დიდი მაიმუნური ვირიშვილობა

დიდი მაიმუნური ვირიშვილობა

პოლიტიკურიგაბანძებისანატომია

არ მინდა, ისე გაიგოთ, რომ სათაურში გამოტანილი პერეფრაზით ვინმეს ,,ვუნამიოკებ'' ან რამე მინიშნებას ვაკეთებ. უბრალოდ, ერთი მაღალჩინოსნის მიერ წამოცდენილი სიტყვების ეს კომბინაცია (სხვათა შორის, ამ ბატონმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა) ისე მომეწონა, რომ დაუფიქრებლად შევძახე, აი, რა ზუსტი მიგნებაა, ჩვენი პოლიტიკა ხომ მართლაც, დიდი მაიმუნური ვირიშვილობაა და მეტი არაფერი-მეთქი.
ახლა, უფრო გასაგებად რომ ავხსნა, რისი თქმა და რატომ მინდა, ცოტა სიღრმეში ჩავიდეთ. 
მოკლედ, ისეთი არეული და ჭრელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი, როგორიც დღესაა, თვით 1992 წელსაც არ ყოფილა: მაშინ პოლიტიკაში ჩართულმა თუ პოლიტიკას მიტმასნილმა ადამიანებმა ის მაინც იცოდნენ, ამ ნაბიჯს რატომ და რა მიზნით დგამდნენ. დღეს კი, მათმა აბსოლუტურმა უმეტესობამ, ვისაც თავი, მინიმუმ, ვაცლავ ჰაველი ან, სულაც მარგარეტ ტეტჩერი ჰგონია, დაახლოებითაც არ იცის, რა უნდა. 
დიახ, არცოდნაა, როცა ტიპები პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებულ-გაერთიანებულები არ არიან, რომ უკანვე გამორბიან და ამ ,,გამორბენის'' ახსნას ათასი სისულელით ცდილობენ. 
შე მამაცხონებულო, ეს ოხერი პარტია საპონი ხომ არაა, დაილიოს და მასში გაწევრიანება ვეღარ მოასწრო? ამიტომ, ჯერ კარგად შეისწავლე პროგრამა, პლატფორმა თუ რა ოხრობაც ჰქვია. მერე, აწონ-დაწონე, ყველაფერი ეს შენს მენტალობასთან ახლოს არის თუ არა და მერე დურთე ამ პარტიაში თვი, თორემ ხომ ხედავ, ამ შევარდნა-გავარდნით ისე ,,ბანძდები'', რომ ერთად აღებული შავი და თეთრი არაგვიც ვეღარ გაგრეხცავს. 
ზოგადად, ,,გაბანძება'' თანამედროვე ქართული პოლიტიკური ტრენდია ანუ მაიმუნური ვირიშვილობაა. ახლა, გვარს და სახელს არ დავასახელებ, მაგრამ ,,ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარის'' ამბავია: შეპირდებიან ადამიანს, აქ გნიშნავთ, იქ გნიშნავთო და უცებ, ,,სახაზეინოდ'' გამზადებული კაცი პირში ჩალაგამოვლებული რჩება. არადა, წინა დღეს, საგანგებოდ, ბრენდულ მაღაზიაში ცოლის, ცოლის დის, სიდედრისა და ცოლის მთელი სანათესაოს თანხლებით წავიდა, მოდური ,,კასტუმ-შარვალი'' იყიდა, პურ-მარილიც გაშალა და ემანდ, ხვალიდან დიდი კაცი ვიქნებიო, 5 სანტიმეტრის სიახლოვეს ,,მამალი ბუზიც'' აღარ მიიკარა, მაგრამ ხომ იცით, კაცი ბჭობდა, პოლიტიკური დემონი კი იცინოდაო. 
ჰოდა, ამ ჩვენს ,,ჩაკასტუმებულებსაც'' კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და ,,დიდ კაცობას'' ვინ ჩივის, ლამის ის სკამიც დაკარგეს, რომელზეც ამდენი ხანია თავიანთი პატივცემული პოლიტიკური უკანალი მშვიდად ედოთ. 
თუ კარგად დავაკვირდებით, ,,გაბანძების'' სხვა ფორმების მიგნება-ამოცნობაც არ გაგვიჭირდება. აი, მაგალითად, ავიღოთ პოლიტიკური პარტიების ფორმირების საკითხი. ყველა პარტია, ცალ-ცალკე და ერთად, ამტკიცებს, რომ მასზე უკეთესი და ძლიერი პარტიული სტრუქტურა დუნიაზე არც ერთ სხვა პარტიას არ აქვს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ეს აწყობილი პარტიული სტრუქტურა თავზე ხუხულასავით ეშლებათ ხოლმე. 
მაგალითები გნებავთ? - კი ბატონო, რა პრობლემაა და შორს რომ არ წავიდეთ, ყველაზე ცოცხალი მაგალითი გავიხსენოთ: ბურჭულაძის პარტია, საიდანაც ხალხი შესული არ გვგონია, რომ უკვე გამოსულია, თან ლაპარაკი რიგით წევრებზე კი არა, ე.წ. სახეებზეა. 
ბურჭულაძის პარტიიდან ,,გაქცევის'' სეზონი ნინო კუზანოვამ გახსნა, რომელმაც ვერც გაპოლიტიკოსების სურვილი დაასაბუთა არგუმენტირებულად და ვერც - პოლიტიკოსობაზე უარის თქმის. არადა, ყრილობაზე, ტრიბუნაზე ისეთი ზარ-ზეიმით აიყვანეს, ადამიანი იფიქრებდა, ეგაა და ახდა წინასწარმეტყველება, საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ქალი უნდა იყოსო. 
