„გაჰყვირიან, ევროპელები ვართ, დაგვაბრუნეთ ევროპულ ოჯახშიო, მაგრამ თუ ასე წავიდა საქმე, კი, როგორ არა, სუფრასაც გაგვიშლიან...“
საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ტურისტული სეზონი დიდი ხანია, გაიხსნა და ზღვისპირა ქალაქები დამსვენებლებს არც წელს უჩივიან. მაგალითად, ქობულეთის სასტუმროებს სტუმრები უმეტესად მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის, სომხეთიდან ჰყავს, თუმცა ქართველების მსგავსად, უკმაყოფილებას სომეხი დამსვენებლებიც არ მალავენ. უკმაყოფილების მთავარი მიზეზი კი ქალაქის ანტისანიტარია და დაბინძურებული ზღვაა, რომელსაც ზოგჯერ ბავშვის გამონაცვალი პამპერსი, ტოტები, ბოთლები და სხვადასხვა ტიპის ნაგავი ,,მოჰყვება'' ხოლმე, აღარაფერს ვამბობთ ფეკალურ მასებზე...
დაუსუფთავებელი ქუჩები, ნაგვით გადატენილი ურნები და მათ გარშემო ტომრებ-პარკებით ,,შემოწყობილი'' ნაგავი ქალაქში ნამდვილად ანტისანიტარიის განცდას ქმნის... ყველაფერი ეს კი დამსვენებელთა შინაგან უკულტურობაზე მიუთითებს.
ანტისანიტარიის პარალელურად, დამსვენებლებს სასტუმროს მაღალი ფასებიც აწუხებთ. მათი თქმით, ზოგიერთი სასტუმროს მომსახურება ფასს სრულიად არ შეესაბამება, ამიტომ ქართველი დამსვენებლების უმეტესობა სასტუმროს ოჯახური ტიპის ჰოსტელს ამჯობინებენ.
ქალბატონმა ლამარამ ბორჯომიდან ზღვაზე დასასვენებლად ორი არასრულწლოვანი შვილიშვილი ჩაიყვანა და, როგორც ამბობს, სასტუმროს სამადგილიან ნომერში ერთი კვირით დაჯავშნაში 420 ლარი გადაიხადა: ,,ბავშვებს მარტო მთა არ აკმაყოფილებთ, მგონი, ზღვა უფრო უყვართ და ეს სიამოვნება, ჭამისა და მგზავრობის გარეშე, 420 ლარი გვიჯდება. დღეს ხალხი, მოგეხსენებათ არცთუ დალხენილად ცხოვრობს და ზღვაზე დასვენებაც დიდი ფუფუნებაა. ზღვაზე წამოსვლა ჩემს ახლობლებსაც უნდოდათ, მაგრამ ძვირი უჯდებოდათ, ამიტომ ისევ ბორჯომში ყოფნა არჩიეს.... ისე, ძალიან მაინტერესებს, ქობულეთში ასეთი ანტისანიტარია რატომაა? - ურნაში ნაგავი ვერ ჩაგვიყრია - გადატენილია. შეიძლება, ქალაქის დანაგვიანების მიზეზი ისაა, რომ ამდენი დამსვენებელია, მაგრამ დასუფთავების სამსახურმა თავის საქმე ხომ უნდა გააკეთოს?..''
სასტუმროს ფასით არცთუ უკმაყოფილოა სომეხი სტუმარი, ბატონი არტური, რომელიც მეუღლესა და ორ შვილთან ერთად რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობს. ბატონი არტური, ფასზე მეტად, ქალაქის ანტისანიტარიითაა შეწუხებული:
,,სასტუმროს ჩვენთვის არცთუ ძვირია, აქ დასასვენებლად ჩამოვედით და არა - საწუწუნოდ, მაგრამ ქალაქი დანაგვიანებულია. ზღვაში ჩასვლაც კი არ მინდა, ისეთი სიბინძურეა... არ მინდა, ვინმემ ჩემი ნათქვამი ცუდად გაიგოს, მაგრამ ქართველებმა ნამდვილად უნდა სცეთ პატივი თქვენს კულტურასა და იმ ადგილს, სადაც ცხოვრობთ. ჩვენ ზღვა არ გვაქვს და ქობულეთში ყოველ წელს სწორედ ამიტომ ჩამოვდივართ. საერთოდ, სომხებსა და ქართველებს კარგი ურთიერთობა გვაქვს და მინდა, ეს ურთიერთობა სამუდამოდ შევინარჩუნოთ, გავაღრმავოთ. მკრტიჩიანი და კიკაბიძე ქართულ-სომხური ურთიერთობის ეტალონები არიან, ,,ჩიტო-გვრიტო, ჩიტო მარგალიტო...'' - ეს სიმღერა დღემდე მიყვარს და ხშირად ვღიღინებ. ჩვენ ძმები ვართ, სხვასთან თუ არა, მეზობლებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა მაინც უნდა გვქონდეს. რუსეთთან არსებული თქვენი მდგომარეობით ნამდვილად ვწუხვარ, მაგრამ იმედია, ყველაფერი დალაგდება...''
