„გირჩთან“, „ახალ საქართველოსა“ და „მემარჯვენეებთან“ გაერთიანების საკითხზე მსჯელობდნენ დღეს პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისში.
როგორც „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში პროდასავლური ძალების გაერთიანება.
პარალელურად, პაატა ბურჭულაძის არჩევანით განაწყენებული აქტივისტები მის პარტიას ელვის უსწრაფესად ტოვებენ. ამის შემხედვარე ბურჭულაძე ცდილობს წონასწორობის შენარჩუნებას და მიმართავს მათ, ვინც პარტიის შეხედულებებს არ იზიარებს, რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ პარტია.
რამდენად იქნება ნაციონალებთან ასოცირებულ და რეინკარნირებულ ძალებთან (გიორგი ვაშაძესა და ზურაბ ჯაფარიძესთან) პაატა ბურჭულაძის გაერთიანება მომგებიანი?! რამდენად „გაკეთილშობილდა“ ნაცმოძრაობა, როცა მისგან გასულმა ძველმა ნაციონალებმა ახალი პარტიები დააფუძნეს?!
ექსპერტი ვაჟა ბერიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „გირჩის“, „ახალი საქართველოსა“ და „სახელმწიფო ხალხისთვის“ შექმნა იმთავითვე „ოცნების“ მერყევი ელექტორატის გადაბირებას და ნაციონალებისგან გაუცხოებული ელექტორატის მიმხრობას ისახავდა მიზნად. თუმცა პარტია საკმაოდ ძვირად ღირებული ფუფუნებაა და დიდი თანხა ჯდება პარტიის პოზიციონირება, რეგიონალური ორგანიზაციების შექმნა, საარჩევნო კამპანიის წარმოება.
„მაინცდამაინც ვერ ვატყობ, რომ პაატა ბურჭულაძის პარტია, ეკონომიკური თვალსაზრისით, მყარად იყოს, რამდენადაც უკმაყოფილება ისმის იმ აქტივისტების მხრიდან, რომლებიც ხელფასს ვერ იღებენ. მე ვფიქრობ, ფინანსური პრობლემები აღმოაჩდა ამ სამ, მსგავსი შეხედულების მქონე პარტიას. ცალ-ცალკე ისინი გაცილებით ძვირი შესანახია, ვიდრე - ერთად.
მეორე ფაქტორია ის, რომ მათ სურთ, პროდასავლური ნიშა აითვისონ. ისინი ფიქრობენ, რომ საზოგადოება პრიმიტიულია, ხალხს არ შეუძლია რთულად აზროვნება და პროდასავლური და პრორუსული მიმართულების გარდა ვერ წარმოუდგენია, თუ არსებობს სხვა პლატფორმა. ამიტომაც გვიიოლებენ საქმეს. მით უმეტეს, ამერიკის საელჩო, მათი მოკავშირეები და მათგან დაფინანსებული არასამთავრობოები კარგად ხედავენ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ელექტორატი, მართალია, მყარია, მაგრამ 10%-ს არ აღემატება. ამიტომ რაღაც უნდა მოიმოქმედონ. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასულმა ხალხმა ორი პარტია შექმნა. ამ ორ პარტიას შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს.
მე არ მომისმენია იმავე ჯაფარიძის ან ვაშაძის მიერ ნაცმოძრაობის 9-წლიანი მმართველობის კრიტიკული ანალიზი, რის გამოც მათ განცალკევებით დადგომა არჩიეს. ამიტომ რა აზრი აქვს მათ პროდასავლურობას?! ნაციონალებიც პროდასავლურობაზე დებდნენ თავს და ხშირად აკეთებდნენ რუსულ საქმეს. სინამდვილეში, პროდასავლური მიმართულება დასუსტებულია და ამ ფლანგზე ნაციონალების ალტერნატივის გაგრძელებას მაინც ცდილობს უხილავი ხელი. სწორედ ამ მიზნით აპირებს გაერთიანებას ეს ოთხი პარტია,“ - აღნიშნა ვაჟა ბერიძემ და ისიც გაიხსენა, რომ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ აქტიურად მებრძოლი მამუკა კაციტაძეც არ ახსოვს.
რაც შეეხება „სახელმწიფო ხალხისთვის“ პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ხათუნა ლაგაზიძეს, ექსპერტი თვლის, რომ ლაგაზიძის ფაქტორი ამ გაერთიანებაში ცოტა ძნელი წარმოსადგენია. ასევე, მისთვის წარმოუდგენელია, რა უნდა ამ გაერთიანებაში მერაბ მეტრეველს, რომელიც გონიერ და მებრძოლ ჟურნალისტად ითვლებოდა.
„არ მესმის, რა სიკეთის მომტანია ეს გაერთიანება ან უშუალოდ საკუთარი თავისთვის, ან ქვეყნისთვის?!“
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პროდასავლურობაზე პრეტენზია ნაცმოძრაობას ჰქონდა და დღესაც აქვს. სხვა საქმეა, რეალობა როგორი იყო და რას ნიშნავდა ნაციონალებისთვის პროდასავლურობა. მისივე თქმით, არც ვაშაძეს და არც „გირჩს“ ამაზე უარი არ უთქვამთ და, თუ მემკვდრეობაზეა საუბარი, მათ მემკვიდრეობით მიიღეს საგარეო ორიენტირი.
„პაატა ბურჭულაძის დღევანდელი გადაწყვეტილება პრაგმატულია. ვაშაძესა და ჯაფარიძესთან დაახლოების გამო პაატა ბურჭულაძე ნაციონალებთან ასოციაციას იწვევს და ეს ახალი არ არის. ისედაც სულ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ბურჭულაძე უფრო იხრებოდა ნაცმოძრაობისკენ, ვიდრე რომელიმე სხვა პოლიტიკური ძალისკენ. პრაგმატულად მათ სწორი ნაბიჯი გადადგეს, რადგან შექმნეს უფრო ძლიერი გაერთიანება და, თუ რაიმე ხმების აღება შეუძლიათ, ალბათ, ეს ხმები უფრო მოიმატებს და არ მოიკლებს. არა მგონია, ცალკე ბურჭულაძეს უფრო მეტი ხმა მიეღო, ვიდრე ეს გაერთიანება მიიღებს. გარდა ამისა, ზოგადადაც კარგია, თუკი პოლიტიკური სპექტრი გამსხვილდება. პროდასავლურობის გარეშე, ყოველგვარი არგუმენტის გარეშეც რომ გაერთიანებულიყვნენ, მაინც პოლიტიკურად სწორად გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა“,-აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.