პრეზიდნტი, ზოგადად, ცალკე თემაა, მაგრამ საუბარს თუ პარტიების კუთხით განვაგრძობთ და უფრო მეტად ,,ჩავაანალიზებთ'', ისეთ ,,ვირიშვილურ დასკვნამდე'' მივალთ, რომ შეიძლება, მაიმუნობის ხალისი სამუდამოდ დავკარგოთ. 
ჯერ ის ვთქვათ, რომ პარტიები, მაგალითად, რესპუბლიკელები ან სულაც ალასანიას თავისუფალი დემოკრატები პოლიტიკურ ავანსცენაზე წლებია, არიან, მაგრამ როგორც კი მარტო დარჩნენ, ისეთ შავ დღეში აღმოჩნდნენ, რომ პულსიც აღარ ესინჯებათ. ყოველ შემთხვევაში, ბოლო დროს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი კვლევები სწორედ ამაზე მეტყველებს. ამ კონტექსტში აღარაფერს ვამბობთ ლეიბორისტებზე, ბურჯანაძესა და სხვა წვრილმან-მსხვილმან პოლიტიკურ სუბიექტებზე. 
ისე, ჩვენთვის რომ ვთქვათ, ამ მხრივ ბოლომდე სახარბიელო მდგომარეობაში არც მმართველი პარტიაა ანუ იმის თქმა მინდა, რომ კოალიციის დაშლის შემდეგ პარტია ,,ქართული ოცნებაც'' ისეთ შთაბეჭდილებას არ ტოვებს, როგორც მყარი სტრუქტურული ორგანიზაცია. 
ეს ყველაფერი კი, ალბათ, იმაზე მეტყველებს, რომ პარტიები მუდამ სხვისი ხელის შემყურენი არიან - სხვისგან ელოდებიან ფულს, იდეებს და ასე შემდეგ. შესაბამისად, როცა ეს სხვა მიატოვებთ ხოლმე, ,,ბანძდებიან''. 
აი, ამასობაში, მთავარ კომპონენტთან - ფულამდეც მივედით. დასამალი არ არის, რომ ქართველი ბიზნესმენები ან ბიზნესმენთა უმეტესობა სახელისუფლებო კონიუნქტურას ემორჩილება და ურჩევნია, კოჭი მმართველ გუნდს გაუგოროს, ვიდრე ფული ოპოზიციაში დააბანდოს. 
ამ მხრივ, ახალ მეინსტრიმს პატარკაციშვილი ამკვიდრებდა, რომელიც ფულს, როგორც ამბობენ, ოპოზიციასაც აძლევდა. ყოველ შემთხვევაში, მთელმა ,,დინგი-დუნგიამ'' იცის, რომ ახლები სწორედ პატარკაციშვილის პროექტი იყო. მოკვდა ბადრი და მასთან ერთად ეს მეინსტრიმიც დასამარდა. 
ერთი სიტყვით, ასეა თუ ისე, ქართულ პოლიტიკაში ისეთი სიტუაციაა, აი, ერთხელ, სახალხო პოეტმა ჯანსუღ ჩარკვიანმა რომ იხუმრა, ვერ გაიგებ, ვისი ვიოლინო ვის როიალშიაო. არადა, ცალკე აღებული ვიოლინოც კარგი ინსტრუმენტია და როიალიც, მაგრამ არ იქნა და არა, ქართველმა პოლიტიკოსებმა ხმა თუ ფეხშეწყობილი სიარული ვერ ისწავლეს ან იქნებ, არც უნდათ, რომ ისწავლონ, რადგან ჩვენებურ პოლიტბაზარზე, როგორც ამბობენ, ისეთი ბელადებიც არიან, რომელთაც პარლამენტი და თანამდებობა სულ ცალ წიხლზე ჰკიდიათ და მათთვის მთავარია, როგორმე არჩევნებზე 3-პროცენტიანი ბარიერი გადალახონ, რომ კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი შეინარჩუნონ, ბიუჯეტიდან ,,მოშნი მაყუთი'' მიიღონ და, მერე, აქაოდა, ქვეყნის საკეთილდღეოდ ერთი წუთიც არ გვძინავსო, ხან ევროპაში ირბინონ, ხან - რუსეთში და ხანაც - აშშ-ში. 
ამასობაში კი, ისევ ჩვენ, რიგითი მოკვდავები ვზარალდებით, თორემ პოლიტიკურ ბოსებს არც საკუთარი ,,გაბანძება'' ადარდებთ და არც კიდევ ის, ,,ვირიშვილურად მაიმუნურ'' სიტუაციაში რომ აღმოჩნდებიან ხოლმე. 
ზოგადად, ჩვენი პოლიტელიტის ენა ისეთი ,,დახვეწილია'', სირინოზსაც შეშურდება - აი, თუ გახსოვთ, გივი თარგამაძე კბილების თუ ფეხების დამტვრევით გვემუქრებოდა, მერე - ჩარეცხილებად მოგვნათლეს. ახლა კი, ის დროც დადგა, როცა მარტო იმიტომ, რომ ეკოლოგიურად სუფთა გარემო გვინდა, მაიმუნი ვირიშვილებიც გავხდით. ჰოდა, ასე თუ გაგრძელდა, არ გაგვიკვირდეს, ერთ დღესაც ძაღლიშვილი ვირიშვილებიც რომ გვიწოდონ! 
მოკლედ, სანახაობა არ გვაკლია. პური? პური კი ვის რა ჯანდაბად უნდა. პურს ხომ არც მაიმუნი ჭამს, არც ვირიშვილი და, მით უმეტეს, არც მაიმუნი ვირიშვილი!