„ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისთვის, რასაკვირველია, საუკეთესო გამოსავალი იქნება უსამართლო დავიდარაბის და შფოთვის მქონე ისეთი არჩევნები საქართველოში, რომელსაც არ ექნება ლეგიტიმაცია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში NATO-ს და ევროკავშირის მზაობა, საქართველოსთან თანამშრომლობისა განულდება, ამით კი, მხოლოდ რუსეთი იხარებს.
for.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
ძნელად წარმოსადგენია, ბურჯანაძემ არ იცოდეს რას ნიშნავს ე.წ. უბლოკო სტატუსი ქვეყნისთვის, რომელსაც სთავაზობს საზოგადოებას. მით უმეტეს, რომ შევარდნაძის ფრაზის - ჩვენ უნდა ვიყოთ ნეიტრალური ქვეყანა - შედეგად მივიღეთ აფხაზეთის ომი. ბატონო სოსო, რა „სარგებელს“ აძლევს ქვეყანას „უბლოკო სტატუსი“?
სოსო ცისკარიშვილი: არ მომისმენია რაიმე განმარტება, რატომ უნდა შევცვალოთ ტერმინი - ნეიტრალიტეტი, ტერმინზე - უბლოკო. არავისთვის უცხო არ არის, რომ ჩვენთვის საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ნეიტრალიტეტი, მაგრამ ყველა აცნობირებს იმასაც, რომ ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობისა და ჩრდილოელი მეზობლის უკიდეგანო მადის - სხვისი დაპყრობისა, ასეთი ფუფუნება არ გაგვაჩნია.
როგორც ნეიტარლიტეტი იყო მიუღწეველი ჩვენთვის, ასევე მიუღწველი იქნება უბლოკო არსებობა. რუსეთის სახით ისეთი „იაბლოკო“ გვყავს, რომ მისთვის ვინმეს უბლოკობა მიუღებელია, რადგან თავად სიამოვნებით საკუთარ ბლოკში გააერთიანებს და მოიმკის ნებისმიერ ახლო მდებარე გეოგრაფიულ სივრცეს. რაც არ უნდა ხშირად მოაწეროს შესაბამის დოკუმენტს ხელი რუსეთის ხელისუფლებამ, არანაირი ნდობა ასეთ ხელმოწერებს აღარ გააჩნია.
სულაც არ არის საჭირო რაიმე არგუმენტაციის მოყვანა, გარდა იმ ფაქტისა, რა დღეში ჩააგდო რუსეთმა უკრაინა. იმ რუსეთმა, რომლის პრეზიდენტის ხელმოწერით, სწორედ, რუსეთი უნდა ყოფილიყო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის გარანტი, მაგრამ მივიღეთ ის, რაც ყველამ ვნახეთ.
რუსეთის მიმართ გარკვეული სიმპათიების მქონე პოლიტიკური ძალებისგან, ვისთვისაც მიუღებელია რუსეთის რაიმე კრიტიკა, შეიძლება მოვისმინოთ - „მერა რაა“?. აი, ამ „მერე რაა“-მ არაერთი დარტყმა მიაყენა ქართულ სახელმწიფოებრიობას.
ე.წ. უბლოკო სტატუსი არის რუსული გეგმის ნაწილი და ჩვენ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ბურჯანაძე ამ შემთხვევში ახმოვანებს კრემლის პოზიციას?
- რასაკვირველია, ასეთ კითხავას გააჩნია სრულიად ლეგიტიმური საფუძველი. უბრალოდ, დამაინტერესებდა, შევძლებთ თუ არა დავუბრუნდეთ ტერმინს - ნეიტრალიტეტს. თუ ვიმეს სურს, რომ უბლოკობა წარმოგვიდგინოს როგორც ნეიტრალიტეტი, მაშინ მათ შევახსენებდი, რომ ნეიტრალიტეტი შეიძლება იყოს საკითხი ისეთი სახელმწიფოსთვის, რომლის ტერიტორაზე არც ერთი ქვეყნის ჯარი არ ბინადრობს.
საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება საოკუპაციო ჯარი. ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, აწყობს ნეიტრალიტეტი?
- ნეიტრალიტეტი არის გამოსავალი და ყველაზე დამამშვიდებელი სიტუაციის მქონე პერსპექტივა, მაგრამ ნეიტრალიტეტს ვერ მიიღებს ქვეყანა, სადაც უცხო ქვეყნის ჯარი დგას. რა ხდება უბლოკო სივრცეში, ეს შეიძლება იყოს კამათის საგანი. ტერმინი უბლოკო არც თუ გავრცელებულია პოლიტიკურ ლექსიკონში და, თუ მხოლოდ იმიტომ ვლაპარაკობთ უბლოკობაზე, რომ ვიცით, ვერ ვიქნებით ნეიტრალური, ვიდრე ჩვენს მიწაზე არის მტრად მოვლენი სხვა ქვეყნის ჯარი?... გაივლის საარჩევნო ციებ-ცხელება და ამ სამხედრო ტერმინოლოგიიდან გავთავისუფლდებით. ჩემი აზრით, ყველა შესაბამისი პოლიტიკური ძალა, მშვიდად გააგრძელებს საქმიანობას.
