არჩილ გამზარდია: „იმის გამო, რომ ჩვენ დაპირება გვჭირდება და ამის გარეშე ხმას არ ვაძლევთ არც ერთ პოლიტიკურ ძალას“

არჩილ გამზარდია: „იმის გამო, რომ ჩვენ დაპირება გვჭირდება და ამის გარეშე ხმას არ ვაძლევთ არც ერთ პოლიტიკურ ძალას“

რა დააკლეს ქართველ ამომრჩეველს ჩვენმა პოლიტიკურმა ძალებმა და რატომ სჭირდება ელექტორატის დაახლოებით 60 %-ს გამუდმებით ახალი ძალა, რომელიც „ოცნებისა“ და „ნაციონალებისგან“ განსხვავებული იქნება? ამ საკითხებთან დაკავშირებით For.ge ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას ესაუბრა.

- სიახლეების ძიების საფუძველი ცოტა უფრო ღრმაა და ეს არის მუდმივი იმედგაცრუება. თვითონ იმედგაცრუება, როგორც ასეთი, რთული გასაანალიზებელია. იმედგაცრუების მიზეზი არ ნიშნავს, რომ ამომრჩეველი იმედგაცრუების ყველა ნაწილში მართალია. მაგალითად, ჩვენს უფროს თაობას იმედგაცრუება აქვს იმის გამო, რომ ძალიან გაჭირდა ცხოვრება, მეტი შრომაა საჭირო თავის გასატანად, ეს მაშინ, როცა თავის დროზე შეჩვეულნი იყვნენ კვირაში ხუთი დღე მუშაობას, საღამოს დროზე დამთავრებას, დასაქმების გარანტიებს, შაბათ-კვირის თავისუფლებას. ამავე საკითხს ახალი თაობა ასეთი სიმძაფრით არ უყურებს. მათ იციან, რომ 21-ე საუკუნეში ბევრად მეტი შრომაა საჭირო ელემენტარულის საპოვნელად. ანუ არსებობს შეხედულებათა დაპირისპირება.

იმედგაცრუების მეორე თემა ეს არის გადაჭარბებული მოლოდინი, რაშიც ნაწილობრივ ხელისუფლებები არიან დამნაშავენი, ნაწილობრივ-ჩვენ. უკვე რამდენი ხელისუფლება გამოვიცვალეთ და ისინი დამნაშავეები არიან, რომ მოსახლეობის გულწრფელობას სათავეში მოსასვლელად იყენებდნენ, შემდგომ კი ვერ ასრულებდნენ დაპირებებს. ცხადია, რომც სურდეთ, დაპირებებს ვერ შეასრულებენ, რადგან ძალზე დიდი დოზის დაპირებებს იძლევიან. ეს ნაწილობრივ ჩვენი ბრალიცაა, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ სამ წელიწადში შესაძლებელია ეკონომიკა აყვავდეს, ორ წელიწადში აფხაზეთში ახალი წელი ვიზეიმოთ. ეს თითქოს ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. იმის გამო, რომ ჩვენ დაპირება გვჭირდება და ამის გარეშე ხმას არ ვაძლევთ არც ერთ პოლიტიკურ ძალას, პოლიტიკური ძალებიც ამ დაპირებებს ბერავენ. ამდენად, ხელისუფლებაც, პოლიტიკური სპექტრიც და ამომრჩეველიც ერთმანეთის მიმართ მცდარ დამოკიდებულებებს ვქმნით. თუმცა დღეს ამ მხრივ კარგი გაგებით კრიზისია.

