ვახტანგ ჭარაია: პრორუსები საარჩევნო ტრიბუნიდან ყვირიან და ასე ჩანს, თითქოს მომძლავრდნენ

ვახტანგ ჭარაია: პრორუსები საარჩევნო ტრიბუნიდან ყვირიან და ასე ჩანს, თითქოს მომძლავრდნენ

ცალკეულ ექსპერტთა მოსაზრებით, სწორედ 2016 წლის არჩევნები გამოავლენს, ევროპულ არჩევანს უფრო მეტი მომხრე ჰყავს საქართველოში, თუ რუსულს. სულ ახლახანს საქართველოში პრორუსულად მიჩნეული ძალის- „ცენტრისტების“ მოთოკვა მოხერხდა, მაგრამ დღემდე აქტუალურია კითხვა, ნამდვილად გაძლიერდნენ თუ არა ჩვენს ქვეყანაში პრორუსული ძალები, თუ ეს ყოველი არჩევნების წინ შექმნილი მითია? ამის შესახებ For.ge თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორს ვახტანგ ჭარაიას ესაუბრა.  

- პრორუსულ და პროევროპულ ძალებს შორის არჩევანი საქართველოში ნამდვილად არ არის. საქართველომ უკვე ბევრჯერ, მათ შორის, რეფერენდუმზეც და მის შემდგომაც გამოავლინა პროევროპული მიდრეკილება და სურვილი, იყოს ევროპულ და არა რომელიმე სხვა სივრცეში. შესაბამისად, ორბიტის შეცვლის ვერავითარ საფრთხეს ვერ ვხედავ. თუმცა გასათვალისწინებელია პრორუსული ძალების არსებობა ქვეყნის შიგნით, რაც თავისუფლებასა და დემოკრატიას ნიშნავს და ყველას შეუძლია, სურვილისამებრ გადაწყვიტოს, ვის დაუჭიროს მხარი. იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც დღეს საქართველოშია, ჩემი აზრით, სუფთა ეკონომიკური (და არა მარტო ეკონომიკური) ფაქტორების გათვალისწინებით, გრძელვადიან პერიოდში გადამწყვეტია ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა ევროკავშირთან, რადგან ამით უფრო მეტი პერსპექტივა გვიჩნდება, როგორც ქვეყანას. რუსეთთან ურთიერთობა კი არაპროგნოზირებადია და, პირიქით, შესაძლოა, გრძელვადიან პერიოდში საერთოდ გაუთვალისწინებელი და არაპროგნოზირებადიც იყოს.

ზოგიერთებისთვის სიტყვა „პრორუსულის“ გაგონება აპოკალიფსურია, თუმცა გიორგი მარგველაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს პარლამენტში პრორუსული ძალები მოხვდნენ და იგი ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს, თუკი ეს ჩვენი მოქალაქეების სურვილით მოხდება.

- შესაძლოა, პრორუსულმა ძალებმა პარლამენტში მართლაც შეაღწიონ, თუმცა მათი წონა ვერ იქნება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის. ისინი ხელის შეშლას ვერ შეძლებენ. ვიმეორებ, თვით ის ფაქტი, რომ პრორუსული ძალები შეიძლება აღმოჩნდნენ პარლამენტში ჩემთვის მიუღებელია, რადგან რუსეთთან გრძელვადიანი თანამშომლობა არანაირი პერსპექტივის მომცემი არ არის ქვეყნისთვის, მაშინ როცა ევროკავშირთან ურთიერთობა ბევრად უფრო მეტი სარგებლის მომტანია.

ერთ-ერთი ექსპერტი ჩვენთან საუბრისას მოსწრებულად აღნიშნავდა, რომ ლამის რწმენის საკითხად იქცა პრორუსები ვართ, თუ პროევროპელები. ამ თემას სპეკულაციის მიზნით ხშირად იყენებენ ნაციონალები. ნიკოლოზ  ვაშაკიძე და სხვები ამბობენ, რომ პრორუსული ძალები ოკუპანტთან და აგრესორთან კოლაბორაციონიზმში მყოფი დამნაშავე პირები არიან. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს თემატიკა შესანიშნავი თავშესაფარია იმ ძალებისთვის, რომლებიც თავადაც იყვნენ შემჩნეულნი რუსებთან ალიანსში? რამდენად აქვთ ნაციონალებს სხვების დადანაშაულების მორალური უფლება პრორუსულობის იარლიყით?

