„პოლიტიკური სივრცის რადიკალური „აბდეითია“ საჭირო!“ - რას ურჩევს ანალიტიკოსი ვაკა გორგილაძე პოლიტიკურ ლიდერებს
8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები დრო დარჩა. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პიარკამპანია ,,ამოიქოქა''. სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის ამომრჩეველს საკუთარ ფონდში ,,პაჩკა სიგარეტის'' ფულს ანუ 3 ლარის გადარიცხვას სთხოვს, ნინო ბურჯანაძე ამომრჩეველს ,,უბლოკო სტატუსს'' ჰპირდება, ნაციონალური მოძრაობა თავს საგადასახადო შეღავათებითა და პენსიების მომატებით იწონებს, მმართველი გუნდი - რეგიონებში მაჟორიტარების წარდგენისას, ხალხმრავალი მიტინგებით. როგორია პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო პიარკამპანია, რა სიახლე თუ ხარვეზი იკვეთება პოლიტიკოსების დაპირებებსა და სლოგანებში? - ,,ვერსიას'' ტელეკომპანია ,,მაესტროს'' ანალიტიკოსი, ვალერიან (ვაკა) გორგილაძე ესაუბრება.
- ბატონო ვალერიან, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, პიარტექნოლოგიების თვალსაზრისით, რა სიახლე გამოიკვეთა?
- პარტიებს შორის, პიარ-ტექნოლოგიების თვალსაზრისით, დიდ პროგრესსა და განვითარებას, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ. მოსაწყენი პიარკამპანია მიმდინარეობს, რომელიც პრიმიტიული და ბანალური, ხშირად მარგინალურიც კია. მაგალითად, პატრიოტთა ალიანსის სარეკლამო კამპანია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ვინაიდან ამ პოლიტიკური ორგანიზაციის მთავარი ლიდერი, ძირითადად, იმითაა დაკავებული, რომ დიდაქტიკურად მოძღვრავს ამომრჩეველს, თან ამას, რატომღაც, ჩურჩულით აკეთებს. სხვათა შორის, ასეთი ჩურჩული ბევრი პოლიტიკური ორგანიზაციისთვისაა დამახასიათებელი, მაგალითად, ნაციონალური მოძრაობა და რესპუბლიკური პარტიაც ჩურჩულით გვესაუბრება. ვერ გეტყვით, ეს ინტიმური, განსაკუთრებული სიახლოვის შექმნის მცდელობაა ამომრჩეველთან თუ არა, მაგრამ ფაქტია, პოლიტიკოსები ამომრჩეველს თითქოს ეკურკურებიან და ეფლირტავებიან, თუმცა ეს იმდენად პრიმიტიული და ბანალურია, ამგვარ ტაქტიკას ეჭვქვეშ ვაყენებ. წინასაარჩევნოდ ნაციონალური მოძრაობა კომპლექსების მოშორებითაა დაკავებული ანუ, როცა ამ პარტიის წევრები ამომრჩეველს ცვლილებების განხორციელებას ,,ახალი ენერგიითა და განახლებული ძალებით'' ჰპირდებიან, მათ ხმაში გარკვეული სინანულის მარცვალი შეინიშნება - თითქოს ხალხს ებოდიშებიან და პარალელურად, საჯარიმო სანქციების მოხსნასა და ლიბერალ- ლიბერალიზაციაზეც საუბრობენ. სხვათა შორის, ნაციონალურ მოძრაობას პრეტენზიას სწორედ ყველაფერ ამის გამო უყენებენ, რომ ტოტალური, რეპრესიული, არაადამიანური მმართველი ძალა იყო, რომელიც დღეს ამომრჩეველს ადამიანური და კეთილშობილური სახით ეჩურჩულება, მაგრამ ამგვარი მცდელობა ფუჭია. განსაკუთრებით აღვნიშნავ პოლიტიკურ ცენტრ ,,გირჩის'' სარეკლამო კამპანიას, რომელსაც ეს ორგანიზაცია სოციალურ ქსელებში აწარმოებს. ვფიქრობ, ეს ყველაზე არასტანდარტული და ორიგინალური კამპანიაა. ყოველ შემთხვევაში, სოციალურ ქსელებს ყველაზე ეფექტურად სწორედ ,,გირჩი'' იყენებს, თუმცა ამის გამო მისი სეგმენტი შეზღუდული და ტარგეტირებულია, ვინაიდან სოციალურ ქსელის აქტიური მომხმარებელი, მხოლოდ 18-დან 28 წლამდე ასაკის ამომრჩეველია. შესაბამისად, გირჩი სწორედ ამ ასაკობრივ სეგმენტზეა აქცენტირებული. რაც შეეხება მმართველ პარტიას, ,,ქართული ოცნების'' წინასაარჩევნო კამპანია რეგიონებში ხალხმრავალი მიტინგების ფონზე, მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზეა აგებული, სადაც მრავლადაა პანორამული გადაღება. აქ ნაჩვენებია მმართველი პარტიის რესურსი და ხალხის მხარდაჭერა, ამიტომ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანია გაცილებით ადეკვატურია.