დღეს ისე გულუბრყვილოდ არ უყურებენ, როცა ვიღაც იძახის, რომ 300-ლარიანი პენსია, 500-ლარიანი მინიმალური ხელფასი. ამ 60 %-ის ჩამოუყალიბლებლობა და ნეგატივი პოლიტიკური სპექტრის მიმართ, ერთი მხრივ, საგანგაშოა, რადგან ნიჰილისტურ და სკეპტიკურ დამოკიდებულებას ავლენს, მაგრამ, მეორე მხრივ, კარგია და იმას ნიშნავს, რომ ეს 60 % უფრო დაბრძენდა და მათი მოტყუება ადვილი არ არის. ეს ყველაფერი სიახლის მიმართ მოთხოვნილებას ზრდის. ოღონდ სიახლე ერთადერთი ნიშანი არ არის, თორემ ჩვენ ახალი პოლიტიკური სუბიექტები ყოველ ნაბიჯზე გვყავს. სიახლე უკვე საკმარისი არ არის ამომრჩევლისთვის.

ვფიქრობ, დღეს გარდამავალ პერიოდში ვართ და რა არის საჭირო, ისიც არ გვაქვს გაცნობიერებული. თუმცა იმას ვხვდებით, რომ მხოლოდ სიახლე და მხოლოდ ლამაზი შეპირებები საკმარისი არ არის. პოლიტიკური სუბიექტი, პარტია იქნება თუ ადამიანი, იძულებულია, იპოვოს თანაკვეთა საკუთარ პირად ინტერესებს, სახელმწიფოს ინტერესებსა და ხალხის ინტერესებს შორის. ამოცანა საკმაოდ რთულია. თანაც, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ძირითად ნაწილში საზოგადოების არც ისე საუკეთესო ნაწილია თავმოყრილი. საზოგადოების საუკეთესო ნაწილი უფრო მალავს თავს. არადა, პირიქით, უნდა იყოს. 

ეს 60 %-იანი მაღალი მაჩვენებალი აპრიოპრი ნიშნავს იმას, რომ ბოლო 25 წელია, საქართველოში ცხოვრება ვერ შედგა და საყოველთაო ნიჰილიზმია? ამაში რამდენად სცოდავენ ქართულ პოლიტიკაში დღემდე შერჩენილი ადამიანები? მაგალითად, ლევან ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ „ოცნების“ სია არ ჰგავს პოლიტიკოსების სიას და ეს არის გაჭირვებული ხალხის სია. ცხადია, ეს უტრირებულია და საკუთარი პარტიის ნაკლის დანახვა არავის სურს, მაგრამ სწორედ ამ „გაჭირვებული ხალხისგან“  შემდგარი სიები ხომ არ განაპირობებს ამ საყოველთაო ნიჰილიზმს?

- 60 % ძალიან დიდი მაჩვენებელია და აქ არ არის საუბარი მხოლოდ „ქართული ოცნების“ სისუსტეებზე. პოლიტიკური სპექტრი ისე იშვერს ერთმანეთისკენ ხელს, თითქოს მარტო ის მიეკუთვნება ამ 60 %-ს. არადა, თავის დროზე ამომრჩევლის 80 %-ს არ უნდოდა სააკაშვილი, მაგრამ ეს 80 % აქტიური იყო და ირჩევდა ივანიშვილს. მანამდე არ უნდოდათ შევარდნაძე და ირჩევდნენ სააკაშვილს. ამიტომ, როცა 60 % ამბობს „არა“-ს, ეს ნიშნავს, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრის (და არა მხოლოდ „ქართული ოცნების“) მიმართ სამართლიან ნეგატივს გამოხატავს.

ბერძენიშვილი თუ ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ სია ცუდია და „რესპუბლიკელების“ სია კარგია, მაშინ საზოგადოებამ რატომ არ გამოხატა „რესპუბლიკელების“ მიმართ ნდობა?!  ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკოსები ვერ ამოდიან პარტიულ ინტერესებზე მაღლა. საერთოდ, თანამედროვე პარტია ეს არის პარტიაზე დამოკიდებულ ადამიანთა გაერთიანება. არადა, აშშ-ს მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარტიები ამერიკის ინტერესს უფრო მაღლა აყენებენ, ვიდრე პარტიულ ინტერესებს. ეს არის განსხვავება. ჩვენთან კი პარტიული პოლიტიკანები იზრდებიან. როგორც კი პარტიამდე მივა საქმე, სახელმწიფოც ავიწყდებათ, საზოგადოებაც, ობიექტურობაც და მხოლოდ პარტიული წარმომადგენლები ხდებიან.