- არ მინდა პოლიტიკაში გადავიჭრა, უფრო ეკონომიკური ანალიზი მინდა გავაკეთო, მაგრამ წინა ხელისუფლებას ნამდვილად არ აქვს იმის მორალური უფლება, რომელიმე სხვა ძალას პრორუსულ ძალებთან თანამშრომლობაში დასდოს ბრალი. საქართველოში ყველაზე მეტი ობიექტი რუსულ კომპანიებზე გასხვისდა სწორედ ნაციონალების ზეობის ხანაში, ყველა სტრატეგიული ობიექტი გადაცემულ იქნა რუსულ კომპანიებზე, თუ პირდაპირ არა, ირიბად კონტროლირებად რუსულ კომპანიებზე მაინც. ელემენტარულად, ღვინის სექტორი რომ ავიღოთ, ღვინის კომპანიების დიდი ნაწილი რუსული კაპიტალის მფლობელობაშია.

ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყოველგვარი მიზეზის გამო უჭერენ მხარს რუსეთთან დაბრუნებას და ეს ნოსტალგია ძირითადად უფროსი ასაკის მოსახლეობაში შეიმჩნევა. ისინი იხსენებენ, თურმე რა კარგად იყვნენ საბჭოთა კავშირში. 2008 წლის აგვისტოს ომისა და სხვა ფაქტორების მიუხედავად, ეს ხალხი მაინც „კარგ დროს“ მისტირის და მაინცდამინც არ აინტერესებს კარგი ეკონომიკური თანამშრომლობა რუსეთთან.  

ნორმალურ ვითარებაში აგვისტოს ომი უნდა გამხდარიყო იმის საპირწონე, რომ ძველ თაობას გაექარწყლებინა ასეთი მძლავრი ნოსტალგია საბჭოთა წარსულის მიმართ. სააკაშვილის ხელისუფლება პიარს არ აკლებდა და აგვისტოს ომის უმძიმეს თემატიკასაც იყენებდა რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების საილუსტრაციოდ. ცხადია, ეს იყო რუსული აგრესია და ამიტომაც გაიხსნა ოკუპაციის მუზეუმი. მაგრამ, ამ ომში უამრავი ქართველი ახალგაზრდის დაღუპვამ რატომ ვერ გადაწონა საბჭოთა ნოსტალგია? ეს ცალკეული ადამიანების ფსიქიკას, მენტალობას უკავშირდება?

 - ალბათ, ეს იმითაა გამოწვეული, რომ ვერც სახელმწიფო, ვერც საზოგადოება და ვერც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ ახერხებს იმ რეალური ღირებულებების ჩვენებას, რაც გააჩნია ევროკავშირს. ჩვენს უფროს თაობაში ევროკავშირი ან თუნდაც დასავლეთი ყოველთვის ასოცირდება გარყვნილებასთან, უფროსის უპატივცემულობასთან და მსგავს ნეგატიურ მოვლენებთან. ისინი ხშირად აპელირებენ, რომ რუსები ერთმორწმუნენი არიან, მაგრამ მიუხედავად ერთმორწუნეობისა, 2008 წელს რუსებს საქართველოში შემოსაჭრელად ხელი არ შეშლიათ. ამის თვალსაჩინო მაგალითია, ლაშა შავდათუაშვილმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი როცა მოიგო, გორში მის პლაკატს საღებავები შეასხეს, რადგან რუსი მექტოქის დამარცხების შემდეგ ოლიმპიადის დროს იგი საქართველოს დროშას შეეხო და ამ ჟესტით რუსებს შეახსენა, რომ ახსოვს ოკუპაცია.  

თუმცა ისიც ფაქტია, რომ ოლიმპიელები როდესაც სამშობლოში დაბრუნდნენ, საკუთარ სოფლებში რუსული სიმღერებით მიეგებნენ.

- დიახ, ასეც იყო. ამიტომ, ჩემი აზრით, თაობათა ცვლილება სანამ არ მოხდება, ერთ რელსზე გადაწყობა შეუძლებელია. ეს კარგი არ არის, რომ მაინცდამაინც ევროკავშირია უკეთესი, ვიდრე რუსეთი, რუსეთსაც აქვს თავისი პლუსები, მაგრამ ის ამ პლუსებს ჩვენთან მიმართებით არ იყენებს, უფრო იყენებს ძალადობის, დაშინების პოლიტიკას. ქართველი ერი ამას რბილად არ მიიღებს, როგორც ეს რუსებს ჰგონიათ. ეს დროის ამბავია, თაობათა ცვლილებას, ალბათ, მოჰყვება ახალი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება.

