რუსეთ-საქართველოს ომზე და მიხეილ სააკაშვილის შეცდომებზე საუბრობს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორი, დენიელ ფრიდი. როგორც მან „ამერიკის ხმის“ ქართულ სამსახურთან ინტერვიუში აღნიშნა, სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა, როცა ჯარს საომარი მოქმედების დაწყება უბრძანა. თუმცა, აქვე აცხადებს, რომ რუსები ყველაფერს აკეთებდნენ ქართველების პროვოკაციაზე წამოსაგებად.
„ჩემი აზრით, ქართველები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთისთვის პრობლემების შექმნას ცდილობდნენ, მაგრამ ეს ხომ მათი ტერიტორიაა. სააკაშვილის აგრესიულობას რაც შეეხება, ვფიქრობ ეს მცდარი არგუმენტია, მაგრამ ასევე მიმაჩნია, რომ ის არასწორი იყო, როცა ჯარით შევიდა. ეუთო-ს ანგარიში, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს იმაში, რომ რუსეთის პროვოკაციას წამოეგო, სწორია. იმის თქმა, რომ სააკაშვილი აგრესიული იყო, რუსეთს ომის დაწყების პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.
მახსოვს, იყო საუბარი იმაზე, რომ ამერიკამ, თითქოსდა სააკაშვილს საიდუმლო მწვანე შუქი აუნთო. მე პირადად ვიყავი ოთახში, როცა კონდოლიზა რაისმა სააკაშვილს უთხრა, რომ სამხედრო ოპერაციის არჩევანი არ გაქვს და თავი ნუ მოგაქვს ისე, თითქოს ეს გაქვს. მას ჩვენგან მკაფიო წითელი შუქი ჰქონდა სამხედრო ოპერაციაზე. მათ საჭროდ ჩათვალეს ჩვენთვის არ მოესმინათ და ამისთვის საზღაური მიიღეს“, - აცხადებს დენიელ ფრიდი.
ამავე ინტერვიუში ფრიდი აცხადებს, რომ ამერიკა საქართველოს რუსეთს არ შეწირავს. მისივე თქმით, აშშ-ის მცდელობა რუსეთთან ურთიერთოების გადატვირთვისა, შეცდომა არ არის, შეცდომა ის იქნებოდა, სხვა სუვერენული ქვეყნების ინტერესები რუსეთთან ურთიერთობაზე რომ გაეცვალათ.
„ეს შეცდომა ჩვენ არ დაგვიშვია. მაგალითად, რუსეთს პოლონეთი და ბალტიისპირეთი არ შევთავაზეთ. უკრაინა და საქართველო კარგ ურთიერთობებში არ გავცვალეთ. ჩვენ რუსეთს ვუთხარით, რომ მათთან თანამშრომლობა გვინდა საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენს ინტერესებს, ჩვენ ღირებულებებს და სხვა ხალხების ინტერესებს მოსკოვთან ურთიერთობას არ შევწირავთ“, - განაცხადა დენიელ ფრიდმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის განცხადებას აფასებენ თბილისში. ექსპერტი სოსო ცინცაძე თვლის, რომ ფრიდის განცხადება არადიპლომატიური და ოფიციალური რიტორიკის ჟანრიდან ამოვარდნილია.
„საქართველო არ არის იმდენად პრინციპული პრობლემა ვაშინგტონისთვის, რომ სავაჭრო იყოს. საპირმწონედ ცოტა ტოლფასოვანი მოვლენები უნდა იყოს. დღევანდელ პირობებში ასჯერ უფრო ფასეული რუსეთ-ამარიკის ურთიერთობაა ვაშინგტონისთვის, ვიდრე ქართულ-ამერიკული ურთიერთობა. რა იქნება მომავალში და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ტრამპი მოვიდეს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, მაშინ სულ სხვა რეალობა იქნება.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რადიკალურ ისლამთან ბრძოლაში ამერიკას იმდენად სჭირდება რუსეთი, რომ ჩვენ დიპლომატიურად გვთხოვენ, და ეს თხოვნაზე მეტი იქნება, რომ მეტი ანგარიში გავუწიოთ რუსეთის ინტერესებს. ამით დამთავრდება მთელი ეს ისტორია. მეტი თმენის რესურსი გვმართეს, სხვა არჩევანი საქართველოს არ აქვს. ვაჭრობა მაშინ არის მნიშვნელოვანი, როცა არჩევანი არის, როცა არჩევანი არ გაქვს, უნდა დათანხმდე პირობებს“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხდებს, რომ რუსეთი მთავარ თავისტკივილად რჩება აშშ-ის და მითუმეტეს მაშინ, როდესაც თავად რუსეთი გამჭვირვალედ და გამომწვევად აცხადებს მზადებას სექტემბერში დაგეგმილ სტრატეგიულ წვრთნებთან, „კავკასია 2016“-თან დაკავშირებით.
„მობილიზაციას უკეთებს, როგორც სამხრეთის, ასევე ცენტრალური და დასავალეთის სამხედრო ძალებს, ასევე მზადყოფნაში მოჰყავს ჩრდილოეთის საზღვაო ფლოტი, საჰაერო და კოსმოსური ძალები და სადესანტო ჯარები. სექტემბერში დაგეგმილი ავისმომასწავებელ წვრთნებს სრულიად თავხედურად ჩაატარებს კავკასიის ტერიტორიაზე. ძალაუნებურად, საკუთარ თავზე ჩაფიქრების დრო დაგვიდგა - 8 ოქტომბრისთვის სად იქნება განლაგებული ეს უზარმაზარი რუსული სამხედრო ძალა.