- წინასაარჩევნო კამპანია ნაციონალურმა მოძრაობამ ლევან ვარშალომიძის ბათუმში ზარ-ზეიმით ჩამოსვლით დაიწყო მაშინ, როცა ნაციონალები მმართველი პარტიის მაღალჩინოსნების დიდ ხელფასებსა და პრემიებზე საუბრობენ. ამგვარი პიარსვლის ლოგიკური გაგრძელება კი ის წინასაარჩევნო კლიპია, რომელშიც დავით ბაქრაძე მოსახლეობას პენსიების 50 ლარით ზრდას ჰპირდება. მეთანხმებით?
- ლევან ვარშალომიძის ჩამოსვლა და პომპეზური დახვედრა, ბუნებრივია, პიარტექნოლოგია იყო, თუმცა ნაციონალური მოძრაობის უბედურება სწორედ ესაა - ყველა ხვდება, რომ ეს დადგმული სპექტაკლია. ლევან ვარშალომიძე საერთოდ არ არის ლიდერი, მას არც ქარიზმა აქვს და არც - შესაბამისი ენერგეტიკა. ამდენად, ბათუმში მოწყობილი დიდებული დახვედრა ანუ პომპეზური სტარტი მის უნარებს არ შეესაბამებოდა. სად არის ახლა ლევან ვარშალომიძე? - ასეთი სტარტის მიუხედავად, ვერ ვითარდება და ის ტემპიც, რაც მის დახვედრას ახლდა, ჩავარდა. ვარშალომიძე აქტუალური არაა, თან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას მის მიმართ გარკვეული პრეტენზიები აქვს, რადგან მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ მისი დაპირებები არაკორექტულია და საარჩევნო კანონმდებლობას არღვევს. როგორც კი ენერგეტი- ენერგეტიკადაცლილი ლიდერი ხელოვნურად თამასააწეულ კონტექსტში ხვდება, ეს საკმაოდ დიდ პრობლემას უშუალოდ ამ ლიდერს უქმნის. სხვათა შორის, იგივეს თქმა შეიძლება პაატა ბურჭულაძეზეც, რადგან მისი შემოსვლა პოლიტიკაში გარკვეულ იმედთან იყო დაკავშირებული, თუმცა ნებისმიერი ჩვენგანი ნათლად ხედავს, რომ ბურჭულაძის პარტიის რეიტინგი რეგრესს განიცდის და ისიც სათუოა, ბარიერს გადალახავს თუ არა. მოკლედ, ლევან ვარშალომიძეც და პაატა ბურჭულაძეც ხელოვნურად შექმნილი ლიდერები არიან. რაც შეეხება ჩინოვნიკების ხელფასებსა და პრემიებს, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ წინასაარჩევნო პიარისთვის აირჩია, ესეც აბსოლუტურად ლოგიკურია. ორი-სამი წლის განმავლობაში, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე ნაციონალური მოძრაობის წევრები მოქმედი ჩინოვნიკების ხელფასებსა და პრემიებს აქცენტირებულად და ხაზგასმით აქვეყნებდნენ, თუმცა ხელისუფლებაში მათი ყოფნის დროს, ხელფასებისა და დანამატების თემა ბევრად აქტუალური იყო, ვიდრე დღესაა. სხვადასხვა ორგანიზაციის კვლევით, ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნების ხელფასები, საშუალოდ, 200%-300%-ით მეტი იყო ,,ქართული ოცნების'' ჩინოვნიკების ხელფასებზე, მაგრამ ეს მოქმედი ჩინოვნიკების საქციელს სულაც არ ამართლებს. ბუნებრივია, ნაციონალური მოძრაობა ამ თემას წინასაარჩევნო კამპანიაში იყენებს, თუმცა ობიექტურად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ შემთხვევაშიც, ამ პარტიას გირჩმა დაასწრო. საერთოდ, გირჩი გლობალური თემებით გამოირჩევა და მისი წევრები