„ქართულ ოცნებას“ სატელიტები არ ჰყავს“

„ქართულ ოცნებას“ სატელიტები არ ჰყავს“

დედაქალაქის მერი კარგა ხანია, აქტუალური თემაა მედიისთვისთვისაც ოპოზიციისთვისაც და არასამთავრობოებისთვისაც, თუმცა დაძაბულობამ კულმინაციას „პარტიზან მებაღეებთან“ ინციდენტის შემდეგ მიაღწია და უკვე ყველას პირზე ნარმანიას გადადგომა აკერია. რამდენად მომგებიანი თემაა დედაქალაქის მერი ოპოზიციისთვის და არჩევნებამდე ორი თვით ადრე როგორ ვითარდება წინასაარჩევნო პროცესი - მომდინარე პოლიტიკურ ემებზე ექსპერტი, ვაჟა ბერიძე გვესაუბრება.

ვაჟა ბერიძე: აქ საკამათო და სამსჯელო ბევრი არაფერია, ცხადია, მერს მართებდა თავის მოთოკვა და სათანადო ლექსიკით სარგებლობა, ურთიერთობის გარკვევისას.  მისი მხრიდან ბოდიშიც აბსოლუტურად ლოგიკურია და ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ეს დრამა ამით უნდა ამოიწუროს.

თუ ამას წინასაარჩევნო დაპირისპირების კონტექსტში განვიხილავთ, ბუნებრივია, შეიძლება ამ თემით მანიპულირებაც და სპეკულირებაც.

როდესაც წინასააჩევნო პერიოდია და ოპოზიციური პარტიები ლუპით აკვირდებიან ხელისუფლების ყველა ქმედებას, უცნაური არ არის ასეთი შეცდომის დაშვება?

- ბუნებრივია, მიუღებელია, მაგრამ ამაზე პოლიტიკური კამპანიის აგებაც დაბალ პოლიტიკურ კულტურად მიმაჩნია. ისე, როგორ მერის მიერ გამოყენებული ფრაზა არ მეტყველებს მის თავდაჭერილობაზე, ასე დიდ პოლიტიკურ კულტურაზე არ მიანიშნებს, რომ ამის გამო მოვითხოვოთ მერის გადაყენება.

თუმცა ფაქტია, რომ ითხოვენ...

- სრულიად ლეგიტიმურია, რომ ოპოზიციურ პარტიებს მერის გადაყენების მოთხოვნა გააჩნდეთ და ამ კონტექსტში ორივე მხრიდან არსებობდეს არგუმენტები - ერთი მხრიდან გადადგომის, მეორე მხრიდან - არგადადგომის.

თუ ჯერ კიდევ გვაქვს პრეტენზია, რომ  მაღალი ტიპის დემოკრატიულ საზოგადოებას ვაშენებთ, მაშინ არალოგიკურია, ხმამაღალი შეძახილებით აიძულო მოწინააღმდეგე დაგნებდეს - ეს უფრო მიუღებელი არ უნდა იყოს?!

ბოლო ათწლეულების ისტორიაში საქართველოში რამდენჯერმე იყო ბრბოდ ქცევის რეციდივები და ვფიქრობ, არ უნდა დავეშვათ ისევ ლანძღვა-გინებებასა და მუშტიკრივამდე - „გადადექის“ ძახილი არც პარლამენტსა და არც ქუჩაში არ მოგვცემს შედეგს.

მართალია, ივანიშვილის ხელდასმითა და შემოთავაზებით, მაგრამ მაინც ხომ აირჩიეს ნარმანია? - ეს ფაქტია. თუ მერის მხრიდან სერიოზულ გადაცდომას არ ექნება ადგილი, არ შეიძლება, რომ დედაქალაქელების ნება ასე ჰაიჰარად გავაბაიბუროთ. მაშინ მოვითხოვოთ მერის ვადამდელი არჩევნები; ჩავატაროთ გამოკითხვა, ენდობიან თუ არ მერს და ა.შ. თუმცა მიმაჩნია, რომ მერიის ირგვლივ ატეხილი აურზაური ამის საფუძველს არ იძლევა.

