რეგიონში სიტუაცია კვლავ იძაბება, სირიის საზღვარი თურქულმა ტანკებმა გადაკვეთეს. თურქული სატანკო შენაერთები სირიის ჩრდილოეთში, ქალაქ ჯარაბლუსის რაიონში გადავიდნენ, სადაც თურქეთმა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. მედიის ცნობით, ოპერაციაში სახელწოდებით „ევფრატის ფარი“ 20-მდე თურქული ტანკი მონაწილეობს. შეგახსენებტ, რომ ჯარაბლუსი თურქეთის საზღვრიდან დაახლოებით ერთი კილომეტრში მდებარეობს. „ისლამური სახელმწიფო“ ქალაქს 2013 წლიდან აკონტროლებს.
ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური გადათამაშების დასრულების დასაწყისს და როგორ აისახება თამაშის ახალი წესები საქართველოზე, ამ თემაზე ექსპერტი, ვახტანგ მაისაია გვესაუბრება.
თურქეთის მიერ სამხედრო ქმედებებზე გადასვლა ნიშნავს თუ არა, რომ შესაძლოა, ცოტა ხანში რეგიონში მივიღოთ ახალი მოცემულობა, რომელსაც არსებული მდგომარეობის შეცვლა შეიძლება მოჰყვეს?
- თურქეთი პრევენციულ ზომებს მიმართავს, ცოტა ხნის წინ ქურთების შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, საუბარია ქურთისტანის კომუნისტური პარტიის შეიარაღებულ ძალებზე, დემოკრატიული ქურთისტანის ძალებთან ერთად, რომელსაც მხარს უჭერს აშშ, რამდენიმე პუნქტი დაიკავეს ისლამური ხალიფატის კონტროლირებად ტერიტორიაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალაქი ჯარაბლუსი, რომელიც თურქეთს ესაზღვრება.
გამოჩნდა, რომ თურქეთმა უკვე შეიყვანა სირიაში თავისი შეიარაღებული ძალები და სავარაუდოდ, საარტილერიო დარტყმებსაც ამუშავებს. როგორც ჩანს, თურქეთს არ სურს, რომ აღნიშნული ტერიტორია ქურთებმა გააკონტროლონ და სურს გარკვეული უსაფრთხოების ზოლი შექმნას.
შესაძლებელია პროგნოზირება, რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯები და რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები?
- საინტერესო მომენტია ის, რომ უკვე თურქეთსა და ამერიკას შორის დაპირისპირებაზე შეიძლება ლაპარაკი. როგორც ცნობილია, ქურთებს მხარს უჭერს აშშ და ის კოალიცია, რომელიც ასევე აშშ-ს ეგიდით ახორციელებდა დარტყმებს. ფაქტია, რომ მათ გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს.
როგორც ჩანს, ანკარას შიში აქვს, რომ შესაძლოა, ქურთებმა ჩრდილოეთ სირიაში მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შექმნან რაღაც სახელმწიფოსმაგვარი და გამოაცხადონ პოლიტიკური ავტონომია, როგორც მოხდა თავის დროზე ერაყში.
რა თქმა უნდა, თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება ამას არ დაუშვებს და ყველანაირად შეეცდება, რომ ეს საკითხი ჩაშალოს.
ცნობილია, რომ ბაიდენი ჩავიდა თურქეთში; მედიის ცნობით, მოხდება თურქულ-ამერიკული ურთიერთობების ყველა ასპექტის განხილვა. ეს ნიშნავს, რომ რეალურად, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადახედვასა და სტრატეგიის ცვლილებაზე შეიძლება იყოს საუბარი?
- ბაიდენის გარდა თურქეთში ნატოს შეიარაღებული ძალების სარდალიც გალდათ ჩასული. რაც შეეხება სტრატეგიის გადახედვას, ყველაფერი მოსალოდნელია. გახსოვთ ალბათ, ცოტა ხნის წინ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, რომ თუ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი არ დაეხმარება თურქეთს მის წინაშე შექმნილი პრობლემების მოგვარებაში, შესაძლოა, თურქეთმა დატოვოს ალიანსი.
