„ნაციონალური მოძრაობა“ როგორც კრიმინალური სინდიკატი ხელმომწერია ნებისმიერ უსინდისობასა და დანაშაულზე“

„ნაციონალური მოძრაობა“ როგორც კრიმინალური სინდიკატი ხელმომწერია ნებისმიერ უსინდისობასა და დანაშაულზე“

ლაშა ნაცვლიშვილის განცხადებით, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის მონაკვეთის აფეთქების ორგანიზატორების მიზანი, საქართველოს გეოსტრატეგიულ ინტერესზე დარტყმა იყო. უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ ძალიან რთულ პერიოდში შედის ქვეყანა და დესტაბილიზაციის საფრთხეც მატულობს, ხოლო ვინ არის დაინტერესებული დესტაბილიზაციაში, ნაცვლიშვილის განცხადებით, ეს ყველამ იცის.

for.ge ლაშა ნაცვლიშვილს ესაუბრა.

მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენის მილის ღია მონაკვეთის აფეთქების მცდელობას, სუს-მა ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა, თუმცა, ანალიტიკოსთან გარკვეული ჯგუფი თვლის, რომ ეს იყო დივერსიული აქტი. ალბათ, გამოძიების პროცესში ვნახავთ, როგორ დაკვალიფიცირდება საქმე, მაგრამ არსებული საქმის მასალებით თუ ვიმსჯელებთ, რასთან გვაქვს საქმე?

ლაშა ნაცვლიშვილი: დივერსიად დაკვალიფიცირდება, თუ ტერორისტულ აქტად, ეს იურიდიული კაზუისტიკა ნაკლებ მნიშვნელოვანია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მომზადების სტადიაზე გახსნა დანაშაული, რაც, როგორც ამ სფეროში გარკვეული გამოცდილების მქონე ადამიანმა შემიძლია გითხრათ, გაცილებით რთულია, ვიდრე მომხდარის მერე რეაგირება. ეს არის კოლოსარული შრომის შედეგი - დანის პირზე სიარული, რომ არ დააფრთხო, მაგრამ არ მიუშვა დანაშაულამდე და შეაგროვო მტკიცებულებები. მე ვიცი, რა შრომაც არის ამაში ჩადებული.

როგორ ფიქრობთ, რა იყო ამ დანაშაულის მიზანი და მთავარი არსი?

- პირდაპირი დარტყმა საქართველოს გეპოლიტიკურ ინტერესზე. დარტყმა ჩემს და თქვენს მომავალზე. იმიტომ, რომ საქართველო, საერთაშორისო პოლიტიკაში პოზიციონირებს როგორც ენერგეტიკული და სატრანსპორტო ჰაბი აღმოსავლეთსა და დასაველთს, აგრეთვე ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. ეს არის აბრეშუმის გზა, ყველაფერი ის, რაც საქართველოს უქმნის საერთაშორისო ფასს. ჩვენთვის სასიცოცხლო ინტერესი გააჩნია ენერგეტიკული კორიდორის სტაბილურობას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღკვეთა გეოპოლიტიკურ და გეოსტრატეგიულ ინტერესზე დარტყმა. ეს ჩვენი სამსახურების და სახელმწიფოს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ხვალაც და ზეგაც ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ მიმართულებით. როგორც ჩანს, ამ დარგში ყველა ძლიერ საერთაშორისო მოთამაშესთან საქართველო იმკვიდრებს სტაბილური გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული პარტნიორის სტატუსს და ეს ვიღაცას ძალიან აღიზიანებს.

ვინ შეიძლება ესვიღაცა“ იყოს, ქვეყნის შიგნით მოქმედი პოლიტიკური ძალები, რომელთა მიზანია ქვეყანაში დესტაბილიზაცია, თუ მეზობელი ქვეყანა? ხაზი გაესვა უკრაინის ფაქტორს...

- მე მოვისმინე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ერთ-ერთი ბრალდებული ხშირად დადიოდა უკრაინაში და მერე მოვისმინე პროტესტი. უსაფრთხოების სამსახურს რომ განეცხადებინა ტერორიზმში ერთ-ერთი ბრალდებული ხშირად სირიაში დადიოდა, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ბაშარ ასადი გვიწყობდა რამეს? ალ ნუსრა, ან რომელიმე ტერორისტული დაჯგუფება? რადგან უკრაინაში დადიოდა, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უკრაინის სახელმწიფო იქნა დასახელებული სავარაუდო ორგანიზატორად.

ფაქტია, რომ ამ მიმართულებით მიჰყავს მსჯელობა პოლიტიკურ ოპონენტებს...

