„პარტიები ერიდებიან დამოუკიდებელ, მოაზროვნე ადამიანებს, განსაკუთრებით, ეშინია ამის „ქართულ ოცნებას“

„პარტიები ერიდებიან დამოუკიდებელ, მოაზროვნე ადამიანებს, განსაკუთრებით, ეშინია ამის „ქართულ ოცნებას“

რას ნიშნავს წინასაარჩევნო არაფრისმთქმელი სლოგანები, რის მიხედვით არჩევს „ქართული ოცნება“ მაჟორიტარობის კანდიდატებს და რა ფორმით შეიძლება ჩამოიშორონ ლადო ბედუკაძე?! ამ საკითხებთან დაკავშირებით For.ge-ს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ესაუბრა.

დავით უსუფაშვილმა ზოგადი საარჩევნო სლოგანი გაავრცელა-„გავთავისუფლდეთდა ამ სლოგანში მთელი ნეგატიური განცდებისგან გათავისუფლება ჩაატია, რამაც ზოგიერთებსგირჩისსლოგანი - „მეტი თავისუფლებამოაგონა. უფრო ადრე გავრცელდათავისუფალი დემოკრატებისსლოგანი -„უკეთესი ეკონომიკა, უკეთესი ცხოვრება“, მათ არც ნაციონალები ჩამორჩნენ და ცინიკურადახალი ცხოვრება უკეთესი საქართველოსთვისშეარჩიეს სლოგანად. ჩვენს პოლიტიკოსთა სლოგანები ხომ არ არის აცდენილი რეალობას?

- სლოგანს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ყოველგვარი ჩაძიების გარეშე პარტიის პრიორიტეტები სლოგანში უნდა გამოსჭვიოდეს. პარადოქსია, მაგრამ ნაციონალების სლოგანები ბევრად უფრო მორგებული იყო ამომრჩეველზე. გვახსოვს თუნდაც „საქართველო შევარდნაძის გარეშე“ და იმ პერიოდში შევარდნაძის მიმართ მართლაც მკვეთრი ნეგატივი იყო, ასევე, „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“, რომელიც დაუსრულებლის იმიტაციას ტოვებდა. „ქართული ოცნების“ დღევანდელი სლოგანია - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა“. ეს რთული სლოგანია. მესმის, რომ სათქმელის ჩატევას ცდილობენ, მაგრამ ეს იმის მსგავსია, როცა ზოგჯერ რადიორეკლამაში სარეკლამო დამკვეთებმა რეკლამის ზედმეტად დატვირთვა იციან ხოლმე შინაარსით. როგორც წესი, რადიორეკლამაში ეს მომგებიანი არ არის, რადგან მას სჭირდება კონკრეტული მოკლე ინფორმაცია, რასაც მსმენელი აღიქვამს. ზედმეტად ჩატვირთული ინფორმაცია კი უარყოფით შედეგს იწვევს.

მართალია, სლოგანით არჩევნებს არავინ იგებს, მაგრამ, წესით, საარჩევნო კამპანია სლოგანის გარშემო უნდა აიგოს. „ქართული ოცნებისსლოგანითავისუფლება, სწრაფი განვითარება და კეთილდღეობაზოგადი არ არის?

- ზოგადიც არის და ზედმეტად დატვირთულიც. მასში ჩაჭედილია ბევრი რამ, რათა ყველა ნიშა აითვისონ და შეაჩეჩონ ამომრჩეველს. ცხადია, „კეთილდღეობა“ სოციალურ საკითხებს გულისხმობს, „თავისუფლება“ უფრო ამორფული ცნებაა და ამომრჩევლისთვის შეიძლება რთული გასაგები იყოს, ხოლო „სწრაფი განვითარება“ დადებითი დინამიკაა. მთლიანობაში, ვერ ვიტყვი, რომ ეს ეფექტური გადაწყვეტაა. რაც შეეხება რესპუბლიკელების „გავთავისუფლდეთ“, სიტყვა „თავისუფლება“ ზოგადი ფრაზაა ბევრი პარტიის მესიჯში. ვფიქრობ, პოლიტიკურ სპექტრს საკუთარი ამომრჩევლისადმი სათქმელი არ აქვს და ბუნდოვანი ფრაზებით ცდილობს აზრის გამოხატვას, სწორედ ასეთია სიტყვები „თავისუფლება“ -„გავთავისუფლდეთ“ - „მეტი თავისუფლება“. თუმცა რესპუბლიკელების ეს სლოგანი შედარებით საინტერესოა იმ მხრივ, რომ რეკრუტირების საშუალებას იძლევა და კონკრეტულ მიმართულებას აძლევს სიტყვას, როცა გეუბნებიან, მაგალითად, „გათავისუფლდი თვალთვალისგან“.

