სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ტერორისტული აქტი აღკვეთა. გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს 5 მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდნენ. ტერორისტული აქტის ორგანიზებით დაკავებულ პირებს კავშირები აღმოაჩნდათ საზღვარგარეთ. სკანდალური საქმის პროკურორის გიორგი დავითაშვილის განცხადებით, არსებობობს ჩანაწერებიც, რომელიც ადასტურებს, რომ ბრალებულებს თანხას სთავაზობდნენ.
დაკავებულებიდან ერთ-ერთი ირაკლი ბაგიშვილს კავშირი ჰქონდა უკრაინაში მებრძოლ ქართველებთან, მეტიც ის პერიოდულად ჩადიოდა უკრაინაში.
„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე სუს-მა და შემდგომ პროკურატურამ უნდა წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები.
for.ge ბესიკ ალადაშვილს ესაუბრა.
გამოძიება ამბობს, რომ ტერორისტული აქტის ორგანიზებით დაკავებულ პირებს, კავშირები აქვთ საზღვარგარეთ. როგორ ფიქრობთ, რა ჯგუფი შეიძლება იდგეს ამის უკან?
ბესიკ ალადაშვილი: პოზიტიურია ის, რომ ჩვენ ამ ეტპაზე ვხედავთ სუს-ის ამოქმედებას. განვლილი 4 წლის მანძილზე რაიმე სერიოზული შედეგი არ ყოფილა, ამ ეტაპზე კი, რაღაცის მინიშნება არის და არის მოლოდინი, რომ ეს ყველა ბრალდება გაჯერებული იქნება მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლოში იქნება ის შედეგი, რასაც ამ ეტაპზე ბრალდება ამტკიცებს.
შეიძლება ვთქვათ, რომ ტერორიზმის საფრთხემ საქართველოს საზღვრები გადმოკვეთა, რაც ზრდის ტერორიზმის საფრთხეს ქვეყანაში?
- თუ ერთ-ერთ ვერსიად ავიღებთ ტერორიზმის საფრთხეს და კონკრეტულად, ეს შესაძლო ტერაქტი იგეგმებოდა „ისლმაური სახელმწიფოს“, ან სხვა ტერორისტული ორგანიზაციის მიერ, მაშინ მსჯელობა ამ მიმართულებით უნდა წავიდეს. ჩემი აზრით, ეს ყველაზე სავარაუდოა, თუმცა ველოდებით მტკიცებულებებს, იმიტომ, რომ ისლამურ ტერორიზმს თავისი კრიტერიუმები აქვს - რწმენა, რელიგია, ეროვნება. მეორე - ტერორისტული ორგანიზაციების სამიზნე ყოველთვის არის ხალხმრავალი ადგილები, რითაც ისინი უფრო მეტ შიშს თესავენ და ამით, თავის „საქმეს“ ამცნობენ მსოფლიოს.
რაც შეეხება კონკრეტულად რომელიმე ობიექტის და მით უმეტეს ნავთობსადენის აფეთქებას, ეს რას აძლევდა ტერორისტულ დაჯგუფებას?
- მეეჭვება, რომ ამას ტერორისტებისთვის რამე სახელი მოეტანა. ჩემი აზრით, აქ შესაძლოა, განვიხილოთ სამი შესაძლო ვერსია. პირველი - არ არის გამორიცხული, რომ არჩევნების წინ სიტუაციის დაძაბვით დაინტერესებული იყოს რუსული მხარე, და მას ჰქონდა იგივე გეგმა, რაც 2006 წელს, როდესაც რუსეთის ტერიტორიაზე ააფეთქა გაზსადენი და შემდეგ რამდენიმე კვირა საქართველოს და სომხეთს გაზი არ მიეწოდებოდა. ანუ, ერთ-ერთი ვერსიით არ უნდა გამოირიცხოს რუსეთის სპეცსამსახურები.
მეორე - ასევე არ უნდა გამოირიცხოს ის გარკვეული მინიშნება, რაც სუს-მა ბრიფინგზე განაცხადა, რომ კვალს კიევში მივყავართ. გამორიცხული არ არის უკრაინაში გაქცეული და დამკვიდრებული საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი ყოფილი წარმომადგენელი ცდილობდეს სიტუაციის დაძაბვას. მესამე - „კუდიანებზე ნადირობის“ ცნობილი სცენარი უკვე ამ ხელისუფლების მიერ - არ არის გამორიცხული.
გახსოვთ, რომ ნაციონალების მმართველოს დროს ჩვენ გვქონდა ამის მწარე გამოცდილება. ე.წ. ენვერის საქმე, ვახო მაისაია, სიმონ კილაძე, ფოტოგრაფების საქმე, ე.წ. კოჭოია და ტერორისტები, უამრავი ასეთი ფაქტი იყო და ეს საქმეები მყარი მტკიცებულებით არ იყო გამყარებული. ალბათ, ყველა ეს საქმე წაიშლება. ეს იყო შეკოწიწებული საქმეები ქულების ჩაწერის მიზნით, ამიტომ ერთ-ერთი ვერსია შეიძლება იყოს ის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ არჩევნების წინ გარკვეულად ქულების ჩაწერა მოინდომოს.
და მეოთხე - მართლაც მოხდა ფაქტის აღკევთა.
