„არავისთვის არაფრის დათმობას არ ვაპირებ, მე რომ ვინმეს რამე დავუთმო, ეს ნიშნავს, რომ მე დავთმო ამ რაიონის ინტერესები“

„არავისთვის არაფრის დათმობას არ ვაპირებ, მე რომ ვინმეს რამე დავუთმო, ეს ნიშნავს, რომ მე დავთმო ამ რაიონის ინტერესები“

ანალიტიკოსები, განსაკუთრებით რეგიონებში, მეორე ტურებს წინასწარმეტყველებენ. „ქართულ ოცნებას“ პარტიის სიითი შემადგენლობა ჯერ არ გამოუქვეყნებია, ხოლო რეგიონებში უკვე, სრულდება მაჟორიტარების წარდგენა. მმართველმა ძალამ აქცენტი ახალ სახეებზე გააკეთა, თუმცა ზოგ რეგიონში ისევ ძველი სახეებია წარმოდგენილი.

„ოცნებამ“ მცხეთა-მთიანეთში არჩევანი ისევ ყოფილ მაჟორიტარზე, დიმიტრი ხუნდაძეზე გააკეთა და როგორც ჩანს, „ოცნების“ კანდიდატს სერიოზული ბრძოლა მოელის - მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობისთვის ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი აპირებს ბრძოლას.

იმის მიუხედავად, რომ ჩოჩელი დამოუკიდებლად აპირებს კენჭისყრას, მტკიცედ დარწმუნებულია საკუთარ უპირატესობაში - „ზოგიერთები ფიქრობენ, რომ მეორე და მესამე ტურები იქნება, რაც გამორიცხულია“, - ამბობს ჩოჩელი.

რეალობას თავად არჩევნები დაგვანახებს, თუმცა, ჩოჩელსა და ხუნდაძეს შორის რომ ბრძოლა გამწვავდება, ეს ხუნდაძის წინასაარჩევნო კამპანიას ეტყობა, რომელიც არაოფიციალურად უკვე დაწყებულია.

მედიაში უკვე აგორდა ჩოჩელის წინააღმდეგ ე.წ. შავი პიარი, რომელშიც ნაწილობრივ, მუქარაც იკითხება:

საინტერესოა, აყვება თუ არა ჩოჩელი მეგობრების რჩევას და დაუპირისპირდება თუ არა იგიოცნებისკანდიდატს. მართალია, დღეს ხელისუფლება ხშირად აცხადებს, რომ განსხვავებული აზრის გამო, აღარავის დევნიან და ბიზნესაც არავის ართმევენ, მაგრამ როგორც იტყვიან, სიფრთხილეს თავი არ სტკივა და ვანო მერაბიშვილის ერთგულ მეგობარს -ნამდვილად ბევრი რამ აქვს დასაკარგი, პირველ რიგში, „ქართულ ოცნებასთანძლივს დალაგებული ურთიერთობა, - ეს ამონარიდია სტატიიდან, რომელიც 2 აგვისტოს ერთ-ერთ ინტერნეტ საიტზე გამოქვეყნდა. სტატიაზე ავტორის გვარიც კი არ არის მითითებული(?!)

რას ნიშნავს „ოცნებასთან“ ურთიერთობის დალაგება, ცოტა გაუგებარია, ვინაიდან, თუ ავტორი ჩოჩელის ახალ პროექტების პრეზენტაციებზე პრემიერის დასწრებას გულისხმობს, სენაკში120 მლნ დოლარიანი ქართულ-ჩინური ინვესტიცია, წესით, არც ხარკია და მნიშვნელოვანი პროექტია თავად ქვეყნისთვის, ისევე, როგორც ზედაზნის ქარხანაში, ადგილობრივი ნედლეულით დამზადებული 100%-ით ნატურალური წვენების წარმოება, რომლის ანალოგი არც ერთ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში არ არსებობს.

