„საქართველო ან პირდაპირ, მაპ-ის გარეშე უნდა მიიღონ ნატოში, ან უნდა თქვან, რომ ვერ გვღებულობენ“

„საქართველო ან პირდაპირ, მაპ-ის გარეშე უნდა მიიღონ ნატოში, ან უნდა თქვან, რომ ვერ გვღებულობენ“

ბოლო დროს ხშირად საუბრობენ რეგიონში ახალ სავარაუდო გეოპოლიტიკურ გადანაწილებაზე გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთს თურქეთსა და ირანს საერთო ინტერესები გაუჩნდა. თუმცა ექსპერტი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ვერანაირი გეოპოლიტიკური გადათამაშება ვერ მოხდება, ვინაიდან კავკასიასთან მიმართებაში რუსულ-თურქული თანამშრომლობა სიტუაციურ ხასიათს არ ატარებს, მისივე შეფასებით - „მეც ვიქნები და შენც იყავი“-ს პრინციპი პრაქტიკულად, გამორიცხულია.

სოსო ცინცაძე: ამ შემთხვევაში მხარეთა გეოსტრტატეგიული პოზიციები, ფაქტობრივად, შეუთავსებელია. ერდოღანი აღარ მალავს თავის პან-თურქისტულ პრეტენზიებს; ხოლო რუსეთი, მაქასიმუმი, რასაც შეიძლება დათანხმდეს, ეს კავკასიის ნეიტრალიტეტია. ის ვერ დაუშვებს, რომ მისი ადგილი კავკასიაში სხვამ დაიკავოს - სწორედ ამითია მიმზიდველი უბლოკო სისტემა, რაც გულისხმობს, რომ არც ერთი დიდი სახელმწიფოს სამხედრო ინტერესი არ უნდა დომინირებდეს ამ რეგიონში.

რაც შეეხება ირან-რუსეთის ურთიერთობებს, ეს სიტუაციურ ხასიათს ატარებს - ირანი თანდათანობით გამოდის სანქციების რეჟიმიდან და საბოლოო ჯამში რუსეთი და ირანი ვერასოდეს ვერ იქნებიან სტრატეგიული მოკავშირეები, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ორივეს ერთი და იგივე ნედლეული - ნავთობი აქვს გასაყიდი. ახალი ტექნოლოგიებით კი ვერც ირანი დაიკვეხნის და ვერც რუსეთი.

ამიტომ, როდესაც თანდათანობით იკუმშება მსოფლიოს ენერგეტიკული ბაზარი, გამომდინარე ოპეკის მოქმედებებიდან, ამერიკის ახალი სტრატეგიიდან - ის უკვე ნავთობის ექსპორტს იწყებს - ასეთ ვითარებაში რუსეთი და ირანი ბუნებრივი კონკურენტები იქნებიან.

რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, ამ მომენტში საერთო ინტერესი არსებობს - ირანმა რუსეთს სამხედრო აეროდრომის გამოყენების უფლება მისცა, მაგრამ იმიტომ რომ ირანი შიიტურია, ისლამური სახელმწიფო კი - სუნიტური. როგორც კი ისლამური სახელმწიფოს პრობლემა გადაწყდება, ალბათ ე.წ. სტრატეგიული თანამშრომლობაც დასრულდება.

ჩვენგან განსხვავებით ირანელებს კარგი მეხსიერება აქვთ - დაახლოებით ნახევარი საუკუნეა გასული იმ დროიდან, როდესაც რუსეთი ცდილობდა ტერიტორია ჩამოეჭრა ირანისთვის და აზერბაიჯანისთვის მიეერთებინა თავის 18-მილიონიანი მოსახლეობით.

ამდენად, ეს სამკუთხედი - თურქეთი-ირანი-რუსეთი - დროებითია. რაც შეეხება შორსმიმავალ გეგმებს ამისთვის ორგანული საფუძველი არ არსებობს. რუსეთისა და თურქეთის, რუსეთისა და ირანის ინტერესები ყოველთვის გადაიკვეთება რომელიმე რეგიონში და იქნება სიტუაციური დათბობა. მაგალითად, ერდოღანის პეტერბურგში ჩასვლა განაპირობა ევროპასთან თურქეთის ურთიერთობის გამწვავებამ.

სხვათა შორის, ამერიკაზეც განაწყენებულია თურქეთი, გიულენის გადაცემას ითხოვს...

