სააკაშვილის ტრიუკი - „ტროას ცხენი“

სააკაშვილის ტრიუკი - „ტროას ცხენი“

„არანაირი დაპირისპირება არ გვინდა. მე მიშას ბევრჯერ ვესაუბრე, როცა თვალებში ჩაგხედავ, მინდა ვიცოდე - რაც მოხდა ცუდი, რომ აღარ განმეორდება“, - აცხადებს სანდრა რულოვსი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით კენჭს ზუგდიდში იყრის.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა კორცხელში შეკრებულ ამომრჩევლებს სანდრა რულოვსი ოფიციალურად წარუდგინა. ყოფილმა პირველმა ლედიმ შეკრებილ მოსახლეობას ჰკითხა, სჯერათ თუ არა მისი და იყაროს თუ არა კენჭი მათ რეგიონში. მხარდამჭერების ოვაციების შემდეგ კი, სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ მათ რეგიონში კენჭს იყრის.

სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ პოლიტიკაში მოსვლა არ იყო ადვილი გადასაწყვეტი, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ მოქმედ მთავრობას 4 წელში შეეძლო მუშაობა, თუმცა არაფერი გაუკეთებია. ზუდიდელები მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა დაამშვიდა და უთხრა, რომ რუსები ახლა დაკავებულები არიან უკრაინით, შემდეგ ისევ საქართველოში დაბრუნდებიან.

„აშშ-ში ვიჯექი ტაქსში და მძღოლმა მკითხა, თუ როგორ არის საქართველო მიშას შემდეგ? ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. მეც ძალიან სერიოზულად ვუპასუხე - ცუდად. დაახლოებით 4 წელია, რაც პირველი ლედი აღარ ვარ და გვერდიდან ვუყურებ, თუ რა ხდება საქართველოში. ქველმოქმედებას ვეწევი.

ახლა არის ლოდინის რეჟიმი ყველასთვის და არამარტო ჩემთვის, არამედ ხალხისთვის, ვინც გაჭირვებულია, ინვესტორისთვის, რომელიც ფულს არ ჩადებს ქვეყანაში, რომელმაც არ იცის საით მიემართება და ასევე მოლოდინის რეჟიმია რუსეთისთვის, თუ როდის ჩაბარდება ჩვენი ქვეყანა.

რუსები ახლა დაკავებულები არიან უკრაინით, შემდეგ ისევ ჩვენთან მოვლენ. ამ 4 წელში შეიძლებოდა მუშაობა ახალი მთავრობისთვის, მიშა არ იყო ქვეყანაში და ვინ უშლიდათ ხელს? თუ არ უნდოდათ კარგი პროექტების გაგრძელება, თავისი გაეკეთებინათ რამე. რამე გაკეთდა? მე ვერ ვხედავ. ქვეყანა გაჭირვებულია, სტაგნაციაა“, - აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ამ მომენტიდან, კორცხელი იქნება სიმბოლო იმ გამარჯვების, რომელსაც მოიპოვებენ სამეგრელოში და მთელს საქართველოში.

„ჩვენ ყველას გვესმის რამდენად სიმბოლურია ადგილი, სადაც დღეს ვართ, რამდენად სიმბოლურია კორცხელი. კორცხელი არის სიმბოლო იმ გამარჯვების, რომელიც მაისში მოვიპოვეთ და ამ მომენტიდან, კორცხელი იქნება სიმბოლო იმ გამარჯვების, რომელსაც მოვიპოვებთ აქაც, ზუგდიდშიც, სამეგრელოშიც და მთელ საქართველოში, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი ცხოვრობდეს უკეთ. ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის, სანდრასი, ნიკასი, ჩემიც, არის ძლიერი და ფეხზე დამდგარი საქართველო.

ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის მიზანი არის მოგვარებული პრობლემები და უკეთ მაცხოვრებელი ოჯახები. ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის მიზანი არის დასაქმებული ადამიანები და იმ უკუსვლის და შავ-ბნელ წარსულში დაბრუნების გაჩერება, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი გვთავაზობს. ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის მიზანია იმ იდეალების დაბრუნება, რომელსაც ვემსახურებოდით და ყველას გვჯეროდა წინა 10 წლის განმავლობაში და ასეთი მიზნებით აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარობის კანდიდატად ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის დასახელება პოლიტ-ტექნოლოოგიური ნაბიჯია.

„ამ ნაბიჯით მიხეილ სააკაშვილს სურს, შექმნას ილუზია, რომ ის კვლავ „ნაციონალურ მოძრაობაშია“, თუმცა, რეალურად სააკაშვილი მოსახლეობას მის მიერ შექმნილ ახალ პროექტს, ბურჭულაძე-ვაშაძე-ჯაფარიძე-კაციტაძის ბლოკს სთავაზობს. „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი თარგამაძეებით, ბოკერიებით, ბარამიძეებით, გოგორიშვილებით აბსოლუტურად დისკრედიტირებულია და დისკრედიტირებულ ძალაში სააკაშვილს არ უნდა, რომ ფული ჩადოს, სწორედ ამიტომ ხელოვნურად გამოაცალკევა ჯაფარიძე და ვაშაძე ჩაძირული გემიდან.

ყველა დანარჩენი პროექტი - ტაქტიკურ დონეზე გადაადგილებები, წმინდა პოლიტ-ტექნოლოგიური ნაბიჯებია და სანდრას წარდგენა უკავშირდება არა ქართულ პოლიტიკაში რაიმე სიტყვის თქმის საშუალებას, არამედ ეს არის ჩვეულებრივი ხრიკი და მრავალფეროვნების მცდელობა. ვითომ სააკაშვილი, თავისი ცოლით მიკუთვნებულია „ნაციონალურ მოძრაობას“, რეალურად კი, გვთავაზობს ახალ პოლიტიკურ გუნდს ბურჭულაძე-ჯაფარიძე-ვაშაძის სახით“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საარჩევნოდ ცოლს დააყენებს, საყვარელს თუ ნათესავებს, მაინც არაფერი უშველის.

„სააკაშვილი პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს ოდესიდან მართავს, მაგრამ მისი საარჩევნო აქტიურობის მიუხედავად, პარლამენტში უმრავლესობას „ქართული ოცნება“ მოიპოვებს. რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურის გამართვა მოსალოდნელია, რადგან საარჩევნოდ ერთი ხმის გაყალბებასაც არავინ შეეცდება“, - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.