საქართველოსთვის სამუშაო ადგილები და ინვესტიციები ჯერ ისევ „აქილევსის ქუსლია“ და ლოგიკას არ ექვემდებარება „ოცნებამ“ ის თითო-ოროლა ბიზნესმენიც დააფრთხოს, რომელიც მიუხედავად პრობლემებისა, სამუშაო ადგილებს ქმნიან და ინვესტიციები შემოაქვთ ქვეყანაში. ამდენად, ძნელად დასაჯერებელია მუქარა ხელისუფლებიდან მოდიოდეს.

ამის არც თავად ჩოჩელს სჯერა: „ხელისუფლება მაქსიმალურადაა დაინტერესებული, რომ წარმოება შეიქმნას, ათვისებული იქნას ადგილობრივი ნედლეული და მოხდეს უცხოური ვალუტის შემოტანა ქვეყანაში. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კვირიკაშვილს, რომ უზარმაზარი მხარდაჭერა გამოგვიცხადა ამ პროექტის განხორციელებაში“.

საერთოდ, ცეზარ ჩოჩელი ყოველი ხელისუფლების დროს ხვდებოდა მედიის ყურადღების ცენტრში. ჩოჩელს, როგორც ბიზნესმენს, შევიწროვება არც ნაციონალების დროს დაჰკლებია და მუდმივად საბრძოლო რეჟიმში იყო. რომ არა 2012 წლის არჩევნები, არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა პროცესები და რა ბედი ეწეოდა ჩოჩელის ბიზნესებს.

თავად ბიზნესმენი ხშირად აღნიშნავს, რომ მიუღებელია, როდესაც მის საქმიანობას და წარმატებებს რომელიმე ხელისუფლებას მიაწერენ.

„ყველაზე მეტად არ მომწონს, როცა ნაციონალების დროის წარმატებულ ბიზნესმენად მომიხსენიებენ. სანამ ნაციონალები მოვიდოდნენ, მე უკვე ვიყავი წარმატებული ბიზნესმენი. ახალგორიდან არსებული ქარხნით, თბილისის ლუდის ბაზარზე უკვე მქონდა 17-18%. ასევე, სანამ ნაციონალები მოვიდონდნენ, დაწყებული მქონდა ნატახტრის ქარხნის მშენებლობა, მანამდე კი ახალგორში, ღვინის ქარხანაში შეტანილი მქონდა დანადგარები“, - ამბობს ცეზარ ჩოჩელი.

ჩოჩელის მიერ შექმნილი ბიზნესების ჩამონათვალი მართლაც შთამბეჭდავია: „ლომისი“; „ნატახტარი“; „დანდი“; გიფს-კარდონის ქარხანა; „ინტერპლასტი“; „მიქსორი“; „ბარამბო“; „ბერტა“; რკინა-ბეტონის შპალის ქარხანა; „ზედაზენი“, რომელთაც მალე, ახალი პროექტები დაემატება.

საქართველოს რეალობაში, ბიზნესმენების ხელისუფლებაში მოსვლა ყოველთვის იძულება იყო, რომ დაეცვათ საკუთარი ბიზნესები საკანონმდებლო თუ სახელისუფლებო მარწუხებისგან. დღევანდელ რეალობაში არსებული ხელისუფლება თავადაა დაინტერესებული ბიზნესების ლობირებაში და ამაზე მეტყველებს „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“ და ა.შ. პროექტების ფარგლებში, ახალი ბიზნესების დასაწყებად, თუ არსებულების გასაფართოებლად გაცემული კრედიტები.

