„თუ თურქეთმა ნატო დატოვა, აშშ ყველაფერს გააკეთებს საქართველოსა და უკრაინასთან სამხედრო თანამშრომლობის გასაღრმავებლად“

„თუ თურქეთმა ნატო დატოვა, აშშ ყველაფერს გააკეთებს საქართველოსა და უკრაინასთან სამხედრო თანამშრომლობის გასაღრმავებლად“

„ფრთხილად, „ფოცხს ფეხი არ დავაბიჯოთ“, - თუ თურქეთმა ნატო დატოვა, აშშ ყველაფერს გააკეთებს საქართველოსა და უკრაინასთან სამხედრო თანამშრომლობის გასაღრმავებლად“, - ამ შინაარსის სტატიას აქვეყნებს რუსული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი „ოგონიოკი“.

თურქული ხაფანგი
პუბლიკაციის ავტორის აზრით, თეზისი „გუშინ მტერი - დღეს მეგობარი“ შეიძლება ბევრისთვის წარმატებულ საგარეო პოლიტიკას ნიშნავდეს და ვიღაცამ იფიქროს, ხომ შევძელით თურქეთის მოდრეკაო, მაგრამ რატომღაც ყურადღებას არ აქცევენ იმას, რომ თურქეთი დასავლეთი არ არის, არც ევროკავშირის წევრია და ვერც ვერასოდეს გახდება. ანკარა რაც უფრო მეტად „მიაწვება“ და უერთგულებს მის მიერ არჩეულ „განსაკუთრებულ გზას“, მით მეტად დაშორდება ევროკავშირს და შემდეგ - ნატოსაც.

„ნატოსგან გამოსვლა და მოვლენების ასეთი განვითარება კრემლისთვის სასიხარულო იქნება, მაგრამ ეს ხომ ხაფანგში თავის გაყოფას ნიშნავს?! ტაქტიკური მოგება შეიძლება სტრატეგიულ წაგებად შემოგვიბრუნდეს, რაც ცხოვრებაში ძალიან ხშირად ხდება, მით უმეტეს, საერთაშორისო დიპლომატიაში. გასაგებია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან თურქეთის გასვლით შავი ზღვის რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთში ნატოს პოზიციები მკვეთრად შესუსტდება, მაგრამ, სამაგიეროდ, დასავლეთი და აშშ ყველაფერს გააკეთებენ თავიანთი მოკავშირეების, ანუ თურქეთის მეზობელი ბულგარეთის, რუმინეთის, საბერძნეთის კონსოლიდირებისათვის, შემდეგ კი მათ უკრაინა და საქართველოც შეუერთდება. თბილისი და კიევი ნატოში რომც არ გაწევრიანდნენ, მათ სავსებით შეუძლიათ აშშ-სთან ორმხრივი სამხედრო ურთიერთობები გააფართოვონ და ნება დართონ ვაშინგტონს მათ ტერიტორიაზე აშშ-ის მსხვილი სამხედრო ბაზები განალაგოს. მოკლედ, ისე მოხდება, როგორც ეს იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან მიმართებით მოხდა. ამ შემთხვევაში ნატოს ფლოტი შავი ზღვის აკვატორიაში უკვე მუდმივ საფუძველზე იქნება“, - ასკვნის პოლიტიკური ჟურნალი „ოგონიოკი“ და პარალელურად ნატოდან გასვლის პრეცედენტებს იხსენებს.

1967 წელს საფრანგეთმა, შარლ დე გოლის პრეზიდენტობის დროს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დატოვა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატების დიქტატს არ დაემორჩილებოდა. 1974 წელს იგივე ნაბიჯი გადადგა საბერძნეთმაც, კვიპროსზე თურქეთის დესანტის გადასხმის გამო.

თუმცა, მოგვიანებით, თურქეთიც (1980 წელს) და საფრანგეთიც (2009 წელს) ნატოში დაბრუნდნენ. ანკარასაც შეუძლია იგივე გზით წავიდეს და ამერიკელებს ჯერ მათი ბაზების გაუქმება მოსთხოვოს, შემდეგ კი ნატოს წესდების მე-13 მუხლის თანახმად, განაცხადოს, რომ ტოვებს ამ სამხედრო-პოლიტიკურ ორგანიზაციას და ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად აცნობოს ამერიკის შეერთებულ შტატებს.

„ვფიქრობ, რომ გრძელვადიან გეგმებში რუსეთისა და თურქეთის განსხვავებული პოზიციები ჩვენს ახლანდელ სასიამოვნო განწყობას დაპირისპირებად შეცვლის. გარდა ამისა, თურქეთის ისლამიზაცია ხდება, რაც სამომავლოდ რუსეთისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. რა უფრო გვიჯობს - ჩვენს გვერდით არსებული 80-მილიონიანი ისლამური სახელმწიფო, ევროპაში ყველაზე დიდი არმიით და, პერსპექტივაში, ალბათ, ბირთვული იარაღით აღჭურვილი, თუ დღევანდელი ნატოს მყიფე სამხრეთული ფლანგი და ინჯირლიკის ბაზა, სადაც ბირთვული ბომბების საწყობს ამერიკა აკონტროლებს?“ - ასეთია რუსული გამოცემის თვალთახედვა. 
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სამხრედრო თანამშრომლობა ამერიკასა და საქართველოს შორის კითხვის ნიშნებს არ იწვევს, თუმცა საეჭვოა, ჩვენს ქვეყანას თურქეთის ჩანაცვლება მოუწიოს დასავლეთთან სამხედრო თანამშრომლობის გასღრმავებლად.

