ბიურომ ე.წ. „უბლოკო სტატუსის“ შესახებ საინიციატივო ჯგუფის მიმართვა, რეგისტრაციის მიზნით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადასცა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს არის საკითხი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს პარლამენტში საჭიროებს გარკვეული პროცედურების გავლას. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, უახლოეს დღეებში შესაძლოა, ჩატარდეს კომიტეტის სხდომა, სადაც იმსჯელებენ საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხზე.
კომიტეტის დასკვნა კი, ბიუროზე დამტკიცებას აღარ საჭიროებს. კანონმდებლობით, კომიტეტს მსჯელობისთვის შვიდი დღის ვადა აქვს, ხოლო დამტკიცებიდან ხელმოწერების შეგროვებისთვის საინიციატივო ჯგუფს 4 თვის ვადა მიეცემა. მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი საქართველოს ე.წ. უბლოკო სტატუსის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებასა და ამ მიზნით მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს. საინიციატივო ჯგუფი 10 წევრისგან შედგება, მათ შორის არიან - ნინო ბურჯანაძე, ბაკურ ბაკურაძე, გიორგი ახვლედიანი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გრიგოლ ბარამიძე და სხვები.
დავით უსუფაშვილსა და გია ვოლსკის შორის კამათის მიზეზი გახდა 15 აგვისტოს ბიუროს ჩაშლილი სხდომა, სადაც განიხილებოდა პარლამენტის თავმჯდომარის საკონსტიტუციო ინიციატივა, ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის კონსტიტუციაში ჩაწერის თაობაზე. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს სთხოვა, თუ გარკვეული მიზეზის გამო ბიუროს სხდომაზე დასწრებას ვერ ახერხებენ, მას წინასწარ შეატყობინონ, რასაც ვოლსკის რეპლიკა მოჰყვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ცდილობს ისე გამოიყვანოს მდგომარეობა, თითქოს ბიუროს სხდომაზე უმრავლესობის არმისვლას ვოლსკიმ გაუკეთა ორგანიზება.
„მე არაფერი არ გამომყავს, არ გტუქსავთ, გთხოვთ, ნუ ჩავაყენებთ ერთმანეთს უხერხულ მდგომარებაში, მე გთხოვთ, რომ არ განმეორდეს ასეთი რამ. შეგვიძლია გავაგრძელოთ ეს საუბარი, თუ გნებავთ აქ, თუ გნებავთ პირდაპირ ეთერში, თუ გნებავთ ჩემთან ოთახში, თუ გნებავთ თქვენთან ოთახში, მე ვერ ვხედავ აქ რაიმე გაუგებარ საკითხს. მაშინ, როდესაც 4-5 დღით ადრე, დიახ, თქვენთან ერთად დავგეგმეთ ეს შეხვედრა და მოვედით აქ და 7 კაცი ნახევარი საათი ერთმანეთს ვუყურებდით, ვთქვით ეს ამბავი. არ უნდა გვეთქვა?!“, - მიმართა ვოლსკიდ დავით უსუფაშვილმა.
რასაც ვოლსკის მწვავე პასუხი მოჰყვა: „რას მთხოვთ, რომ ვინ იქნება, ვინ არ იქნება სხდომაზე, ყველასთან დაკავშირებით გავაკეთო ინფორმაცია?! მე ჩემთან დაკავშირებით გავაკეთე ინფორმაცია და იმ შენიშვნას, რომ „მქონდა გიასთან ლაპარაკი და მიუხედავად ამისა, არ მქონია ინფორმაცია“, ვერ მივიღებ“, - უპასუხა გია ვოლსკიმ.
უმრავლესობა უსუფაშვილის ინიციატივას მხარს არ უჭერს და აცხადებენ, რომ პარლამენტში არაერთი რეზოლუციაა მიღებული საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით და ამის ფონზე არაფრი ახალი არ არის რესპუბლიკელების ინიციატივაში. ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო, პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, პარლამენტი კი პირდაპირი დემოკრატიის გზით წარმოადგენს ხალხის ნებას.
„ეს ნება გამოხატული იქნა ჩვენი მოსახლეობის მიერ და ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებამ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. პარლამენტში არაერთი რეზოლუციაა მიღებული საქართველოს საგარეო კურსთთან დაკავშირებით და ამის ფონზე რა არის ახალი რესპუბლიკელების ინიციტივაში? სად არის კითხვის ნიშნები? არ მესმის მუდმივად რატომ ხდება ღია კარის მტვრევა?
