„ბევრმა უცხოელმა შემომჩივლა, რომ საქართველოში ვერ ნახა  ადგილი, სადაც თამბაქოს კვამლის გარეშე ისადილებდა“

„ბევრმა უცხოელმა შემომჩივლა, რომ საქართველოში ვერ ნახა ადგილი, სადაც თამბაქოს კვამლის გარეშე ისადილებდა“

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტმა თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენელთა ვნებათაღელვა გამოიწვია. ისინი ფიქრობენ, რომ ასეთი ხისტი კანონპროექტით შესაძლოა ქვეყანაში პრობლემები შეიქმნას. თუმცა დეპუტატი გუგული მაღრაძე, რომლის ინიცირებითაც პარლამენტში აღნიშნული კანონპროექტი შევიდა, მიიჩნევს, რომ ამის საპირწონედ ყველაზე მთავარი-მოსახლეობის ჯანმრთელობაა. For.ge გუგული მაღრაძეს ესაუბრა.

საშემოდგომო სესიაზე პარლამენტი თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტს მიუბრუნდება. ამ ინდუსტრიაში დიდი თანხები ტრიალებს და გასაგებია, რომ ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან  ცვლილებებს და გარკვეულ რისკებს ხედავენ მასში. თქვენი არგუმენტი რა არის?

- ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რომ თამბაქოს მოწევა ჯანმრთელობისთვის ძალზე საშიშია და, განსაკუთრებით, საშიშია არამწეველებისთვის. როდესაც საზოგადოება თვითონ ვერ მიდის გარკვეულ დასკვნამდე, საჭიროა, კანონმდებლობა მიეხმაროს. აკრძალვითი ნორმები აიძულებს ადამიანს, განახორციელოს გარკვეული ქცევა და შემდეგ ამას მენტალობაში თანდათანობით მოჰყვება ცვლილებები. ასე რომ, შესაძლოა ბევრ ადამიანს სამომავლოდ აღარც დასჭირდეს კანონის რეგულაცია და თავისით თქვან უარი თამბაქოს მოწევაზე. მარტო ახლა კი არა, 2004-2005 წლებშიც პირველად გაჟღერდა ამის შესახებ. თანაც, როდესაც დასავლური ტიპის სახელმწიფოდ გახდომის პრეტენზია გვაქვს, აქ მთავარია ადამიანის უფლებები, ჯანმრთელობის დაცვა. ვალდებულნიც ვართ, გვქონდეს ისეთი კანონმდებლობა, რომელიც მაქსიმალურად შეზღუდავს თამბაქოს მოხმარებას, განსაკუთრებით, საზოგადებრივი თავშეყრის ადგილებში.

პირველი ნაბიჯი თავიდანვე გადაიდგა, როდესაც სკოლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში აიკრძალა თამბაქოს მოწევა. იმავე აქტებით აკრძალული იყო თამბაქოს მოწევა სახელმწიფო დაწესებულებებში, მაგრამ ამ წესს არავინ იცავდა. კიბის უჯრედის გამოყოფა და სპეციალური ოთახის მოწყობა არ იყო ამ პრობლემის გადაწყვეტის გზა, რადგან თამბაქოს სუნი მაინც ტრიალებდა შენობაში და უარყოფით გავლენას ახდენდა ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამიტომ დავინტერესდი ამ კანონის სამართლებრივი ინიცირებით.

იმ პერიოდში ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახლდით, შემდეგ გადავედი ევროინტეგრაციის კომიტეტში. ასე რომ, ჯანდაცვის კომიტეტთან დარჩა ეს საკითხი, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ თამბაქოს ინდუსტრია საკმაოდ მძლავრია საქართველოში და, ზოგადად, ყველა ქვეყანაში, ისინი  ლობისტურ ქმედებებს იყენებენ თავის სასარგებლოდ. ამიტომაც გაჭიანურდა ამ კანონპროექტის მიღება. შემდეგ თამბაქოს ალიანსის წარმომადგენლებმა ისევ მომმართეს და მე მოვახდინე  ინიცირება.

