. დღევანდელ ვითარებაში ვერ დავიტრაბახებთ იმით, რომ საგრძნობი ნახტომი შევძელით იმ ფილოსოფიისკენ, რომელსაც კეთილდღეობა, სამართლიანობა და პატრიოტიზმი ჰქვია. თითოეული ამ ცნების გამოვლინება პერიოდული ხდება, მაგრამ საწუხაროდ არ გახლავთ ჩვენი საზოგადოების არსებობის აუცილებელი წესი.