ბოლო პერიოდში ისეთი უცნაური რიტორიკა გამოდის „რესპუბლიკური პარტიისგან“, თითქოს ისინი ამ  ხელისუფლების თანამონაწილეები არ იყვნენ. მაშინ, როცა ისინი ორიოდე თვეც არ არის, რაც  ხელისუფლებაში არ არიან. ამიტომ საერთო პასუხისმგებლობას უნდა იზიარებდნენ იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელიც თავად შექმნეს დანარჩენ  პოლიტიკოსებთან ერთად. სწორედ ეს ქმნის ამ პარტიებს დაბალი რანგის ეშელონებად, რის გამოც საზოგადოება მათ პატივს არ სცემს. შეიძლება, პოლიტიკოსი არ გიყვარდეს, არც უნდა გიყვარდეს, საერთოდ, პოლიტიკოსის სიყვარული ცოტა უცნაური თემაა, მაგრამ პატივს მაინც უნდა სცემდე შენს პოლიტიკოსს. ჩვენი საზოგადოება კი საკუთარ არჩევანს, საკუთარ პოლიტიკოსებს პატივს არ სცემს და ჩვენი მოსახლეობა ბევრად უფრო ალალი და ობიექტურად მართალია თავის უპატივისმცემლობაში.

ისევ 60 %-ს დავუბრუბდეთ, ეს „ობიექტურად ალალი ამომრჩეველი“ მიმსვლელია არჩევნებზე? რამ უნდა მიიყვანოს ისინი არჩევნებზე?

- გააჩნია მოტივს. ამ კუთხითაც ჩვენი საარჩევნო კანონმდებლობა კატასტროფულია და ამაზე არც ერთი პოლიტიკური სუბიექტი ხმას არ იღებს. მხოლოდ საარჩევნო კოდექსის იმ საკითხებზე მსჯელობენ, რომელიც საკუთარ შანსებს ზრდის. ცხადია, არმისული მოქალაქის ხმა არაფერს ნიშნავს, მოქალაქის მიერ გადახაზული ბიულეტენი არაფერს ნიშნავს.

ჩვენთან არ არსებობს არანაირი ლიმიტი, რომლითაც მოსახლეობის მიერ ნათქვამი უარი მხედველობაში იქნება მიღებული. არადა, არჩევნებზე არმისვლა და ყველა კანდიდატის გადახაზვა ერთი და იგივეა, ანუ ბიულეტენი ბათილდება და ჩვენი, როგორც ამომრჩევლის უფლებები ისევ კატასტროფულად ილახება. ეს არის მნიშვნელოვანი, თორემ ამას რომ გარკვეული კვოტა ჰქონდეს, მაშინ პოლიტიკური პარტიები სხვანაირად ეცდებიან, გაგვიაქტიურონ არჩევნებზე მისვლის, არჩევანის გაკეთების და არა - ბიულეტენის გადახაზვის სურვილი.

საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტმა ჩვენი ქვეყანა ევროპულ ქვეყნებს შეადარა, სადაც ასევე დაბალი აქტივობაა არჩევნებზე. თუმცა ევროპულ ქვეყნებში სისტემები ბევრად მეტად არის შემდგარი. ამიტომ შესაძლოა, იქ არჩევნებზე ნაკლები ადამიანი მივიდეს. დღეს კი   ჩვენი სახელმწიფოს ბედს წყვეტენ აქტივისტები და არა - მოქალაქეები. ვინც უფრო მეტ აქტივისტს მიიყვანს, მისი ხმის ხვედრითი წილიც მეტი იქნება. ნაციონალური მოძრაობის შანსები მით მეტია, რაც ნაკლები ამომრჩეველი მიუვა „ოცნებას“, რადგან „ნაციონალების“ პროპორციულობა გაიზრდება. 

