„მყარი უმრავლესობით მოვალთ, რადგან სხვა ალტერნატივა არ არის“

„მყარი უმრავლესობით მოვალთ, რადგან სხვა ალტერნატივა არ არის“

„ქართული ოცნება“ საარჩევნო სიასა და პროგრამას სექტემბრის შუა რიცხვებში წარადგენს, მანამდე კი, საზოგადოებას ქვეყნის სწრაფ განვითარებას ჰპირდება და სანაცვლოდ მხარდაჭერას ითხოვს. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტში მყარი უმრავლესობით მოვლენ, რადგან მათი მოსაზრებით, სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასების მიზნით, for.ge პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ნუკრი ქანთარიას ესაუბრა:

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პაატა ბურჭულაძე, გიორგი ვაშაძე დაგირჩიმონაწილეობას ერთად მიიღებენ. როგორ ფიქრობთ, ამ ადამიანებს იდეების ერთობა ამოძრავებთ, თუ კონკრეტული პოლიტიკური მიზანი?

- სახარებისებური ჭეშმარიტებაა, რომ ამ ქვეყანაზე დაფარული არაფერი არ იქნება და ადრე თუ გვიან, ყველაფერი გაცხადდება. ის ყველაფერი დროულად გაცხადდა, რასაც ადრე ყველანი ვვარაუდობდით. კერძოდ, პაატა ბურჭულაძე შესანიშნავი მომღერალია, მაგრამ ის როგორც პოლიტიკოსი „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტია. „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენები - „გირჩი“ და გიორგი ვაშაძე იმ მიზნით გაერთიანდნენ, რომ ამომრჩევლის მობილიზაცია მოხდეს. ბოლო პერიოდში, პაატა ბურჭულაძის პარტიის დატოვებაზე რიგი დადგა, რის გამოც ის პროექტს და ჩანაფიქრს ვეღარ ახორციელებდა და როგორც ჩანს, ეს ბლოკი სათადარიგო ვარიანტად ჰქონდათ გათვალისწინებული. არ ვფიქრობ, რომ ამით „ქართული ოცნების“ ამომრჩეველის მიზიდვა ხდება, პირიქით, თუკი „ოცნების“ მომხრეებს შორის ისეთი ხალხი იყო, რომელიც ყოყმანობდა და ხმის მიცემას ბურჭულაძისთვის ფიქრობდა, მათთვის ყველაფერი ცხადი გახდა. ეს მოყოყმანე ხალხიც „ოცნების“ მხარეს წამოვა.

ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ბურჭულაძემ ამ სვლით მხარდამჭერები დაკარგა?

- რა თქმა უნდა. მან თავისი თავის ლუსტრაცია მოახდინა. შეუძლებელია, 50 წლამდე ისე მოხვიდე ერთი განცხადება არ გააკეთო, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძო და პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტო. წარმოუდგენელია, უცებ, მხსნელის მანტიის მორგება მოინდომო, თუკი ვინმემ არ დაგაკვალიანა, ეს თავში არ ჩაგიდო ან რაღაცამ არ მოგხიბლა.

თქვენს ლოგიკას რომ მივყვეთ, თუკი ბურჭულაძე ვიღაცისპროექტია“, ის ვერ ხვდება, რომ ამით პიროვნულ რეიტინგსაც დაკარგავს?

- მან თავისი თავი დააზიანა. თავიდანვე ვუთხარი, რომ ამას ნუ იზამდა, რადგან საკუთარი გულშემატკივარი ხაზს გადაუსვამდა. პოლიტიკა და სიმღერა სხვადასხვა სიბრტყეა, თუ არადა, ამაში შენი წილი რაღაც უნდა გქონდეს ჩადებული და არა მხოლოდ ის, რომ ეკლესია ააშენო და „იავნანა“ შექმნა, საიდანაც თურმე, 27 მილიონი მოხმარდა. აქაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. პოლიტიკა უმკაცრესი სფეროა, სადაც თუკი საკუთარი მრწამსი არ გაქვს და ვიღაცის დაკვეთით მუშაობ, არაფერი გამოგივა. ბურჭულაძესთან ხათუნა ლაგაზიძე და მერაბ მეტრეველი გულანთებული მივიდნენ, რომელთაც ვურჩევდი, რომ თვალები გაეხილათ და კარგია, რომ საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებას გეგმავენ.