- ეს გამორიცხულია! არსებობს ამერიკელი ექსპერტების დასკვნა, რომ მას უკურნებელი სენი სჭირს და 80 წელს მიღწეულ ბერიკაცს აშშ თურქეთს არ გადასცემს სიკვდილით დასასჯელად.

რაც შეეხება რუსეთს, პუტინი დღეს თეთრ ცხენზეა ამხედრებული რადგან ის სჭირდება თურქეთს, ირანს, ევროპას და ამერიკას ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად.

რამდენიმე დღის წინ თურექთი შეიჭრა სირიაში... ესეც თურქულ რუსული მოლაპარაკების შედეგი შეიძლება იყოს?

- თურქეთს რუსეთის დახმარება არ სჭირდება - მას აწყობს რუსეთის ნეიტრალიტეტი. თურქეთის თავისტკივილი ქურთული მოსახლეობაა. 15 მილიონზე მეტი ქურთი ცხოვრობს თურქეთში, თანაც, მეომარი ხალხი. გგონიათ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სირიელები ომობენ? - ძირითადად ქურთები ომობენ. როგორც ჩანს, პეტერბურგში მოხდა რაღაც შეთანხმება, საზღვრისპირა ტეროტორიებთან დაკავშირებით.

თუმცა საზღვრისპირა რეგიონებში ტერაქტები უკვე პერმანენტულ ხასიათს იღებს...

- რაც მეტ სადამსჯელო ოპერაციებს ჩაატარებს ერდოღანი თურქეთის საზღვრებს გარეთ, მით უფრო გააქტიურდება ქურთების მოქმედება. ეს ისეთი პრობლემაა, რომლის გადაჭრის პერსპექტივაც ძალზე ბუნდოვანია. ხომ არ შეიძლება 15 მილიონი ადამიანი სამშობლოს გარეშე იყოს? თუმცა ისრაელი უფრო შეეგუება პალესტინის დამოუკიდებლობას, ვიდრე თურქეთი ქურთების ავტონომიას.

თქვენც აღნიშნეთ, რომ პუტინი დღეს თეთრ ცხენზეა ამხედრებული და ის ყველას სჭირდება. საქართველოში მოახლოებულ არჩევნებთან ერთად სულ უფრო ხშირად ისმის საუბრები რუსეთის გავლენის გაზრდასთან დაკავშირებით. რეგიონში შექმნილი მდგომარეობა რამდენად უწყობს ხელს საქართველოში რუსული გავლენის გაზრდას?

- ეს პირველი არჩევნებია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხი. ადრე მთავარი იყო უმუშევრობა თუ სოციალური პრობლემები.

ნახეთ, რა მოხდა - უცებ გამოჩნდა რამდენიმე პოლიტიკური ძალა, რომელიც ითხოვს რუსულ პენსიებს, რუსეთის მოქალაქეობას, რუსეთის სამხედრო ბაზების ლეგიტიმაციას დანარჩენ საქრთველოში.

ვის გულისხმობთ?

-კვარაცხელიას, ბედუკაძეს - ორი პარტია საკმარისი არ არის? - ეს უკვე სიახლეა და თანაც, ბევრი რამის მომასწავებელი. ამ დროს, ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ სიახლეს თან არ ახლავს აკადემიური, საუნივრესიტეტო წრეების აქტიურობა. არ მიმდინარებს სამეცნიერო განხილვები.

მომავალი თვის დასაწყისში ჩამოდის ნატოს გენეტალური მდივანი. როგორ ფიქრობთ, ამ გაქანებული შვებულების პერიოდში რა უნდა საქართველოში?! ჩამოდის იმიტომ, რომ ნახეს - საქართველო, რომელსაც საკენკით კვებავდა წლების განმავლობაში ბრიუსელი, ამ საკენკს აღარ კენკავს და თხოულობს უფრო სერიოზულ მიდგომას.

საქართველო ან პირდაპირ, მაპ-ის გარეშე უნდა მიიღონ ნატოში, ან უნდა თქვან, რომ ვერ გვღებულობენ - დღეს ასეთი რეალობაა. შესაძლოა, ნატოს გენერალურ მდივანსაც  ჰქონდეს კითხვები საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციასთან, ვინაიდან ასეთი აჭრილი წინასაარჩევნო ვითარება საქართველოში არასდროს ყოფილა.

აქამდე იყო ერთი მონსტრი - მმართველი პარტია, რომლის გამარჯვებაშიც ეჭვი არავის ეპარებოდა; ჰყავდა სატელიტი პარტიები რომლებსაც იგივე მმართველი პარტია აფინანსებდა, რათა გამოჩერნილიყო რომ მრავალპარტიული სისტემა არსებობდა.