მესამე ძალის, ანუ ახალი სახეების პრობლემა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის დროსაც იყო. მართალია, თავად ივანიშვილი ნამდვილად ახალი სახე იყო ქართული პოლიტიკისთვის, მაგრამ მან შემოიკრიბა დამყაყებული და უფუნქციო პარტიის წარმომადგენლებიც, რომლებიც ბარიერსაც ვერ ლახავდნენ. ამ გადასახედიდან რამდენად სწორი არჩევანი გააკეთა მან, ხომ არ სჯობდა, სრულიად ახალი სახეები შემოეკრიბა და, პარტიული კინკლაობის თვალსაზრისით, ამდენ პრობლემასაც ასცდებოდა?

- ბიძინა ივანიშვილს საჯაროდაც უთქვამს და ჩემთვისაც, რომ ის იძულებული იყო უკვე არსებულ ძალებს დაყრდნობოდა, რადგან არავის იცნობდა.

მაგრამ გამარჯვების შედეგი ხომ იგივე იქნებოდა?

- გასაგებია, მაგრამ მაშინ იყო ნაციონალებთან ბრძოლის ველი და მთავარი მიზანი იყო ხელისუფლების უსისხლოდ გადაბარება. თანაც, იმ პერიოდში ისეთი ზეწოლის ქვეშ იყო თითოეული ადამიანი, ვინც ივანიშვილის გარშემო ტრიალებდა, რომ ასეთი ფუფუნება, როგორც დღეს აქვს ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს, არ ყოფილა. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც დღეს „ქართული ოცნება“ თვითონვე ნეგატიურად აფასებს, ანუ თავისივე ყოფილი წევრები. სწორედ ამ ადამიანებთან ერთად მოახერხეს გამარჯვება.  

ახლა ახსენეთ, რომ დღეს დალაგებული საქართველოა და ისეთივე პრობლემები არ არის, როგორც ნაციონალების პერიოდში იყო. მაშინ რატომ ვერ სრულდება ხალხის დაკვეთა და ვერ ყალიბდება მესამე ძალა? ცოტა ხნის წინ საუბრობდნენ იმაზე, პაატა ბურჭულაძე გახდებოდა თუ არა მესამე ძალა, თუმცა ესეც გამოირიცხა, რადგან იგი გაერთიანდა „გირჩთან“ და იმ ძალებთან, რომელთა მეშვეობითაც ნაცმოძრაობის რებრენდინგი მიმდინარეობს.

- მესამე ძალას უნდა ჰყოლოდა ბევრად უფრო ეფექტური ლიდერიც და სხვა წევრებიც, ვიდრე ბურჭულაძე შეიძლება ყოფილიყო. როგორც კი „ნაცმოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ იდენტური პირველი პოლიტიკური შეფასებები გააკეთა პაატა ბურჭულაძემ, მაშინვე ვთქვი, რომ ის მესამე ძალა ვერ გახდებოდა. ის ამბობდა, რომ ქვეყანაში კარგი არაფერი გაკეთებულა, რომ ყველაფერი ჩამოიქცა. მან ახალი პლატფორმა ვერ შექმნა. ამავდროულად, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა შანსი, მესამე ძალისადმი ინტერესისთვის თავადვე ეპასუხა. მესამე ძალის მოთხოვნა რამ მიზეზითაც ხდება, ეს შეეძლო ამომრჩევლისთვის თვითონ „ქართულ ოცნებას“ მიეწოდებინა და თვითონვე შეეთავსებინა მესამე ძალის ფუნქცია. 

ანუ მესამე ძალა თავისივე წიაღიდან ეშვა?

- „ოცნება“ უნდა განვითარებულიყო ისე, რომ მესამე ძალისადმი ინტერესი მასზე გადასულიყო. კიდევ ერთი მომენტი, ჩვენ არ ვართ მრავალმილიონიანი ქვეყანა, ჩვენ ერთი და იგივე ადამიანები გვყავს პოლიტიკაში და იმდენი ადამიანური რესურსი არაა დარჩენილი, რომ ასე მარტივად ხდებოდეს მესამე ძალის შექმნა. მესამე ძალას სჭირდება ლიდერი, გუნდის წევრები, დიდი ფინანსები, კავშირები. სხვათა შორის, მესამე ძალის პერსპექტივა ჰქონდა ალასანიასაც და, სამწუხაროდ, მან ეს ვერ მოახერხა.