ანტისანიტარიითა და სასტუმროს ფასით გამოწვეულ დარდს ახალგაზრდა მეგობრები - ნინო, თემო და ლუკა ზღვის ტალღებით იქარვებენ.
,,მესამე დღეა, დასასვენებლად ჩამოვედით. ვცდილობთ, კარგი დრო ვატაროთ და არაფერზე ვიფიქროთ, მაგრამ ფაქტია: ყველგან - ზღვასა თუ ხმელეთზე ნაგავი ყრია... სანაპირო ზოლიც ძალიან მოუწესრიგებელია, ინფრასტრუქტურა კი - მისახედი. ქვეყანა, რომელსაც ზღვა აქვს, მგონი ამას მეტად უნდა აფასებდეს'', - ამბობს ნინო, რომელსაც სიტყვას ლუკა აწყვეტინებს:
,,კი, ასეა: ქართველები იმას, რაც გვაქვს, საერთოდ ვერ ვაფასებთ და ნაკლებად ვუფრთხილდებით. ახალგაზრდები ვართ და გართობის გარდა არაფერზე ვფიქრობთ, მაგრამ ის მდგომარეობა, რაც აქ დაგვხვდა, ნამდვილად რთული ასატანია... მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გარდა, სასტუმროს ფასებიც ძალიან მაღალია. კიდევ კარგი, ოჯახში ვართ და ნაკლებს ვიხდით - ღამეში 15 ლარს, ოღონდ კვება ჩვენია. ან რად გვინდა კვება, სად ვაღამებთ და ვათენებთ, კაცმა არ იცის. მოკლედ, სხვებისგან განსხვავებით, ჩვენ მაინც იაფად ვისვენებთ. აი, სასტუმროს კი ნამდვილად ვერ შევწვდებოდით, რადგან საკმაოდ მაღალი ფასი ადევს''. მეგობრების პათოსს თემოც იზიარებს და უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოთქვამს: ,,არა, რა... არაფერი გვეშველება მანამ, სანამ თითოეული არ გავიაზრებთ, სად, რისთვის და რატომ ვცხოვრობთ... წეღან, ახალგაზრდა ოჯახმა მთელი თავისი ნაგავი სანაპიროზე დატოვა. ვეძახდით, ნაგავი დაგრჩათო, მაგრამ ყურიც არ გვათხოვეს. ამ წყვილმა როგორი შვილები უნდა გაზარდოს?! დაბალი კულტურის მქონე ადამიანებს სასტუმროს ფასი კი არ უნდა მოუმატო, იქ არც უნდა შეუშვა. დადგებიან და გაჰყვირიან დაზეპირებულ ფრაზებს, ევროპა გვინდა, ევროპელები ვართ, დაგვაბრუნეთ ევროპულ ოჯახშიო. კი, როგორ არა სუფრასაც გაგვიშლიან, თუ ასე წავიდა ჩვენი განვითარების საქმე. ისე, უნდა ითქვას, ზოგიერთ სასტუმროში ფასი მართლაც არაადეკვატურია. ბარებსა და კლუბებშიც ძალიან გაბერილი ფასებია... პრინციპში, ტურისტული ზონაა და გასაკვირი არც უნდა იყოს, მაგრამ იმას არავინ ითვალისწინებს, რომ აქ მხოლოდ უცხოელი ტურისტები არ ისვენებენ...''
ასეა თუ ისე, ორი სიტყვა ქობულეთელი მეეზოვეების ჯაფაზეც უნდა ვთქვათ. აი, მაგალითად, სტუდენტი გოგონები - ნათია და თამარი, ვიდრე ქალაქი გაიღვიძებს, უკვე ფეხზე არიან და ქუჩებს ასუფთავებენ. გოგონებმა მეეზოვედ მუშაობა იმიტომ დაიწყეს, რომ უნივერსიტეტში შესატანი ფული შეაგროვონ და სწავლის საფასური გადაიხადონ. როგორც ისინი ამბობენ, ქობულეთში, ყოველდღიურად ბევრი ნაგავი გროვდება და ქუჩების დასუფთავებასაც დრო სჭირდება...