რატომ ვერ აითვისა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 2 მილიონი - სახელმწიფო აუდიტის სკანდალური დასკვნა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2015 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი გამოაქვეყნა. სახელმწიფო აუდიტორებმა სამინისტროში სხვადასხვა სახის ფინანსური დარღვევა გამოავლინეს. „ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშში~, „ორგანიზაციის აქტივების, ვალდებულებების ანგარიშებსა~ და `საცნობარო მუხლებზე არსებული ნაშთების შესახებ ინფორმაციაში“, ასევე „ფულადი სახსრების ანგარიშში~, 2015 წლის დასაწყისში, ნაშთის სახით ასახულია 62 643 ლარი. არადა, 2015 წლის ხაზინის მიზნობრივი გრანტის ამონაწერის თანახმად, 2015 წლის დასაწყისში, ნაშთი 66 229 ლარი ანუ 3 586 ლარით მეტი იყო. აუდიტორების მტკიცებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის #605 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ მე-4 მუხლიც დაარღვია. ამ მუხლით, ფულადი ანგარიშებისა და ფულადი დოკუმენტების ინვენტარიზაცია სამინისტრომ კვარტალში ერთხელ უნდა ჩაატაროს.
სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2013 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშში ასახული შეუსაბამობები არ აღმოუფხვრია. შედეგად, სამინისტროს ბალანსი გრძელვადიან არაფინანსურ აქტივებს (ძირითად აქტივებს) არასრულად ასახავს. ბალანსში, 2015 წლის 1 იანვრისა და 2015 წლის 31 დეკემბრისთვის, 3 274 463 ლარისა და 1 552 435 ლარის ღირებულების არაფინანსური აქტივები არ ასახულა. უფრო კონკრეტულად, ამ არაფინანსურ აქტივებში შედის 23 ხელოვნურსაფარიანი მოედანი, რომელა საერთო ღირებულება 1 058 138 ლარი იყო და 17 ასფალტსაფარიანი მოედანი, რომელთა საერთო ღირებულება 368 480 ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, ბალანსში ასახული არ არის „პატრიოტული ბანაკების“ ინფრასტრუქტურა, მათ შორის: წყალტუბოს ბანაკი - 24 750 ლარის ღირებულებით და ტურისტული სახლი „თბილისის ზღვა“ – 101 067 ლარის ღირებულებით.
„2015 წლის 31 დეკემბერს, სამინისტროს ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ორი ასფალტსაფარიანი მოედანი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საკუთრებაში უკვე ირიცხებოდა. 2011 წლის 25 ნოემბრიდან, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ირიცხებოდა მიწის ნაკვეთი, რომელზეც განლაგებული იყო ასფალტსაფარიანი სტადიონი, ხოლო სამინისტროს 2015 წლის 31 დეკემბრის ფინანსურ ანგარიშგებაში ეს ქონება 23 309 ლარის ნარჩენი ღირებულებით ირიცხება; 2015 წლის 16 დეკემბრიდან, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ირიცხებოდა მიწის ნაკვეთი, რომელზეც განლაგებული იყო ასფალტსაფარიანი სტადიონი, ხოლო სამინისტროს 2015 წლის 31 დეკემბრის ფინანსურ ანგარიშგებაში, ეს ქონება ირიცხება 24 229 ლარის ნარჩენი ღირებულებით.
სამინისტროში არ ტარდება სრულყოფილი ინვენტარიზაციები ქონების არსებობისა და მათი მდგომარეობის დასადგენად. კერძოდ, სამინისტროს 2015 წლის 29 ოქტომბრის #01/1039 ბრძანებით განხორციელებული ინვენტარიზაციისას უძრავი ქონების ინვენტარიზაცია იმ მოტივით არ ჩატარდა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის #605 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ მე-3 მუხლის თანახმად, „უძრავი ქონების ინვენტარიზაცია ტარდება სამ წელიწადში ერთხელ მაინც, ხოლო სამინისტროს უძრავი ქონების ინვენტარიზაცია ჩატარებული აქვს 2013 წელს. უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლის უძრავი ქონების ინვენტარიზაცია ჩატარებულია ხარვეზებით, რაც დაფიქსირებულია სახელმწიფო აუდიტის 2013 წლის აუდიტის ანგარიშში. სამინისტროს ბალანსზე არსებული მატერიალური ფასეულობების უმრავლესობა, ფაქტობრივად, 2013 წლამდე პერიოდშია გასული, რაც 2013 წლის ინვენტარიზაციის დროს ვერ გამოვლინდა, ხოლო ბუღალტრულად და ფინანსურ ანგარიშგებაში მათი ჩამოწერა დაფიქსირებულია მხოლოდ 2015 წელს ან ისევ ირიცხება სამინისტროს ფინანსურ ანგარიშგებაში“, - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტორების დასკვნაში.