თქვენ ნაციონალებისა და ბურჭულაძის გაერთიანებას აპროტესტებთ, მაგრამ როგორც თქვენ თქვით, ნაციონალებისნარჩენებითქვენს რიგებშიც მოხვნენ. იმ ბიზნესმენ დეპუტატებს ვგულისმობ, რომლებიც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად დააყენეთ...

- ამასთან დაკავშირებით კითხვები პოლიტსაბჭოს ფორმატშიც გვქონდა. მათ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს არა გუშინ, არამედ ოთხი წლის წინ და მას შემდეგ ჩვენთან არიან. როცა ძალიან გაგვიჭირდა და უმრავლესობა საფრთხის წინაშე დადგა, რაც ქაოსს ნიშნავდა, მათ სწორი და ადეკვატური ნაბიჯი გადადგეს. ამას გარდა, ისინი სიაში არ არიან და მაჟორიტარ დეპუტატად დასახელდნენ. მათ თავიანთ რაიონში ბევრი საქმე აქვთ გაკეთებული.

თქვენი მხრიდან მათი წარდგენა იძულების წესითაც ხომ არ მოხდა, რადგან ოქრიაშვილსა და ენუქიძეს ოლქებში შიდა კვლევები ჰქონდათ ჩატარებული, სადაც უპირობო ლიდერობდნენ?

- არჩევნების წაგებაზე მსჯელობა შეიძლება, მაგრამ მათ სურვილი ჰქონდათ, რომ ჩვენთან თანამშრომლობა გაეგრძელებინათ. ოთხი წლის მანძილზე, მათ ისეთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ, რომელიც საეჭვო იქნებოდა. ასევე მათ მოგება გარანტირებული აქვთ და გადაწვეტილება აქედან გამომდინარეც მივიღეთ. ჩვენი პარტია ჩაკეტილი არ არის და თუ ვინმეს დანაშაული არ აქვს ჩადენილი, ამის გამო თვალები არ უნდა დავხუჭოთ.

პოლიტიკაში გამოჩნდა სანდრა რულოვსიც. ერთია, რომ ზუგდიდში მას საკმაოდ კარგი რეიტინგი აქვს, მაგრამ პოლიტიკაში რატომ მოდის - სააკაშვილი გუნდს არ ენდობა და პარტიაში ფესვებს იღრმავებს?

- რაც შეეხება სანდრას მეგრულის ცოდნას და ამით გარკვეული დივიდენდების მიღებას, ვფიქრობ, რომ ესეც განწირული თამაშია. სააკაშვილს უკვე მეუღლის გამოყენება დასჭირდა და მას შესაძლოა, მასაჟისტების გამოყენებაც დასჭირდეს. როგორც ჩანს, ძალიან უჭირთ, თორემ, სააკაშვილი მეუღლეს არ გაიმეტებდა და წინასწარ განწირულ ბრძოლაში არ ჩართავდა. სააკაშვილი ფიქრობს, რომ სანდრა ხალხის თვალში მის მაგივრობას გასწევს, მაგრამ არ იცის, ხალხი მისი დანახვით რამდენად შეწუხებულია. ნაციონალებს რა რეიტინგიც აქვთ, მეტი არ მოემატებათ, გინდა, სანდრა შემოიყვანონ და გინდაც - სააკაშვილის სიმამრი.

თქვენს გუნდს რა რეიტინგი აქვს, რისი იმედი გაქვთ?

- დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს. მომავალში რა იქნება, ვერ გეტყვით. ხელისუფლებას ოთხი წლის მანძილზე არც ერთი პრობლემა არ შეუქმნია. შეიძლება, ზოგიერთი პრობლემა ვერ გადავჭერით, მაგრამ ისეთი ოცნება ავახდინეთ, როგორიც C ჰეპატიტია. პრობლემები არის, რომელიც ჯერ ვერ გადავჭერით, მაგრამ ხალხი იმასაც ხედავს, რომ პრობლემების გადაჭრისთვის მეცადინეობა მიდის. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ვერც ერთმა ხელისუფლებამ ის ვერ მოახერხა, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს და ცეცხლის კერები არ შექმნას. ყველა ხელისუფლების დროს იყო აღელვებული ხალხი, ჩვენს პირობებში კი, მშვიდობაა. „ოცნება“ ამომრჩეველს სწორედ ამას მისცემს.

მხოლოდ მშვიდობაზე აპელირება საკმარისია, მაშინ, როცა ქვეყანაში სოციალური ფონი მწვავეა?

