„ოდესის გუბერნატორი დისკრედიტირებული ნაცმოძრაობის ტრანსფორმირებას ცდილობს“

„ოდესის გუბერნატორი დისკრედიტირებული ნაცმოძრაობის ტრანსფორმირებას ცდილობს“

მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“, „გირჩი“, „ახალი მემარჯვენეები“ და „ახალი საქართველო“ - ერთ საარჩევნო პლატფორმაში გაერთიანდნენ. პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ პოლიტიკური ძალები შემოუერთდნენ ზუსტად მაშინ, როდესაც მათზე იყო ძალიან დიდი ზეწოლა და პოლიტიკური წნეხი. პოლიტიკური პლატფორმა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთი წევრი, ზურაბ ჯაფარიძის  თქმით, საქართველოში გაძლიერდება პროდასავლური პოლიტიკური ცენტრი, რომელიც დღევანდელი თუ წინა ხელისუფლების ალტერნატივა იქნება.

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მზად არიან კვლავინდებურად მოლაპარაკებები აწარმოონ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, თუკი მათთან საერთო ხედვები ექნებათ. თუმცა, ამ დრომე ჯაფარიძის ინიციატივას არც ერთი პოლიტიკური ძალა არ გამოხმაურებია - „რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“ დამოუკიდებლად იბრძოლებენ საპარლამენტო მანდატებისთვის.

„პოლიტიკური პლატფორმა - სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ გაერთიანების მთავარი მიზანია, ქვეყანაში არსებული პრობლემები მოგვარდეს. მისივე თქმით, ახალ გაერთიანებას აქვს ძალა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე მნიშვნელოვან შედეგს აჩვენებს.

„ჩვენ გვაქვს ღირებულება და ფასეულობები, გვინდა საქართველო იყოს წარმატებული. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ გაჭირვება, რომელიც აწუხებს მოსახლეობას, ერთხელ და სამუდამოდ დამარცხდეს. ამ გაერთიანებით ხაზი გავუსვით, რომ გაერთიანება ქვეყნის საერთო პრობლემებზე არის მნიშვნელოვანი. ჩვენ უარს ვამბობთ შურისძიებასა და დაპირისპირებაზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„გამოკვეთილ დასავლურ ძალებს შორის პოლიტიკური კავშირი შედგა“, - ასეთია „ახალი მემარჯვენეების“ პოზიცია. მანანა ნაჭყებია ამბობს, რომ საქართველოში რუსული ძალების გახშირებულმა პროპაგანდამ განაპირობა პროდასავლური ძალების გაერთიანება.

„ერთი მხრივ, ღია მოწოდებებმა - რუსული პენსიების დაპირებებით და მეორე მხრივ, განცხადებებმა, რომლის ქვეტექსტიც არის ის, რომ საქართველო ვერასდროს გახდება ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი, ბუნებრივია, შექმნა საჭიროება დასავლური პოლიტიკური ძალების გაერთიენებისა და ვფიქრობ, სწორედ ამ ერთობის შექმნით, ამომრჩეველს ექნება საშუალება, არჩევანი გააკეთოს ქვეყნის დასავლურ ორიენტაციაზე“, - ამბობს მანანა ნაჭყებია.

თუმცა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ თვლიან, რომ ბიძინა ივანიშვილს ასეთი ტიპის სვლები არ უშველის. სერგი კაპანაძე ახალი საარჩევნო ბლოკის შექმნას ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს, რომლის მიზანია დაასუსტოს „ნაციონალური მოძრაობა“.

„იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნების“ მხრიდან არის ასეთი ტიპის ზეწოლა ოპოზიციურ ძალებზე, იმ პირობებში, როდესაც ის არის დაინტერესებული, რომ იყოს ასეთი ტიპის გაერთიანება, ჩვენ შეგვიძლია თამამად ვუთხრათ, რომ მას არ უშველის არანაირი მსგავსი გაერთიანება, 8 ოქტომბერს აუცილებლად დამარცხდება ბატონი ივანიშვილი, შესაბამისად ასეთი ტიპის სვლები, რომლითაც მას სურს, რომ გახლიჩოს ოპოზიცია და დაასუსტოს „ნაციონალური მოძრაობა“, მას ნამდვილად არ გამოუვა“, - ამბობს სერგი კაპანაძე.

