რატომ მყარდება ლარი არჩევნების წინ

რატომ მყარდება ლარი არჩევნების წინ

ოთხი არგუმენტი, რომლითაც ლევან კალანდაძე ეკონომიკური სტაგნაციის მითს აბათილებს

საქსტატისინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-ივლისში, ექსპორტის მოცულობა 1 122 000 აშშ დოლარი ანუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12%-ით ნაკლები, იმპორტი კი - 5 426 000 აშშ დოლარი ანუ 25%-ით მეტი. 2016 წლის იანვარ-ივლისში, უარყოფითმა სავაჭრო სალდომ 4 304 000 აშშ დოლარი შეადგინა. ოპოზიციური ფლანგის ეკონომიკის ექსპერტები ყველაფერ ამას ეკონომიკური სტაგნაციით ხსნიან და აცხადებენ, რომ ადგილობრივი წარმოებისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მწირია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს საქართველოში ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, ეროვნული ვალუტა კი მართალია, მცირედით, მაგრამ მაინც გამყარდა. აზრთა სხვადასხვაობა და ციფრებით მანიპულირება პიკს, როგორც წესი, წინასაარჩევნოდ აღწევს ხოლმე, რაც ბუნებრივია, რადგან პოლიტიკური დუღილის ტემპერატურის მატებას, ეკონომიკაში შეთქმულებების თეორიების აღმოჩენა ახლავს. მაინც, რა მდგომარეობაშია ქვეყნის ეკონომიკა? - ,,ვერსიას'' ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე ესაუბრა.
- ბატონო ლევან, საქართველოს ეკონომიკა სტაგნაციაშია? 
- როცა საზოგადოების გარკვეული, მათ შორის, პოლიტიკური ჯგუფები ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ განცხადებებს აკეთებენ და დიაგნოზს სვამენ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეს დიაგნოზი სწორი იყოს. თუ ვამბობთ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაციაა, უპირველეს ყოვლისა, ნება უნდა ვიბოძოთ და ამ სიტყვების განმარტებას გადავხედოთ - რამდენად შეესაბამება დიაგნოზის კონკრეტული სახელდება იმ ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელიც კონკრეტულ ტენდენციებსა და ციფრებშია გამოხატული. სტაგნაცია ეკონომიკური ვარდნაა ანუ მარტივად რომ ვთქვათ, საუბარი ეკონომიკის და, თუ დავაზუსტებთ, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) შემცირებაზეა, რასაც გარკვეული პროცესებიც, მაგალითად, წარმოების მოცულობის მნიშვნელოვანი შემცირება, უმუშევრობის ზრდა და ადგილობრივი ვალუტის მკვეთრი, ნახტომისებრი გაუფასურება უნდა ახლდეს. ამგვარი ტენდენციები კი, საშუალო და გრძელვადიან დროის მონაკვეთებში, არ შეინიშნება! შეგვიძლია ვიკამათოთ, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი რამდენად საკმარისი ან ცოტაა, მაგრამ რეალურად, ეკონომიკური ვარდნა არ გვაქვს. პირიქით, ეკონომიკური ზრდაა და ზრდის ეს მაჩვენებელი მიმდინარე პერიოდში, 3.5%-ია, წლის ბოლოსთვის კი, ყველა პროგნოზით, შეიძლება 4%-მდეც ავიდეს, თუმცა ანალიტიკოსების ნაწილი და, მათ შორის, მეც ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლოს, ეკონომიკური ზრდა 4%-ზე მეტი იქნება. მეორე ტენდენცია, რაც სტაგნაციას უკავშირდება, უმუშევრობის ზრდაა. ქვეყანაში უმუშევრობა არ იზრდება, მაგრამ აქაც შეიძლება ვიკამათოთ, ის შემოსავლები, რაც დასაქმებულ, ან თვითდასაქმებულ მოსახლეობას აქვს, რამდენად საკმარისია. კი ბატონო, შემოსავლები მართლაც დაბალია, მაგრამ დასაქმების მაჩვენებელი, ოფიციალური სტატისტიკით, უმჯობესდება. 
სტაგნაციის მესამე, მნიშვნელოვანი ნიშანი წარმოების მოცულობის ვარდნაა. თუ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს დავეყრდნობით, ბოლო დროს საწარმოთა ბრუნვები პერმანენტულად იზრდება. მართალია, მეორე კვარტალში გარკვეული ჩავარდნა გვქონდა, მაგრამ ტრენდი აღმავალია. სტატისტიკური მონაცემებითვე, ყველა ამ პარამეტრში ზრდა გვაქვს. საბოლოო ჯამში, პრაგმატულ და რაციონალურ მონაცემებზე დაყრდნობით, პოლიტიკურად არაანგაჟირებული და არაპოპულისტური დიაგნოზი რომ დავსვათ, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდაა, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ეს მასშტაბი საკმარისი არაა. ყველას გვინდა, რომ ეკონომიკის ზრდის მეტი და გაცილებით მაღალი მაჩვენებელი იყოს, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაციაა და ყველაფერი გაჩერებულია, თითიდან გამოწოვილი მგონია, რაც წინასაარჩევნოდ გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებსაა მორგებული. 
- ,,საქსტატის'' ოფიციალურ მონაცემებს როგორ ახსნით, რომლითაც 2016 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტის მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა ბოლო დროს ლარი მცირედით გამყარდა? 
- ექსპორტის შემცირება საკმაოდ ბუნებრივი პროცესია: მეორე კვარტლის ბოლოს, იმპორტ-ექსპორტის ურთიერთმიმართება დაბალანსდა, რასაც ტურისტული სეზონის განსაკუთრებული გააქტიურებაც დაემატა და ყველაფერი ეს ლართან დაკავშირებულ ტრენდზე ძალიან ბუნებრივად აისახა. შესაბამისად, ბოლო პერიოდში, ეროვნული ვალუტა მცირედით გაუმჯობესდა და ინფლაციური მოლოდინიც საკმაოდ დაბალია. სხვათა შორის, 23 აგვისტოს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა ანუ ლარის ინტერვენცია განახორციელა, რაც ნიშნავს, რომ ლართან დაკავშირებული მოლოდინი საკმაოდ პოზიტიურია, თუმცა ხაზგასმით ვაცხადებ: ყველაფერი მხოლოდ იმ პოლიტიკაზე კი არ იქნება დამოკიდებული, რაც ქვეყანაში გატარდება, არამედ, იმ გარე ფაქტორებზეც, რაც ჩვენთვის გარკვეულწილად, მაღალ რისკს შეიცავს. ეროვნულ ბანკს საკმაოდ მოზომილი და ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული პოლიტიკა აქვს. მართალია, მყისიერი და ჩქარი ტემპებით ზრდას ვერ ახორციელებს, ვგულისხმობ რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთების შემცირებას, რაც ეკონომიკური ზრდის მასტიმულირებელი ფაქტორია, მაგრამ ქვეყნის მთავარი ბანკის პოლიტიკა სწორი და თანმიმდევრულია. რაც მთავარია, მეჩვენება, რომ ეროვნული ბანკის ეს პოლიტიკა გარკვეული ფიქრისა და დაგეგმილი, წინასწარ განსაზღვრული ღონისძიებების საბოლოო შედეგია. მთავარია, ამ ეტაპზე ეროვნული ვალუტის შოკისებური რყევა გარეფაქტორებმა არ გამოიწვიოს, თორემ მეტ-ნაკლებად, ნორმალურად მივდივართ, ლარს მცურავი კურსი აქვს და იმ ნიშნულს, რა გამოწვევაც არსებობს დროის კონკრეტულ მონაკვეთში, თვითონვე პოულობს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სავალუტო ბაზართან დაკავშირებით, კარგი მოლოდინი უნდა გვქონდეს. იმაზე საუბარი, კურსი რამდენზე ჩამოვა და როგორ დასტაბილურდება, ძნელია, მაგრამ თუ გარეშოკები, პანიკური და აჟიოტაჟური ნიშნები არ იქნება, ხელისუფლებამ ხელოვნური ჩარევისგან, თუნდაც პოლიტიკური მიზნების გათვალისწინებით, თავი უნდა შეიკავოს. 
