«ნატო-ში გაწევრიანების მთავარი პირობა არის ერთგულება, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრა»

«ნატო-ში გაწევრიანების მთავარი პირობა არის ერთგულება, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრა»

- ვარშავის სამიტის კომუნიკეს თანახმად, „მოკავშირეები საქართველოს საჰაერო თავდაცვის და საჰაერო მეთვალყურეობისგანვითარებისთვის დახმარებას უზრუნველყოფენ“. შეგიძლიათ, უფრო დეტალურად გვიამბოთ აღნიშნულის შესახებ? 2015 წლის 15 ივნისს კომპანია ThalesRaytheonSystems (TRS)-ის ფრანგული ნაწილის აღმასრულებელმა დირექტორმა ჟერომ ბენდელმა და საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. იქნება თუ არა ეს სისტემები თურქეთში განთავსებული "პატრიოტის" ტიპის ანტისარაკეტო სისტემების მსგავსი და როდის იგეგმება მათი საქართველოში განლაგება?

– ვარშავის სამიტზე მოკავშირეები „ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის“ ფარგლებში მთელ რიგ ახალ ინიციატივაზე შეთანხმდნენ. ერთ–ერთი ასეთი ინიციატივა მოიცავს რჩევებს საქართველოს საჰაერო თავდაცვის და საჰაერო მეთვალყურეობისსისტემების განვითარების შესახებ. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ამ და სხვა ინიციატივებზე. ამასთან, საქართველომ მისი საჰაერო სივრცის მართვისა და დაცვის შესახებ რიგ ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი და ალიანსი რჩევების მიცემის დროს, რა თქმა უნდა, ამ ხელშეკრულებებს გაითვალისწინებს.

 - ნატო-ს “ღია კარის პოლიტიკის” თანახმად, აღნიშნული ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-10 მუხლს ემყარება. ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდება ქვეყნის ალიანსში მიწვევას, ჩრდილოატლანტიკური საბჭო ალიანსის წევრთა კონსენსუსის საფუძველზე იღებს. არც ერთი მესამე ქვეყანა ამგვარი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ მონაწილეობს. მიმდინარე წლის 9 ივლისს საქართველოს შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ თქვენ განაცხადეთ: „ჩვენ ვაღიარეთ ის პროგრესი, რომელსაც საქართველო აღწევს წევრობის გზაზე. ჩვენ ასევე მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებს“. ამასთან, „ღია კარის პოლიტიკის“ შესახებ განცხადებაში, რომელიც ასპირანტი ქვეყნების მიმართ ალიანსის პოზიციას გამოხატავს, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან მიმართებით აღნიშნავენ: „საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად“. თუ ნატო აღიარებს საქართველოს პროგრესს და „არც ერთი მესამე ქვეყანა არ მონაწილეობს ამგვარი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“, მაშინ რა არის საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით ალიანსში კონსენსუსის ვერმიღწევის მიზეზი?

–ჩვენს სამიტზე ვარშავაში მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს „ღია კარის პოლიტიკის“ მიმართ ერთგულება, რომელიც „ვაშინგტონის ხელშეკრულების“ პრინციპებს ეფუძნება და ნატო–ს ერთ–ერთი დიდი წარმატებაა. ნატო–ს კარი ღია რჩება: ალიანსის მიერ მონტენეგროს მოწვევა ამის ნათელი დემონსტრირებაა.

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას, რათა დავეხმაროთ მას რეფორმების განხორციელებაში, თავდაცვითი ინსტიტუტების მშენებლობაში და ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაში, რამდენადაც ქვეყანა ნატოს წევრობაზე მუშაობს. ვარშავის სამიტმა აღიარა ის პროგრესი, რომელსაც საქართველო აღწევს და ჩვენი კომუნიკე კიდევ ერთხელ ნათლად იმეორებს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებებს: საქართველო გახდება ნატო–ს წევრი MAP–თან ერთად, რაც ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია.

