ორი ირაკლის მაჟორიტარული ომი

ორი ირაკლის მაჟორიტარული ომი

თავდაცვის ექსმინისტრები ერთმანეთს გორში შეერკინებიან

ასე და ამგვარად, ხელთათმანი ნასროლია, თან ისეთი ხელთათმანი, რომელიც დუელს კი არა, პირდაპირ ომს მოასწავებს. ზოგადად, თუ თვალს გადავავლებთ, ამ ორ პიროვნებას შორის ომი ახლა კი არ იწყება, არამედ, ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი იყო. არადა, მაშინ ორივე მიშას ,,ლუბიმჩიკად'' ითვლებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში, როგორც აღმოჩნდა, ,,ვარდების რევოლუციის'' არქიტექტორმა ,,სტავკა'' უფრო აგრესიულ პერსონაზე გააკეთა.
ერთი სიტყვით, თუ ვერ მიხვდით, გეტყვით: ლაპარაკი ორ ირაკლიზეა ანუ ალასანიასა და ოქრუაშვილზე. 
ისე, ალბათ, ბედის ირონიაა, რომ ორივეს, მართალია, სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში, მაგრამ თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, ისინი რაღაცნაირად ერთნაირ პოლიტიკურ ვარსკვლავზე არიან დაბადებულნი. 
რატომ ვერ იტანს ოქრუაშვილი ალასანიას, ან პირიქით, ალასანია ოქრუაშვილს? 
ამ თემაზე ყველას, ვინც პოლიტიკურ კულუარებში ერკვევა, თავისი წარმოდგენა და შეხედულება აქვს, თუმცა საერთო აზრი მაინც ასეთია: 
ალასანია-ოქრუაშვილის მტრობა ათეულ წელზე მეტს ითვლის. ყველაფერი კი მაშინ გამწვავდა, როცა ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრი იყო, ალასანია კი - აფხაზეთის ლეგიტმური მთავრობის წარმომადგენელი. ამ დროს კოდორის ცნობილი მოვლენები მოხდა. 
ახლა, კოდორის ამბებზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს, მაგრამ ფაქტია: ამის შემდეგ მიშამ ალასანია ,,ოქროს'' განარიდა და საქართველოდან შორს, გაერო-ში გადაისროლა. 
ამის შემდეგ საქართველოში მოვლენები დრამატულად განვითარდა: ოქრუაშვილს, ალბათ, ეგონა, რომ საქართველოს ეროვნული გმირის, მამია ალასანიას ვაჟი სამუდამოდ ჩამოიშორა, მაგრამ გავა წლები და, მათი გზები კიდევ გადაიკვეთება. ეს გადაკვეთა კი, წელს, გორში მოხდება, სადაც ორივე კენჭს მაჟორიტარად იყრის. 
ისე, თუ დავაკვირდებით, ორი ირაკლის მაჟორიტარული დუელი პიროვნულ უთანხმოებას სცილდება და რაღაცნაირად გლობალურ პოლიტიკაში გადადის, რამეთუ ერთი ანუ ოქრუაშვილი, როგორც ამბობენ, პრორუსული მიდრეკილებებით გამოირჩევა; მეორე ანუ ალასანია კი, მკვეთრად გამოხატული მედასავლეთეა, თან გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა იდეოლოგიის მატარებელი თავდაცვის ორი ექსმინისტრის შეხვედრის ადგილი გორია - ქალაქი, სადაც დიდი საბჭოთა ბელადი დაიბადა. სტალინი კი, მოგეხსენებათ, თავის ნამგლითა და უროთი, საქართველოში ბოლო დროს ერთობ პოპულარულია. 
თავისუფალი დემოკრატები ამბობენ, რომ შიდა ქართლში, მათ შორის, გორშიც ძლიერი პარტიული უჯრედი აქვთ. 
თავისთავად, ოქრუაშვილიც თავისი პოზიციების სიმყარეზე მიანიშნებს და ამის არგუმენტად ის მოჰყავს, რომ გორელია. 
ასე რომ, ახლა ყველაფერი უკვე ამომრჩეველზეა დამოკიდებული, რომელ ირაკლის ამჯობინებს. 
თუმცა, ამომრჩეველი იქით იყოს და, გორში არჩევნების მოგება თავდაცვის ორივე ექსმინისტრის ღირსების საქმეა. შესაბამისად, სანახაობა არ უნდა მოგვაკლდეს. 
არადა, ყველაფერი, ერთი შეხედვით, მოულოდნელად მოხდა: 
ოქრუაშვილი დიდი ხანი აცხადებდა, რომ 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა, მაგრამ ვერ გადაეწყვიტა, კენჭს გორში იყრიდა თუ ნაძალადევის რაიონში. 
რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, ის მხოლოდ პარტიულ სიაში იყო და მაჟორიტარულ ომში ჩაბმას არ აპირებდა, მაგრამ, როგორც იტყვიან, სად იყო, სად - არა, თავისუფალი დემოკრატების წევრმა, თამაზ შიოშვილმა, რომელიც გორში მაჟორიტარობის კანდიდატი იყო, პარტია დატოვა. შესაბამისად, ალასანია შიდა ქართლის ცენტრში მაჟორიტარობის კანდიდატის გარეშე დარჩა და გადაწყვეტილება, რომ კენჭი თავად ეყარა, როგორც გაირკვა, ექსტრემალურად მიიღო. 
ოქრუაშვილმაც არ დააყოვნა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისიც კენჭს გორში იყრის. 
ასე ,,გამოიძერწა'' 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა, თუმცა მხარეები ამას, როგორც მათი განცხადებებიდან ჩანს, ინტრიგად არ თვლიან. 
შეიძლება, ინტრიგა და დუელი მართლაც, გადაჭარბებული შეფასებაა, მაგრამ რაც უნდა იყოს, ის, რაც მოხდა, ჩვეულებრივი ამბავი ნამდვილად არ არის. აი, მაშინ კი, ვითარება უკიდურესად დაიძაბება, თუ შიოშვილის გზას გორელი თავისუფალი დემოკრატებიც მიბაძავენ. 
ეს ის შემთხვევა იქნება, როცა ამბობენ ხოლმე, მეფეს მეზარბაზნეები აღარ ჰყავსო. 
თუმცა, აქ ერთი ფაქტორიც არის გასათვალისწინებელი: 
ნაციონალებმა შეიძლება, ყველაფერი გააკეთონ, რომ ოქრუაშვილმა პარლამენტში ფეხი ვერ შედგას. განა, რამეა, მაგრამ პარლამენტის ტრიბუნა ,,ოქრომ'', შესაძლოა, თავისი ყოფილი თანაგუნდელების დასამიწებლად გამოიყენოს. ამის გაკეთება ახლაც შეუძლია და როცა საშუალება ეძლევა, აკეთებს კიდეც, მაგრამ პარლამენტარის სიტყვას მაინც სხვა წონა და ფასი აქვს. 
ასე რომ, მოემზადეთ, ბატონებო, 8 ოქტომბერს ორიდან ერთი ირაკლისთვის შეიძლება მზე დაბნელდეს!