- ათიოდე დღის წინ, ეკონომიკის ექსპერტმა, ემზარ ჯგერენაიამ ,,ვერსიას'' განუცხადა, რომ საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასი მკვეთრად დავარდა, ვინაიდან ხორბლის მწარმოებელ ქვეყნებში წელს უხვმოსავლიანობაა. სავარაუდოდ, ეს ტენდენცია, სექტემბრის დასაწყისში საქართველოშიც იჩენს თავს და ჯერ ხორბალი, შემდეგ კი პური და სხვა საკვები პროდუქტი გაიაფდება. ასე რომ, ამ კუთხით საგარეო ფაქტორები პოზიტიურია. 
- ამ ტრენდთან დაკავშირებით, აბსოლუტურად გეთანხმებით. აგროსტატისტიკის მიხედვით, 2016 წელი საკმაოდ პოზიტიურია. ფაქტია: ხორბლის ტრენდი მნიშვნელოვნად მცირდება, რასაც სხვადასხვა პირველად და კვების პროდუქტზე ფასდაკლებაც ემატება, თუმცა ერთია, რამდენად აისახება ყველაფერი ეს სამომხმარებლო ფასებზე და ბუნებრივია, აისახება, რადგან საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, იმპორტის გაიაფება კი პირდაპირ ნიშნავს, რომ ჩვენთან შემოსული ნებისმიერი ნედლეული ან უკვე მზა პროდუქტი გაცილებით იაფი იქნება და მეორე - ეს ტენდენცია ფინანსური სტაბილურობის კუთხითაც პოზიტიურ შედეგს მოგვიტანს, რადგან ქვეყნიდან ნაკლები ვალუტა გავა. 
ყველაფერ ამას კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ფაქტორი ემატება და ეს ნავთობის ფასის ვარდნაა, რასაც ასევე, ქვეყნიდან ნაკლები ვალუტის გასვლა მოჰყვება. საბოლოო ჯამში, ნედლეულისა და საწვავის გაიაფება ეკონომიკურ ზრდაზე საკმაოდ პოზიტიურად მოქმედებს, თუმცა ერთი, მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ: იმპორტის გაიაფება მოხმარების ზრდის მასტიმულირებელია. ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე, მნიშვნელოვნად შეგვიმცირდა მოხმარება ანუ ე.წ. ქეშ-აუთი, რასაც ქვეყანაში უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის შემცირება მოჰყვა. იმის გათვალისწინებით, რომ სამომხმარებლო კალათის 70% იმპორტირებულია, მოხმარების ზრდა სწორედ იმპორტულ პროდუქტებზე მოვა. ცხადია, დადებითი მოლოდინი არსებობს, მაგრამ ყველაფერ ამას გარკვეული რისკებიც ახლავს, რაც საგანგაშო არა, მაგრამ ყურადსაღები და გასათვალისწინებელია. 
- წინასაარჩევნოდ მიმოქცევაში ჭარბი რაოდენობის ფული გამოვა, თუმცა ამომრჩევლების მოსყიდვას კი არა, პიარკამპანიის მიზნით დაქირავებული ადამიანების ხელფასებს ვგულისხმობ... 
- დავაზუსტოთ, ეს რა ფულია - რომელსაც ბიუჯეტი სახელმწიფო პროგრამების დასაფინანსებლად გასცემს თუ ის, რომელსაც პარტიები დახარჯავენ? 
- ფული, რომელსაც პოლიტიკური პარტიები და მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატები დახარჯავენ. ბატონო ლევან თქვენი აზრით, ეს საშიში არაა ანუ ლარის კურსი ხომ არ გაუფასურდება? 