ასეთ ფონზე ყველა საკითხი მნიშვნელოვანია და განსახილველი. ასე რომ, უკვე სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რადგან ქურთების თემა ძალიან ცუდად არის გაჩხერილი თურქულ-ამერიკულ ურთიერთობებში.
რა თქმა უნდა, ამერიკა თავის პოზიციას, რომ დაეხმაროს ქურთ მეამბოხეებსა და ქურთების დემოკრატიულ ძალებს, არ შეცვლის, განსაკუთრებით, ამ ეტაპზე. ამიტომ როგორ განვითარდება მოვლენები ცოტა რთული სათქმელია, თუმცა ცხადია დაპირისპირება არსებობს თურქეთსა და აშშ-ს მიერ მხარდაჭერილ ქურთულ ძალებს შორის. ესეც ფაქტია და ისიც, რომ თურქეთი რეალურად აპირებს სამხედრო ინტერვენციის განხორციელებას.
თურქეთის შეჭრა სირიაში ასევე განპირობებული იყო იმითაც, რომ რამდენიმე ხნის წინ სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში განხორციელდა ტერაქტი, რომლის უკანაც იდგა ქურთების მუშათა პარტია. ამავე დროს, განხორციელდა ტერაქტების სერია რომელიც დაიშს (ისლამური სახელმწიფო) უკავშირდება. ეს ნიშნავს, რომ თურქეთს ორ ფრონტზე მოუწევს ბრძოლა.
საინტერესოა შექმნილი სიტუაციით როგორ ისარგებლებს რუსეთი, რადგან აშშ-ს გარდა თურქეთს პრეტენზია აქვს ნატოსთანაც, ანუ თურქეთი განაწყენებულია ზოგადად, დასავლეთზე. რუსეთმა როგორ შეიძლება იხეიროს ამითი?
- რუსეთი საკუთარ თამაშს თამაშობს, განსაკუთრებით სირიაში. ბუნებრივია, ქურთებთანაც გააჩნია თავისი კონტაქტები და იმ შემთხვევში, თუ თურქეთსა და ამერიკას შორის დაიძაბება სიტუაცია, გამარჯვებული გამოვა რუსეთი.
საინტერესოა, რომ ირანთან დალაგებული ურთიერთობები რუსეთს ბოლო პერიოდში გაუფუჭდა, მიზეზი გახლად რუსეთის ამბიციური განცხადება, რომ თუ საჭირო გახდებოდა, ირანი თავის სამხედრო ბაზებს დაუთმობდა.
ამიტომ რუსეთი შეეცდება კიდევ უფრო აქტიური იყოს და ახორციელებს კიდეც დარტყმებს ასადის შეარაღებული ძალების ფორმირებებთან ერთად. ის შეეცდება ხელში ჩაიგდოს სირიის ჩრდილოეთის და დასავლეთის რაიონები. როგორც ცნობილია ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებს თურქები უტევენ და ეს ყველაფერი გარკვეულ შეთანხმებასაც კი ჰგავს. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ბოლოდროინდელ რუსულ-თურქულ მოლაპარაკებებს.
ერდოღანის განცხადებასაც თუ გავიხსენებთ როდესაც ასადის რეჟიმთან მოლაპარაკების სურვილი გამოთქვა, რჩება შთაბეჭდილება, რომ თითქოს თურქეთმა მიიღო გარანტია, რომ რუსეთი არ შეეხება ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიებს ანუ თურქულენოვან მოსახლეობას.
როდესაც ამ ასპექტში განიხილება საკითხები, ჩნდება შთაბეჭდილება, რომ თურქთსა და რუსეთს შორის უკვე მოგვარებულია თვითმფრინავის ჩამოგდების საკითხი. ასე რომ, თურქეთს რჩება ერთი ძირითადი პრობლემა, ეს არის ქურთების თემა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამერიკა ეხმარება ქურთებს და თურქეთი განაწყენებულია ამერიკაზე, არ უნდა გამოვრიცხოთ რომ შესაძლოა, ამ ყველაფრით სერიოზულად ისარგებლოს რუსეთმა.