თუმცა, ფაქტია, რომ აბსოლუტურად განსხვავებულია ინტერესები ჩვენი მტრისა და კეთილმოსურნე სახელმწიფოების...
- რასაკვირველია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრებს სურთ, საქართველოში იხილონ სამართლიანი არჩევნები. ასევე, NATO წინსვლის წინაპირობად ყოველთვის აპელირებს სამართლიან არჩევნებზე. ხოლო, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისთვის, რასაკვირველია, საუკეთესო გამოსავალი იქნება უსამართლო დავიდარაბის და შფოთვის მქონე ისეთი არჩევნები საქართველოში, რომელსაც არ ექნება ლეგიტიმაცია. ასეთ შემთხვევაში NATO-ს და ევროკავშირის მზაობა, ჩვეთან თანამშრომლობისა განულდება, ამით იხარებს მხოლოდ რუსეთი.
სწორედ ამ პროცესებისკენ მიდის ვითარება და მხოლოდ ბურჯანაძე არის ამ პროცესების ფიგურანტი? ბურჯანაძესთან ერთად, გააქტიურდა ხაჩიშვილი, ბედუკაძე, კვარაცხელია, რომელთა საბოლოო მიზანი არის დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რომ შეჩერდეს ჩვენი დასავლეთისკენ სვლა. შემოდგომაზე წინ გველოდება უვიზო მიმოსვლის ამოქმედება, რომელსაც ძალიან მტკივნეულად აღიქვმას რუსეთი...
- თქვენს მიერ ჩამოთვლილ სუბიექტებს, რაიმე ერთიან სუბიექტად ვერ წარმოვიდგნენ. ქალბატონი ბურჯანაძე ერთ-ერთი მაღალი რანგის პოლიტიკოსია ჩვენს ქვეყანაში, გააჩნია პარტია, რომელშიც ვერ ვხედავ ვერც ერთ პრორუსულ პირს. ხოლო სხვა გვარები, როელზეც თქვენ საუბრობთ, ისინი ან ძალიან ღიად მიეყიდნენ რუსეთს, ან საკუთარი ბიოგრაფიის მცოდნედ, უკეთესი გამოსავალი არ გააჩნიათ, გარდა შფოთვისა და დავიდარობისა.
ამიტომ, ეს პოლიტიკური სუბიექტი - ქალბატონი ბურჯანაძე, არავითარ შემთხვევაში არ გახლავთ რაიმე სრულად მიუღებელ პირთა თანამოაზრე. მისთვის ევროპული კომფორტი ბევრად უფრო მისაღებია, ვიდრე რუსული, მაგრამ ისიც გავიხსენოთ როგორ მოახვიეს მას და მის გუნდს პრორუსულობის იდეა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.
არსებობს სრულიად მკაფიო კვლევები რუსეთის რბილი და ხისტი ძალის საქართველოზე ზემოქმედების, რის წინააღმდეგაც 4 წელია არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ვინმეს. მაშინ, როდესაც ერთი არასამთავრობო სტრუქტურის ფარქვეშ 100-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა, რომლებიც, სრულიად ღიად არსებობენ რუსული ფულით და ჩვენი სუსი გასუსულია ამ თემასთან დაკავშირებით, რასაკვირველია არის სერიოზული საფრთხე და ფაქტია, როგორ გააქტიურდენ ეს მოსყიდული არასამთავროები.
ეს აქტიურობა განსაკუთრებით იგრძნობა რეგიონებში...
- რა თქმა უნდა, ფეხდაფეხ დადიან რეგიონებში რუსული აზრების გასამყარებლად. სამწუხაროდ, ამ თემაზე არც ერთი ღია დისკუსია ჩვენს მედია-სივრცეში არ ყოფილა. ყველა ელოდება, რომ საქმეს მოაგვარებს სხვა. საკუთარ ვალებულებად არავინ თვლის, რომ ასეთი ზეგავლენა, რომელიც სრულიად მკაფიოდ მიმართულია იმისთვის, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები არ იქნას აღიარებული, როგორც ლეგიტიმური. ამისთვის ემზადებიან არა ბურჯანაძის პარტიაში, არამედ, იმ პარტიებში, რომლებსაც უკვე დაგეგმილი აქვთ ასეთი განსაკუთრებული შფოთი, თუ ისინი ხელში არ ჩაიგდებენ ხელისუფლებას.