ქართულ რეალობაში გადმოტანილი სლოგანები უცხოელი მრჩევლებისგანაა ნაკარნახევი?

- ეს საკმაოდ საფრთხილო თემაა. თავის დროზე „ახალი მემარჯვენეების“ ცნობილი სლოგანი, რის გამოც დაღმასვლისკენ წავიდა ეს პარტია, ამერიკულ მოდელზე იყო აგებული - „ექიმი, მეწარმე, ლიდერი“. ოღონდ ამერიკაში მას სულ სხვა პარამეტრები ჰქონდა და ეს იყო ამერიკის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის სლოგანი. თუმცა ამ მოდელმა საქართველოში ვერ იმუშავა და გაშარჟების საგანი გახდა. ეს იმით აიხსნება, რომ ხშირად სლოგანის გაგება ეთნიკურ კულტურაშია ჩაკეტილი.

სიტყვა „ცვლილებები“, რაც ობამას სლოგანი იყო, ამერიკულ საზოგადოებას სჭირდებოდა, მაგრამ ჩვენთან ამომრჩეველმა არ მიიღო ერთ-ერთი პარტიის სლოგანი - „ცვლილებების დროა“, რადგან ჩვენთან სიტყვა „ცვლილებები“ საზოგადოებას უფრო სკეპტიკურად განაწყობს. პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური მოძრაობის დასახელება - „სახელმწიფო ხალხისათვის“ თავისთავად უკვე სლოგანადაა ქცეული. ერთი მხრივ, ეს არაგულწრფელი პირფერობაა ამომრჩეველთან ხმის მიღების მიზნით, მეორე მხრივ, ხვდებიან, რომ სოციალური საკითხებიც უნდა წამოსწიონ, მაგრამ ამასაც ფრთხილად ეკიდებიან, რადგან პარტიებში სხვადასხვა ფასეულობებია, ზოგი ლიბერტარიანელია, ზოგი - მემარჯვენეა, ამიტომ ბუნდოვანი ფორმებით ცდილობენ პასუხისმგებლობაც ნაკლები აიღონ. მათ ვერ მიაგნეს მთავარ სათქმელს, რა სჭირდება ხალხს.

თუმცა ერთიცაა, იდეალური დაპირებები არ ნიშნავს მათ შესრულებას. მით უმეტეს, ამ პოლიტიკოსებმა ხალხს მაინცდამაინც არ მოაწონეს თავი.

- სლოგანების მსგავსად, დაპირებებსაც ბუნდოვნად იძლევიან. ეს განსაკუთრებით ემჩნევა მმართველ პარტიას, რადგან წინა არჩევნებში ძალიან ბევრი კონკრეტული დაპირება გაიცა და ოპონენტები ამის გამო დღემდე ედავებიან. ამიტომ მმართველი გუნდი ცდილობს, დაპირებები გააბუნდოვანოს, რომ შესადავებელი ნაკლებად ჰქონდეთ. სადაც რიცხვები ტრიალებს, იქ პრეტენზიის სივრცე ნაკლებადაა. არიან პარტიები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საერთოდ არ სჭირდებათ დაპირებები. არჩევნები დაახლოებით აუქციონის პრინციპითაა, ვინ მეტს სთავაზობს ამომრჩეველს, ოღონდ განსხვავებით სტანდარტული აუქციონისგან, ეს დაპირება დამაჯერებელი უნდა იყოს. პოლიტიკურმა სუბიექტმა უნდა აჩვენოს ის ინსტრუმენტები, რომელითაც უზრუნველყოფს შედეგის მიღწევას, თორემ, საერთო ჯამში, ყველა პოლიტიკური პარტია ერთსა და იმავეს გვპირდება. უბრალოდ, შედეგის მიღწევის გზებია სხვადასხვა.

2012 წელს სააკაშვილს ჰქონდა ასეთი მიდგომა - „ხართ თუ არა დღეს უკეთესად, ვიდრე იყავით 2003-ში?!“ ესეც ძალიან ბუნდოვანი იყო, რადგან რასთან მიმართებით ვიყავით უარესად ან უკეთესად? კიდევ ერთი მომენტი, ძალიან დიდ ცინიზმად მიმაჩნია, როდესაც პოლიტიკოსები ცდილობენ, საარჩევნოდ ჩავიდნენ რომელიღაც სოფელში, რათა გაერკვნენ, რა სჭირდება ხალხს. ამ ეპოქიდან, ამ სიყალბიდან უნდა გამოვიდეთ. პოლიტიკური სპექტრი ამდენი ხნის განმავლობაში რისთვის მუშაობს, თუკი არ იცის, საკუთარ ხალხს რა აწუხებს? პირიქით, ის ამომრჩეველს უნდა არწმუნებდეს, რომ მან ყველაფერი კარგად იცის და შეუძლია პრობლემების მოგვარება. კიდევ უფრო გაუგებარია, როცა ამას აკეთებს მმართველი პარტია. ჩნდება კითხვა, ოთხი წელი რას აკეთებდნენ? თვითმმართველობები რისთვის ჰქონდათ? მაჟორიტარები რისთვის ჰყავდათ? ეს ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს ვერ ავითარებს. ამით ძალიან განსხვავდებიან დასავლელი ლიდერები.