სახელმწიფო აუდიტორებმა ხარვეზები გამოავლინეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტშიც. მაგალითად, ბიუჯეტის დაგეგმვისა და დამტკიცების ეტაპზე, ჭერს ზემოთ მოთხოვნილი ასიგნებები - 2 400 000 ლარის ოდენობით, არ გაუთვალისწინებიათ. შესაბამისად, 1 200 000 ლარი დააკლდა „სპორტულ სახეობათა განვითარების პროგრამას“,1 200 000 ლარი კი - „ძიუდოს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამას“. მოგვიანებით, ამ პროგრამების დანაკლისი მთავრობის სარეზერვო ფონდის საშუალებით შეავსეს. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 თებერვლის #104 განკარგულებით, 1 700 000 ლარი გამოიყო, რათა ძალოსნობაში, ევროპის ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩატარებულიყო. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 მარტის #414 განკარგულებით, 1 000 000 ლარი კი ძიუდოში, გრან-პრის ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და ჩატარების მიზნით გამოყვეს.
სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2015 წელს, მთავრობის სარეზერვო და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდებიდან, მთლიანობაში, 25 146 855 ლარი გამოყვეს. არადა, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების გათვალისწინება ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე შესაძლებელი იყო.
2015 წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 9 000 000 ლარი გამოყვეს. 2013-2015 წლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს მთავრობის სხვადასხვა განკარგულებით, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის 36 500 000 ლარი გამოყვეს. აღნიშნული თანხა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შპს „სპორტმშენსერვისის“ ანგარიშზე გადარიცხეს, რომლიდანაც ხელბურთის სპორტულ კომპლექსსა და საწყალოსნო სპორტულ კომპლექსზე, ჯამში, 34 184 504 ლარი დაიხარჯა. დარჩენილი 2 315 496 ლარი კი ამჟამადაც აუთვისებელია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ თანხის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფის აუცილებლობა არ არსებობდა.
„2015 წლის 31 დეკემბერს, `დაუხარჯავი საბიუჯეტო თანხებიდან~, 315 496 ლარი იმ მიზნით გამოყვეს, რომ 2017 წელს, ხელბურთში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის, ორი სპორტის სასახლის საპროექტო სამუშაოები დაფინანსებულიყო. სამინისტრომ ვერ წარმოადგინა შესაბამისი დასაბუთებული განმარტება, რა მიზნით გამოიყო ეს თანხა ფონდიდან 2015 წელს იმ სპორტული ღონისძიებისთვის, რომელიც 2017 წელს უნდა გაიმართოს. სამინისტრომ ვერც 2 000 000 ლარის გამოყოფის აუცილებლობა დაადასტურა. რაც მთავარია, ეს თანხა ანუ 2 315 496 ლარი დღესაც აუთვისებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საპროექტო სამუშაოებისა თუ ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ამჟამადაც მიმდინარეობს კონსულტაციები და არ არის დაზუსტებული, რა თანმიმდევრობით, რა მასშტაბისა და მოცულობის სპორტული ობიექტები უნდა მოეწყოს“, - ასკვნიან სახელმწიფო აუდიტორები.
მათივე მტკიცებით, 2 315 496 ლარის უდიდესი ნაწილი, შპს `სპორტმშენსერვისს~ კომერციულ ბანკებში აქვს განთავსებული, ამ თანხის მცირედი ნაწილი კი დებიტორულ დავალიანებაშია ასახული.