„საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის გარემო გაცილებით უკეთესია, ვიდრე წლების წინ“, - აღნიშნა ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა, კნუტ ფლეკენშტეინმა. ფლეკენშტეინი „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანიაში მხარდაჭერას სთავაზობს და აცხადებს, რომ „სოციალ-დემოკრატებმა“ კარგად იციან, რომ ხელისუფლებამ ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა, რამაც დაუახლოვა საქართველო ევროკავშირს.
„ჩვენ ვიმყოფებით ისეთ ქვეყანაში, სადაც მართლა ძალიან კარგად ჩამოყალიბებული საარჩევნო გარემოა. ეს ყოველთვის ასე არ იყო. შეიძლება, ცალკეულ შემთხვევებში ხდება გარკვეული შეცდომები, მაგრამ არა იმ მასშტაბის, რომ ბრიუსელში მოაღწიოს. ამიტომ, ძალიან სასიამოვნოა საქართველოში ჩამოსვლა და ნახვა რეალურად ამ პროგრესის. ასევე არ არსებობს საფუძველი შეიკავო თავი ვიზარიბელარიზაციის მინიჭებისადმი.
ძალიან კარგია იცოდე, რომ კონსერვატორებმაც ევროპარლამენტში ცალსახად და მკაფიოდ თქვეს, რომ მომწიფდა სიტუაცია ვიზალიბელარიზაციისთვის და ახლა კი დადგა დრო ამის განსახორციელებლად. მართლაც საუბარია რამდენიმე დეტალზე. სინამდვილეში ევროპარლამენტი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობები დაობენ იმაზე, ვის უნდა ჰქონდეს ბოლო სიტყვის უფლება.
ვფიქრობ, რომ ეს გამოსავალი იქნება. ვიცი გერმანიის ფედერალური კანცლერისაგან, ქალბატონი მერკელისაგან და საგარეო საქმეთა მინისტრ, ბატონი შტაინმაერისაგან, როგორ იბრძვიან შიდა გაუგებრობის აღმოსაფხვრელად. მართლაც მოხარული ვიქნები, მივიღო საქართველოს ბევრი მოქალაქე ჩემს მშობლიურ ჰამბურგში უვიზოდ“, - აღნიშნა კნუტ ფლეკენშტეინმა.
ვიცე-პრემიერის, კახა კალაძის თქმით, ევროპელი სოციალისტების პარტია „ქართული ოცნების“ პარტნიორია და პარტიისთვის ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც კალაძე აცხადებს, ხელისუფლება სამომავლოდ, ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ვგეგმავს, რაც კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ჩვენ ქვეყანას ევროპასთან დაახლოების გზაზე.
კალაძე დარწმუნებულია, რომ ძალიან მალე, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროპაში მოგზაურობას ვიზების გარეშე. რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, ვიცე-პრემიერის შეფასებით, საქართველო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.
„გვაქვს იმის პრეტენზია, რომ საქართველოში, ყველას მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ჩაატაროს მშვიდ გარემოში, თავისუფალ გარემოში ყველანაირი ზეწოლის, ყველანაირი ხელშეშლის გარეშე. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ გააცნოს თავიანთი ხედვები ქვეყნის განვითარებისა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და თავად საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნების გზით მიიღონ გადაწყვეტილება, როგორც ეს ევროპულ, ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებშია, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მეგობრები ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს ხედავენ, სათანადოდ აფასებენ და აფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გუშინვე ფლეკენშტეინი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებს გია ვოლსკის, ზვიად კვაჭანტირაძესა და გია ჟორჟოლიანს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი თემები საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შეფასება იყო.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ კონკრეტულ დეტალებზე, როგორ უნდა ითანამშრომლოს არამარტო ევროპის სოციალ-დემოკრატიულმა სისტემამ და მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა, არამედ შეთანხმდნენ ცალკეული ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სისტემაზე და სტრატეგიულ მიმართულებებზე.
ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ არჩევნებს ყოველთვის ახლავს ხარვეზი და რაღაცა ტიპის გადაცდომა, მაგრამ სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშების შეფასებით, საქართველოში წინასაარჩევნო გარემო მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.
„მითუმეტეს თუ 2012 წელს შევადარებთ, არ ხდება სისტემური დარღვევები, ადამიანებზე ძალადობა, პირდაპირი ტერორი მმართველი პარტიისგან, რასაც ადგილი ჰქონდა 2012 წელს. დღეს თავისუფლად შეუძლია ყველა პარტიას ჩაატაროს საარჩევნო კამპანია და თავისი სათქმელი მიიტანოს ამომრჩეველთან, ყოველგავრი ძალადობის გარეშე. იმედი გაქვს, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები, არამხოლოდ სოციალისტური ჯგუფიდან, არამედ სხვა პარტიებიც, რომლებიც აკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, შესაბამისად შეაფასებენ შეცვლილ ვითარებას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მანანა კობახიძე.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ ოფიციალურად მოიწვია სადამკვირვებლო მისიები, როგორც გრძელვადიან რეჟიმში, ასევე, უშუალოდ არჩევნების დღეს, რაც გამჭვირვალობის გარანტი იქნება. მისივე თქმით, მმართველმა ძალამ არაერთი არჩევნები ჩაატარა მშვიდობინად და ახლაც დაიცავენ ამ სტანდარტს.
„პარალელი რომ გავავლოთ 2012 წელთან რა პრობლემების წინაშე იდგა ოპოზიცია, რა ზეწოლა იყო ხელისუფლების მხრიდან, საინფორმაციო საშუალებებში რა ინფორმაცია ვრცელდებოდა და დღეს იგივე პერიოდში რა თემებზე ხდება მედიის ყურადღების მიქცევა, რა თქმა უნდა, კარდინალური ცვლილებებია. მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია საარჩევნო გარემო.
ამას ადექვატურად აფასებს ჩვენი საზოგადოება და ასევე, შეაფასებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. მიუხედავად იმ ძალისხმევისა, რასაც არ აკლებს ჩვენი ოპონენტი „ნაციონალური მოძრაობა“ საიმისოდ, რომ აბსოლუტურად არასწორი და ცრუ ინფორმაცია მიაწოდოს დასაველეთს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, რითიც ისინი ცდილობენ დააზიანონ ქვეყანა. ობიექტური შემფასებელი ყოველთვის შეძლებს განსხვავების დანახვას - რა იყო 2012 წელს და რა არის ახლა“, - ამბობს მანანა კობახიძე.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, დეპუტატი ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ დღეს ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს საშუალება გადადგას შესაბამისი ნაბიჯი, ამომრჩევლამდე მიიტანოს სათქმელი და ამის მიხედვით გამოიტანოს საზოგადოებამ აზრი. დოლიძე იმედოვნებს, რომ საზოგადოება ადექვატურ შეფასებას გააკეთებს.
„შედარება არ არის 2012 წლის არჩევნებთან და ამაზე ყველაზე ვთანხმდებით. არის ცალკეული თემები, მათ შორის საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების თემა, რასთან დაკავშირებითაც არაერთხელ გამოვთქვით წუხილი. არ შეიძლება იგივე წესით კომპლექტდებოდეს კომისია, როგორც სააკაშვილის დროს. ყველა მისი წევრი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყოს, ამ მისი სატელიტი, რაც არ არის სწორი.
თუმცა, საერთო ჯამში გვეძლევა საშუალება თავისუფლად ვაწარმოოთ საარჩევნო კამპანია. ამომრჩეველს ქვებით არ დასდევენ, არ იჭერენ, ოჯახის წევრებს არ აგდებენ სამსახურიდან და ა.შ. როგორც სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში ხდებოდა, ჩვენ ყველა ამის თანამონაწილე ვართ. ამიტომ, შედარება არ არის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვიქტორ დოლიძემ.