პოლონეთში დღემდე მძიმედ ახსოვთ კატინში დახვრეტილი პოლონელი ოფიცრები... ჩეხებს ახსოვთ „პრაღის სასაკლაო“, ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში მძლავრად არის შერჩენილი ანტირუსული მუხტი ზუსტად იმის გამო, რომ იქ თავის დროზე სისხლი დაიღვარა და მოხდა რუსების შეჭრა.  ისტორიული მეხსიერება მათ უფრო ხანგრძლივად შემორჩათ, აქ კი აგვისტოს ომიდან სულ მცირე პერიოდია გასული და ისევ რუსებს მისტირიან. ეტყობა, ისეთი მძლავრი იყო საბჭოთა იდეოლოგია, რომ მოწამლა ადამიანები და ეს საქართველოში აუხსნელი მომენტია.

- შესაძლოა, მაგრამ აქ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებმაც ერთი წყობის ფარგლებში იცხოვრეს და თავისი ცხოვრების სამი მეოთხედი საბჭოთა კავშირში გაატარეს. ამის შემდეგ ისინი უცებ ისეთ გარემოში მოხვდნენ, სადაც სამუშაო ადგილის მოძებნა გართულებულია. თუ წინა პერიოდში მათთვის სამსახური სავალდებულო იყო, დღეს უნდა იწვალონ მის ძიებაში და ხშირად ვერც პოულობენ სამსახურს ასაკის ან სპეციფიკური განათლების არქონის გამო. თუნდაც კომპიუტერის, უცხო ენის ცოდნით ძველი თაობა მოიკოჭლებს. უამრავი დისკომფორტი ექმნებათ მათ დღევანდელი წყობის დროს, რასაც ჩვენ, ახალგაზრდები უფრო კონკურენტუნარიან გარემოში ცხოვრებად აღვიქვამთ. ისინი აღიქვამენ, რომ ეს უსამართლობაა.

ანუ ძირითადად პირადმა კეთილდღეობამ გადაწონა ყველაფერი? ალბათ, ეს უფრო ღარიბი ქვეყნების თანმდევი პროცესია. 

- ალბათ, ეგეცაა. პირადი კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანი გახდა და ყველაფერი გადაწონა.

დასაწყისში ვახსენეთ „ნაციონალები“. „ნაციონალებს“ არც დავით უსუფაშვილი ჩამორჩება და იზიარებს იმ აზრს, რომ საქართველოში მომძლავრდნენ პრორუსული ძალები, მათ შორის, ბურჯანაძე და მისი გუნდი. თუმცა ბურჯანაძე თავის დროზეც ესტუმრა პუტინს, ცხრა მაისის სამზადისთან დაკავშირებით აღმოჩნდა „პოკლონნაია გორაზე“, ის ადრეც ჩადიოდა რუსეთში და ეს ახალი არ არის, რომ მომძლავრდნენ პრორუსული ძალები. ამავდროულად, ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველოში უნდა არსებობდნენ ისეთი ძალები, რომლებიც დაელაპარაკებიან რუსებს და ჩინური კედლის აღმართვა არ შეიძლება.

- ამ მოსაზრებასაც ვიზიარებ, რომ არ შეიძლება ასე ხისტი დამოკიდებულება, მორჩა, ჩვენ მეზობლები აღარ ვართ და რუსებთან არანაირი საუბარი არ გვსურს. ის, რომ არჩევნების წინ პრორუსული ძალები უფრო აქტიურად ჩანან, ნამდვილად არ  ნიშნავს იმას, რომ პრორუსული ძალები მოძლიერდნენ საქართველოში. უბრალოდ, ახლა საარჩევნო პერიოდია. მათ აქვთ დაფინანსება, რომელიც უნდა დახარჯონ და ამ დაფინანსების ფარგლებში უშვებენ რეკლამებს ტელევიზიით, გაზეთებში ბეჭდავენ სტატიებს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

უკვე რამდენი არჩევნები ყოფილა და ისინი ყოველ არჩევნებზე უკან-უკან თუ არ მიდიან, ყოველ შემთხვევაში, წინ ჯერ არ წასულან. დარწმუნებული ვარ, არც ეს არჩევნები იქნება რაიმე სიახლის შემომტანი ამ მხრივ. ისინი იმდენივე ან კიდევ უფრო ნაკლებ ხმას აიღებენ, ვიდრე აქამდე იღებდნენ ჯამში. თუმცა საარჩევნო გარემო მათ აძლევთ ტრიბუნის საშუალებას. ეს არის გადამწყვეტი. სხვა დროს მათ ეს ტრიბუნა არ აქვთ. ახლა კი არჩევნების ფარგლებში ამ ტრიბუნიდან ყვირიან და ყვირიან და ასე ჩანს, თითქოს მომძლავრდნენ.