აცხადებენ, რომ ბიუროკრატების ოდენობა 20%-ით უნდა შემცირდეს. გირჩი პოპულისტურ თემებს არ იყენებს ანუ ამომრჩეველს ხელფასებისა და პენსიების მატებას არ ჰპირდება. ამ თვალსაზრისით, ალასანიამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, როდესაც ამომრჩეველს 500-ლარიან პენსიას დაპირდა. ესეც პრიმიტიული ინერციაა, რადგან ამგვარი დაპირებებით, ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობენ. სინამდვილეში, ამომრჩეველი გაიზარდა და განვითარებით, პოლიტიკურ პარტიებს გაუსწრო. სწორედ ამით აიხსნება, რომ ამომრჩეველთა საკმაოდ დიდი ნაწილი, დღემდე ვერ ყალიბდება საკუთარ პოლიტიკურ პრეფერენციაში. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო მენიუ თითქოს საკმაოდ მდიდარი და მრავალფეროვანია, პოლიტიკური პარტიები იმ მოთხოვნებს, რაც ამომრჩეველს აქვს, მაინც ვერ აკმაყოფილებენ
- ბატონო ვალერიან, თქვენს მსგავსად, სხვა პიარტექნოლოგებიც აღნიშნავენ, რომ ამომრჩეველი პარტიების ფუჭ დაპირებებს ასე ადვილად აღარ ,,ჭამს'', არ ,,ბოლდება'' და ალბათ, ესაა მიზეზი, რის გამოც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიაში პარტიების ,,სლოგანების ომმა'' აზრი დაკარგა. სინამდვილეში, ამომრჩეველს რა სურს და პარტიებისგან რას ელის?
- ჩემი აზრით, ამომრჩეველს მარტივი რამ სჭირდება, რასაც ყველა პოლიტიკური პარტია უნდა აკეთებდეს. ესაა სოციალურეკონომიკური განვითარების გეგმა, რაც მკაფიოდ და მარტივად უნდა გაიწეროს. პოლიტიკოსებმა ამომრჩეველს უნდა უთხრან, სოციალური თვალსაზრისით 300 ან, თუნდაც, 600 დღეში რა გაკეთდება და ეკონომიკური განვითარებისთვის კონკრეტული ნაბიჯები დროის რა მონაკვეთში გადაიდგმება. ყველა ეკონომიკურ უწყებას შემუშავებული აქვს კონკრეტული პროგნოზები, შესაბამისად, პარტიებმა ხალხს უნდა აუხსნან, რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნება უახლოეს პერიოდში. ამომრჩეველს ნაკლებად აინტერესებს განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივები, თუმცა ამით მთავრობა უნდა ხელმძღვანელობდეს. მოკლედ, ამომრჩეველს კონკრეტული და რეალური დაპირება სჭირდება - რამდენად გაიზრდება მისი ანაზღაურება; განხორციელდება თუ არა სახელმწიფო სექტორის ოპტიმიზაცია ანუ შემცირდება თუ არა ბიუროკრატიული აპარატი; გაიზრდება თუ არა სადაზღვევო პაკეტი და რა ახალი ბიძგი მიეცემა საყოველთაო დაზღვევის პროგრამას; რა ეშველება მცირე და საშუალო ბიზნესს, რას აპირებს მთავრობა, რათა საგადასახადო ტვირთი შეამციროს; განხორციელდება თუ არა სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის, მაგალითად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შეზღუდვა; შემცირდება თუ არა საპროცენტო განაკვეთები ბანკებში. როგორც ხედავთ, ხალხს იმის მოსმენა უნდა, რაც აწუხებს და სულ არ აინტერესებს, ჩაიწერება თუ არა კონსტიტუციაში ,,უბლოკო