ამიტომ, ბუნებრივად ჩნდება კითხვა - რამ აიძულა ბიზნესმენი პოლიტიკაში ხელმეორედ წავიდეს? მაგრამ, ჩოჩელს ამაზე საკუთარი არგუმენტები აქვს:

„ბევრი პრობლემა, რომლის გადაწყვეტასაც მცხეთაში ჩემი გუბერნატორობის დროს ვაპირებდი, აბსოლუტურად უგულებელყოფილი იქნა. ჩემი გუბერნატორობის დროს მოვახერხეთ დაახლოებით, 9 ახალი წარმოების გახსნა და თითოეულის გახსნის პროცესში დაკავებული ვიყავით ინვესტორების მოზიდვით, იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრს საუბრობდნენ თითქოს, ეს კომპანიები ჩვენი იყო, რაც ტყუილი იყო. რა თქმა უნდა, აქ არის ჩვენი კომპანიებიც, რომლებიც შეგნებულად ავაშენეთ ამ რეგიონში, ვინაიდან ძალიან ბევრი ლტოლვილი იყო და ძირითადად, დასაქმების პრობლემა იყო მოსახსნელი. მთელი საქართველო რომ შემოიაროთ, დღეს, ერთ-ერთი ყველაზე მეტად დასაქმებული ალბათ, ეს მხარეა.

თუმცა, აქ მხოლოდ ბიზნესებზე არ არის საუბარი. მაგალითად, მცხეთაში დამუშავებული და დამტკიცებული იყო მცხეთის საკანალიზაციო სისტემის პროექტი, თავისი გამწმენდი ნაგებობით. ტენდერი იყო ჩატარებული და ფულიც გამოყოფილი იყო, რომელიც აღარ გაგრძელდა. იგივე - მაგისტრალური გზიდან გადასასვლელი ხიდის თემა იყო, რომელიც მცხეთას ჰაერივით სჭირდება.

ძირითადად, ამ პროექტების შეჩერება ადგილობრივი ხელისუფლების არასწორი დამოკიდებულების ბრალი იყო. ცენტრალური ხელისუფლება აქ არაფერ შუაშია, ეს იყო არასწორი და დაუგეგმავი მიდგომა ადგილობრივი ხელისუფლების“.

ბიზნესმენი ფიქრობს, რომ თითქმის ყველა და მათ შორის ამ ხელისუფლების ყველაზე სუსტი წერტილი უინიციატივობაა.

„ინიციატივები ადგილიდან უნდა მოდიოდეს. სანამ მე გუბერნატორად მოვიდოდი მცხეთაში, ორი თუ სამი გუბერნატორი გამოიცვალა და არავის მოსვლია აზრად, რომ მცხეთა მისახედია. როდესაც მთელი ქვეყანა გვაქვს ასაშენებელი, აქ ლაპარაკია, ვინ უფრო ჭკვიანურად და დროულად დააყენებს პრიორიტეტებს და ხელისუფლება უკვე მერე მიიღებს გადაწყვეტილებას.

არ არის ლაპარაკი არც კვირიკაშვილზე და არც ღარიბაშვილზე... ერთი ადამიანი იჯდეს და ხედავდეს მცხეთის, ყაზბეგის, თიანეთის და ხულოს პრობლემას, ეს ხომ წარმოუდგენელია?! სწორედ ამიტომაა რეგიონალური მმართველობები.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანაში იქნება, ითანამშრომლებს, თუ საღი აზრი იქნება მიწოდებული. არ არის ლაპარაკი ჩოჩელი იქნება თუ სხვა ვინმე, ლაპარაკია იდეაზე და იმაზე, თუ როგორი მიმართულებით წავალთ“, - ამბობს ჩოჩელი.

პოლიტიკური ოპონენტები ხშირად ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ჩოჩელი თავისი ძველი გუნდით აპირებს დაბრუნებას, რასაც ბიზნესმენი კატეგორიულად უარყოფს.

