სალარო აპარატების წრეზე მბრუნავი ბიზნესი

სალარო აპარატების წრეზე მბრუნავი ბიზნესი

[ეკა ბაქრაძე]

მეწარმეებს მთავრობა ყოველ წუთს უცვლის პირობას. თითქოს რაღაც შეღავათს დაუწესებს, ან რკინისებურ დაპირებას დაუთქვამს და გაურკვეული დროის გასვლის შემდეგ, ყველაფერს უკუღმა აკეთებს. ამჯერად საქმე ახალ სალარო აპარატებს ეხება. როგორც ირკვევამისი შემოტანით მთავრობა მეწარმეებისაგან მილიონობით თანხის ამოქაჩვას აპირებს.

მთავრობა მეწარმეებისთვის მიცემულ პირობას ცვლის. მეწარმეთა ნაწილს სალარო აპარატების გამოცვლა საკუთარი ხარჯით მოუწევთ.  აპარატების გამოცვლა ზაფხულის ბოლოსთვის იგეგმება.  „ჯიპიარეს“-ის სისტემით აღჭურვილი ახალი აპარატები შემოსავლების სამსახურს მარტიდან უნდა შემოეტანა, თუმცა ახალი გეგმით აპარატების შემოტანა და დარიგება, სავარაუდოდ, აგვისტოდან დაიწყებს. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ამ სისტემის დანერგვამ წლის ბოლომდე გადაიწიოს.

შემოსავლების სამსახურში, ჯერჯერობით, ვერ აკონკრეტებენ, აპარატები ყველა მეწარმეს უფასოდ დაურიგდება თუ მათი დიფერენცირება მოხდება. გავრცელებული ინფორმაციით, მეწარმეები რომელთა წლიური ბრუნვა 250 ათას ლარს არ აღემატება, შემოსავლების სამსახური სალარო აპარატს უსასყიდლოდ გადასცემს, ხოლო მათ, ვისი ბრუნვაც ამ თანხას აჭარბებს, სალარო აპარატის შეძენა მოუწევს. თუმცა, თავდაპირველად მთავრობაში ამტკიცებდნენ, რომ სალარო აპარატებს ყველა მეწარმე უსასყიდლოდ მიიღებდა.

„ჯიპიარეს“-ით აღჭურვილი აპარატებით შესრულებული ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში ონლაინ-რეჟიმში მოხვდება.

შემოსავლების სამსახური სალარო აპარატების განსხვავებული ფორმით დარიგებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გაუგებარია საიდან გავრცელდა ასეთი ხმები, რადგან თავად სამსახურში მსგავსი განხილვები არ ყოფილა.

სალარო აპარატის ღირებულება 135-150 დოლარი იქნება. საქართველოში ასიათასობის კომპანია თუ ინდმეწარმეა, რომელიც იძულებული იქნება ახალი აპარატი შეიძინოს. „ჯიპიარესიანი“ სალარო აპარატების გასაღებით მთავრობა და მასთან დაახლოებული ბიზნესი ათეულ მილიონობით თანხას ჩაიჯიბავს.

თანაც, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მეწარმეებს აპარატების შეძენას აიძულებენ. 2007-09 წლებში საქართველოში სალარო აპარატების რამდენიმე მსხვილი პარტია გასაღდა. სხვათა შორის, დუბაიში ნაყიდი 25-დოლარიანი აპარატები მთავრობამ ბიზნესმენებს 260 ლარად შეასაღა.

მეწარმეთა ნაწილისთვის ახალი აპარატების „ჩუქება“ სახელმწიფო ბიუჯეტს 13,3 მილიონი ლარი დაუჯდება. 100 ათას ცალ სალარო აპარატს ტენდერში გამარჯვებული კომპანია DAISW TECHNOLOGW შემოიტანს, ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. კომპანია აპარატების ეტაპობრივ მიწოდებას 6 თვის განმავლობაში განახორციელებს. სალარო აპარატს 3-წლიანი გარანტია გააჩნია.

ახალი სისტემის დანერგვა ფინანსთა სამინისტრომ ადმინისტრირების გამარტივების მიზნით შეუმუშავა. გარდა ამისა, სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ეს სისტემა მათ მიმართ მეწარმის ნდობას მნიშვნელოვნად აამაღლებს, ვინაიდან საგადასახადო ოფიცერი თავად აღარ მიიღებს გადაწყვეტილებას ვინ შეამოწმოს და სად განახორციელოს საკონტროლო შესყიდვა. ამჯერად, ოფიცერს „ესემესით“ მიუვა შეტყობინება თუ სად უნდა წავიდეს და სად განახორციელოს საკონტროლო შესყიდვა და ეს სისტემა მთლიანად ხდება პროგრამირებული.

ექსპერტების გნაცხადებით, შემოწმების სისტემა მოძველებულია და მისი შეცვლა აუცილებელია. ელექტრონული შემოწმების სისტემა კი ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული. მთავარია, რამდენად სწორად იქნება შექმნილი სამინისტროს მიერ გაკეთებული პროგრამა. ექსპერტები ასევე მიიჩნევენ, რომ ამ პროგრამის შესახებ უცხოული ექსპერტების დასკვნაც უნდა გამოქვეყნდეს.