- თუ მშვიდობა და სტაბილურობა არ არის, განვითარებაზე ლაპარაკი ზედმეტია. პოლიტიკურ ფლანგზე ისეთი კონფიგურაციაა, სადაც ზოგიერთი ან რუსეთისკენ ხელგაწვდილია, ან მშვიდობას ვერ უზრუნველყოფს, ან უსამშობლო-უფესვო ხალხია, რომელიც ევროპისკენ იყურება. ჩვენ ვამბობთ, რომ ევროპული ოჯახისკენ ჩვენს ფესვებზე დაყრდნობით მივიწევთ. წინ მყარი ნაბიჯებით მივიწევთ, მაგრამ შეიძლება ტემპზე გარკვეული პრობლემები იყოს და სწრაფი განვითარება მოსალოდნელი ახლა არის.

ამომრჩეველს ჰპირდებოდით, რომ მეოთხე წელი - ბრწყინვალე იქნებოდა და ტემპზე ახლა დაფიქრდით?

- ამომრჩეველს ქვეყნის სწრაფ განვითარებას ვპირდებით, პენსიის რაოდენობას კი, ვინ რა რიცხვს დააბრეხვებს, ეს მის სინდისზე იყოს. პენსიის რაოდენობის ნებისმიერი ციფრის დასახელება შეიძლება, რადგან ენას ძვალი არ აქვს, თუმცა, ამ მხრივაც წინსვლაა, რადგან როგორც პენსია, ასევე ხელფასები გაიზარდა.

თქვენი პროგნოზი როგორია, უმრავლესობის მოპოვებას შეძლებთ?

- მყარი უმრავლესობით მოვალთ, რადგან სხვა ალტერნატივა არ არის. ხელისუფლებაში სხვა პარტიების მოსვლის შემთხვევაში იქნება გაურკვევლობა, ქაოსი და სიტუაციების სხვის ნებაზე გადაწყობა, რაც უამრავი დაბრკოლების მიზეზი გახდება. უკვე იმ რელსზე ვართ, რომელიც მყარად შექმნილია და ქართველმა ხალხმა იმის საშუალება უნდა მოგვცეს, რომ მყარი განვითარება დავიწყოთ.

გუნდში იმ ადამიანებს ხედავთ, რომლებიც სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფენ? მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად სპორტსმენები წარადგინეთ და ლევან ბერძენიშვილმა გირჩიათ, პოლიტიკაში წაგებული ფეხბურთელების ნაცვლად, ოლიმპიური ჩემპიონები მოიყვანოთ...

- ეს ლევანის ენაკვიმატობის სფეროა. რამდენიმე სპორტსმენია და მათ პარლამენტში მოსვლა არ ეკრძალებათ. მათ სიღრმისეული ხედვები აქვთ და მათი ღირებულებები პარტიისას ემთხვევა. ყაველაშვილი ხშირად გამოდის ხოლმე და ზაზა ხუციშცილიც საკმაოდ აქტიური მოქალაქეა.

აქტიური მოქალაქეობა საკმარისია იმისთვის, რომ პარლანენტში მოხვდე და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა მიიღო?

- არ შეიძლება, რომ ვინმე ეს ფუნქცია მოუსპო, მით უმეტეს, როცა მაჟორიტარი დეპუტატის არჩევაზეა საქმე. მათ ამომრჩეველი ირჩევს. შეიძლება ადამიანი კვალიფიციური იურისტი იყოს, მაგრამ მის მიმართ ხალხს ინტერესი არ ჰქონდეს. აქ მნიშვნელოვანია, ხალხისადმი დამოკიდებულება როგორია. საკმაოდ ძლიერი ფრთა გვყავს როგორც საგარეო კუთხით, ასევე ეკონომიკის მიმართულებით. შესაბამისად, პარლანეტში არ გაგვიჭირდება.

კონკურენტად ვის აღიქვამთ?

- კონკურენტად ვერავის ვერ აღვიქვამთ და მათზე არც ვსაუბრობთ.

თუმცა, ნაციონალები 8 ოქტომბერს გამარჯვებას აანონსებენ...

- ეს მათი სიზმრებია, რომელსაც ყოველდღიურად ნახულობენ და ეს ვერ მოხდება. ნაციონალებს ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი შანსი არ აქვთ, რადგან ეს სახიფათო ძალაა და მას ოდესაში მყოფი ძებნილი ამოძრავებს. სააკაშვილი ცდილობს, როგორმე აქ ქაოსი მოაწყოს, რათა იქნებ, რაღაც ნაწილაკები პოლიტიკის ფსკერზე ამოტივტივდნენ, რაც გამორიცხულია.