ნაციონალებს კვლავ ნომერ პირველ დავით ბაქრაძესთან ერთად მთლად მიხეილ სააკაშვილი არა, მაგრამ ოქტომბრის არჩევნებისკენ მისი მეორე ნახევარი გაუძღვება. სადამდე მიიყვანს ეს გზა ნაციონალებს, სავარაუდოდ, პროგნოზირებადია, მაგრამ როგორც მათ სწამთ, სანდრა რულოვსის სიის ათეულში ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან “ეს არის ჩვენი განაცხადი გამარჯვებაზე“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ პარტიის საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენისას განაცხადა.
სანდრა რულოვსი ზუგდიდის მაჟორიტარობის გარდა იქნება საარჩევნო სიის მეორე ნომერიც და არაძალადობის პირობაც უკვე დადო. რას მოუტანს ნაციონალებს რულოვსის სახით გაკეთებული „განაცხადი გამარჯვებაზე“ და უჩნდებათ თუ არა დამატებითი შანსები 8 ოქტომბრისთვის, ამ თემაზე ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.
სააკაშვილის მეუღლის სიაში ჩასმა შეიძლება იყოს ნაციონალების მთავარი კოზირი თუ კიდევ შეიძლება რაიმე ჰქონდეთ შემონახული? რამდენად ძლერი სვლაა რულოვსის პოლიტიკაში შემოყვანა?
- ძლიერი სვლის კუთხით შეიძლება კამათი, რადგან ფაქტია, რომ ის ფიგურირებს არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც პოლიტიკოსის ცოლი. გათვლა არის გარკვეულ სენტიმენტებზე და არა იმაზე, რაზედაც თვითონვე კრიტიკულები არიან ნაციონალები. ერთ-ერთი პრეტენზია, რაც „ქართული ოცნების“ მიმართ ჰქონდათ, იყო ის, რომ პოლიტიკოსები ნაკლებად არიან სიებშიო.
რულოვსის ასე წამოწევა ფაქტობრივად იგივე კრტიკას იმსახურებს - გამოდის, პოლიტიკოსი უკვე ნაკლებად პატივსაცემია - ასე ჩანს ნაციონალების მხრიდან. მითუმეტეს, მისი ძველი გვარდია ფაქტობრივად, გაქრა მათი რიგებიდან.
ასეთ დამოკიდებულებას აქვს რა თქმა უნდა, გამართლება, რულოვსმაც გამოხატა თავის დაპირებაში, რომ ძალადობას აღარ ექნება ადგილიო.
საერთოდაც ჩანს, ეს დამოკიდებულება ნაციონალებში და რამდენჯერმე გაიელვა ბაქრაძის გამოსვლებშიც, რომ ძალადობაზე უარს ამბობს ეს პარტია. მაგრამ აქ სხვა რამ არის მნიშვნელოვანი - გამოდის, რომ პარტია ბოდიშს იხდის და საბოდიშოდ რომ აქცვს საქმე, ეს ცუდი ნიშანია.
მეორე - ბოდიშს იხდიან და აცხადებენ რომ არ ვიძალადებთო ის პირები, რომლებიც არც მაშინ იყვნენ გადამწყვეტი და არც ახლა არიან და არც მომავალში იქნებიან.
თქვენ ამბობთ რომ გადაწყვეტილების მიმღები კვლავ სხვა ჯგუფი იქნება, საინტერესოა ვინ იქნება ამ გუნდის ლიდერი, სააკშვილი თუ ნაციონალების მეორე ფრთა, რომელსაც ასევე სერიოზული პრეტენზიები აქვს?
- თუ ხელისუფლებამდე მივიდა „ნაციონალური მოძრაობა“, რაშიც ძალიან მეპარება ეჭვი, მერე უკვე მიშასაც ჩამოიყვანენ; იმიტომ, რომ სააკაშვილისთვის უფრო კომფორტულია ის პირობები, სადაც ის პირველი პირია.
მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა შეცვალა კონსტიტუცია, ქართული კანონმდებლობა იძლევა იმის საშუალებას, რომ პრემიერმინისტრად ანუ რეალურ პირველ პირად დაინიშნოს არა არჩევითი პიროვნება, არამედ თუნდაც სხვა ქვეყნის მოქალაქე.
თუ ეს თავის დროზე გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ“, რატომ არ გამოიყენებს „ნაციონალური მოძრაობა“? ფაქტობრივად იდგმება დეკორაცია, რომ სხვა ხალხია „ნაციონალურ მოძრაობაში“ და სხვა ხალხი აპირებს ხელისუფლებში მოსვლას, მაგრამ რეალური მექანიზმები თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ ხასიათი, როდესაც თემას არ მართავდა ის, რომელსაც უნდა ემართა; მაგალითად, სოფლის მეურნეობა - სოფლის მეურნეობის მინისტრს კი არ ეხებოდა, არამედ თავდაცვისა თუ შინაგან საქმეთა მინისტრს.