ამ კანონპროექტით, უფრო დაკონკრეტდა და დაზუსტდა შენობის ჩამონათვალი, სადაც მოწევა დასაშვებია. საუბარია ღია ტიპის დაწესებულებაზე. რესტორანს შეიძლება ჰქონდეს აივანი და სხვა, რომელიც გამჭოლია და აქ შეიძლება დავუშვათ სიგარეტის მოწევა. თბილისში უკვე გაჩნდა პროგრესული დაწესებულებები, სადაც შიგნით არ ეწევიან, მაგრამ გარეთ ამ მიზნით გამოყოფილია სპეციალური ადგილები. ჩვენ გვინდა, ეს არ იყოს მხოლოდ რესტორნის ადმინისტრაციის სურვილზე დამოკიდებული, არამედ მათ უკან უნდა იდგეს  კანონი, რომელიც მათ აიძულებს, დაიცვან წესები. სხვათა შორის, 2013 წელს შეიქმნა სამთავრობო კომისია, ბატონი ბიძინა ივანიშვილის  ხელმძღვანელობით, რომელსაც უნდა ემუშავა ამ საკითხზე და ერთი-ორი სხდომის მერე ვეღარ გაგრძელდა მუშაობა. საკანონმდებლო ინიციატივაში ჩავდეთ ტერმინი „აღმასრულებელი ორგანო“.

ქაღალდზე კი იყო დაწერილი, რომ თამბაქოს მოწევისთვის უნდა გადაეხადათ ჯარიმა 5 თუ 10 ლარის ოდენობით, მაგრამ არავინ იყო ამის აღმსრულებელი. ახლა მოვითხოვთ ამის აღსრულებას. მთავრობასთან ერთად ვიმუშავეთ ამ საკითხზე. მათი შენიშვნებიც გავითვალისწინეთ. მნიშვნელობა არ აქვს, შს სამინისტრო იქნება, ფინანსთა, ჯანდაცვის სამინისტრო თუ სპეციალური ორგანო, რომელიც ამ კანონის აღსრულებას უზრუნველყოფს. ძირითადი პუნქტების აღსრულება გადავიტანეთ 2018 წლის იანვრიდან. ამიტომ 2017  წლის განმავლობაში ვიმუშავებთ იმაზე, რომ გამოიკვეთოს ის ორგანო, ვინც აღასრულებს ჯარიმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, კანონპროექტი მივიღოთ, მაგრამ დარჩეს აღუსრულებელი.

რა ოდენობით განისაზღვრება ჯარიმები?

- ჯარიმები საკმაოდ მაღალია. არის 500, 1000, შეიძლება 2000- ლარიანიც იყოს. 5 და 10-ლარიანი ჯარიმები ნამდვილად აღარ იქნება, რადგან ჯარიმა იმდენი უნდა იყოს, რომ მისი გადახდა გარკვეულ სირთულეს უკავშირდებოდეს და აწუხებდეს დაწესებულების ხელმძღვანელს. რაც მთავარია, აქცენტი გადავიტანეთ დაწესებულებაზე. ინდივიდი კი არ იხდის ჯარიმას, არამედ დაწესებულება, სადაც ხდება კანონის დარღვევა. ეს უფრო ეფექტურია და თვითონ დაწესებულების ხელმძღვანელი გააფრთხილებს თავის კლიენტს, არ მოსწიონ, რადგან ამისთვის ჯარიმის გადახდა მოუწევთ. როგორც მძღოლი აფრთხილებს მგზავრს, თუ არ გადაიკრავს ღვედს, მაშინ მძღოლი დაჯარიმდება.

პერიოდულად ვრცელდება საგანგაშო მონაცემები, რომ საქართველოში 11 ათასი დაღუპულიდან 3 ათასი პასიური მწეველობის მსხვერპლია. 11 ათასი საკმაოდ დიდი ციფრია, მაგრამ ისევ მივადექით თამბაქოს ინდუსტრიას, რომელსაც არ სურს ქვეყანაში დაბრუნდეს თამბაქოს ლიცენზირების კანონმდებლობა, რომელიც 2010 წელს გაუქმდა და კონტროლის გარეშე შემოდის თამბაქოს ნაწარმი საქართველოში. ამდენად, არ ვიცით თამბაქოს ქიმიურ დანამატთა შემცველობა.