- სწორედ ამიტომ მოვიყვანე სირიის მაგალითი. უკრაინაში, დონბასში ომი მიდის, იქ არ არის ერთი მოთამაშე, ერთი სახელმწიფო უკრაინა. ჩვენს უშიშროების სამსახურს ხელისუფლების პოლიტიკურმა ოპონენტებმა ბრალი დასდეს იმაში, თითქოს, ჩვენი ხელისუფლება ბრალს სდებდა უკრაინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ტერორიზმის ორგანიზებაში. ეს არის ძალიან მძიმე და უსამართლო ბრალდება უსაფრთხოების სამსახურის და ხელისუფლების მიმართ. უსაფრთხოების სამსახურმა გაასაჯაროვა ფაქტი, რომ ერთ-ერთი დაკავებული ხშირად დადიოდა უკარინაში, ამ ფაქტის ანალოგიას გეუბნებით - სირიაში, რომ ევლო, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ასადს ვდებდით ბრალს?!

ვინ არის უბანში ქურქის მოპარვაში შემჩნეული? - ყველაზე ნაკლებად მიყვარს ამასთან დაკავშირებით მკითხაობა. ვფიქრობ, გამოძიება აუცილებლად დაადგენს, საიდან მოდის, ვინ არის დამკვეთი და ვის ინტერესებში იყო აღნიშნული ტერორისტული აქტი. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ამომწურავ ინფორმაციას მივიღებთ.

ვინ არის დღეს საქართველოში დესტაბილიზაციით დაინტერესებული?

- ვინ აწყობდა უკანასკნელ პერიოდში საქართველოში დესტაბილიზაციას? დიახ, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც სულ რაღაც ორი კვირის წინ, საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტრუმენტალიზაციას ახდენდა დესტაბილიზაციის მოწყობის კუთხით. ის, რასაც პაპუაშვილი აკეთებდა „რუსთავი 2“-ისა და უგულავას ქეისებთან, ასევე მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით, ეს იყო ქვეყნის საკანონმდებლო ქაოსში შეყვანის პირდაპირი მცდელობა.

ამიტომ, მე არაფერს გამოვრიცხავ. თუმცა, არასერიოზული იქნება ხელი დავადო რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას, ან მის რომელიმე ხელმძღვანელს რომელიმე ქვეყანაში და თუნდაც უკარაინაში. მაგრამ ის, რომ ეს ხალხი ყველაფერზე ხელის მომწერია, ამაში ერთი წუთით ეჭვი არ მეპარება. ეს არის ხალხი, რომლებმაც სკოლა დაწვეს და მერე ვალერი გელაშვილს დააბრალეს იმიტომ, რომ გაეგდოთ პარლამენტიდან, გახსოვთ ეს ფაქტი.

მათ შორის ხურჩის ცნობილი ინციდენტი...

- ხურჩაში ტერორისტული აქტი მოაწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მიხეილ სააკაშვილმა და ძმებმა ახალაიებმა. ამიტომ, მათთვის მორალური კრიტერიუმი, რომ ისინი ამას არ იზამდნენ, არ მუშაობს. ვინც ხურჩა მოაწყო, ვინც სკოლა დაწვა, მათგან ეს გამორიცხული არ არის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბრალს ვდებ. მაგრამ, ისინი რომ ამაზე ხელის მომწერები არიან, ამაში ერთი წუთით ეჭვი არ მეპარება.

ერთი წუთით არ მეპარება ეჭვი იმაში, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც კრიმინალური სინდიკატი, ხელის მომწერია ნებისმიერ უსინდისობაზე და დანაშაულზე. პოლიტიკურ მოედანზე გამოჩენის დღიდან სხვა არაფერი უკეთებიათ. დმანისში რომ დაიწყეს ქვების სროლა, იმის მერე ესვრიან ქვეყნას. ამიტომ, თუ დასჭირდათ ტერორისტულ აქტსაც მოაწყობენ, გადაწვავენ კიდეც და ფერფლად აქცევენ ქვეყანას.

როგორც მოქალაქე, პოლიტიკური და პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ერთი წუთით არ მეპარება ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი კრიმინალური დაჯგუფება ხელს მოაწერს ნებისმიერ კრიმინალურ ქმედებაზე და ტერორისტულ აქტსაც დაუფიქრებლად მოაწყობს. პირად მაქვს გამოძიებული ხურჩის ინიციდენტი, როგორ ესროლეს საკუთარ მოქალაქეს. ესენი გაზსადენს არ ააფეთქებენ კი არა, მეტს იზამენ. დიდი ეჭვი მაქვს, რომ 2006 წელსაც გაზსადენი ამათმა ააფეთქეს, ზუსტად, კონფლიქტის ინიცირების მიზნით.

იმ ობიექტის აფეთქება გამოიწვევდა სახელმწიფოთა შორის კონფლიქტს, რაც შეიძლება გადაზრდილიყო საკმაოდ სერიზულ გეოპოლიტიკურ კონფლიქტში და ეს იყო მოტივიც ამ შემთხვევაში?