მოკლედ, ლეგიტიმური თანამდებობების მიმართ „ნაციონალურ მოძრაობას“ სრულიად გულგრილი დამოკიდებულება აქვს, ანუ - სულ არ თვლის ვალდებულად თავს შეასრულოს ის ფუნქციები, რომელიც ეკისრება. ასე რომ, ის სია, რომელიც მას აქვს წარმოდგენილი სააკშვილის მეუღლიანად, არ შეიძლება მივიჩნიოთ იმის გარანტიად, რომ არ აღმოჩნდება ბლეფი; რომ ხელისუფლებაში ისევ ზონდერების მმართველი გუნდი არ მოვა.
მართლაც საინტერესოა, როგორ მოხვდა რულოვსი მეორე ადგილზე, გიგა ბოკერია კი, რომელიც ნაციონალების ნათელ გონებად მიიჩნევა, ბოლოდან - მეორეზე. რა ახსნა შეიძლება მოვუძებნოთ?
- ის ახსნა, რაც ნიშნავს, რომ დათო ბაქრაძე არის პირველი, თანაც მერამდენე არჩევნებში. ნაციონალებს რეალობის გრძნობას ვერ დაუკარგავ, როცა ჭირდებათ, შეუძლიათ, საზოგადოებისთვის მიუღებელი ფიგურები ჩააჩოჩიონ და წამოწიონ საზოგადოებისთვის უფრო მისაღები ადამიანები.
სანდრა რულოვსის გამოჩენაც ამისი ლუსტრაციაა - რულოვსი მოჰყავთ აქ მეორე ნომრად და ზუგდიდში - პირველ ნომრად. ანუ ადამიანი, რომლის მიმართ არანაირი პოლიტიკური დამოკიდებულება არ არის და ძირითადად სენტიმენტებია იმის გამო, რომ ის უცხოელი ქალბატონია.
საზოგადოებისთვის მისაღებობის ლოგიკით ერგო ალბათ ბოკერიასაც მეჩვიდმეტე ადგილი და ესეც ცოტა მაღალია ამ ლოგიკით ბოკერიასთვის.
როგორ შეიძლება მოსახლეობას განუმარტო რომ აქ მიდის ემოციებზე თამაში? მაგალითად, ზუგდილელ მოსახლეობას, რომელსაც სანდრა რულოვსი მეგრულად წაუმღერებს და მოხიბლავს, როგორ უნდა აუხსნა, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური ტრიუკია, რომლის უკან რაღაც სხვა იმალება? გამოდის რომ ნაციონალებისთვის ეს ყველა შემთხვევაში მოგებული პარტიაა...
- დემოკრატია მაგით არის რთული და ამიტომ ჩიოდა ჩერჩილი, ცუდი წყობაა, მაგრამ უკეთესი არ გვაქვსო. ის მოსახლეობის ინტელექტზე ხდება დამოკიდებული. ამომრჩევლის ტვინზეა დამოკიდებული ამ სვლებს მიხვდება და გაშიფრავს თუ არა. თუ არ დაუჯერებს - გამჭრიახი აღმოჩნდება, თუ დაუჯერებს - თავად აღმოჩნდება დაზარალებული. ეს არის დემოკრატიის არსი - სხვას ვერაფერს დააბრალებ.
სამეგრელომ ყველაზე დიდი ზარალი განიცადა სხვა რეგიონებთან შედარებით, ნაციონალებისგან წამების ცენტრები სამეგრელოში იყო და დასკვნებს თუ ვერ გამოიტანენ, როგორც იტყვიან, უკვე მათი ბრალია. ანუ დემოკრატიის ლოზუნგია: თუ ცუდს აირჩევ შენს თავს დააბრალე - ანუ შენს არჩევანზეა ყველაფერი დამოკიდებული,
ბაქრაძე ამბობს, რომ რულოვსის სიაში ჩასმა მათთვის გამარჯვებას ნიშნავს, მაგრამ რეალურად გაზრდის ეს აქცია ნაციონალების მხარდამჭერებს?
- მაინც მგონია რომ სანდრა რულოვსის ფენომენმა წინ სწორედ სამეგრელოსთან დაკავშირებით წამოიწია - თვლიან, რომ ხმებს არ დააკლებს რულოვსი თუ არ მოუმატებს. ამიტომაც აღმოჩნდა მოწინავე პოზიციაზე.
რაც შეეხება რეალურ ხმებს, არ მგონია, გადამწყვეტი იყოს; იმიტომ, რომ ფალსიფიკაციის ბევრ ფაქტს ვნახავთ რადგან ნაციონალებს ეს მანქანა ხელიდან არ გაუშვიათ - დიდი გამოცდილება აქვთ; იქნება კამათი, მაგრამ იქნება რეალური ხმებიც და მეეჭვება, რულოვსის ფაქტორმა გადამწყვეტი როლი შეასრულოს.
ყოველ შემთხვევაში, ნაციონალები 20%-ს თუ მიაღწევენ, მადლობლი უნდა დარჩნენ და ეს ის 20%-ია რის გარშემოც რეალურად ტრიალებს მათი რეიტინგი. ამ ერთი არაპოლიტიკური ფაქტორიდან გამომდინარე, არ მგონია გადამწყვეტი ხმების რაოდენობაზე იყოს ლაპარაკი და პოლიტიკურ რეიტინგებში გადამწყვეტი ცვლილება მოიპოვონ.