წინასაარჩევნო პერიოდი რა შთაბეჭდილებას ტოვებს თქვენზე? მართალია, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა არ მიმდინარეობს, მაგრამ აშკარაა სტაგნაცია, ზედმეტად მშვიდი, მოუმზადებელი წინასაარჩევნო პერიოდი და ეს არ ჰგავს არც ერთ არჩევნებს.

- ჩემი აზრითაც, ეს არჩევნები ბევრად უფრო მშვიდია და, როგორც აღნიშნეთ, ბრძოლა ძალაუფლების მოსაპოვებლად არ მიმდინარეობს, რადგან მეტ-ნაკლებად განსაზღვრულია, რომ მმართველი ძალა ისევ მოიპოვებს თავის ხმებს და სხვა ოპოზიციური ძალები იბრძოლებენ მეორე-მესამე-მეოთხე ადგილებისთვის. ამას ემატება ისიც, რომ „ქართული ოცნების“ კავშირის დაშლის შემდეგ წარმოიქმნა რამდენიმე პარტია, მათი წევრები მეტ-ნაკლებად იცნობენ ერთმანეთს, ურთიერთობა გააჩნიათ და ერთმანეთისადმი მტრულად არ არიან განწყობილნი, როგორც ეს იყო 2013 წელს „ნაცმოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ სახით. თვითონ საარჩევნო პროცესი საკმაოდ მოუმზადებელია, რადგან ბევრ პოლიტიკურ სუბიექტს ეკონომიკური ხედვა ჯერ არც წარუდგენია.

მე მგონი, არც აქვთ ეკონომიკური ხედვა.

- შესაძლოა, არც ჰქონდეთ. არადა, ნორმალურ და დაწყნარებულ ქვეყნებში ამ ხედვას საარჩევნო წელს კი არ ამზადებენ, არამედ თავიდანვე იცის ხალხმა, ცალკეული პარტია რას სთავაზობს. ამ დროს ჩვენთან არჩევნებამდე ერთი თვე დარჩა და არც კი ვიცით, ესა თუ ის პარტია გადასახედების გაუქმებას აპირებს, ახალი გადასახადების შემოღებას გეგმავს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაძლიერებას უჭერს მხარს, თუ რუსეთთან ურთიერთობის ახალ მექანიზმს მოძებნის ვაჭრობაში.

ფაქტია, პარტიებმა სტარტი ვერ აიღეს. როგორც პროგნოზირებენ, როცა სექტემბრიდან გლეხობა ყანასა და ვენახში გავა, მათ არც სურვილი და არც დრო არ ექნებათ, ამ პარტიების დაპირებებს მოუსმინონ. პოლიტიკური თვალსაზრისით, სექტემბერიც ასეთი სტატიკური იქნება?

- ძალიან კარგიცაა, რომ მოსახლეობა ამაში არ იქნება იმ დოზით ჩართული, როგორც ეს იყო წინა არჩევნების დროს. პირიქით, მოსახლეობა თავის მიმდინარე პრობლემებზე უნდა ფიქრობდეს, ვიდრე ერთი თვით ადრე მსჯელობდეს, რომელი პარტიის გასვლას რა შანსი გააჩნია ქართულ რეალობაში. რაც უფრო ნაკლებად იქნება მოსახლეობა პოლიტიკაში ჩართული და აჟიტირებული, უკეთესია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ამის გამო თავიანთი სტრატეგიის და გრძელვადიანი პერსპექტივის დასახვისგან ხელი აიღონ და არ იცოდნენ, როგორი პოლიტიკური, ეკონომიკური, გეოპოლიტიკური ხედვა ექნებათ და რას განახორციელებენ. ეს ამ პარტიების მინუსია. განვითარებულ ქვეყნებში არჩევნები ჩვეულებრივი მოვლენაა. ისე კი არა, ჩვენთან რომ ყველა, დიდი და პატარა, სკოლის მოსწავლიდან დაწყებული, პენსიონერით დამთავრებული, პოლიტიკაზე საუბრობს. ეს უფრო არანორმალურია.