მესამე ძალის პერსპექტივა ცოტა შორეულ მომავალში (და არა 2016 წლისთვის, არამედ 2020 წლისთვის) ჰქონდა „გირჩსაც“, რადგან „გირჩმა“ყველაზე უკეთ მოახერხა  ნაცმოძრაობისგან დისტანცირება. მართალია, ნაცმოძრაობასთან წარსულს მათ ისევ წამოაძახებენ, მაგრამ ძალიან ბევრი ახალი, საინტერესო ადამიანი მიიღეს, კარგი სპეციალისტები ჰყავთ. თუ სხვა პოლიტიკური სუბიექტები მუდმივად პოლიტიკურ დემაგოგიაში იყვნენ, „გირჩები“ საქმიან მსჯელობას სთავაზობდნენ საზოგადოებას. ყველაზე საინტერესო, შედარებით განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმაც ბოლო პერიოდში „გირჩებმა“ წამოადგინეს, რომელიც არ იყო წმინდა წყლის „ნაცმოძრაობის“ და წმინდა წყლის „ქართული ოცნების“ იდენტური. თუმცა ბლოკში გაერთიანებით „გირჩებმა“ დაასამარეს ეს პერსპექტივა. ისინი დაუბრუნდნენ იმ წიაღს, რომლისგანაც დაშორებას ამდენ ხანს ცდილობდნენ. 2016 წლის პარალამენტი შესაძლოა, ოდნავ გაუმჯობესებული იყოს, ვიდრე-2012-ის, მაგრამ მაინც ნაკლებინტელექტუალური, ნაკლებსაქმიანი იქნება. შესაბამისად, მცოდნე და კვალიფიციურ ადამიანებზე მოთხოვნა, წესით, 2020 წლისთვის უნდა დამდგარიყო და ამ პერიოდში „გირჩებს“ შეეძლოთ ბევრისთვის მიეღწიათ.

თქვენ ახსენეთ „გირჩები“, მაგრამ ორიოდე დღის წინ დაიდო სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომელიც „რუსთავი 2“-ის დაკვეთით გერმანულმა კომპანიამ GFK-მ ჩაატარა. კვლევის საველე სამუშაოები იმ პერიოდში იყო დაწყებული, როცა „გირჩი“, ვაშაძე და ბურჭულაძე ჯერ კიდევ ცალ-ცალკე სუბიექტებს წარმოადგენდნენ. ამის მიუხედავად, ძალზე დაბალი - 0,5 % აქვს პოლიტიკურ ცენტრ „გირჩს“, მაშინ, როცა „ოცნებას“ არგუნეს 35, 9 % და „ნაცმოძრაობას“ - 34, 2 %.

- თავისთავად უკვე მეტყველებს, „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში რა შინარსსაც ჩადებდნენ. ამიტომაც ვთქვი, რომ „გირჩს“ ჰქონდა შუალედურვადიანი პერსპექტივა. „გირჩმა“ გადაიყოლა ნაცმოძრაობის ამომრჩევლის მცირე ნაწილი და მის მიმართ ინტერესი გაიზარდა. დღეს ბევრი ადამიანი შეიძლება ვიპოვოთ, რომელიც გეტყვით, რომ „გირჩისთვის“ ჯერ ხმის მიცემას არ აპირებს, მაგრამ მის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება აქვს. ეს ნიშნავს პოტენციურ ამომრჩეველს, რომელიც შესაძლოა, 2017-ში ელექტორატში გადაიზარდოს. ამიტომ „გირჩებს“ საკუთარი შანსების გაზრდის ნებისყოფა უნდა ჰყოფნოდათ.