ამავდროულად, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, განაგრძოს საჭირო რეფორმების და გადაწყვეტილებების განხორციელება, რათა მოემზადოს წევრობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დიდი პროგრესი იქნა მიღწეული, საქართველოს დემოკრატიული და სამართლებრივი ინსტიტუტების კონსოლიდაციის კუთხით ბევრი სამუშაოა გასაწევი. წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება მთავარი შანსი საქართველოსთვის, კვლავ აჩვენოს პროგრესი, რომელსაც მიაღწია. ეს რეფორმები აუცილებელია, რათა მიღწეულ იქნას ნატო–ს წევრობა, მაგრამ მათი განხორციელების ვალდებულება, უპირველეს ყოვლისა, აღებულია იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა მოუტანოს.

ვარშავაში მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მიმართ ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერა ორივე – პოლიტიკური და პრაქტიკული კუთხით. ჩვენ გავაგრძელებთ საჭირო რესურსებით უზრუნველყოფას „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ განხორციელებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას და შესაბამისად, ქვეყნისთვის წინასწარი დახმარების გაწევას, რათა მოემზადოს წევრობისთვის. „არსებითი პაკეტის“ ფარგლებში ჩვენ ასევე შევთანხმდით დამატებით პრაქტიკულ გზებზე, რათა გავაძლიეროთ ძალისხმევა, მათ შორის - საქართველოს მხარდაჭერა კრიზისის მართვის შესაძლებლობების კუთხით, სწავლებები და წვრთნები, სტრატეგიული კომუნიკაციების გაუმჯობესება და საქართველოსთვის მეტი რჩევების მიცემა სამხედრო სფეროში მთელი რიგი მიმართულებით.

ამ შემოდგომაზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოც ეწვევა საქართველოს, რაც ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის ძლიერი სიგნალია.

საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ნატო–ში გაწევრიანება მათთვის პირდაპირი საფრთხეა: თუ თბილისი ალიანსს შეუერთდება, საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეეცდება. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?

 - ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან, ჩვენ მივესალმებით საქართველოს კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის მოლაპარაკებებში და მის ცალმხრივად აღებულ ვალდებულებას კონფლიქტების მოსაგვარებლად ძალის არგამოყენების შესახებ. ეს ვალდებულება რუსეთმაც უნდა აიღოს. ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან. ნატო არ აღიარებს რუსეთის მიერ ამ რეგიონებთან 2014 წლის ნოემბერში გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას, ასევე ანალოგიურ დოკუმენტს, რომელიც რუსეთმა 2015 წლის მარტში გორც სამხრეთ ოსეთთან გააფორმა. ეს უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

თბილისის ურთიერთობა ალიანსთან და მისი სურვილი, იაროს ნატო–ს წევრობის მიმართულებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს: ნატო-ში გაწევრიანების მთავარი პირობა არის ერთგულება, გადაჭრა კონფლიქტები მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიხედვით. სწორედ ამიტომ ჩვენ მივესალმებით იმ ნაბიჯებს, რომელიც საქართველოს ამ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად აქვს გადადგმული.

– ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა ნატო-სკენ სწრაფვის წლების განმავლობაში მეტი დრო აშშ–ის და ევროპის მიმართ ხვეწნას დაუთმეს, ვიდრე ქვეყნის თავდაცვის განვითარებას. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?

– საქართველომ თავდაცვის სფეროში შთამბეჭდავი რეფორმები გაატარა და დემოკრატია უფრო განავითარა. ჩვენ მივესალმებით ამ პროგრესს და ვაფასებთ საქართველოს მიერ ავღანეთში და „ნატო–ს რეაგირების ძალებში“ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს. ქვეყანამ მნიშვნელოვანი მსხვერპლი გაიღო და წვლილი შეიტანა ჩვენი საერთო უსაფრთხოების დაცვაში, რისთვისაც მადლიერნი ვართ.

მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორებში რეფორმა გაგრძელდეს. ეს არის რთული და შრომატევადი რეფორმები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ბევრი მექანიზმი, რათა დავეხმაროთ საქართველოს მათი სრულად განხორციელების მიღწევაში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს მთავრობასთან, რათა დავეხმაროთ ქვეყანას, გააგრძელოს სვლა ამ მიმართულებით.

ნატო–ს გენერალურმა მდივანმა კითხვებს წერილობით უპასუხა.