„არავითარ შემთხვევაში. ეს ისეთივე აბსურდია, როგორც სხვა დანარჩენი, რასაც ჩემზე პოლიტიკური ოპონენტები საუბრობენ. მე მომხრე ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის საქმე ახალგაზრდობამ აკეთოს, რომელიც ბევრად უფრო მომზადებულია, ვიდრე წინა თაობა“, - განაცხადა ჩვენთან საუბარში ჩოჩელმა

ბიზნესმენი ასევე, მზადაა, ის პროქეტები და იდეები, რომელიც მისი გუნდს ეკუთვნის, უფასოდ გადასცეს სხვებს. მცხეთა-მთიანეთს კი, აღნიშნული პროექტები ჰაერივით სჭირდება.

„ტურიზმის განვითარების მიმართულებით, მცხეთაში, გვქონდა საინტერესო და ძალზედ მნიშვნელოვანი პროექტები. ვფიქრობ, მორწმუნე - მომლოცველთა დიდი ხნის ოცნება ასრულდება, როცა მოკლე ხანში ავაგებთ ხიდს, რომელიც გააადვილებს და შეამოკლებს მცხეთაში ტაძრამდე მისასვლელ გზას. გეგმები, რომელიც მალე სინამდვილედ იქცევა, კიდევ უფრო მეტ სამუშაო ადგილებს გააჩენს მცხეთაში, მხედველობაში მაქვს, კულტურულ- მემკვიდრეობითი წარმოებების განვითარება, ტრადიციული დარგების; ხელით რეწვა, თიხის, თექისა და სხვა ხელნაკეთი ნივთების ტრადიციული ეროვნული გზით შექმნა-დამუშავება. პროექტი დაახლოებით, 30 სალონი-სახელოსნოს მოწყობას გულისხმობს, სადაც გაიყიდება ფარდაგი, ხალიჩა, ოქრომჭედლური ნაკეთობები, თექა და ა.შ.

სალონების უკანა მხარეს ვგეგმავთ პატარა წარმოებებს, სადაც ტურისტები საკუთარი თვალით ნახავენ თუ როგორ იჭედება ხმალი, როგორ კეთდება თექა და ა.შ. ეს ყველაფერი ძალიან აინტერესებს უცხოელს. მეორე სართულზე კი, ტურისტებისთვის, იაფფასიანი სასტუმრო მოეწყობა. საკმაოდ დიდი პროექტი გამოდის და მთლიანობაში, რეგიონის მასშტაბით, შეიძლება შეიქმნას ძალიან საინტერესო ტურისტული მარშრუტები“, - ამბობს ჩოჩელი.

გამარჯვების შემთხვევაში, შეძლებს თუ არა ჩოჩელი დანაპირების შესრულებას, ეს მცხეთელებმა ყველაზე უკეთ იციან და არჩევნებზე გამოჩნდება, აქვს თუ არა ბიზნესმენს ნდობა მოსახლეობაში.

რაც შეეხება დიმიტრი ხუნდაძეს, ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ მისი საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობა, მხოლოდ პულტზე თითის დაჭერით არ შემოფარგლულა, თუმცა საკუთარ ამომრჩეველს, როგორც ჩანს, თავი მაინცდამაინც, საქმიანად ვერ დაამახსოვრა.

სოფელ ძეგვში, გალავანში, მცხეთაში და წეროვანში მოსახლეობა იმედგაცრუებულია. რეგიონში პრობლემა მართლაც ბევრია, თუმცა სოფელ გალავანში მცხოვრები ლტოლვილები ამბობენ, რომ მათი პრობლემები განსაკუთრებულია და თავს მაჟორიტარისგან მოტყუებულად თვლიან.

„3 თვის წინ ყოფილა მოსული ხუნდაძე, მაგრამ ლტოლვილების დასახლებაში არ მოსულა, აქ ვერც მოვა. არჩევნებამდე შეგვპირდა გაზის გადასახადები არ გადაიხადოთ, ჩვენ დაგიფარავთო, მაგრამ არჩევნების შემდეგ მოგვადგნენ და იმ დაგროვილ გადასახადებს გვახდევინებენ. საცხოვრებელ ფართსაც არ გვიმტკიცებენ, რაც ჩვენთვის დიდი პრობლემაა“, - აცხადებენ ლტოლვილები.