კარგია, როცა დამამშვიდებელ ფარზებს ვისმენთ აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებისგან, მაგრამ ნებისმიერი შფოთი, რომელიც დიდი ალბათობით რუსული ექსპორტის ნაწილია, საქართველოსთვის მხოლოდ სიავის მომასწავებელი იქნება. ამიტომ, უაღრესად გონივრული ნაბიჯები გვაქვს გადასადგემელი, რომ არც პოვოკაციის მსხვერპლი აღმოვჩნდეთ და არც რაიმე უადგილო ყოყლოჩინობით არ აღვაგზნოთ საკუთარი მტერი. სირთულე დიდია და უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოება, ვიდრე საპარლამენტო არჩევნები“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გარდა, დენიელ ფრიდი ამავე ინტერვიუში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერპსექტივაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს მიზნებზე არ უნდა იმოქმედოს იმან, რომ დღეს დასავლეთს რთული პერიოდი აქვს. ფრიდი მიიჩნევს, რომ ნატო-ზე ზეწოლა და დაუყოვნებელი მოთხოვნა, რომ საქართველო ახლავე მიიღოს ალიანსში, უშედეგოდ დამთავრდება, ამიტომ თბილისმა თავის დასუსტების საშუალება არავის უნდა მისცეს და უფრო ხელსაყრელ პერიოდს დაელოდოს.
„თუ საქართველო თვლის, რომ ნატო-სგან მოკლევადიანი მოგების მიღება მისთვის სასარგებლოა, ვფიქრობ, ეს შეცდომა იქნება. საქართველომ გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა დაინახოს საკუთარი თავი - გააძლიეროს ინსტიტუტები, დემოკრატია. საქართველომ ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ ნატო-ს წევრობა მიზნის მისაღწევი საშუალებაა. რა არის მიზანი, რომლის მიღწევაც საქართველოს სურს? ქართველები მეუბნებიან, რომ მათი მიზანი სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებაა, რომელიც ევროპის ნაწილი იქნება. ძალიან კარგი, მაშინ იმუშავეთ ამ მიზანზე ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები დაძაბულობა და ნაპერწკლები გააჩინოთ“, - განაცხადა დენიელ ფრიდმა.
რაც შეეხება ხელსაყრელ პირობებს, სოსო ცინცაძე ამბობს, რომ ხელსაყრელი პირობები თავისით არ ჩნდება, ხელსაყრელ პირობებს ყოველთვის ქმნიან დიპლომატები და პოლიტიკოსები. მისივე თქმით, ჩვენ დიპლომატიური სამსახური არ გაგვაჩნია. გაგვაჩნია მხოლოდ დიპლომატიური უწყება და ჩვენი დიპლომატები მხოლოდ ხელფასის აღებით არიან დაკავებული.
„ხელსაყრელი პირობები ალბათ მაშინ იქნება, თუ პუტინს რამე დაემართება. ჩვენ ოცნებებზე და ფანტაზიებზე ვიყოთ აგებული, დიპლომატია ამაზე ავაგოთ?! მთავარია ის, რომ რუსეთს ცოტა კარტები აეჭრა საქართველოსთან მიმართებაში. რუსეთის გათვლა ასეთი იყო - საქართველო არც მიეღოთ, მაგრამ არც დაეკარგათ. საქართველო სულ ყოფილიყო ჩანგალზე ჩამოკიდებული.
უკანასკნელი გამოკითხვებით, იკლო ნატოში გაწევრიანების მსურველთა მაჩვენებელმა. მართალია კატასტროფილი ვარდნა არ არის, მაგრამ ტენდენციაა და პოლიტიკაში ტენდენცია ძალიან საშიშია. პოლიტიკაში ტენდენცია უფრო მყარია, ვიდრე ვარდნა და ეს ტენდენცია აშინებს ბრიუსელს, არ მსწონს. ამიტომ, ერთ-ერთი მიზეზი სექტემბერში ნატოს გენერალური მდივინს ვიზიტის არის ეს ტენდენცია, მეორე მიზეზი კი, არჩევნები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძემ.
„დარწმუნებული ვარ ჩვენზე უკეთ ვაშინგტონს აქვს გათვლილი, როდის და რა სახის რეაგირება შეიძლება მოხდეს ამ შემთხვევაში რუსეთისგან“, - აცხდებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი, რომელის განცხადებით, საფრთხეებზე, საფრთხის მიმატებას გაათმაგებული თავდაცვის წინაპირობა უნდა უძროდეს.
„საქართველო-ნატოს ურთიერთობების სერიოზული გამაღიზიანებელი ფაქტორი გახლავთ რუსეთი. ძალიან კარგად იცის კრემლმა, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთზე თავდასხმას, მაგრამ ეს პროვოკაციული გამონათქვამები, რომ თითქოსდა რაიმე საფრთხე შეიძლება იყოს რუსეთისთვის საქართველოში განლაგებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, ჩვენგან უპასუხოდ რჩება.
ფაქტია ისიც, რომ ჰაერიდან წამოსული შეტევისას საკუთარი თავის თავდასაცავად რაც უნდა მიგვეღო, სრულად არ მიგვიღია და ამიტომ არის, რომ რუსეთი მშვიდად გრძნობს თავს ამ მიმართულებით. ჩვენ კი, არც გვიფიქრია იმაზე, რა სახის კოალიციები შეიძლება იყოს არა მხოლოდ სამხედრო კუთხით, არამედ ორმხრივ ურთიერთობებში“, - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.