აშშ-ის პრეზიდენტები წინასაარჩევნო პერიოდში არ ჩადიან რეგიონებში რაიმეს გასარკვევად. ჯერ ერთი, წლიდან წლამდე პერიოდი ისედაც დატვირთული აქვთ შიდა პრაიმერებით, მოსახლეობასთან შეხვედრებით. ისინი იმის დადასტურებას ცდილობენ, რომ ყველაზე უკეთ თავად გრძნობენ პრობლემის არსს.

სერიოზული კრიზისიოცნებაში“, - შეიძლება ასე შეფასდეს ის ფაქტი, რომ მოჭიდავეები ფეხბურთელებმა ჩაანაცვლეს? ცხადია, პოპულარული სახეები ყველას სჭირდება, მაგრამ ერთსა და იმავე გზას ხომ არ გადისქართული ოცნება“?

- „ნაციონალური მოძრაობა“ ვიცით, რისკენაც მიდის და მისი კანდიდატებიც ნაციონალების ხედვებს ემსახურებიან, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ რა სურს ამ ადამიანების მეშვეობით უთხრას საზოგადოებას? რა კონცეფციას ქმნის? ხან მემარცხენე პოლიტიკაზე არიან ორიენტირებულნი და მემარჯვენეები ლაპარაკობენ ამას, ხანაც ორიენტაციის საკითხები ხდება გაურკვეველი. „ქართული ოცნება“ კონკრეტულ სახეებზე ცდილობს აქცენტირებას და არა შინაარსზე, ანუ ფორმას მეტ ყურადღებას აქცევს, ვიდრე შინაარსს, რაც არ ახასიათებს თანამედროვე პოლიტიკურ სისტემას. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცას რაღაც დაუფასეს, ვიღაცისგან ფული სჭირდებათ, ვიღაც ოპონენტი იყო და ურჩევნიათ თავიანთი კვოტით გაიყვანონ. რამდენიმე მაჟორიტარი, რომელიც ნაცმოძრაობის კვოტით გადიოდა ადრე, ახლა „ოცნების“ კვოტით გავა, ანუ გარიგებაში შედიან. ხელმძღვანელობენ პარტიული და არა სახელმწიფო ინტერესებით, კრიზისის მიზეზიც ეს არის.

ჩვენ ვეღარ ვხედავთ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პირველ პერიოდში აცხადებდა, რომ აქტიურად ჩაერთვებოდა ამ პროცესში. ამიტომ „ქართულ ოცნებას“ მის გარეშე უწევს გამოსვლა ასპარეზზე. უსახური გამოდის ეს პროცესი მაშინ, რადგან მმართველ პარტიას სახე უფრო მეტად უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული.

ფეხბურთელებთან ერთად ვიხილეთ მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი, ნაცმოძრაობის დროსაც გვყავდა გოგა ხაჩიძე, მაშინაც კითხვები ჩნდებოდა, რა უნდოდა მუსიკოსს პოლიტიკაში?! რას ნიშნავს ყოფილი პოლიტპატიმრის - ლევან გოგოჩაიშვილის ჩასმა ამ სიაში იმ ფონზე, როცა ლადო ბედუკაძე, რომელიც არჩევნების დროს ლამის გმირად იყო მიჩნეული, დღეს მის მიერ დაშვებული შეცდომის თუ გამიზნული საქციელის გამო ანტიგმირად იქცა?

- პროფესიული ნიშნით დისკრიმინაციის მომხრე არ ვარ. თავად პროფესია არაფერს ამბობს. შეიძლება იყოს ძალიან კარგი სპორტსმენი და შემდგომში გახდეს ძალიან კარგი მენეჯერი. კახი კალაძე აღმოჩნდა ალღოს მქონეც ბიზნესში, საკმაოდ გონიერი პოლიტიკოსიც გახდა, შეიძლება ბევრ რამეში დასდონ ბრალი, თუნდაც მაფიოზობაში, მაგრამ ვერ დასდებენ ბრალს უუნარობაში. მომღერალი არ ნიშნავს, რომ მისგან არ დადგება კარგი კანონმდებელი და პოლიტიკოსი. მარტო იურისტები და ეკონომისტები რომ შევიდნენ პარლამენტში, კატასტროფა იქნება. მაგრამ ამ ხალხს რამდენად აქვს საზოგადოებრივ პროცესებში ჩართვის გამოცდილება? აქ ჩნდება კითხვები.