- სხვათა შორის, კანონში ისიც დევს, რომ მათ ვალდებულება აქვთ, წარადგინონ, რა შემადგენლობა აქვს თამბაქოს ნაწარმს. გარდა ამისა, ჯერ ვერ შევთანხმდით, მაგრამ პიქტოგრამა უნდა იყოს დიდი ასოებით, რათა ყველამ წაიკითხოს, რამდენად მავნებელია თამბაქო. ბილბორდებზე აღარ უნდა იყოს თამბაქოს რეკლამები.  სიგარეტის ამხელა რეკლამა როცა გადის და ქვევით უწერია „ჯანმრთელობისთვის საშიშია“, ეს სასაცილოა. უნდა დავემსგავსოთ იმ ქვეყნებს, რომლებმაც თამბაქოს მოწევა მინიმუმამდე დაიყვანეს. განსაკუთრებით, ეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს ეხება.

მაინტერესებს ე.წ. ლობისტების თაობაზეც. თავის დროზე საუბრობდნენ, რომ კავკასიაში იაპონური თამბაქოს წარმოების საკომუნიკაციო დირექტორი ყოფილი პრემიერის - ნიკა გილაურის თანაშემწე იყო და მთავრობასა და პარლამენტში ის ლობირებდა ამ საკითხს. იმედი გაქვთ, რომ დღევანდელი მთავრობისგან დადებითი მუხტი წამოვა?

- თუ არ ვცდები, ახლა სავაჭრო პალატაშია ეს კაცი. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ შევიტანეთ და დავარეგისტრირეთ თუ არა ეს კანონპროექტი, მეორე დღესვე დამირეკა თამბაქოს ინდუსტრიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა და დიდ დისკუსიაში ჩავებით, რომ თურმე შემცირდება შემოსავლები. დარგობრივმა კომიტეტმა როგორც კი დანიშნა სხდომა, პარლამენტის წევრებზე მეტნი იყვნენ თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები. ისინი ამტკიცებდნენ, რომ კი, ეს უნდა გაკეთდეს, მაგრამ რა გვეჩქარება, ევროდირექტივა მაინცდამაინც გაისად არ მოითხოვს ამის გაკეთებას. ჩემი არგუმენტი ის იყო, რომ სულ რომ არაფერი მოითხოვოს ევროდირექტივამ, ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა უნდა დავიცვათ. მარტო ევროდირექტივისთვის არ გვჭირდება  თამბაქოს შესახებ კანონმდებლობა, არამედ საკუთარი მოსახლეობისთვის, თამბაქოსგან თავისუფალი გარემოსთვის.    

თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ასეთი შეზღუდვით, პირიქით, უფრო მოიმატებს მწეველთა რიცხვი.

- თუ მოიმატებს, უნდა უხაროდეთ მაგათ, რომ ასეთი კანონი შემომაქვს და ტაშს მიკრავდნენ. საერთაშორისო გამოკვლევებით ცნობილია, რომ რეგულაციების გამკაცრების შედეგად ბევრი არა, მაგრამ დაახლოებით 1-დან 2 %-მდე იკლებს თამბაქოს მწეველთა რიცხვი ყოველწლიურად. ამის გულის წვა აქვთ მაგათ. 

მათი არგუმენტი ისიცაა, რომ ეს კანონი ხისტია და არ არის გათვლილი ბიზნესრისკებზე, ანუ რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი და სავაჭრო წერტილი უბრალოდ დაიხურება. ასევე, ფიქრობენ, რომ, მართალია, კანონმდებლობით კაფეებსა და ბარებში მოწევა არსებული ტერიტორიის 50 %-ზე იზღუდება, მაგრამ არ ჩანს, როგორ მოხდება ამის აღსრულება.