კონსტიტუციის ცვლილებას განახორციელებს მომავალი, ახალი პარლამენტი და ეს იცის დავით უსუფაშვილმა. ახალ პარლამენტს კი არჩევნები განსაზღვრავს და შემოდგომაზე გამოჩნდება რა შემადგენლობით ვაგრძელებთ ქვეყნის მართვას. მე ვფიქრობ, რომ საარჩევნო კამპანიის დროს მსგავსი შემოთავაზებებით პარტიები ეძებენ თავის ნიშას“, - აცხადებს ეკა ბესელია.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნებზე ამომრჩეველმა უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო ამ გადაწყვეტილებით აღჭურვილმა პოლიტიკურმა ძალებმა მომავალ პარლამენტში განახორციელონ ზომები კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად. ამასთან, უსუფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ინიციატივა არის პოლიტიკური ინიციატივა.
„უკვე აღარ მაოცებს - მაოგნებს კომენტარები იმის შესახებ, რომ საარჩევნო კამპანიაა და დავით უსუფაშვილი ამიტომ გამოვიდა აღნიშნული ინიციტიავით. კი მაგრამ, რომელი პარტია და პოლიტიკოსი არ არის დღეს საარჩევნო კამპანიაში და ვინ არ გამოდის პოლიტიკური ინიციატივებით?! ჩემს ინიციატივაზე კომენტარი არ არის საარჩევნო კამპანიური კომენტარი და ჩემი ინიციტივაა მხოლოდ საარჩევნო კამპანიური ინიციატივა?! მე ვაცხადებ, რომ დიახ, ეს არის საარჩევნო კამპანიური ინიციატივა. ამ ინიციატივით მინდა ყველამ ჩვენ, ქართველ ხალხს ვუთხრათ, თუ რა პოზიცია გვაქვს ამ კონკრეტულ საკითხში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
„ეროვნული ფორუმის“ წევრის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, კონსტიტუციასთან ხშირმა თამაშმა იცის დესტაბილიზაციის შექმნა. როგორც სანიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ეროვნული ფორუმი“ დასავლური ორიენტაციის ერთგული რჩება.
„ეროვნული ფორუმი“ რჩება ერთგული ჩვენი დიდი გვირგვინოსნების, ფარსმან მეორისა და დავით აღმაშენებლის არჩევანის, ეს არის დასავლური ორიენტაცია, ურყევი, დადასტურებული. რაც შეეხება კონსტიტუციაში უნდა შევიდეს თუ არა ნინო ბურჯანაძის ან დავით უსუფაშვილის ინიციატივები, ჩვენ მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციასთან თამაში არ ვარგა. კონსტიტუციასთან ხშირმა თამაშმა იცის დესტაბილიზაციის შექმნა. ფასეულობები და ორიენტაცია საქართველოს განსაზღვრული აქვს. ჩვენ საქრისტიანოს ნაწილი ვართ, დღეს საქრისტიანოს დიდი უმრავლესობა არის დასავლეთი“, - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ თვლიან, რომ უსუფაშვილის ინიციატივა ძალიან ცუდად გათვლილი პიარ ნაბიჯია. მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, გაკვირვებას იწვევს საგარეო პოლიტიკური კურსის კონსტიტუციაში ჩაწერის საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება ისეთი ადამიანისგან, როგორიც დავით უსუფაშვილია.
„მე მინდა შეგახსენოთ, რომ ბატონი დავითი იყო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე. თუ მას ასეთი ინიციატივა ჰქონდა, ჯერ ერთი, შეეძლო მხარი დაეჭირა ამ ინიციატივისთვის, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დავაყენეთ, ან მას დაეყენებინა ეს ინიციატივა დამოუკიდებლად და ამას არ დასჭირვებოდა 4 წელი და კოალიციიდან გაბრძანება, გაძევება თუ გაყრა. აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილების მიღება ამ დროში შეუძლებელია. ეს თუ საარჩევნო პიარია, გასაგებია, თორემ დროში წარმოუდგენელია ამ ცვლილებების განხორციელება მერვე მოწვევის პარლამენტის მიერ, ვინაიდან საჭიროა, მინიმუმ, ერთთვიანი საერთო-სახალხო განხილვა“, - აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა.