„რუსეთმა ელვის უსწრაფესად გამოიყენა თეირანის შეთავაზება და ჰამადანის ავიაბაზაზე ბომბდამშენები უკვე განალაგა“

„რუსეთმა ელვის უსწრაფესად გამოიყენა თეირანის შეთავაზება და ჰამადანის ავიაბაზაზე ბომბდამშენები უკვე განალაგა“

თურქეთის შემდეგ რუსეთის მიმართ დამტკბარია ირანიც. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის კანონმდებლობა ირანის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზის განლაგებას კრძალავს, ირანი მზად არის, დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის მიზნით, რუსეთს საკუთარი სამხედრო ობიექტებისა და სამხედრო-სამრეწველო პოტენციალის გამოყენების უფლება მისცეს.

თუ გავითვალისწინებთ თურქეთის პრეცედენტს, ხომ არ ნიშნავს ეს აზიაში რუსეთის როლის გაძლიერებას?!

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთისთვის სამხედრო ბაზების დათმობა არაერთგვაროვნად აღიქვეს თავად ირანშიც, რომ არაფერი ვთქვათ აშშ-ის დეპარტამენტის წარმომადგენლის მარკ ტონერის განცხადებაზე, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთი ამ ნაბიჯით გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევს, რომლის თანახმადაც, გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე ირანში სამხედრო თვითმფრინავების განლაგება იკრძალება.

რუსეთის პოზიციების გაძლიერებით ირანში უკმაყოფილოა ირანის მეჯლისის სპიკერიც. ალი ლარიჯანი აცხადებს, რომ რუსეთს მის ქვეყანაში სამხედრო ბაზა არ აქვს და ირანს მისთვის ჰამადანის ბაზის გამოყენების უფლება არ მიუცია.

სამაგიეროდ, რუსებისთვის სამხედრო ბაზების დათმობით კმაყოფილია ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ალი შამჰანი. ის ამბობს, რომ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ირანსა და რუსეთს სტრატეგიული სახის თანამშრომლობა აკავშირებთ.

სანამ ირანში გაერკვევიან, ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით ვის დაუთმეს ბაზები, რუსეთმა ელვის უსწრაფესად გამოიყენა თეირანის შეთავაზება და ირანში მდებარე ჰამადანის ავიაბაზაზე ბომბდამშენები Ту-22М3 და Су-34 უკვე განალაგა.

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე მოსკოვი ირანს პირველი ბირთვული სადგურის აგებაში დაეხმარა, თუმცა შემდეგ თეირანს ჰაერსწინააღმდეგო რაკეტების მიყიდვაზე უარი უთხრა. ზოგადად, ირანის მიმართ კრემლი ბალანსებულ პოლიტიკას იჩენდა, დღეს კი, როგორც ჩანს, რუსეთი ირანთან და თურქეთთან კარგი ურთიერთობის აწყობით მუსლიმანურ სამხრეთში საკუთარი სტაბილურობის მიღწევას ცდილობს.

რამდენად ძლიერდება რუსეთის როლი სამხრეთ რეგიონში?!

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ირანმა და რუსეთმა სტრატეგიულ პარტნიორობას მიღწიეს. სულ ახლახანს მათ შორის სამოკავშირეო ტიპის ხელშეკრულების დადება ნიშნავს იმას, რომ ირანის უშიშროების საბჭომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს პირველად მისცა მათი სამხედრო ბაზების გამოიყენების უფლება.

„ეს უკვე სერიოზული ნაბიჯია. ფაქტობრივად, ეს არის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის გაფორმება ირანსა და რუსეთს შორის. ცხადია, რუსეთი ირანის სტრატეგიულ ბომბდამშენებს გამოიყენებს. ჰამადანის ბაზა გათვალისწინებულია სწორედ სტრატეგიულ ბომბდამშენთა მისაღებად. ეს სტრატეგიული პარტნიორობა სტამბულში გაფორმდა, ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი და პუტინი შეხვდნენ ერთმანეთს და ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მათ შორის მოლაპარაკება, შემდგომში შემუშავდა გენერალური უსაფრთხოების ახალი მოდელი. მოგვიანებით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა ირანში და შეხვდა თავის კოლეგას. ცხადია, უფრო დიდ მიზანს მიაღწიეს. შეთანხმდნენ იმაზე, რომ სადაზვერვო ინფორმაციას გაცვლიდნენ და შექმნიდნენ ანტიტერორისტულ საკოორდინაციო ცენტრს. არ მინდა ნატოს პრინციპების ხელყოფაზე ვილაპარაკო, მაგრამ აქ საიდუმლო ინფორმაციის გაცვლაზეა საუბარი. ამ დროს თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა და ეს საიდუმლო ინფორმაციები, ზოგ შემთხვევაში, ნატოს უსაფრთხოებას ეხება. თურქეთი ამ ტიპის დე ფაქტო ურთიერთობაზეც წავიდა.

ამას ემატება ერაყის მთავრობის ჩართულობაც ამ საქმეში. ერაყის მთავრობა თანახმაა, გამოიყენონ ერაყის სივრცე რუსი სამხედროების კორიდორის გასაკეთებლად, რომლებიც დაბომბავენ როგორც „დაიშს“, ასევე ზომიერ ჯიჰადისტურ ოპოზიციას, რომლის ზურგს უკანაც დასავლეთი დგას. მას შემდეგ, რაც „ჯებჰატ ან ნუსრა“ ფაქტობრივად დაიშალა და უარი განაცხადა „ალ ქაიდასთან“ თანამშრომლობაზე, ეს დაბომბვები სულ სხვა ელფერს მიიღებს. მაგრამ, როგორც ჩანს, რუსები ამას არ უყურებენ და აპირებენ დაბომბვის გაგრძელებას“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ და განმარტა, რომ აშშ-ის დეპარტამენტის წარმომადგენლის ნათქვამი (რომ რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევს) რუსეთ-ირანის ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენს, რადგან რუსეთმა უკვე გადადგა კონკრეტული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დასაწყებად.

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთი უკვე წლებია, ცდილობს, აზიის ქვეყნებთან შექმნას კომუნიკაცია, ანტიამერიკული და ანტიევროპული ინტერესებით. ამიტომ ბუნებრივია, ის შეეცდება ყველა რესურსი გამოიყენოს, მათ შორის, განსაკუთრებით, გამოიყენოს თურქეთი და ირანი.

„ეს გლობალური პოლიტიკის საკითხია. არსებობს ქვეყნები, რომელთა გამოყენებასაც ცდილობენ დიდი ქვეყნები. ირანი დიდ ქვეყნებს შორის ვაჭრობის საგანი შეიძლება იყოს. საუბარია ამერიკასა და რუსეთზე. რომელ მხარესთანაც უფრო დათბება ურთიერთობები, იმის მიხედვით იმოქმედებს რუსეთიც. შესაძლოა, ამერიკასთან ურთიერთობის დარეგულირებით რუსეთმა რაღაც ისეთი მიიღოს, რომ ირანის წინააღმდეგ წავიდეს და ამერიკის მიმართ გამოხატოს მეტი მხარდაჭერა. თუ ეს ვერ მოხდა, შესაძლოა, რუსეთი ირანს დაუახლოვდეს ამერიკის წინააღმდეგ.

ირანიც და ახლა უკვე თურქეთიც იქნება ის პინა სასწორზე, რომლის მიხედვითაც სხვა ქვეყნები საკუთარი ინტერესების წარმოებას შეეცდებიან. ამის მიხედვით, შეიძლება ერთ დღეს მტრები იყვნენ, მეორე დღეს გახდნენ პარტნიორები, ხოლო მესამე დღეს ისევ მტრებად გადაიქცნენ. ეს იმის მიხედვით მოხდება, თუ რომელი მათგანი შეუსრულებს რუსეთს სახელმწიფო ინტერესებს - ამერიკა თუ ირანი?“, - აცხადებს არჩილ გამზარდია.