ესეც დაფინანსებული იქნება?
- რასაკვირველია, სიამოვნებით და კმაყოფილებით იქნება დაფინანსებული. ალბათ, თითოეული მკითხველი საკუთარ მეხსიერებაში ამოატივტივებს იმ მუდმივი შფოთვის პროცესს, რომელიც შარშან ოქტომბრიდან დაიწყო და მას შემდეგ დღე არ გადის, რომ რაიმე ახალი შფოთის თემა არ გავრცელდეს მედიის მხიდან. ცხადია, მედიას არაფერს ვაბრალებ, ისინი ფაქტებს აშუქებენ, მაგრამ ის, რომ ინსტიტუციონიზირებულია ახალი დავიდარაბის აუცილებლობა, ასეთი სასამართლო გარჩევები, ასეთი საზოგადოებისთვის მიუღებელი თემების განვითარების პერსპექტივა და ა.შ. რასაკვირველია, არის ის ზღუდე, რომლის დაუნგრევლობა ჩვენი საზოგადოების მიერ, მოასწავებს რუსეთის შემოპატიჟებას თავისუფლების მოედანზე.
ის პროცესები, რომელსაც ახლა რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში ავითარებს, რა ჰქვია ამას, ეს არის ნელი მოქმედების ძალა, რომელიც შემდეგ უკვე აგრესიული ხდება?
- დღევანდელი რუსეთის ნებისმიერი შეფასება იწყება 2008 წლით. რაც არ უნდა უკმაყოფილო ყოფილიყო ვინმე ჩვენი იმდროინდელი ხელისუფლების წინდაუხედავი ნაბიჯებით, ფაქტია, რომ საქართველო არ შეჭრილა არც ერთ ქვეყანაში, საქართველოს არ დაუბომბავს არც ერთი ქვეყნა, საქართველოს არ დაუნგრევია არც ერთი ქვეყნის მიმართ არსებული დამოკიდებულება, ეს ყველაფერი რუსეთმა გააკეთა!
გულდასაწყვეტია ის, რომ საქართველო არ მოიხსენიება ხოლმე ჩვენი დასავლელი მეგობრების ტერმინოლოგიაში, მაშინ, როდესაც ისინი ასახელებენ უკრაინასა და ყირიმს, და ამით აფასებენ რუსეთის სრულიად მიუღებელ ქცევას ცივილიზებულ სამყაროში. ახლა, ჩვენი უპირველესი ვალია, ყველა ზომა ვიხმაროთ იმისათვის, რომ 8 ოქტომბერი იყოს საქართველოს გამარჯვების დღე და არა რუსეთის.
ჩვენ საკმაოდ მარტივად გავარჩევთ თითოეული სუბიექტის ქმედების შეფასებით, ვინ იყო დაინტერესებული საქართველოს გამაჯვებით და ვის ჰქოდა ვალდებულება 8 ოქტომბერს საქართველოს მარცხის, ეს 9-10-11 ოქტომბერს სრულიად ცხადი გახდება.
რა შეიძლება იყოს ყველაზე ცუდი სცენარი, რაც რუსეთს გამაჯვების ზეიმის საშუალებას მისცემს?
- ეს გახლავთ კორცხელის რეჟიმის ამოქმედება, ბევრად უფრო მეტ საარჩევნო უბნებში. ასევე, ეს გახლავთ მცდელობა გარკევული ძლების, რომ სრულიად მკაფიო უკმაყოფილება იყოს ამომრჩევლებში. იქნება მცდელობა სრულიად ღია და ადვილად დაფიქსირდეს ისეთი პროცესები, რაც მიუღებელია ხდებოდეს საარჩევნო სივრცეში. როცა ასეთი კადრები მოიცავს ევოატლანტიკურ სატელევიზიო სივრცეს, მაშინ ჩვენ აღარავინ შეგვეკითხება ლეგიტიმურია თუ არა ასეთი არჩევნები.
ასეთი საფრთხე სერიოზულია. ამიტომ, აუცილებელია ჩვენი საზოგადოების სრული მობილიზება, რომ თითოეულმა ამომრჩევლემა გააცნობიეროს საკუთარი ვალდებულება არჩევნების პროცესის მიმართ. ამ მხრივ კი, მისასალმებელია საქართველოს პერეზიდენტის ინიციატივა. უამრავი პარტია ცდილობს პარლამენტში სავარძლების მიღებას და როდესაც საკუთარ თავზე ესაუბრებიან პოტენციურ ამომრჩეველს, აუხსნან თითოეულს, რა პასუხისმგებლობა და ვალდებულება აქვს მათ, ვისაც სურს საქართველოს უკეთესი მომავალი და არა ნახტომი წარსულში.