„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია ნორმალურია, მაგრამ მუხტისგან დაცლილი“

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია ნორმალურია, მაგრამ მუხტისგან დაცლილი“

„ქართული ოცნება“ საპარლამენტო უმრავლესობას ვერ მიიღებს, მას აუცილებლად დასჭიდრება კოალიციური მთავრობის შექმნა“, - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის განცხადებით, თუ ამომრჩევლის 60% მივიდა არჩევნებზე, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური ვითარება იქნება.

for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

ქართული ოცნებისშიდა კვლევის თანახმად ამომრჩევლის 77% ამბობს, რომ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა არ ვიცით 77% რომელი პოლიტიკური პარტიის ამომრჩეველია. თუ შედარებას გავაკეთებთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან, შეიძლება ვთქავთ, რომ 77% არ არის ცოტა მაჩვენებელი?

ვახტანგ ძაბირაძე: შესაძლებელია, ეს ციფრი მერყეობდეს. კარგია, რომ 77% აპირებს არჩევნებში მისვლას. იგივე NDI-ის ბოლო კვლევითაც ირკვევა, რომ ამომრჩევლის საკმაოდ მაღალი პროცენტი აპირებდა არჩევნებში მისვლას, რაც დადებითი მოვლენაა, მაგრამ პრობლემა ის გახლავთ, რომ ამავე კვლევით ამომრჩეველთა უდიდეს ნაწილი არ იყო ჩამოყალიბებული იმაში, ვის სასარგებლოდ გააკეთებდა არჩევანს. ამ შემთხვევაში საინტერესოა, არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ამომრჩევლის რა ნაწილია ჩამოყალიბებული. ანუ, დარჩენილი ორი თვე პოლიტიკურმა პარტიებმა რა რაოდენობის ამომრჩევლის მოსაზიდად უნდა იმუშაონ.

თქვენ ფიქრობთ, რომ ამომრჩევლის 77% ჩამოყალიბებული არ არის თავის არჩევანში?

- ვფიქრობ, რომ 77%-ის ნახევრაზე მეტმა, ჯერ არც იცის ვის უნდა მისცეს ხმა, მაგრამ არჩევნებზე წასვლა უნდა. რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის ძალიან კარგია, რომ 77% მიდის არჩევნებზე და ეს ნიშნავს, რომ იქნება სტაბილური გარემო. მე უფრო მოკრძალებული ვიქნები და ვიტყვი, რომ თუ ამომრჩევლის 60% მივიდა არჩევნებზე, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკურად სტაბილური ვითარება იქნება. თუმცა, მაინც მგონია, რომ ჯერჯერობით ამომრჩეველი ჩამოყალიბებული არ არის თავის არჩევანში. სექტემბრის შუა რიცხვებამდე გადაწყდება რომელი პოლიტიკური ჯგუფისკენ წავა გადაუწყვეტელი ამომრჩეველი.

გადაუწყვეტელი ამომრჩეველთა რაოდენობა არც თუ ისე ცოტაა, შეუძლია არჩევნების შედეგებზე მოახდინოს გავლენა. პოლიტიკური ძალების დღევანდელი აქტიურობიდან გამომდინარე, ვისი ამომრჩეველი შეიძლება გახდეს გადაუწყვეტელი ამომრჩევლი?

- ეს ის ამომრჩეველია, რომელსაც არც „ქართული ოცნება“ მოსწონს და არც „ნაციონალური მოძრაობა“. ასეთი ვარაუდის თქმის საშუალებას მაძლევს ის ფაქტი რომ, ეს ორი პოლიტიკური ძალა ოთხი წლის მანძილზე იყო პოლიტიკურ ავანსცენაზე, ერთი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ამომრჩეველი შეენარჩუნებინა, ხოლო მეორე ცდილობდა მიეზიდა ამომრჩეველი. ჯერჯერობით ვერც ერთმა ამ ძალამ ვერ შეძლო შეენარჩუნებინა ეს ამომრჩეველი, ან მიეზიდა თავისკენ.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნების მომენტში გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ არ იქნება მიღებული, მაგრამ მაინც მგონია, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 50%-ისთვის „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძარაობაც“ მიუღებელია. შესაბამისად, ეს ის ამომომრჩეველია, რომელიც დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრთან უნდა გადანაწილდეს. ქართული საზოგადოების წინაშე საკმაოდ მნიშვნელოვანი ამოცანა დგას, როგორიც არის პოლიტიკაში მესამე ძალის გამოჩენა.

მესამე ძალა ვერ გახდა ბურჭულაძე?

