„ჩვენ შევძლებთ ყველაზე მთავარს - დავასრულოთ დაპირისპირებები საზოგადოებაში, გავაერთიანოთ მთელი ქვეყანა ერთიანი პოზიტიური, დადებითი განვითარების გეგმის გარშემო“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მოსახლეობას, თუმცა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოპოზიციური ფლანგი კვლავ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.
რასთან გვაქვს საქმე, ეს მხოლოდ რიტორიკული განცხადებებია თუ ხელისუფლება მაინც ცდილობს სახელისუფლებო ბერკეტების გამოყენებას უპირატესობის მოსაპოვებლად - ამ და სხვა თემებზე ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.
ბატონო ვახტანგ, საიას თავმჯდომარის განცხადებით, ცესკომ პარტიები არათანაბარ პირობებში მოაქცია, ეს პირდაპირ თუ ირიბად, შეიძლება დაუკავშირდეს ხელისუფლებას? ანუ შეიძლება ხელისუფლების დადანაშაულება იმაში, რომ ის ზეწოლას ახდენს საარჩევნო პროცესზე, მაგალითად, საჯარო რეესტრის მეშვეობით, სადაც პარტიებს პრობლემა შეექმნათ?
- არსებობს კოდექსი, სადაც გაწერილია როგორ უნდა მოხდეს პარტიის რეგისტრაცია. თუ მათი რეგისტრირება არასწორად მოხდა, ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დანაშაული ან არასწორი ქმედება და სახელისუფლებო რესურსი რა შუაშია, უბრალოდ, გაუგებარია.
საკმაოდ მწვავე განცხადებებს აკეთებს პაატა ბურჭულაძე, ამჯერად, მისი განმარტებით, სუსი აიძულებს მის თანაგუნდელებს ტელეკამერების თანხლებით დატოვონ პარტიის რიგები, ესეც საარჩევნო რიტორიკად და პოპულისტურ განცხადებად შეიძლება მივიჩნიოთ?
- შეიძლება ივარაუდო, რომ ხელისუფლება ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს, მაგრამ მსგავსი რამ ახალი ხომ არ არის საქართველოში? - ადამიანები, რომლებიც პარტიას ტოვებენ, ყოველთვის ცდილობენ, მათი ქმედება გახმაურდეს. ეს ხელისუფლების გარდა სხვა პარტიებსაც აწყობთ. თუ რომელიმე ოპოზიციური პარტიის დისკრედიტირება ხდება, მოგებული რჩება არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ყველა ოპოზიციური პარტია.
უცნაური ქვეყანა ვართ - როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს ბურჭულაძე, რატომ არ ფიქრობს, რომ მეტრეველმა პარტია როდესაც დატოვა, მაშინ ერთობლივი განცხადება გაკეთდა და ამ შემთხვევაში, სუსი როგორ მოქმედებდა?! ამიტომ ლოგიკა რომ იყოს განცხადებებს, ქმედებებსა და პოლიტიკურ რეალობას შორის, ცუდი არ იქნებოდა.
მხოლოდ ბურჭულაძეზე არ ვამბობ, ეს სხვა პარტიებსაც ეხება. გასაგებია, რომ ვინც ამგვარ განცხადებებს აკეთებს, იმ ადამიანისთვის პოპულარობა მოაქვს ამას, თუმცა ცალსახად თქმა, რომ ხელისუფლებისგან მოდის ზეწოლა, არ იქნება სწორი. გარდა ამისა, პარტიებმა კეთილი უნდა ინებონ და სანდო ხალხი შეარჩიონ. თუ ახლა ვერ უძლებენ ზეწოლას პარლამენტში ოპოზიციურ საქმიანობას შეძლებენ? ხელისუფლების ზეწოლას როგორ გაუძლებენ?!
ამ კონტექსტში სახელისუფლებო პარტიას საკადრო პრობლემა მოხსნილი აქვს?
- ხელისუფლებაში ყოფნა ყველასთვის უფრო კომფორტულია, ის ამ მხრივ დაზღვეულია, მაგრამ ბუკიამაც ხომ დატოვა სახელისუფლებო პარტია? - სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ, საარჩევნო კამპანიისთვის დამახასიათებელი აჟიოტაჟია.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მოცემული მომენტისთვის, რომელიც არჩევნებს უკავშირდება - ბიძინა ივანიშვილი სექტემბრიდან კვლავ დაუბრუნდება ტელეეთერს. შეიძლება ჩავთვალოთ, სახელისუფლებო პარტიას იმდენად გაუჭირდა, რომ მსგავსი ტიპის დახმარება სჭირდება?
- ივანიშვილმა კარგახნით ადრე გააკეთა განცხადება, რომ დაეხმარება „ქართულ ოცნებას“, ჩაერთვება კამპანიაში და ა.შ. შეიძლებოდა რეგიონებშიც გასულიყო, მაგრამ ტელევიზიით გაკეთებული განცხადებები მგონია, ბევრად ეფექტური იქნება.
თუმცა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხი, რომლებიც ძირითადად ერთსა და იმავე კითხვებს სვამენ, რამდენად მომგებიანი იქნება პიარისთვის, ესეც სერიოზულად გასაანალიზებელია.
არ ვიცი, გაჭირვებაში რას გულისხმობთ, მაგრამ მოგვწონს თუ არა, „ქართული ოცნება“ დღესდღეობით ლიდერი პარტიაა და პროგნოზს, რომ მას ყველაზე მეტი დეპუტატი ეყოლება, საფრთხე არ ემუქრება - პოლიტიკურ სპექტრში ისეთი მნიშვნელოვანი გადაჯგუფება არ მომხდარა და არც საზოგადოებაშია დიდი აჟიოტაჟი ატეხილი.
დაახლოებით რა დროს გახდება უფრო ცხადი, ვის რა შანსები აქვს?
- ალბათ, სექტემბრის შუა რიცხვებში. სხვა ყველაფერი ისე მიდის, როგორც უნდა იყოს საარჩევნო პერიოდში და არც ივანიშვილის ტელეეთერში გამოჩენა არ ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ ისე გაუჭირდა, განგაშის ზარებს შემოჰკრა.
ეს კამპანია კონკრეტულად რას შემატებს მმართველ პარტიას, ვერ გეტყვით, მაგრამ ისიც საყოველთაოდ ცნობილია, რომ ივანიშვილის მხარდაჭერა „ქართული ოცნებისთვის“ მუდამ მნიშვნელოვანი იყო პოზიციების გამყარების თვალსაზრისით.