შეიძლება სპორტსმენი ოდესმე დადგეს კარგი პოლიტიკოსი, მაგრამ ლოდინის ფუფუნება გვაქვს?

- ბუნებრივია, დრო არ გვაქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გვაქვს არჩევანი. პოლიტიკური პარტიები ძირითადად ერიდებიან თავისუფალ და დამოუკიდებელ მოაზროვნე ადამიანებს. განსაკუთრებით, ეშინია ამის „ქართულ ოცნებას“. კი, ჰყავთ იქ რამდენიმე დამაიმედებელი სახე, მაგრამ მთლიანობაში ასე არ არის. რაც შეეხება ბედუკაძეს, ის გმირად ვერც ერთი წუთით ვერ შედგა, არც არასდროს ყოფილა გმირი. ის იყო სააკაშვილის სისტემის ნაწილი, პირადად სააკაშვილის მიერ შექმნილი პროდუქტი, რომელმაც შიდა მიზეზების გამო სრულიად ამოატრიალა ყველაფერი. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბედუკაძემ მოუტანა გამარჯვება „ქართულ ოცნებას“, რადგან ბედუკაძე სულ არ იყო გამოჩენილი, როდესაც ბიძინა ივანიშვილის პირველ აქციაზე ათეულობით ათასი ადამიანი მივიდა. იმ დროს ციხის კადრებზე ლაპარაკი არ ყოფილა. კარგად ვიცოდით, ციხეებში რაც ხდებოდა, ბედუკაძის კადრებმა ეს უფრო ვიზუალურად გაგვაგებინა. თუმცა პოლიტიკოსებმა ბედუკაძე გამოიყენეს, თავის დროზე ის გამოიყენა სააკაშვილის რეჟიმმა, შესაძლოა, ის გამოიყენა დღევანდელმა ხელისუფლებამაც, თუმცა მათ დღეს კარგად იციან, ბედუკაძესთან ასოცირება ყველა დონეზე მხოლოდ ცუდს მოუტანს, რადგან ბედუკაძეს მეტი არაფრის გაკეთება არ შეუძლია.

სხვათა შორის, ნაცმოძრაობა ცდილობს ასეთი ვერსიის შემოგდებას, თითქოსცენტრისტები“ „ოცნებამგამოუშვა და შემდეგ ისევ დაბლოკა.

- „ცენტრისტები“ და ბედუკაძე „ოცნებას“ არ გამოუშვია, ბედუკაძე გამოუშვა თვითონ „ნაციონალურმა მოძრაობამ“. რაც შეეხება რუსულ ნარატივს, ამ ნარატივს დიდი კონკურსი აქვს საქართველოში - ბურჯანაძე, ბაღათურია, კვრაცხელია და სხვები და იქ ბედუკაძე ერთ-ერთი კონკურენტია. განსაკუთრებული წარმატების უნარი ბედუკაძეს არ ექნება, რადგან რაღაც ხომ უნდა შესთავაზოს ხალხს? წარმოიდგინეთ, პარლამენტის ორგზის თავმჯდომარემ და პრეზიდენტის მოვალეობის ორგზის შემასრულებელმა ნინო ბურჯანაძემაც კი, რუსეთისთვის განსაკუთრებულად ეფექტურად ვერ იმოქმედა. რა შეუძლია ერთ ბედუკაძეს? ამიტომაც მისგან დისტანცირებას შეეცდებიან. ეს იყო პროვოკაცია თუ შეცდომა, რომელიც ბედუკაძემ დაუშვა, ვერ გეტყვით. შეიძლება ეს იყო მოდიფიცირებული ქცევა და მას შეუგდეს ეს ქცევა, მისგან გამოიწვიეს ეს ქცევა, რამაც მისგან დისტანცირება მოახდინა. არ გამოვრიცხავ, თუკი ხელისუფლებას დასჭირდება, მოიძიოს მიზეზები, რითაც ბედუკაძეს დააპატიმრებს, რადგან ბედუკაძის მიმართ საზოგადოებაში დადებითი პათოსი არ შექმნილა. ეს შავი და ცუდი პოლიტიკური იარაღია, მაგრამ ამას იყენებენ ხოლმე, როგორც შევადნაძემ მოიშორა იოსელიანი, ვინც იგი ჩამოიყვანა; როგორც სააკაშვილმა გააგდო შევარდნაძე, ვინც იგი პოლიტიკაში მოიყვანა... ასეთი რამ პოსტკომუნისტურ ქვეყნებში, სამწუხაროდ, მიღებული პრაქტიკაა და ეს შეიძლება შეეხოს ბედუკაძესაც, მიუხედავად იმისა, რომ ბედუკაძე არ არის თანამდებობის პირი.