- თუკი 3 ან 5 პოლიტიკური სუბეიქტი გადალახავს 5%-იან ბარიერს, ეს უკვე ნიშნავს, რომ მესამე ძალა გაჩნდა. ვერ გეტვით ამ დიდი ოპოზიციური პარტიებიდან, რომელიმე ძალა დარწმუნებული იყოს, რომ შეძლებს ბარიერის გადალახვას. შანსები თანაბარია. უნდა იმუშაონ იმ ამომრჩეველზე, რომელიც ამ ორი პარტიისგან არის დისტანცირებული. პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ჩაერთვნენ საარჩევნო მარათონში, ეცადონ გაარკვიონ, რატომ წავიდა ამომრჩევლის ნაწილი „ქართული ოცნებიდან“ და როგორ შეიძლება მათი გადმობირება.

მმართველს ძალას არ აქვს შანსი, რომ გაბრაზებული ამომრჩეველი ისევ მიამატოს თავის აქტივს?

- გარკვეული ნაწილის დაბრუნების შანსი აქვს. საკმაოდ კარგი საარჩევნო კამპანია აქვს „ქართულ ოცნებას“, თუმცა, საკმარისი არ არის იმისათვის, რომ განაწყენებული ამომრჩეველი მოაბრუნოს. თუ ასეთ ტემპში გააგრძელებს „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას, მან შეიძლება განაწყენებული ამომრჩევლის 5-10% დაიბრუნოს, დანარჩენს უბრალოდ ვერ დაიბრუნებს, რადგან, ეს არ გახლავთ ის საარჩევნო კამპანია, რომელიც „ქართული ოცნებისაგან“ განაწყენებულ ამომრჩეველს ისევ „ქართული ოცნებისკენ“ მოაბრუნებს. რაღაცა მუხტი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას აუცილებლად სჭირდება.

სხვა თემაა „ნაციონალური მოძრობა“ მათ სტაბილური ამომრჩეველი ჰყავთ, როგორი საარჩევნო კამპანიაც არც უნდა ჩაატარონ, ხოლო განაწყენებული ამომრჩევლის გადაბირების შანსი არ აქვთ.

და რომელ პოლიტიკურ ძალას აქვს ეს შანსი?

- თუ ასეთი საარჩევნო კამპანია გაგრძელდა, ეს ამომრჩეველი საერთოდ არ მივა არჩევნებზე. იმედი მაქვს, რომ ტემპერატურა აიწევს და უფრო მკვეთრი საარჩევნო კამპანია დაიწყება. დღეს-დღეობით რასაც ვაკვირდებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას აკლია ის მუხტი, რომელიც ამომრჩეველს უკან მოაბრუნებს.

2012 წელს საარჩევნო უბანზე მისულმა ამომრჩეველმა იცოდა რა არჩევანს აკეთებდა, მაგრამ დღეს განსხვავებული პოლიტიკური ვითარებაა, ამ შემთვევაში რა არჩევანის გაკეთება მოუწევს ამომრჩეველს, ეს იქნება ღირებულებითი, საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია თუ მსოფლმხედველობითი არჩევანი?

- როდესაც ვლაპარაკობ, რომ „ქართულ ოცნებას“ მუხტი აკლია, ვგულისხმობ იმას, რომ გამოკვეთილი არ არის ორიენტირები, რომელიც ამომრჩეველს მოიზიდავს. ამას ვგულისხმობ მუხტში და არა მაღალ ტონალობაში ლაპარაკს. ეს მუხტი კი, მოსაძებნია. 8 ოქტომბერს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებია, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ იგრძნობა. საზოგადოება ძალიან მშვიდად მიჰყვება პოლიტიკურ პროცესს.

რა თქმა უნდა, იქნება საგარეო ვექტორი, იმდენად დიდი ზეწოლაა ამ მიმართულებით, ამომრჩეველმა დაიწყო ამაზე ფიქრი, რაც კარგია. რაც შეეხება ღირებულებით არჩევანს, ქართველი ამომრჩეველი ღირებულებებზე არ აკეთებს გათვლებს, უფრო სოციალური თემებია. ღირებულებით ცვლილებას არავინ არ სთავაზობს ამომრჩეველს, ყველა ლაპარაკობს პოლიტიკურ და სოციალურ თემებზე. ალბათ, გამოკვეთილი იქნება სოციალურ-ეკონომიკური თემები, საგარეო ორიენტირი, ამის მიხედვით გააკეთებს ამომრჩეველი არჩევანს.

როგორ ფიქრობთ, ახალი მოწვევის პარლამენტი ისევ ორპარტიული იქნება, თუ მრავალპარტიული?

- ყველა პირობაა იმისათვის, რომ მრავალპარტიული პარლამენტი მივიღოთ.

ეს უკვე ნიშნავს კოალიციურ მთავრობას?

- რა თქმა უნდა. როგორც გითხარით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია ნორმალურია, მაგრამ მუხტისგან დაცლილი, რაც ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ საპარლამენტო უმრავლესობას ვერ მიიღებს, მას აუცილებლად დასჭიდრება კოალიციური მთავრობის შექმნა. ჯერჯერობით ამ მიმართულებით ვითარდება პოლიტიკური პროცესი.