მეორე მხრივ, საინტერესო სიტუაცია იკვეთება, როდესაც ოპოზიციური პარტიები ლამის საარჩევნო კამპნიას აგებენ ნარმანიას ფრაზის გამო, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ხელისუფლების ქმედებაში უფრო სერიოზული ხარვეზის პოვნა უჭირთ და ნარმანიას გამოეკიდნენ?

- მართლაც წვრილმან კინკლაობამდე მიდის პოლიტიკური წინასაარჩევნო ბატალიები. ეს რა თქმა უნდა, მიუღებელია.

ჩემთვის, როგორც მოქალაქისათვის გაცილებით საინტერესო იქნება ავანსცენაზე მყოფი სუბიექტები რა ხედვებს გვთავაზობენ ინსტიტუციური  და დემოკრატიული გაძლიერების მიმრთულებით; როგორი ხედვა აქვთ ეკონომიკის გაძლიერების კუთხით; მართლწესრიგის გასამყარებლად რა ღონისძიებების გატარებას აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში და ა.შ. - ამ თემებზე გვჭირდება საუბარი და არა იმაზე, ვინ ვის რა უთხრა.

აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ წინა ხელისუფლების პირობებში დედაქალაქის მერს ასე უშუალო ურთიერთობა არც კი ჰქონია დაპირისპირებულ მხარესთან. იყო გარკვეული დონე საჯაროობის, მაგრამ არა იმდაგვარი, რომ ეკოლოგებს პირდაპირი დიალოგის საშუალება ჰქონოდათ თბილისის მერთან.

რა თქმა უნდა, მერიის მუშაობაშიც არის ხარვეზები და გაცილებით მეტს მოელის საზოგადოება ხელისუფლებისგან, რომელიც ხალხმა აირჩია. თუმცა მერიის პოზიციაც ლოგიკურია - თუ მკაცრ სტანდარტებს დავაწესებთ, შესაძლოა, ამან ეკონომიკის ზრდას შეუშალოს ხელი და მშენებლობები, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, შეჩერდეს. ოქროს შუალედის მოძებნაა საჭირო.

პრეტენზიები მაქვს მერიასთან თუნდაც იმიტომ რომ ქალაქის განვითარების კონცეფცია არ არსებობს; არც ის ვიცით, ქალაქის გენერალური განვითარების გემა აქვთ თუ არა, მზადდება თუ უკვე მომზადდა.

არც ახალგაზრდებთან და ძველ, გამოცდილ კადრებთან მჭიდრო ურთიერთობები აწყენდა დედაქალაქის მერს, არც პოზიტივის შესაბამისად წარმოჩენა ეხერხება მერიას, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ვერ ვხედავ საფუძველს, რომ დაუყოვნებლივ უნდა გადავაყენოთ ნარმანია.

ასეთი თემებით სპეკულირება და წინა პლანზე წამოწევა სერიოზული და საქმისთვის სასიკეთო არ მგონია.

კიდევ ერთი თემა, რომელიც აქტუალურია ქართულ პოლიტიკაში და ამ დღეებში კიდევ ერთხელ გახმოვანდა - რესპუბლიკელები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ეხმარება ბურჯანაძის პარტიასა და პაატა ბურჭულის პოლიტიკურ გაერთიანებას. მართალია მათი პრტენზია ცესკოში საარჩევნო ნომრების მინიჭებას შეეხება, მაგრამ პოლიტიკურ კულუარებში სხვადასხვა კონტექსტში ხშირად საუბრობენ ივანიშვილის გუნდის მხრიდან რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერაზე. თქვენი შეფასებით რამდენად სერიოზულ ჭრილში შეიძლება ამ თემის განხილვა?

- სამაგისო არგუმენტებს ვერ ვხედავ ხელისუფლების საქმიანობაში; სხვა არჩევნებს რომ შევადაროთ, დღევანდელი ხელისუფლება ყველაზე მეტად დისტანცირებულია.