„მაინც ვფიქრობ, რომ თურქეთი ნატოს არ დატოვებს. ასეთ ნაბიჯს არ გადადგამს, არანაირ რუსულ ალიანსთან მიმართებით. უბრალოდ, ახლა თურქეთში მიმდინარეობს გარკვეული პროცესები, რაც მაინცდამაინც სახარბიელო არაა დემოკრატიის კუთხით. თურქეთის მხრიდან მკაცრი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ის დატოვებს ნატოს, დასავლეთის გაფრთხილებაა. თორემ დარწმუნებული ვარ, თურქეთი ამ ნაბიჯს არ გადადგამს. არც ერდოღანს უღირს შეინარჩუნოს პრეზიდენტის პოსტი, რომ მან ნატო დატოვოს და რუსეთთან ალიანსი გააფორმოს. ასეთ შემთხვევაში, ფაქტობრივად, ისე გამოვა, რომ თურქეთი რუსეთთან ერთად უპირისპირდება დასავლეთს, რაც თურქეთის ინტერესებში არ შედის“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

ექსპერტი ვაჟა ბერიძე კარგა ხანია, პროგნოზრებს, რომ, თუკი თურქეთი ნატოს დატოვებს, აშშ ყველაფერს გააკეთებს საქართველოსა და უკრაინასთან სამხედრო თანამშრომლობის გასაღრმავებლად. ექსპერტი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ახალი გეოპოლიტიკური კონფიგურაცია, რომელიც თურქეთის სამხედრო გადატრიალების ჩავარდნის შემდეგ ჩამოყალიბდა, საკმაოდ სპეციფიკური და თავისებურია. ჯერ კიდევ არაფერი დალაგებულა და არავინ იცის, მოვლენები როგორ განვითარდება, რადგან ექვსი თვის წინანადელი მტრები შერიგდნენ და დღეს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ურთიერთობენ ერთმანეთთან. ეს მაშინ, როცა ლამის საომარი მოქმედებების დაწყება იყო მოსალოდნელი რუსეთ-თურქეთს შორის.

„სიტუაცია არაპროგნოზრებადია. როდესაც დაპირისპირებულები ერთიანდებიან, სახიფათო შეჯახების პერსპექტივა ყალიბდება და ყველაზე მეტად ეს მაშინებს. დღევანდელობა არის წარსულის შედეგი, ხოლო მომავალი არის დღევანდელობის რეზულტატი. დაახლოებით ორი საუკუნეა, მე-18-19 საუკუნეების განმავლობაში რუსეთს, თურქეთსა და ირანს შორის ომების კასკადის ეპოქა იყო. განუწყვეტელი ომები ცვლიდა ტერიტორიებს, ხან რუსეთი ფართოვდებოდა, ხან ირანი, ხანაც თურქეთი და ამ სისხლისმღვრელი ომების შედეგად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა დღევანდელი მოცემულობა. მაგრამ დღეს, ჩვენდა სამწუხაროდ, ცვლილებების დრო დადგა და ერთ დროს დაპირისპრებული და სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული იმპერიული ამბიციების მქონე ქვეყნები (რუსეთი, თურქეთი და ირანი), ფაქტობრივად, გაერთიანდნენ. ამ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში საქართველო მოსჩანს, როგორც დასავლეთის მთავარი დასაყრდენი და სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში, უკრაინასთან ერთად. საქართველოში ზოგიერთები ფიქრობდნენ, ახლა რუსეთი და თურქეთი დაიწყებენ ომს და ჩვენ შეიძლება ისტორიული მიწები დავიბრუნოთო. ეს უგუნურებაა, რადგან როდესაც დიდი იმპერიები, დიდი ქვეყნები იწყებენ ომებს, ნანგრევებში მოყოლის უფრო მეტი პერსპექტივა გვაქვს. იმისთვის ვერ მოგვივლია, რაც გვაქვს, რომ არ ვიფიქროთ ტაოზე, კლარჯეთზე, შავშეთზე, ერუშეთსა და ლაზეთზე“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე და მიიჩნევს, რომ შექმნილი სიტუაცია ჩვენს სტრატერგიულ მნიშვნელობას ამაღლებს და ჩვენ აქედან უნდა მივიღოთ სარგებელი.

თუმცა დასავლეთს თვითონ აქვს უამრავი პრობლემა. ამიტომ დასავლეთს ჩვენ უნდა დავეხმაროთ არა ახალი პრობლემის შექმნით და მერე დაყვედრებით, რატომ ვერ მოგვეშველეთო, არამედ ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი უფრო მოქნილი, პრაგმატული და საღი უნდა იყოს, რომ ამ ფეთქებადსაშიში სიტუაციიდან სარგებელი მივიღოთ და არ დაგვანგრიონ. მართალია, საამისოდ სასიკეთო არაფერი ჩანს, მაგრამ ექსპერტი თვლის, რომ 8 ოქტომბერს არჩევნები სამართლიანი არჩევანის პირობებში უნდა ჩავატაროთ, რომ მივიღოთ უკეთესი პარლამენტი ისე, რომ არ შევცვალოთ ჩვენი სტრატეგიული ვექტორი.