- არა, რადგან პარტიებიცა და მაჟორიტარობის კანდიდატებიც ლარს ხარჯავენ. პარტიებს მოთხოვნა ლარზე აქვთ და ეს დადებითი პროცესია, რადგან ლარზე მოთხოვნის ზრდა ეროვნული ვალუტის კურსზე პოზიტიურად აისახება. პარტიებს უცხოეთიდან რამის შემოტანის მოთხოვნა რომ ჰქონდეთ, რისთვისაც დოლარი დასჭირდებათ, ამით დოლარზე მოთხოვნა გაიზრდებოდა და მაშინ ვიტყოდი, ეს რისკის შემცველია-მეთქი. ამ შემთხვევაში კი, პირიქით, პოზიტიური ტენდენციაა: პარტიებს დაფინანსება, შემოწირულობები და ხარჯი ლარში აქვთ, მაგრამ თუ გარკვეულ შემოწირულობებს დოლარში მიიღებენ, ეს კიდევ უფრო უკეთესი იქნება, რადგან უცხოური ვალუტის კონვერტაციას განახორციელებენ, რადგან კანონით, ხარჯი ლარში უნდა გასწიონ. ხარჯთან დაკავშირებით, მხოლოდ თეორიული რისკი არსებობს და ეს საბიუჯეტო ხარჯების ზრდა ანუ გეგმიურზე უფრო მეტის დახარჯვა და მიმოქცევაში ლარის ჭარბი ოდენობით გამოსვლაა, თუმცა ეს მხოლოდ თეორიული რისკია იმიტომ, რომ ფინანსთა სამინისტრო თანმიმდევრულ ხარჯვით პოლიტიკას ატარებს და ჭარბი ფულის ბრუნვაში გაშვების გადაცდომები, პრაქტიკულად, არ აქვს. მეტიც, ფინანსთა მინისტრი პირობას დებს, რომ არჩევნების ჩათვლით, ამ ტრენდს შეინარჩუნებს. როცა პროგნოზირებენ, რომ წინასაარჩევნოდ ლარის კურსი გამყარდება, მხედველობაში სწორედ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის თანმიმდევრულობა და ამ პერიოდში პარტიებისთვის ლარში მოთხოვნის ზრდა აქვთ. შეთქმულების თეორია, ხელისუფლება საარჩევნოდ ლარს გაამყარებსო, თითიდან გამოწოვილია, რადგან ვინც ეკონომიკის თეორიაში მცირედით მაინც ერკვევა, მიხვდება, რომ ლარი ავტომატურად, ბუნებრივ რეჟიმში გამყარდება. 
- თქვენს მიერ ნახსენები თეორიული რისკი ანუ ბიუჯეტის გადახარჯვა რა შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს? 
- ბიუჯეტის მიხედვით, ხარჯები უკვე გაწერილია. მაგალითად, ერთ კვარტალში უნდა დაიხარჯოს გარკვეული ოდენობის თანხა, მაგრამ ამომრჩევლის სიმპატიების მოსაპოვებლად, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებები იყენებენ მეთოდს, როცა წინასაარჩევნოდ, მიმოქცევაში დიდი ოდენობის ფულს უშვებენ. ჭარბ ფულს კი მასშტაბური ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ან ძველი დავალიანებების გასასტუმრებლად ხარჯავენ, თუმცა ეს პრობლემა ანუ ბიუჯეტის გადახარჯვის რისკფაქტორი დღეს არ არსებობს. 
- ბიუჯეტის გადახარჯვის თეორიული რისკი იმითაც არ იზრდება, რომ შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საპარლამენტოს დაემთხვა? 
- არა, რადგან როცა ორი, სხვადასხვა დონის, ფედერალური - საპარლამენტო და ადგილობრივი - მუნიციპალური არჩევნები ერთმანეთს ემთხვევა, ამით საბიუჯეტო ხარჯები მცირდება. სხვათა შორის, ამგვარი არჩევნების დამთხვევა მიღებული პრაქტიკაა, რადგან ასეთ დროს ადმინისტრაციული ხარჯები ერთიანდება. შედეგად, ორი არჩევნების დაფინანსების ნაცვლად, რეალურად, მხოლოდ ერთ არჩევნებს ვაფინანსებთ. სინამდვილეში, მხოლოდ ბიულეტენების დაბეჭდვის ხარჯი გაიზრდება, რაც იმდენად მიზერულია, მისი ზრდა სავალუტო ბაზარზე ვერ აისახება. 
რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციის ხარჯებს, 2016 წლის განმავლობაში, მისი გაცემა უკვე დაწყებულია, ვგულისხმობ, ხელფასებს, რაც სავალუტო ბაზარზე ნეგატიურად არ მოქმედებს. ის ხარჯები, რაც საარჩევნო უბნების მოწყობას, ბიულეტენების ბეჭდვასა და უშუალოდ საარჩევნო კამპანიას უკავშირდება, მინიმალურია და სავალუტო ბაზარზე უარყოფითად არ აისახება.