„მივალ არჩევნებზე, გადავხევ ბიულეტინს და წამოვალ. ხალხისთვის აქამდე არავინ ყოფილა და არც მომავალში მაქვს იმედი, რომ ვინმე ჩვენთვის მოვა“, - აღნიშნა სოფელ გალავნის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელმაც გვთხოვა მისი ვინაობა არ გაგვემხილა.

შანკევანში ხუნდაძის ხსენება ლამის დანაშაულად ჩათვალონ ადგილობრივებმა. მოსახლეობის უმრავლესობა შეიძლება ითქვას, მისი მისამართით აგრესიასაც კი ავლენს - „ერთხელ მაინც რომ მოსულიყო, ერთხელ მაინც რომ ვენახეთ, ისე უბრალოდ გამოევლო, ეს მაინც ექნებოდა სათქმელი“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ერთ-ერთმა ადგილობრივმა. მისივე თქმით წინა არჩევნებზე ხუნდაძის აქტიური მხარდამჭერი იყო - „არ შეიძლება ჩემო ბატონო, სინდისის ძარღვის გაწყვეტა, ასე არ შეიძლება“ .

იმედგაცრუებული მოსახლეობა სანდო მაჟორიტარს ელის, თუმცა კითხვაზე - ვინ მიაჩნიათ ასეთად? - ამბობენ, რომ საჭირო დროს, საჭირო ადგილზე დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას.

ჩოჩელი კი, ამბობს, რომ ეს არის ბოლო არჩევნები, როდესაც რაიონებს ეყოლებათ მაჟორიტარები და ამიტომაც, უნდა ეს პერიოდი გამოიყენოს მაქსიმალურად იმისთვის, რომ ყველა ის დარჩენილი პრობლემა, რომელიც ვერ მოაგვარა გუბერნატორობის პერიოდში, დაასრულოს.

„ბევრს საუბრობენ, თითქოს ვიღაცას პრობლემას ვუქმნი. მთელი 4 წელი ამტკიცებდნენ, რომ ძალიან ცუდი რეპუტაციის და ცუდი ადამიანი ვიყავი, მაგრამ გაიარა რაღაცა დრომ და ხალხმა შეაფასა ჩემი 4 წლის წინანდელი ნამოღვაწარი და დღევანდელ ნამოღვაწარსაც ხალხი შეაფასებს.

არც ერთი ადამიანის მომართ არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია, ვიღაცას მიაჩნია, რომ მცხეთა უნდა გავალამაზოთ და ვიღაცას მიაჩნია, რომ როგორიც არის ისეთი უნდა დარჩეს. ყველას თავისი შეხედულება აქვს, მაგრამ მე ჩემი პროგრამით მოვდივარ. მე მოვდივარ დამოუკიდებლად ჩემი მეგობრებით და ჩემი გაკეთებული საქმეებით.

მედიას თვალი რომ გადაავლოთ, რაიონებში ერთმანეთს ნაციონალები და „ოცნება“ უპირისპირდება და, ამ დროს ნაციონლები იქნებიან, თუ სხვა რომელიმე პარტია, ყველას აქცენტი ჩოჩელზე აქვს გადატანილი. რისი ეშინიათ, თუ კარგად აქვთ ნამუშევარი? სახელმწიფო სტრუქტურებიც თავიანთია და იმუშაონ, მე ვის ვუქმნი პრობლემებს?

გარდა ამისა, მედიით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, არჩევნების დროს, სხვის სასარგებლოდ ვაპირებ კანდიდატურის მოხსნას. არავისთვის არაფრის დათმობას არ ვაპირებ, მე რომ ვინმეს რამე დავუთმო, ეს ნიშნავს, რომ მე დავთმო ამ რაიონის ინტერესები“.