ვისგან არის დისტანცირებული? გულისხმობთ იმას, რომ სხვა ხელისუფლებებს სატელიტები ჰყავდა, დღევანდელ ხელისუფლებას კი არ ჰყავს?

- ასე არ დავსვამდი საკითხს და შორს წაგვიყვანს წინა ხელისუფლებებისა და მათი სატელიტების ანალიზი, ზედაპირულად ამ თემაზე საუბარი ძნელი იქნება, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას“ სატელიტები არ ჰყავს.

გარკვეული თვალსაზრისით ეს სამწუხაროც კია - მისი მოკავშირეები დღეს არიან „რესპუბლიკელები“, რომლებიც გაცილებით კრიტიკულები არიან, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“.

გვახსოვს, „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის კვალდაკვალ მიიღეს ადგილები სამთავრობო კოალიციაში მთელმა რიგმა პოლიტიკურმა პარტიებმა; ისეთებმა, რომლებსაც დამოუკიდებლად ბარიერის გადალახვაც კი გაუჭირდებოდათ; წესით, დღეს მათ ოპოზიციში გადასვლაზე არ უნდა ვსაუბრობდეთ.

„ქართულ ოცნებას“ რაც შეეხება, საკუთარი პარტიაც კი ვერ ჩამოუყალიბებია წესიერად და რა სატელიტებზე შეიძლება იყოს საუბარი?

ის პარტიები, ვისზეც ლაპარაკია ხოლმე - ბურჯანაძის პარტია, პატრიოტთა ალიანსი და ა.შ. რომლებიც პრორუსულებად მოიაზრებიან, საკუთარ თავს პრორუსებად არ მიიჩნევენ. თუმცა სხვა ძალებისგან ასეთებად არიან შერაცხულნი.

ამ სიტუაციას შესაძლოა, განაპირობებს რუსეთის პოზიციის შეცვლა გეოპოლიტიკურ არეალში - მეჩვიდმეტედან მეცხრამეტე საუკუნემდე რუსეთ-თურქეთისა და რუსეთ-ირანის ომების კასკადი ყველას ახსოვს. ასეთი ისტორიის შემდეგ ერთიანი სტრატეგიული ხაზი გამოიკვეთა მოსკოვს, თეირანსა და ანკარას შორის.

ამ ვითარებაში რუსეთის პოლიტიკური გავლენა ერთი შეხედვით, გაიზარდა და შესაბამისად, გაძლიერდა ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც აფიშირებულები არიან როგორც რუსეთის მოკავშირეები, ანუ პრორუსულები. თუმცა ისევ უნდა აღვნიშნო, რომ ისინი არც მე მიმაჩნია პრორუსულებად და არც არიან პრორუsულები. ასეთებად არიან მიჩნეული საერთაშორისო პოლიტიკურ წრეებში გარკვეული თვალსაზრისით.

ეს გარემოება განაპირობებს იმას, რომ ამ პარტიების შანსები მომავალ არჩევნებში იზრდება და არა ბიძინა ივანიშვილის კეთილგანწყობა.

„ქართულ ოცნებას“ ცალსახად აქვს გაცხადებული თავისი პოლიტიკური მიზანი - მას სურს, რომ უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში და დააკომპლექტოს მთავრობა. მთავარი ამოცანაც სწორედ ეს არის - მოვა თუ არა ის დამოუკიდებლად ხელისუფლებაში.

გადაჭრით არაფრის თქმა არ შემიძლია, თუმცა ოპოზიციის მიერ დაკვეთილი გამოკითხვებიც ამტკიცენს, რომ  “ოცნება” მაინც ლიდერობს.

აქედან გამომდინარე, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ბურჯანაძის პარტიისა და „პარტიოტთა ალიანსის“ მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა კი არ აწყობს, არამედ თავად სურს უმრავლესობით მოსვლა.

თანაც ეს პარტიები „ქართული ოცნების“ ელექტორატზე მუშაობენ და სწორედ მმართველ ძალას უპირებენ ხმების წართმევას; ასე რომ, არალოგიკურია, „ქართულმა ოცნებამ“ ამ პარტიების გაძლიერებას შეუწყოს ხელი.