უმრავლესობაში კი ფიქრობენ, რომ თუ ბურჭულაძის მიზანი იყო პროდასავლური ნიშნით გაერთიანება, ასე შემთხვევაში შესაძლებელი იყო რესპუბლიკელებსა და „თავისუფალ დემოკრატებთან“ გაერთიანება, რომელთა პროდასავლურობა ეჭვს არ იწვევს. უმრავლესობის ტქმით, გამართლდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ პაატა ბურჭულაძის გუნდი სიმპატიურად იყო განწყობილი „ნაციონალური მოძრაობის“ მემკვიდრეობისადმი.

„მივიღეთ „ნაციონალური მოძრაობა 2“. ოდესის გუბერნატორი ამ გაერთიანებით ცდილობს დისკრედიტირებული „ნაციონალური მოძრაობის“ ტრანსფორმირებას. სააკაშვილი საკმაოდ მარტივი ფორმულით მოქმედებს, იცის, რომ ნაცმოძრაობა სრულიად დისკრედიტირებულია, იცის, რომ ბარამიძეები, თარგამაძეები და მაჭავარიანები ვერანაირ სიმპათიებს ვერ მოიპოვებენ. ამიტომ სააკაშვილმა მარტივი ხრიკით გამოაცალკევა არადისკრედიტირებული სახეები - ვაშაძე- ჯაფარიძე, რომლებიც მისი აზრით, ნაცმოძრაობის ტრანსფორმირებას შეძლებენ. რეალურად კი, ჩვენ საქმე გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის მატარებელ და გამზიარებელ, „ჩაძირული გემიდან გადმომხტარ“ ნაციონალებთან. ამასთან ერთად, სააკაშვილი შეეცადა ისინი ბურჭულაძით შეელამაზებინა“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

ანალიტიკოსების შეფასებით, ახალი გაერთიანებით დადასტურდა, რომ პარტიები რეალურად აფასებენ პარლამენტში მოხვედრის მცირე პერსპექტივას და გამოსავალს სწორედ გაერთიანებაში ხედავენ. თუმცა, იქნება თუ არა მყარი და გრძელვადიანი ახალი პოლიტიკური გაერთიანება, ამაზე საუბარი ანალიტიკოსების შეფასებით რთულია, რადგან მათი გაერთიანების მთავარი მიზანია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმების მოპება.

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ფიქრობს, რომ პაატა ბურჭულაძის ყოფილ ნაციონალებთან გაერთიანება, ბარიერის გადალახვის შანსს მკვეთრად ამცირებს. გარდა ამისა, გორგილაძე ფიქრობს, რომ ახალი გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტია. მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკშვილს ბურჭულაძესთან გაერთიანება დაგეგმილი ჰქონდათ.

„გაერთიანდნენ ყოფილი ნაცმოძრაობის ნამსხვრევები. შეიქმნა მეორე გაერთიანება, რომელზეც სააკაშვილი იმედოვნებს, რომ იქნება მისი დასაყრდენი პარლამენტში. ამ გაერთიანებით ბურჭულაძემ მოახდინა პოლიტიკური ხარაკირი. მან მკვეთრად შეამცირა შანსი, რომ მოხვდეს პარლამენტში. დიდი ალბათობით, ის ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს, ვინაიდან ამ სუბიექტებთან გაერთიანება პირდაპირ ზიანს მიაყენებს ბურჭულაძის რეიტინგს, რომელსაც გარკვეული შანსები ჰქონდა. საბოლოოდ, ყველა დარწმუნდა, მათ შორის, ბურჭულაძის პარტიის წევრები - მერაბ მეტრეველი, ხათუნა ლაგაზიძე და ა.შ. რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტი“, - აცხადებს ვალერიან გორგილაძე.