- მანამდე მოთხოვნა იყო, რომ მწეველებისთვის უნდა გამოეყოთ ტერიტორიის არანაკლებ 20 %-ისა, თუმცა ეს „ოსტატურად“ გააკეთეს. მაგიდებზე ერთ კუთხეში დადეს საფერფლეები და მეორე კუთხეში არ დადეს. ამით მიანიშნეს, რომ ერთი ადგილი განკუთვნილია მწეველებისთვის, მეორე - არამწეველებისთვის. თუმცა ეს ბლეფი და თავის მოტყუებაა, რადგან თამბაქოს კვამლი ყველა მაგიდას ერთნაირად ეფინება. ლაპარაკი იყო იმაზეც, რომ უნდა გამოყოფილიყო ადგილები, როგორც ეს აეროპორტებშია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არათანაბარ ვითარებაში იქნებოდნენ პატარა კაფეების და დიდი რესტორნების მფლობელები.

პატარა კაფეს ამისთვის დიდი ხარჯი სჭირდება და მეტი ადგილი ეკარგება. ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ  დახურულ შენობაში საერთოდ აიკრძალოს სიგარეტის მოწევა. ცალკეულ კაფესა და რესტორანში ეს წესი უკვე დანერგეს და, გამოკითხვის შედეგებით, მნიშვნელოვნად არსად არ შემცირებულა კლიენტთა ნაკადი. არიან ადამიანები, რომლებიც ზუსტად იმიტომ ვერ დადიან ასეთ დაწესებულებებში, რომ არ სურთ თამბაქოს კვამლში ჩაეფლონ.

ტურისტებისთვის ეს მიზანშეწონილია, რადგან ტურისტთა უმრავლესობა არამწეველი, წინ წასული, განვითარებული ქვეყნიდან მოდის. სხვათა შორის, თვით რუსეთსა და თურქეთშიც აკრძალულია თამბაქო. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა ამ ქვეყნებმა ხისტად აკრძალეს. ბევრმა ტურისტმა შემომჩივლა, რომ თბილისში, ბაკურიანში და სხვა ადგილებში ვერ ნახა ისეთი ადგილი, სადაც ცოლ-შვილთან ერთად ისადილებდა თამბაქოს კვამლის გარეშე.

რაც შეეხება სამუშაო ადგილების შემცირებას, თუკი ბიუჯეტი რაღაცას იგებს, სამაგიეროდ, იგივე ბიუჯეტი აგებს ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, რადგან ამ ადამიანებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უფინანსდებათ მკურნალობა. ამიტომ რომ შევადაროთ, რა მოგება გვაქვს თამბაქოს ინდუსტრიიდან ბიუჯეტში და რა წაგება გვაქვს თამბაქოთი დაავადებულ ადამიანთა მკურნალობის გამო, გაცილებით მეტი დისბალანსი გამოვა. ჯანდაცვაზე უფრო მეტი იხარჯება. შესაძლოა, ვიღაცის ჯიბეს მოაკლდეს რაღაც, მაგრამ, დამიჯერეთ, ისინი წაგებაში არ იქნებიან. არ შეიძლება, თამბაქოს ინდუსტრიიდან ბიუჯეტში შენატანი უფრო მაღალი იყოს, ვიდრე სხვა დარგებიდან. ეს ქვეყნისთვის უხერხულია.  

საქართველოში თამბაქოს ღირებულება 25 %-ით აღემატება  სომხეთში არსებულ ფასებს. საუბრობენ იმაზეც, რომ შესაძლოა, ერთი კოლოფი სიგარეტი ათი ლარი გახდეს. ეს ხომ არ გამოიწვევს კონტრაბანდული თამბაქოს შემოდინებას  საქართველოში?

- ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ აქციზი თანდათანობით  გავზარდოთ და ევროპულ ფასებს ოდესღაც მაინც გავუთანაბროთ. მართალია, სომხეთში სიგარეტზე 25%-ით დაბალი ფასია, მაგრამ კონტრაბანდის გაზრდას სხვა  მიზეზები აქვს. თუკი სასაზღვრო სამსახური კარგად მუშაობს, ვერანაირი კონტრაბანდა ვერ შემოვა. შესაძლოა, ხუთი კოლოფი ვიღაცამ შემოიტანოს, მაგრამ ბაზარზე ეს არ აისახება.