სტატუსი''. საერთოდ, კონსტიტუციაში არაფერი უნდა ჩაიწეროს, საქართველომ თავისუფალი არჩევანის უფლება უნდა დაიტოვოს. გლობალური სამყარო საკმაოდ სწრაფად იცვლება და ნებისმიერი, გარანტირებული ჩანაწერი, რომელიც ქვეყანას სივრცესა და დროში მოქმედების არეალს უზღუდავს, დამღუპველია. ფსევდოპრორუსული თუ პროდასავლური, აბსოლუტურად მოგონილი პრობლემები ამომრჩეველს არ აღელვებს. მთავარი პრობლემა ისაა, რომ არ ვიცით, როგორ განვითარდება ქვეყანა და, საერთოდ, რა ქვეყანას ვაშენებთ - სოციალურად ორიენტირებულ, სოციალურ პასუხისმგებლობაზე აგებულს თუ არა, თუმცა მმართველი პარტიის სლოგანით გვესმის, რომ ვიზალიბერალიზაცია უკვე მივიღეთ, სამომავლოდ კი სწრაფ განვითარებას უნდა ველოდეთ ანუ ,,ოცნება'' ხვდება, რომ ,,დრაივი'' გვჭირდება და გვექნება კეთილდღეობა, როგორც ყველაფერ ამის საბოლოო მიზანი. - ამომრჩევლის მოთხოვნებს, მეტ-ნაკლებად, ისევ მმართველი პარტია პასუხობს? - არ ვამბობ, რომ ,,ქართული ოცნების'' წინასაარჩევნო კამპანია იდეალურია, მასაც ბევრი ხარვეზი აქვს, თუმცა ამომრჩევლის მოთხოვნებს ამ პარტიის წინასაარჩევნო სლოგანი მეტ-ნაკლებად, მარტივად და ლაკონურად პასუხობს.
- ,,უბლოკო ,,უბლოკო სტატუსი'' ახსენეთ და, პოლიტიკური პია- სტატუსი'' ახსენეთ და, პოლიტიკური სტატუსი'' ახსენეთ და, პოლიტიკური პიარის თვალსაზრისით, ნინო ბურჯანაძის ეს წინასაარჩევნო დაპირება გამართლებულია? აქვე, პარალელი გავავლოთ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო თხოვნასთან, როდესაც ევროპელი დიპლომატი ქალბატონი მოსახლეობას სიგარეტის ფულის ანუ 3 ლარის ჩარიცხვას სთხოვს?
- სხვადასხვა გათვლით, საქართველოში 25-დან 30%-მდე პრორუსულად განწყობილი ამომრჩეველია. ეს ამომრჩეველი ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს გაწევრიანების გამო, იმედგაცრუებულია და ამის საფუძველიც აქვს, რადგან წლებია, საქართველოს ნატო-ში მიღება-არმიღების ეპოპეა გრძელდება. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, განწყობაზეც აისახა და შედეგად, პრორუსული სეგმენტი ჩამოყალიბდა. შესაბამისად, ,,ბურჯანაძე-დემოკრატები'', სწორედ ამ ამომრჩეველთან იდენტიფიკაციას ცდილობს. არ ვამბობ, რომ ბურჯანაძის ეს ნაბიჯი არასწორია, მაგრამ მას სხვა რაღაცაც უნდა ახლდეს - როგორ განვითარდება ,,უბლოკო სტატუსის'' მქონე ქვეყანა სოციალურ-ეკონომიკურად. ნინო ბურჯანაძის პარტიის მიზნებსა და მარკეტინგული სტრატეგიიდან გამომდინარე, მისი ამგვარი მოწოდება აბსოლუტურად გამართლებულია, მაგრამ მეჩვენება, რომ ეს მოწოდება გაუგებარია. სხვათა შორის, ამ პარტიის წევრებს მუდმივად უწევთ ახსნა, თუ რას ნიშნავს ,,უბლოკო სტატუსი'' და რით განსხვავდება ნეიტრალიტეტისგან.