სუს-ის მიერ ჩატარებულ ოპერაციას სოციალური ქსელით გამოეხმაურა უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ლეგიონის წევრი, ვიცე პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე, რომელიც წერს, რომ საქართველოში დაიჭირეს ის ადამიანები, რომლებიც უკრაინაში გვედგნენ გვერდითო. მტკიცებულებების გარეშე ალბათ, რთულია ამის პირდაპირი მტკიცებულებით გამოყენება, მაგრამ გამორიცხავთ, რომ არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენის მილის აფეთქება უკარაინაში დაგეგმილიყო, რომ შემდგომ ეს გამხდარიყო დესტაბილიზაციის მიზეზი ქვეყანაში?
- ჩემი აზრით, ეს ოთხი ვერისია არსებობს და ბუნებრივია, რომ ამ ოთხი ვერსიის გამყარებას ტვიტერით თუ ფეისბუქით არ უნდა ვეცადოთ. მტკიცებულება ბრალდების და საბოლოო ჯამში, სასამართლოს პრეროგატივაა. მაგრამ ეს იმდენად რეზონანსული საქმე ჩანს, რომ აუცილებლად ევალებათ კიდევაც, რომ სუს-მა და შემდგომ პროკურატურამ წარმოადგინონ კონკრეტული მტკიცებულებები. აი, მაშინ უკვე დავინახავთ რა და როგორ.
თუმცა, კითხვის ნიშნები ყოველთვის დაისმევა, რა ხელს აძლევდა უკრაინაში გადახვეწილ ნაციონალებს ტერაქტი თუ დივერსია მოეწყოთ? ბევრი ვერსია შეიძლება იყოს, ამიტომ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
სუს-ის ბრიფინგზე რამდენიმე ნიშანდობლივი ფაქტი გაცხადდა. კერძოდ, სუს-ის წარმოამდგენელმა თქვა, რომ ამ ჯგუფზე ოპერატიული დაკვირვება, თვალთავლი და კონტროლი რამდენი თვის მანძილზე მიდიოდაო. ეს ნიშნავს, რომ ლოგიკურად ყველა მათი მოქმედება და შეხვედრა აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით უნდა იყოს გამყარებული და დოკუმენტირებული. არ უნდა ვეყრდნობოდეთ მხოლოდ წარმოდგენილ გრაფიკულ მონაცემებს და სქემებს. ამ მდგომარეობიდან კი, გამოვიდა, რომ გრაფიკებს დავჯერდეთ. ამიტომ, უნდა იყოს ოპერატიულ-აგენტურული ინფორმაცია და, მით უმეტეს, როდესაც თვეობით გრძელდება მიყურადება, გაცილებით მეტი სამხილი უნდა გქონდეს.
როდესაც საუბარია სტრატეგიულ ობიექტზე, ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე რამდენად რეალურია?
- თუ ეს იყო „ისლამური სახელმწიფოს“ ორგანიზებული, უნდა იყოს ძალიან ბევრი კვალი. უკრაინაში ერთხელ და ორჯერ ჩასვლა საკმარისი არ იქნება. ჩემი აზრით, აქ უნდა ყოფილიყო სისტემატური სატელეფონო და ინტერნეტ-კავშირები, რომელთა გაშიფვრა სუს-ისთვის პრობლემა არ იქნებოდა. ასე რომ, მტკიცებულებებზე ვართ დამოკიდებული.
საერთოდ, ტერორიზმის კუთხით, რამდენად მოწყვლადია საქართველო?
- სამწუხაროდ, ბოლო წლების თუ თვეების მოვლენები გვიჩვენებს, რომ დასავლეთ ევროპის ყველა, მაღალდაცული ქვეყანა, როგორც თავად მიაჩნდათ - საფრანგეთი და ბელგია, უძლურია წინასწარ დაგეგმილი და განხორციელებული ტერაქტის წინაშე.
სხვა შემთხვევაში, სამწუხაროდ, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები მიზანმიმართულად, წლების მანძილზე ახდენენ ამ ტერორისტული აქტების, თუ დივერსიების დაგეგმვას და ისინი ამას დაუკავშირებენ საარჩევნო პერიოდს. თუ ამას გავითვალისწინებთ, მაშინ სამწუხაროდ ძალიან დიდი ალბათობაა და აქ უნდა გამოჩნდეს ქვეყნის სპეცსამსახურების რეალური შესაძლებლობა და პროფესიონალიზმი.
წინასაარჩევნოდ უშვებთ დესტაბილიზაციის მცდელობას ქვეყანაში და თუ ასეა, მაშინ, ამის აღსაკვეთად რა ზომები უნდა გაატაროს სახელმწიფომ?
- ახლა ძნელია საუბარი იმაზე, ეს არის თუ არა ათვლის წერტილი. გააჩნია მტკიცებულებები საით წავა და სწორედ, ეს წარმოაჩენს ვინ დგას ამ შესაძლო და სავარაუდო დივერსიული აქტის უკან. სხვა შემთხვევაში, ზოგადად არჩევნების წინ ჩვენს ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვას უნდა ველოდოთ. იმიტომ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ქვეყნის გეოპოლიტიკური ინტერესები გადის და აქედან გამომდინარე, ყველა თავისი საშუალებების გამოყენებას შეეცდებაა. მთავარია, რომ ტერაქტის მცდელობა დროულად იქნას აღკვეთილი.