როგორც ჩანს, რაღაც კონტურები უკვე იკვეთება რეგიონში. ეს ყველაფერი პირდაპირ ან ირიბად რამდენად შეიძლება აისახოს საქართველოზე?
- სხვა ვიზიტებიც გვახსოვს თურქეთში, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. ამ ეტაპზე ობამას ადმინისტრაციის პოზიციები ნაკლებად აღელვებს თურქეთს, რადგან ობამას ადმინისტრაცია დღეს არის კოჭლი იხვი, რომელსაც არ შუძლია არანაირი გადაწყვეტილების მიღება.
ამიტომ მგონია, რომ თურქეთი კატეგორიულად მოითხოვს ამერიკისგან გიულენის გადაცემას, რომელსაც სამხედრო ამბოხის ორგანიზებაში სდებს ბრალს. წინააღმდეგ შემთხვევში ურთიერთობის გაწყვეტით დაიმუქრება.
ამ კუთხით უკვე ვიხილეთ თურქეთის სახე, როდესაც ავსტრიასთან მხოლოდ იმიტომ გაწყვიტა ურთიერთობა, რომ ავსტრიის ლიდერმა გააკრიტიკა თურქეთის ხელისუფლება. იმის მიუხედავად, რომ ეს კრიტიკა საკმაოდ ზომიერი გახლდათ, თურქეთი მაინც წავიდა ასეთ რადიკალურ ნაბიჯზე.
ასე რომ, შესაძლოა ბაიდენის ვიზიტიც უშედეგოდ დამთავრდეს და ამერიკა-თურქეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდეს.
ეს ყველაფერი უკვე აისახა საქართველოზე. თურქეთმა ირანმა და რუსეთმა უკვე გამონახეს საერთო წერტილები, ყველამ გამოხატა საკუთარი ინტერესები და საქართველო აღმოჩნდა გეოპოლიტიკურ ცაიტნოტში, რადგან როგორც ჩანს თურქეთმაც აღიარა რუსეთის ჰეგემონობა სამხრეთ კავკასიაში.
ვფიქრობ, რომ საქართველოს თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩენას ხელი შეუწყო ჩვენი ხელისუფლების გაუთვლელმა ნაბიჯებმაც. საგარეო პოლიტიკის მიმართულებით საკმაოდ არაპროფესიულ ნაბიჯებს ვხვდებით. ფაქტობრივად, იგივე მდგომარეობაში ვართ როგორც იყო საქართველო 1921 წლის იანვარში.
ისტორია მეორდება ერთი ერთზე. მაშინაც შეძლო ბოლშევიკურმა რუსეთმა საერთო ენა გამოენახა მაშინდელი ანატოლიის მთავრობასთან. მათ სტრატეგიული პარტნიორობაც კი დაამყარეს. 1920 წელს რუსეთმა მოახდინა ირანის ინტერვენცია და თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია. ამავე პერიოდში მოხდა სომხეთისა და აზერბაიჯანის რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევა; ყირიმში დაამარცხეს თეთრგვარდიელები და საქართველო დარჩა სრულ იზოლაციში, რის შემდეგაც მოხდა მისი ოკუპაცია, ანექსია.
დღესაც მსგავსი სიტუაციაა და საქართველო ფაქტობრივად, იზოლაციაშია მოქცეული. ამას ემატება არჩევნები, რომელიც 8 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს, სადაც პოლიტიკური ძალები ერთმანეთს უპირისპირდებიან ძირითადად, საგარეო ვექტორის მიხედვით.
ანუ საქართველოს ერთადერთი შანსია პროდასავლური ხელისუფლების მოსვლა?
- მე მაქვს ჩემი სუბიექტური აზრი და ჩრდილო-ატლანტიკური მიმართულების ერთგული ვრჩები, მაგრამ ვხედავ, რომ რუსეთს ფაქტობრივად, ხმალი აქვს შემოქნეული ჩვენს წინააღმდეგ. რამდენად არის მზად დასავლეთი, საქართველოს გვერდით დაუდგეს ეს ცალკე თემაა, რადგან მას თავისი უზარმაზარი პრობლემები გააჩნია. კარგია თუ ცუდი, ეს ის რეალობაა, რომელშიც აღმოვჩნდით.