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ეს ქალბატონი საქართველოში არ დაბადებულა და ადაპტაცია დღემდე უჭირს. ის დრო გავიხსენოთ, როცა ქალბატონმა სალომემ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა და რუსთაველზე ვარდებით მსვლელობა გამოაცხადა, მაგრამ ვერ გაითვალისწინა, რომ ვარდის ფასი მოსახლეობის უმრავლესობის მატერიალურ შესაძლებლობებს აღემატებოდა. იგივეს ვხედავ იმ მოწოდებაშიც, რომლითაც სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს სიგარეტის ფულს სთხოვს. ზოგადად, ევროპასა და აშშ-ში, საარჩევნო კანდიდატების ბიუჯეტი სხვადასხვა სპონსორებისგან, როგორც წესი, ბიზნესმენებისგან ფორმირდება. ამ მოწოდებით სალომე ზურაბიშვილს იმის თქმა უნდოდა, რომ მას თანხა არ აქვს და ამიტომ, დახმარებას ამომრჩეველს სთხოვს, თუმცა ეს მოწოდება მაინც გადაჭარბებული მგონია, რადგან თუ კანდიდატს ამომრჩევლის ტოტალური მხარდაჭერა აქვს, მხოლოდ მაშინ უნდა გადადგას ამგვარი ნაბიჯი. სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში, ეს მიმართვა შეცდომაა და იმაზე მეტყველებს, რომ შესაბამისი კონსულტანტი არ ჰყავს ან ქალბატონი სალომე ამგვარ კონსულტაციებს არ იღებს, თუმცა მის მსგავსად, სხვა პოლიტიკოსებიც გაურბიან კონსულტანტების პროფესიულ რჩევებს, რადგან ფიქრობენ, რომ ყველაფერი იციან, სინამდვილეში კი, სერიოზულ შეცდომებს უშვებენ.
- პოლიტიკოსებმა პიარტექნოლოგიები უფრო ეფექტურად როგორ უნდა გამოიყენონ ან რა უნდა გააკეთონ, რომ მათი ,,მესიჯ-ბოქსი'' ამომრჩევლებისთვის გასაგები იყოს?
- თუ 20-25 წლის განმავლობაში, პოლიტიკოსი ვერაფერს სწავლობს და არ ვითარდება, მას აღარაფერი ეშველება. ამის წამალი პოლიტიკური სივრცის რადიკალური ,,აბდეითი'' ანუ განახლებაა და ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს. შესაძლოა, პარლამენტსმიღმა ბევრი ტრადიციული პოლიტიკური ორგანიზაცია, მაგალითად, რესპუბლიკური პარტია დარჩეს. თუ გავითვალისწინებთ, რა კამპანიას ატარებს ეს პარტია, საკუთარ წარუმატებლობას ვერავის დააბრალებს.
საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, პოლიტიკოსებს პროფესიონალი კონსულტანტები სჭირდებათ. მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოჩნდა, რომ პოლიტიკოსებს არასტანდარტული ხედვა და გულწრფელობა აკლიათ. მეჩვენება, რომ პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობა ხელოვნური, დაშტამპული და ბანალურია. საბოლოოდ, ყველაფერი ეს იმ ნდობასა თუ უნდობლობის ხარისხზე აისახება, რაც ამ პოლიტიკოსებს ამომრჩევლებში აქვთ. გიმეორებთ, აბსოლუტურად ადეკვატური და სწორია, რასაც ,,ოცნება'' აკეთებს, არასტანდარტული სვლებითა და სიცხადით, პოლიტიკურ მესიჯების თვალსაზრისით, გირჩი გამოირჩევა. შესაბამისად, წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც კომუნიკაციების ეფექტურად განმახორციელებელი პოლიტიკური სუბიექტები, ,,ქართული ოცნება'' და გირჩი გამოირჩევა, ნინო ბურჯანაძის პიარკამპანიაც რელევანტურია, სხვა პარტიების შემთხვევაში კი, სამწუხაროდ, სავალალო მდგომარეობაა.