დღეს უკვე რეალურად მრავალპარტიული სისტემაა თანამედროვე სტანდარტებით - მოსყიდვებით, გადაბირებებით - კლასიკური მაგალითებიც სახეზე გვაქვს; 10-20 წლის შემდეგ ძალიან საინტერესო შეფასებას მიიღებდა მაგალითად „გირჩი“ - როგორ გაიყიდნენ, რამდენად, როგორ გაიტანეს საკუთარი თავი აუქციონზე და ა.შ. ახლა უკვე ღია ვაჭრობა მიდის პოლიტიკაში.

საკმაოდ საინტერესოა ერთი ფაქტი - რუსეთმა სკუთარი ჯარის მზადყოფნის შემოწმების ფარგლებში საკუთარი ხომალდები გაიყვანა კასპიისა და შავ ზღვაში, ცხინვალის სამხედრო ბაზა სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და ა.შ. ეს ნიშნავს თუ არა, რომ შესაძლებელია რუსეთი შეეცადოს საქართველოს მორიგ პროვიკაციაზე წამოგებას? შეიძლება ტერაქტებით ან მსგავსი ქმედებებით არჩევნებზე გავლენის მოხდებას შეეცადოს?

- რუსეთი ნელ-ნელა, ბწკენა-ბწკენით შეახსენებს თავს ქართულ საზოგადოებასაც და ხელისუფლებასაც, რომ დროულად მიიღოს ქართულმა მხარემ რაღაც გადაწყვეტილება. რუსები ხშირად ამბობენ, რომ ჩვენ ისე ვექცევით რუსეთს, როგორც ნატო ექცევა საქართველოს - ანუ დაპირებების რეჟიმში ვართ.

გაიხსენეთ, რაც მოხდა ორი-სამი დღის წინ - გგონიათ რუსეთს ქერის მოსავალი გაუჭირდა და ჩვენი ყანებიდან ამიტომ წაიღო მარცვლეული? ეს იყო მესიჯი, რომელიც აგრესიად ვერ ჩაითვლება. მაგრამ საიმტერესო ის არის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამაც „სოლომონის გადაწყვეტილება“ მიიღო - ის კი არ თქვა, ეს აღარ განმეორდებაო - ზარალს ჩვენ აგინაზღაურებთო.

ყველა პროგნოზით, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, რომელსაც თავისი საგარეო ვექტორი დეკლარირებული აქვს. ასეთ შემთხვევაში საგარეო ვექტორის ცვლილებაზე როგორ უნდა ვისაუბროთ?

- ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორი ძალთა თანაფარდობა ჩამოყალიბდება ახალ პარლამენტში. ექნება „ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციური უმრავლესობა თუ არა. კითხვებს ბადებს ისიც, რატომ ხდება პარლამენტი მიზიდველი მომღერლებისთვის, კომპოზიტორების ან გაურკვეველი პროფესიის ადამიანებისთვის, რა უნდა შემოგვთავაზონ მათ? რისთვის არიან საჭირო პარლამენტში?!

ასევე ბევრი რამ არის დამოკიდებული გარე მოთამაშეების აქტიურობაზე - მოიცლის საქართველოსთვის ევროპა? რითი დამთავრდება ევროპაში ისლამიზააციის რენესანსი? როგორი იქნება აშშ-ს არჩევნების შედეგები - ამერიკელი ჟირინოვსკი, ტრამპი მოვა ხელისუფლებაში თუ შედარებით ზომიერი ჰილარი კლინტონი?

არ ვიცით, რა მოხდება, როგორ გადალაგდება სიტუაცია, როგორ აიჭრება კარტები - ისიც კი არ არის გამორიცხული, საკითხი ისე დადგეს, როგორც ორი-სამი საუკუნის წინ  და ერთმორწმუნეობის საკითხმა წამოიწიოს, ოღონდ სუვერენიტეტის სრული შენარჩუნებით.

ძალზე საშიში პროცესები მიდის მსოფლიოში, თითქოს ნატოშია ხსნა, მაგრამ ნატო არ გვღებულობს - რუსეთის აზრს ითვალისწინებს; მაგრამ ერთ დღეს თუ რუსეთისგან საფრთხე აღარ იქნება, საინტერესოა, მაშინ ნატო რაღაში დაგვჭირდება?!