- საქართველო, როგორც გეოპოლიტიკური ერთეული, ძალიან დიდ ზიანს მიიღებდა. ჩვენ ვართ დემოკრატიის და სტაბილურობის ოაზისი ამ ოკეანეში. მიმოიხედეთ გარშემო, აღმოსავლეთით, დასავლეთით, სამხრეთით და ცოტა უფრო შორს, ძალიან არასტაბილურია სამყარო, რამდენიმე ცხელი წერტილია. საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხე, გეპოლიტიკური და გეოსტარტეგიული ჭიდილი დიდ მოთამაშეებს შორის და, ამ ვითარებაში - ქართული ნავი, რომელიც ამ ოკეანეშია, დადებითი კუთხით გამოირჩევა ყველა ჩვენი ზომის და ტოლი მოთამაშისგან. ამიტომ, ამ ინტერესზე დარტყმა ვისგან შეიძლება ყოფილიყო მართული, ახლა ამაზე ლაპარაკი არასწორი და არაკორექტულია.

ტერაქტი აღიკვეთა, მაგრამ ამან ზიანი მიაყენა ქვეყანას?

- რასაკვირველია, შეუმდგარი ტერორისტული აქტიც კი, დამაზიანებელია. შეიძლება, ინვესტორი გუშინ აპირებდა ფულის ჩადებას, დღეს შეიძლება დაფიქრდეს, მაგრამ ხვალ ისევ ჩადებს, იმიტომ, რომ აღიკვეთა. სტაბილურობის თვალსაზრისით კი, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის. ჩვენი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ფუნქციაა, რომ ვიყოთ ენერგეტიკული და სატრანპორტო ჰაბი, ეს ჩვენთვის უკიდურესად მინიშვნელოვანია. ახლა, ამ წუთას, ჩრდილო მაგისტრალს დაარტყამს, თუ სამხრეთის, ასე უხეშად და მარტივად ერთსვლიანი კომბინაციით არ მუშაობს ის ხალხი, ვინც ტერორიზმს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

ის, რომ რუსულ-სუმხურ თემას დაარტყა, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად აზერბაიჯანულ-დასავლური თემით დაინტერესებული პირი იყოს. შეიძლება პირიქით იყოს. შეიძლება ორსვლიანი კომბინაცია იყოს, რომ მე და თქვენ ასე ვიფიქროთ. ერთი რამ ფაქტია, ვინც ამას აკეთებდა, ურტყამდა ჩვენი ქვეყნის გეოსტრატეგიულ ინტერესს.

შეიძლება ამ დესტაბილიზაციას გარე ბენეფიციარი ჰყავდეს?

- შეიძლება ჰყავდეს გარე ბენეფიციარიც და შიდაც, ამაშიც ვთანხმდებით. დანარჩენს ყველაფერს დაადგეს სპეციალური სამსახური. აქედან ვაკეთებთ სამ ფუნდამენტურ დასკვნას, პირველი - ეს არის გეოსტრატეგიულ ინტერესზე დარტყმა, ამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს გარეთაც და შიგნითაც. შიგნითა ბენეფიციარს ზუსტად ვიცნობთ, ეს არის ტერორისტულ ქმედებაში არაერთგზის მხილებული „ნაციონალური მოძრაობა“. რაც შეეხება გარე ბენეფიციარს, ჩემგან ამაზე ლაპარაკი ძალიან არასერიოზული იქნება. ეს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაზე შეიძლება აისახოს.

საფრთხე ისევ რჩება, თუ შეიძლება ვთქვათ, რომ ლოკალიზებულია?

- მინდა გითხრათ, რომ შეიძლება აღკვეთო ტერორისტული აქტი და ეს საჯარო არ გახადო. არანაირი ვალდებულება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს, რომ მოეხდინა საზოგადოების ინფორმირება, არ ჰქონდა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ სულ რამდენიმე ხნის წინ გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის გენერალ რომან დუმბაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმის დეტალები.

რეალურად, ეს საქმე ჩემს პერიოდში 2013 წელს გაიხსნა, მაგრამ საზოგადოებამ არ იცოდა. არსებობს გარკვეული ტაქტიკურ-სტრატეგიული ამოცანები, რომლის საჯარო ლეგალიზაცია არ არის საჭირო. ვინაიდან, უსაფრთხოების სამსახურმა მიიღო საზოგადოების ინფორმირების გადაწყვეტილება, ვასკვნი, რომ ლოკალური საფრთხე უკვე არიდებულია და ამ მიმართულებით ტერორისტული ქსელი მთლიანად გაშიფრულია.

საზოგადოების ინფორმირებით კიდევ ერთხელ მოხდა პრევენცია, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად. ძალიან რთულ პერიოდში შედის ქვეყანა და რასაკვირველია, რომ დესტაბილიზაციის საფრთხე იმატებს. დესტაბილიზაციაში დაინტერესებული ვინ არის, ეს ყველამ ვიცით.